QronikaPlus
კონკურსის „ქართული _ ა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსის „ქართული _ ა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2016-06-18 10:32:06

  9 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული შრიფტების კონკურსის „ქართული _ ა“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსი „ქართული _ ა“ დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები არიან პროექტი #წერექართულად და „თიბისი ბანკი“. კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის ადაპტირება თანამედროვე სამყაროსთან, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ დიზაინერები: ზვიად ციკოლია, ლადო კობახიძე, კახაბერ ბოჭორიშვილი; გრაფიკული დიზაინერი მანანა არაბული და მხატვარ-დიზაინერი მალხაზ იაშვილი, საუკეთესო ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულები 7 ნომინაციაში დასახელდნენ. ისინი დააჯილდოვეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ და ჟიურის წევრებმა. კონკურსში „ქართული _ ა“ გამარჯვებული შრიფტები გაციფრულდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:   თანამედროვე _ ა (თანამედროვე, დახვეწილი შრიფტი) პირველი ადგილი _ ზურაბ მიმინოშვილი; მეორე ადგილი _ ნანა შიხაშვილი;   გაკრული _ ა (გაკრული, ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი) პირველი ადგილი _ გიორგი ახუაშვილი; მეორე ადგილი _ ზურაბ მიმინოშვილი;   ადაპტირებული _ ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია) პირველი ადგილი _ ზურაბ მიმინოშვილი; მეორე ადგილი _ დათო ხარაშვილი;   აკადემიური _ ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი) პირველი ადგილი _ ზურაბ მიმინოშვილი; მეორე ადგილი _ მერაბ გეწაძე;   მხატვრული _ ა (მხატვრული შრიფტი) პირველი ადგილი _ ზურაბ მიმინოშვილი; მეორე ადგილი _ ნინო მეგრელიძე;   ტექნიკური _ ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად) პირველი ადგილი _ ნინო მეგრელიძე; მეორე ადგილი _ მექი გიორგაძე;   ფუტურისტული _ ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა) პირველი ადგილი _ ია დარახველიძე; მეორე ადგილი _ ჯუმბერ ბეჭვაია.   კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო ვებგვერდზე ქართულია.ცომ/გეორგიანა.გე რეგისტრაციის გავლა და სასურველი კატეგორიის მონიშვნა. რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება 21 მარტიდან დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდა, სულ დარეგისტრირდა 160 ნამუშევარი. თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტი უნდა წარედგინა, თუმცა მათ შეეძლოთ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაშიც ჰქონოდათ. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ.   ზვიად ციკოლია _ დიზაინერი: _ დღევანდელი კონკურსით ძალიან ამაყი ვარ, _ ორგანიზატორებით, მხარდაჭერით, მონაწილეებით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად განხორციელდა და მშვენიერი შრიფტები წარმოადგინეს. მიხარია, რომ ქართულ დამწერლობას პროფესიონალურად შესრულებული ახალი შრიფტები შეემატება, ლამაზი, იმ გრაფიკით სავსე, რაც შრიფტის აგებას და შექმნას სჭირდება. ძალიან პრინციპულია, რომ ეს გრამატიკა და ჩვენი დამწერლობა არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ განვავითაროთ, მხოლოდ დღევანდელ დროს კი არა, მომავალსაც მოვერგოთ. ქართული დამწერლობა არ უნდა დაიკარგოს, მით უმეტეს, როცა, ძირითად შემთხვევაში, ელექტრონულ სივრცეში ლათინური ასოებით ვწერთ. ამიტომ ეს საქმე აქტუალურია და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ასეთი მშვენიერი კონკურსი ჩატარდა. ჟიურის წევრები შევიკრიბეთ, ყველა პროფესიონალია და საუკეთესოები შევარჩიეთ. გულახდილად გეტყვით, იმის გამო, რომ ნომინაციაში ადგილი არ გვქონდა, ზოგიერთი წელს კონკურს მიღმა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სიმპათიები გვქონდა მათ მიმართ. რეალურად, გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ყველა ველოდებოდით. ეს ძალიან გვახარებს. ერთ-ერთი ნომინაცია, ლაკონიური _ ა, საერთოდ ამოვარდა რადგან ჟიურიმ ერთხმად მიიჩნია, რომ იქ წარმოდგენილი შრიფტები არ შეესაბამებოდა სხვა ნომინაციებში წარმოდგენილი შრიფტების ხარისხს და ეს კონკურსი სწორედ შექმნილია იმის გამო, რომ საქართველოში შეიქმნას ხარისხიანი შრიფტები. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ეს არა მარტო უნდა გაგრძლდეს, არამედ განვითარდეს და უნდა მოიცვას სრულიად საქართველოს მასშტაბები. თუ უცხოელები ჩაერთვებიან, ან ქართველი ემიგრანტები, ვისაც სურვილი ექნება, რომ ქართული შრიფტის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა, მზად ვართ, ვუმასპინძლოთ და ამ ყველაფერს მხარი დავუჭიროთ.   გიორგი კეკელიძე _ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი: _ კონკურსში არ ვართ ჩართულები, ჩვენ უშუალოდ პროექტს ვუჭერთ მხარს. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ის დევიზი, რაც ქართულად წერას უკავშირდება და რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ყოველდღიურად აქტიურად განვამტკიცოთ და განვახორციელოთ სხვადასხვა სახის პროექტი, მათ შორის არის წიგნის მუზეუმი, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება. „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ემიგრაციის არქივიდან ძალიან სერიოზული მასალები ჩამოვიტანეთ, რომელთა უმრავლესობა სწორედ ხელნაწერია და ქართულ ენას უკავშირდება. ეს არის ერთგვარი გამოძახილი იმისა, თუ როგორ ინარჩუნებს ადამიანი იდენტობას წერილობითი ფორმით და, შესაბამისად, ეს როგორ მოახერხეს იმ ქართველებმა, რომლებიც ათწლეულებისა და, შეიძლება, ასწლეულის განმავლობაში (ამ შემთხვევაში თაობის დაშორებას ვგულისხმობ) ცხოვრობდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჩემი აზრით, ამ პროექტის განხორციელება აუცილებელია. ქართული ენა არ არის ის ენა, რომელზედაც ბევრი ხალხი ლაპარაკობს, მით უმეტეს, წერს და, შესაბამისად, მას ყოველთვის სჭირდება, ერთგვარი, წახალისება, შეხსენება და ამ თვალსაზრისით გააქტიურება. ჩვენ მივესალმებით ამ საქმეში კერძო ბიზნესის აქტიურობას. ზოგადად, ეს არის სამოქალაქო სახის პასუხისმგებლობა და ყველა სფეროს წარმომადგენელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.   მამუკა ხაზარაძე _ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: _ კონკურსი ქართული _ ა, ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. იგი ეკუთვნის ჩემს მეგობარს, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, ეს გახლავთ ზვიად ციკოლია. იგი გამოირჩევა მართლაც საინტერესო იდეებითა და ხედვებით, ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით. ეს მისი მრავალმხრივობა ჩანს არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი მისი პროდუქტებით. კონკურსი, ფაქტობრივად, ძალიან მნიშვნელოვანია და მხარი დავუჭირეთ, რადგან #წერექართულად არის „თიბისი ბანკის“ პროექტი, რომელიც ერთი წლის წინათ დავიწყეთ. ზედმეტია იმის შეხსენება, თუ რა უნიკალური ანბანისა და დამწერლობის პატრონები ვართ, თუმცა ყველამ ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, რომ ეს ჩვენი უნიკალური ანბანი არ გავაჭუჭყიანოთ, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ თანამედროვე ელექტრონული საშუალებებით, სიტყვიერი თუ წერითი ურთიერთობის დროს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ასეთ ინიციატივებს. #წერექართულად, საბოლოოდ, ნაყოფიერი კამპანია გამოდგა. დამწერლობა ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და ვალდებულები ვართ, დავიცვათ. ასეთი კონკურსი განვითარების საშუალებას იძლევა. ძალიან მახარებს, რომ ამდენი კონკურსანტი გამოვლინდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ანბანის ადაპტირება მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შესაძლებელი გახდება ახალი ფონტების შექმნა და მისი ელექტრონულ გადამცემებში გამოყენება.   თითოეულ ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა, ისინი „თიბისი ბანკმა“ ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცა 2000 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულს _ 1000 ლარი. გამარჯვებულები დაასაჩუქრა ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“, რომელმაც პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადასცა 50 ელექტრონული წიგნი, ხოლო მეორე ადგილზე გასულებს _ 25 წიგნი. სპეციალური პრიზი დააწესა ასევე დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომელმაც თავის რჩეულ კონკურსანტებს საკუთარი დიზაინით შექმნილი საათები გადასცა. ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა ზურაბ მიმინოშვილმა.   ზურაბ მიმინოშვილი _ ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული: _ ძალიან კარგი პროექტია, რომლის შესახებ წელს გავიგე, შარშანაც ყოფილა და არ ვიცოდი. დიზაინერი ვარ, მაგრამ ამ პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდებოდი. პროექტმა კარგი საქმე გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ფონტები გვექნება. გარკვეული შრიფტები უკვე მზად მქონდა. როდესაც ნომინაციები დაწესდა, რამდენიმე მაშინ გავაკეთე. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი არ მიმუშავია. ჩემთვის ყველა შრიფტი ახლობელია და ვერ გამოვყოფ. რაღაც ნომინაციებში იმედი მქონდა და რაღაცებში საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას.   პროექტის #წერექართულად ფარგლებში უკვე არაერთი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა: ჩატარდა ფონტების ინჟინერიის კურსები; ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი გაციფრულდა; იგეგმება ლექსიკოგრაფიის კონგრესის ორგანიზება და მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმის გამართვა. #წერექართულად ეგიდით მიმდინარე პროექტი უნიკალურია, მისი მიზანია ქართული დამწერლობისა და ენის, როგორც ეროვნული ფასეულობის დაცვა და განვითარება; ქართული ენის პოპულარიზაცია და ბარბარიზმებთან ბრძოლა.  

                                                                                           თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება