QronikaPlus
უცნობებისთვის „ნაჩუქარი“ 759,800 აშშ დოლარი, თუ დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმპცია?!

უცნობებისთვის „ნაჩუქარი“ 759,800 აშშ დოლარი, თუ დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმპცია?!

2016-06-18 10:39:58

„სცენარი, რომლითაც ჰოლივუდური ფილმები გინახავთ, ჩვენს ქვეყანაში კომერციულ ბანკებში რეალურად ხორციელდება“, _ ასე დაიწყო საუბარი იურიდიული ფირმა „ბი-ელ-ბის“ დამფუძნებელმა კახა შარაბიძემ კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ განხორციელებულ მაქინაციაზე, რომელმაც ამავე ბანკის მეანაბრე განულებულ დეპოზიტზე დატოვა და მისი თანხები სხვადასხვა პირის ანგარიშზე სრულად გადავიდა. ეს ბანკი ახლა „საოჯახო ბანკის“ სახელითაა ცნობილი და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, იგი „ტერაბანკი“ გახლავთ, წარსულში KCB_ „კორსტანდარტ ბანკი“. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ფირმის იურისტი, პარტნიორი, მარიამ ვაშაკიძე: _ საინტერესო სქემა, რომელიც „ტერაბანკმა“ შემოგვთავაზა, ჩვენმა მარწმუნებელმა მიმდინარე წელს გვაცნობა, როდესაც უკვე თავად შეიტყო ამის შესახებ. საქმე ის არის, რომ მან 2013 წლის 4 აპრილს ყველაზე დაბალი რისკის შემცველი ოპერაცია განახორციელა _ ოჯახის დანაზოგი დეპოზიტზე შეიტანა, რათა მაღალი საპროცენტო სარგებელი _ 12% მიეღო. ამ შემთხვევაში მან 800 000 აშშ დოლარი განათავსა დეპოზიტზე. მას ერთი წლის მანძილზე მართლაც ერიცხებოდა სარგებელი 12%-ის სახით, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2014 წლის 4 აპრილს, მან 40 200 აშშ დოლარი ანგარიშიდან გამოიტანა, რის შემდეგაც აგარიშზე დარჩა 759 800 აშშ დოლარი. იმისთვის, რომ სარგებლის მიღება გაეგრძელებინა, ეს თანხა ანგარიშზე დატოვა. ზუსტად ამ დროს, როგორც კი მეანაბრემ თანხა გაანაღდა, ბანკის თანამშრომლებმა აღნიშნული საბანკო ოპერაცია იმის ნიშნად მიიღეს, რომ შეიძლებოდა გარკვეულ განაღდებებს ჰქონოდა ადგილი, ამიტომ, იმავე დღეს, მეანაბრის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა ხდება მისთვის ყოვლად უცნობი 4 პირის სასარგებლოდ, უცნობი მსესხებლებისთვის ამავე ბანკის მიმართ კრედიტების დასაფარავად. ამასთან, თანხები იმდენად დეტალურადაა გაწერილი, რომ ზუსტად დაემთხვეს მათი ჯარიმების, გადაცდენებისა და მსგავსი ოპერაციების დაფარვას. გადარიცხვები განხორციელდა: 1)            228,520 აშშ დოლარი; 2)            284,200 აშშ დოლარი; 3)            206,480 აშშ დოლარი; 4)            40,600 აშშ დოლარი; ჯამში _ 759,800 აშშ დოლარი, ანუ ეს თანხები მთლიანად აითვისეს და ამ კონკრეტული მეანაბრის დეპოზიტზე თანხა ნულდება. საქმე ის არის, რომ, თითქოს, ამ ოთხ პიროვნებას „ტერაბანკში“ სესხი ჰქონდა, რომელთა დასაფარავად, დაზარალებული, ეს ქალბატონი, რატომღაც, მათ ურიცხავს ამ თანხას, ამასთან, დეპოზიტი უკვე ნულდება. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად ამ განულებული თანხისა, მეანაბრე თითქმის 2 წლის განმავლობაში ანგარიშიდან კვლავ იღებს სარგებელს. _ როგორ ხდებოდა ეს?! _ პასუხს კვლავაც იმ თაღლითურ სქემასთან მივყავართ. ბანკის თანამშრომლებთან დაახლოებული პირები სარგებლის ზუსტ ოდენობას პირადი შეტანის ხერხით იხდიან, ასე ვთქვათ, პირადად მიდიან და პირადად შეაქვთ ანგარიშზე თეთრების სიზუსტით და, შესაბამისად, ამ ქალბატონს თანხები ერიცხება, _ ისიც ძალიან მშვიდადაა. რამდენჯერაც ბანკის თანამშრომელს ეუბნება, რომ კონკრეტული ოდენობის თანხის განაღდება სურს, რამდენიმე დღეში ვიღაც პიროვნება მიდის ბანკში, რიცხავს მის ანგარიშზე ამ თანხას და ქალბატონსაც, როდესაც განაღდება სურს, იგივე თანხა ხვდება ანგარიშზე და გამოაქვს. ამ მეანაბრეს მაღალ მენეჯმენტთან აქვს კონტაქტი, როცა ამხელა თანხას დებს და პირადი კონსულტანტებიც ჰყავს, ამიტომ წინასწარ ეუბნება მათ, თუ რა რაოდენობის თანხის განაღდება სურს. _ როდის გაიგო მეანაბრემ, რომ თანხა არ გააჩნია? _ სანამ კითხვას ვუპასუხებ, გასათვალისწინებელია, რომ მეანაბრეს ზუსტად ერთსა და იმავე დროს ერიცხებოდა ეს სარგებელი სწორედ ამ ფიზიკური პირების მიერ და 2016 წლის მარტის დასაწყისში, როცა სარგებელს ელოდა, ანგარიშზე არ ჩაირიცხა, შესაბამისად, იგი ბანკში მივიდა და აღმოჩნდა, რომ საქმე ჰქონდა განულებულ დეპოზიტთან. იმის გასარკვევად, თუ სად წავიდა ეს თანხა, როცა მესაკუთრეს რეალურად არ განუკარგავს იგი, ბანკმა წარმოადგინა ხელშეკრულებები, ხელწერილები, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის აპრილში მან სრულად გადაურიცხა თავისი თანხა სახვადასხვა პიროვნებას ანგარიშებზე, მას კი დეპოზიტი გაუნულდა. როგორც კი ამ ქალბატონმა ბანკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ნახა, მალევე აღნიშნა, რომ ის მისი ხელმოწერა კი არა, გაყალბებული იყო. ობიექტური დაკვირვებითაც ჩანს, რომ იგი არ გახლდათ ორიგინალი ხელმოწერა. ამის მიუხედავად დაინიშნა სამხარაულის ექსპერტიზა, იგი ორჯერ ჩატარდა და ორივეჯერ დასკვნა იყო ერთი და იგივე, _ გაყალბებულია. ეს დოკუმენტები კი კონკრეტულად არის: 1) 4 უცხო პირის სასარგებლოდ გაცემული თავდებობის ხელწრილები; 2) 4 უცხო პირის სასარგებლოდ დადებული თავდებობის ხელშეკრულება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიდი რაოდენობის ქაღალდზე როცა გვაქვს ხელი მოსაწერი, მაგალითად, ბანკში, ხშირად შეიძლება ისე მოვაწეროთ ხელი, რომ არ გავეცნოთ მას, ამიტომ შეიძლება დოკუმენტაცია, ან სუფთა ფურცელი შეაცურეს, არც ესაა გამორიცხული.   კახა შარაბიძე _ იურიდიული ფირმა „ბი-ელ-ბის“ მმართველი და დამფუძნებელი: _ ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ბანკთან და როდესაც ასეთ სტრუქტურასთან თანამშრომლობ, მოლაპარაკებას აწარმოებ არა კონკრეტულ მენეჯერთან ან წარმომადგენელთან, არამედ, უშუალოდ ბანკთან. შესაბამისად, მათი ყოველი პასუხი ბანკის პასუხია და მიუხედავად ამდენი შეფასებისა და ექსპერტიზის დასკვნისა, რომ ხელმოწერები გაყალბებული იყო, ბანკისგან ბოდიშიც კი ვერ მივიღეთ და გადაგვამისამართეს, რომ სადაც გვინდოდა, იქ მივსულიყავით _ ცივი და ცინიკური უარი მივიღეთ. ყველამ ვიცით, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხები არიან ამ ბანკის მფლობელები და როგორც ბანკის მენეჯმენტმა გვითხრა, უშუალოდ აქციონერებთან გვქონდა საუბარი, რადგან ეს მოთხოვნა, რომელსაც დაზარალებული მეანაბრე აყენებდა, აქციონერებამდე აიტანესო. მოთხოვნა კი იყო შემდეგი, რომ მეანაბრე არათუ მეტ თანხას, არამედ პირიქით _ ნაკლებსაც კი ითხოვდა. მეანაბრე ეუბნებოდა, რომ დატოვებდა რამდენიმე თვით ანაბარს ამ ბანკში, ოღონდ ეს უფლება აღედგინათ და იმ ბანკის უარი, ყოველი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ, რომელსაც 250 მლნ აშშ დოლარი აქვს ჩადებული ჩვენს ქვეყანაში და კიდევ აპირებენ ჩადებას, თუ ისე უყურებენ ჩვენს ქვეყანას და საკანონმდებლო სისტემას, რომ მეანაბრე ვერ დაიცავს თავის უფლებას, ძალიან საწყენია. უკვე მთავარ პროკურატურაშია საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. _ ვინ არის ის 4 ადამიანი, რომელთაც თანხები გადაერიცხათ? _ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა არ სახელდება. ერთ-ერთი მათგანი ბანკის თანამშრომლის ცოლისდაა, ერთ-ერთი კი ჩემი ნაცნობიც კი აღმოჩნდა, რომელთან საუბარშიც გავიგე, რომ მან არც კი იცოდა, ამ სესხის აღების შესახებ, არ იცოდა, რომ მენაბრემ ეს თანხა დაუფარა და თქვა, რომ სასამართლოში სიმართლეს იტყვის, რადგან თვალით არ უნახავს არც ერთ თეთრი. ე. ი. მსესხებლებიც და სესხიც ფიქტიურია. ცხადია, ამ სესხის გაცემასა და თანხის გადარიცხვაში ერთი ადამიანი არ მონაწილეობს, აქ რამდენიმე ადამიანის ინტერესია, ანუ კომპლექსურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.   კახა წერეთელი _ „ბი-ელ-ბის“ იურისტი: _ აქ სისიტემა და მიდგომაა თვითონ საგანგაშო, ბანკი ასე თავისთავად ვერ აიღებდა ამ თანხებს და არ მიითვისებდა და თუ ვინმე ამას გააკეთებდა, კონკრეტული ფიზიკური პირის პასუხისმგებლობა იქნებოდა. ბანკმა გენიალური ის შემოგვთავაზა, რომ სესხები დაუსაბუთებლად გაიცა და შესანიშნავი ორგანიზებული გეგმით. ამ შემთხვევაში ბანკი ხედავს სარგებელს და არა კონკრეტული პირები. 20 მაისს პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ, სადაც ბანკის, როგორც იურიდიული პირის პასუხისმგებლობაა დაყენებული. ბუნებრივია, ფიზიკური პირები უნდა დაისაჯონ, მაგრამ მთავარი არის ბანკი. კვალიფიკაცია კი, რასაც მოვითხოვთ არის: დოკუმენტების გაყალბება, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ფულის გათეთრება _ იგივე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და თაღლითობა. ამ შემთხვევაში ორი მუხლი ითვალისწინებს, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით იურიდიული პირის პასუხისმგებლობას _ ფულის გათეთრება და ყალბი დოკუმენტის შექმნა, გამოყენება. საჯელის სახით კი ჯარიმა დაეკისრებათ, ან უმაღლესი ზომა _ ლიკვიდაცია, მაგრამ ამას სასამართლო გადაწყვეტს. გამოძიება საწყის ეტაპზეა, იგი მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს. პირველ რიგში, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფია დაკითხვაზე დაბარებული.   ზურაბ გვასალია _ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი: _ თვითონ ბანკმა უნდა გააკეთოს ამაზე კომენტარი და იქიდან გამომდინარე, სადაც იქნება თავად საჭირო, იქ მივალ და ბანკის ინტერესებს დავიცავ. „ტერაბანკი“ ბანკების ასოციაციის წევრია და ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ბანკია, აქამდე მსგავსი შემთხვევები არ ჰქონია. სანამ სრული ინფორმაცია არ მექნება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არა მგონია, რომ 800 000 აშშ დოლარი ბანკის რეპუტაციის შელახვად ღირდეს და მას ეს გაეკეთებინა. თავად ბანკმა უნდა ისაუბროს ამაზე, ყველაფერი სასამართლოზე გამოჩნდება. ერთი კი ვიცი _ ეს თანხა არც ერთი ბანკის რეპუტაციის რისკისთვის ნამდვილად არ ღირს, თუ კონკრეტული პირები არიან დამნაშავეები, რა თქმა უნდა, დაისჯებიან და ბანკი ამ თანხას აანაზღაურებს.   „ქრონიკა+“-მა ამ საკითხზე თავად „ტერაბანკის“ ოფიციალური განცხადება მოიპოვა: „იურიდიული ფირმა „BLB“-ის მიერ „ტერაბანკის“ საწინააღმდეგოდ გამართულ პრესკონფერენციას ვაფასებთ, როგორც ბანკზე ზეწოლისა და ჩვენი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ეს კამპანია მიზნად ისახავს ბანკის იმიჯის დაზარალებას და პროცესის სამართლებრივი ჩარჩოებიდან გატანას. გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებაა და არ შეესაბამება რეალობას, რადგან ეს ვარაუდები დაუსაბუთებელია. მათი ქმედება განპირობებულია იმით, რომ ბანკმა იურიდიულ ფირმას თანხის უპირობო გადახდის უსაფუძვლო მოთხოვნაზე უარი უთხრა, ვიდრე კომპეტენტური ორგანოების მიერ არ ჩატარდება სრული გამოძიება და არ დადგინდება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, სადაც ბანკმა კლიენტს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. „ტერაბანკი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სრულად იცავს ყველა თავისი კლიენტის ინტერესს და წლების მანძილზე ინარჩუნებს კლიენტების ერთგულებასა და ნდობას. რაც შეეხება საქმის არსებით მხარეს, მოვლენათა ქრონოლოგია ამგვარია: დაახლოებით ორი თვის წინათ ბანკს განცხადებით მიმართა კლიენტის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ და მოითხოვა კლიენტისთვის გარკვეული თანხის გადახდა იმ საფუძვლით, რომ თითქოს ბანკმა მისი კლიენტის ანაბარი მიითვისა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, ბანკმა მოიძია და კლიენტს გადასცა საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რომელიც კლიენტს საერთოდ არ ჰქონდა შენახული. არაერთგზის შეხვდა როგორც კლიენტს, ისე მის წარმომადგენლებს, საკუთარი ინიციატივითა და ხარჯით მიმართა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს და დაჩქარებული წესით მოითხოვა კლიენტის მიერ ხელმოწერილ რიგ დოკუმენტებზე ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ  კლიენტის ხელმოწერა განცხადებაზე, რომლითაც კლიენტმა განკარგულება მისცა, ანუ დაავალა ბანკს, მისი კუთვნილი თანხით სხვადასხვა სასესხო ვალდებულება დაფარულიყო, არის ნამდვილი. შექმნილ მოცემულობაში, როდესაც ექსპერტიზის შედეგების მიხედვით დადგენილი იყო კლიენტის ნამდვილი ნება თანხის საბოლოო განკარგვაზე, ბანკი მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, კლიენტისთვის რამე თანხა გადაეხადა. ამავე დროს, ექსპერტიზამ ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთ შუალედურ დოკუმენტზე კლიენტის ხელმოწერის ნამდვილობა, რის გამოც ბანკმა 2016 წლის 17 მაისს გამოძიების დაწყების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას თავად მიმართა, რადგან, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებშია ანაბართან დაკავშირებული ყველა გარემოების გამოძიება და სწორი სამართლებრივი პროცესების წარმართვა. მცდარია „BLB“-ის განცხადება იმის შესახებ, რომ კლიენტი ორი წლის განმავლობაში ბანკისგან რაიმე სარგებელს იღებდა, ვინაიდან კლიენტის საბარათე ანგარიშზე ბრუნვებს (თანხის შეტანა) ფიზიკური პირები ახორციელებდნენ და არა _ ბანკი. ამ პირების კლიენტთან კავშირი ან თანხების წარმომავლობა ბანკისთვის უცნობია. ამ დეტალებს გამოძიება სწავლობს. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების მიერ ჯერ არ არის დადგენილი ობიექტური ჭეშმარიტება, „BLB“-ის საჯარო ბრალდებები სრულად არღვევს „ტერაბანკის“ უდანაშაულობის პრეზუმპციას და ძალიან დიდ მორალურ ზიანს აყენებს მას. ამიტომ მოვუწოდებთ „BLB“-ის, დაიცვან სამართლის ნორმები და მაქსიმალურად ითანამშრომლონ გამოძიებასთან“.  

                                                                                                       ნინო ტაბაღუა

     

გაზიარება