დათო ფაცაციას სახით ქართული პოლიტიკის კაბადონზე შედარებით მცირე მასშტაბის, თუმცა, მაინც, ახალბედა ვარსკვლავი აკიაფდა _ უფრო დიდი მოცულობის მნათობების _ მეჭიაურისა და სანდრო ბრეგაძის ფონზე. ვინ არის დათო ფაცაცია? ვის გვერდით და რა გზა განვლო მან სააკაშვილის ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე და მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ხელისუფლებაში შემოაბიჯა? ვინაიდან აღნიშნულ პიროვნებას წლების განმავლობაში საკმაოდ ახლო დისტანციაზე ვეკონტაქტებოდი, ამ მასალას ავტობიოგრაფიული სტილით შემოგთავაზებთ.
დათო ფაცაცია დაახლოებით შვიდი წლის წინათ გავიცანი. იმ პერიოდში მეც ოპოზიციურ ბარიკადებზე ვიდექი, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და მასთან ორგანიზაციაში, საერთო მეგობრების საშუალებით, უცერემონიოდ მოვხვდი. ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა „რატომ?“, რომელიც დასათაურებაშივე კითხვის ნიშნით იყო წარმოდგენილი, ნაკლებ კითხვებს გაგიჩენდათ. მართალია, ამ გუნდის წევრი არ ვყოფილვარ, თუმცა ოფისს, რომელიც დედაქალაქის შუაგულში, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა, პერიოდულად ვსტუმრობდი. იქ ვერც შავრაზმელებს ნახავდით და ვერც კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ახალგაზრდებს, განსხვავებით, ვთქვათ, იმავე ჯაბა ჯიშკარიანის ორგანიზაციისგან. მელორ ვაჩნაძე და გოგიჩაიშვილი იმ დროისთვის სასჯელს იხდიდნენ, შესაბამისად, ოპოზიციურ პოლიტიკურ ბაზარზე „რატომ?“, ფაქტობრივად, უკონკურენტო გახდა.
ცალკე მდგარი სუბიექტები ცაგურია-კორძაიას, ან შოთა აფხაიძის ხუთკაციანი ჯგუფების სახით, მაინც, ვიწრო მასშტაბებში, ზოგჯერ პერსონალური კრიტიკით გამოხატავდნენ პროტესტს. `რატომელებმა” მიხეილ სააკაშვილისა და მაშინდელი მთავრობის შეცდომებზე ახლებურად დასვეს აქცენტები, რადიკალური ბრძოლის ფორმებს თანამედროვე პიარის ელემენტებიც შეუთავსეს. ორგანიზაციის ბალანსზე მართლაც რომ აქტუალურ პრობლემებზე გამართული აქციები ირიცხებოდა, თუმცა იყო, მაგალითად, აწ უკვე ცნობილი შუშის ხიდის წინააღმდეგ გალაშქრების მცდელობებიც. მათი აზრით, სააკაშვილის ეს ახირება სახელმწიფო ბიუჯეტს ძვირი უჯდებოდა, ხოლო თავად ნაგებობა დედაქალაქის იერსახეში შეიძლება არც ჩამჯდარიყო. ექსპრეზიდენტის შეცდომებზე პირადად მეც არაერთხელ მისაუბრია, თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ: მოგვიანებით, შუშის ხიდი თბილისელებისთვის, და არა მხოლოდ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსანახულებელი ადგილი გახდა, მაგრამ 2010 წლსთვის `რატომელებმა” ახალი თემები წამოწიეს და სხვა ტიპის ხიდების გადება დაიწყეს ოპოზიციაში გადმობარგებულ პოლიტიკოსებთან. ძირითადი ფსონები ალასანიასა და ბურჯანაძეს შორის კეთდებოდა. ფაცაციას პოზიცია ცალსახა იყო, _ ვინც მეტს გადაიხდიდა, „რატომიც“ იმის გვერდზე უნდა დამდგარიყო. ვინაიდან ახალგაზრდების დიდი ნაწილი სააკაშვილის წინააღმდეგ ღიად გალაშქრებას ერიდებოდა, მათ სტუდენტების მისაზიდი კამპანია მოიფიქრეს _ „მინუს ორმოცდაათი“, რომლის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებში უნდა შესულიყვნენ და სტუდენტები აუდიტორიებიდან უნდა დაეძრათ, რათა მათ სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნით ხმა ამოეღოთ. თავად იდეას ვერაფერს დაუწუნებდით, მაგრამ მისი სულის ჩამდგმელებისთვის მთავარი არა სტუდენტების ჯიბეზე ზრუნვა, არამედ ის იყო, რომ მაშინდელი მთავრობის წინააღმდეგ ახალგაზრდები ბარიკადებზე აეყვანათ. ფაცაციას გუნდში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა აქტივისტებს: მერაბ ჭიქაშვილს, მიშა მესხს, ლუკა წულაძეს, ზურა ქადაგიძესა და ნათია ქობალიას. „რატომის?“ ეს პროექტი თითოეული მათგანის მიერ წარმოებული სამზადისისა და გათვლების მიუხედავად, რატომღაც, ვერ შედგა, ორგანიზაციის ამ იდეამ პოლიტიკოსებში გამოხმაურება ვერ ჰპოვა, რის შემდეგაც ფაცაცია ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში გადაბარგდა. „მემარჯვენეებთან“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებისთვის დავითს თავისი გუნდი სჭირდებოდა, უფუნქციოდ დარჩენილი აქტივისტების ნაწილი, დაახლოებით, ხუთი-ექვსი ახალგაზრდა, მას გაჰყვა: ზოგიერთი, ალბათ, დაწინაურების პერსპექტივის იმედად, ვიღაცები, შესაძლოა, პიროვნული ერთგულებითაც.
თავადაც აფხაზეთიდან დევნილმა ფაცაციამ ახალ ამპლუაში ლტოლვილთა სამინისტრო ამოიღო სამიზნედ და თავის აქტივთან ერთად, ყოფითი პრობლემებისგან სასოწარკვეთილი ადამიანების მხარდაჭერით, კობა სუბელიანს ფაშისტს ეძახდა, თუმცა გამყრელიძის გუნდთან მისი თანაცხოვრება იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა მანანა ნაჭყებიამ, რომელსაც ამ მასალის მომზადების პროცესში დავუკავშირდით, ვერ მოიძია ინფორმაცია ფაცაციას მისვლისა და წამოსვლის შესახებ, _ ეგ ახალგაზრდულში მცირე ხნით იყო და ისე წავიდა, რომ თავმჯდომარედ არჩეული არ ყოფილა, ამიტომ ჩვენს ვებგვერდზე ჩამონათვალშიც არ არისო. თუმცა მისგან მიღებულმა პასუხმა არ დაგვაკმაყოფილა და საძიებო სისტემის საშუალებით ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეს მივაშურეთ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან დავით ფაცაციასთან, რომელიც ერთ-ერთმა ონლაინ-გამოცემამ, დაახლოებით, ხუთი წლის წინათ ჩაწერა:
„_ „მემარჯვენეებთან“ თქვენი ურთიერთობა დასრულდა?
_ „მემარჯვენეებთან“ აპრილიდან აღარ ვარ. სასურველია, ეს თემა დაიხუროს, რადგან ჩემი პრინციპია ღირსება და სამართლიანობა. დავით გამყრელიძეს განაცხადი უდევს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
_ თქვენ უკმაყოფილება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით „მემარჯვენეების“ მიერ ხელისუფლების პოზიციის გაზიარებამ განაპირობა?
_ მანამდე წამოვედი. მე ვერ გავაკრიტიკებ ჩემს ყოფილ გუნდს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პირად საკითხებზე განვივრცობი“.
გამყრელიძის გუნდიდან აპრილში წამოსული ფაცაცია, მართალია, ვრცელი ახსნა-განმარტებებისთვის საჯარო სივრცეში დროს არ კარგავდა, თუმცა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მუდამ გამალებით იბრძოდა ახალ-ახალი პატრონების მოსაძებნად. უკვე იმავე წლის ზაფხულიდან მის ჰორიზონტზე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მინდია გულუა გამოჩნდა და იმავე 2011 წლის 26 სექტემბერს პოლიტიკური პარტიების სიუხვით ცნობილ საქართველოს კიდევ ერთი პარტია შეემატა. „განახლებული საქართველოს“ პრეზენტაციისთვის ორგანიზაციის დამფუძნებლებმა დედაქალაქის გარეუბანში ერთობ უცნაური დეკორი აირჩიეს. მათი თქმით, თემქაზე მდებარე „არაშენდას“ კორპუსი შეგნებულად შეარჩიეს, რათა მაშინდელი ხელისუფლების მიერ უპატრონოდ მიტოვებული ადგილის განახლება აუშენებელი საქართველოს გამთლიანების საწინდარი გამხდარიყო. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აგებული შენობის დაუსრულებელი კარკასის ფონზე ფაცაცია დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლის მორგებას ცდილობდა და ირწმუნებოდა, რომ პარტიის ფარგლებში რეგიონებში გავიდოდა, გაღატაკებულ გლეხობას მდგომარეობიდან გამოიყვანდა და ქვეყანასაც გაამთლიანებდა.
ამაღლებულ-პატრიოტული პათოსის მიღმა რაციონალური პასუხებიც იყო მთელ რიგ ფინანსურ საკითხებზე: „მინდია გულუა ჩვენი მეგობარია. იგი ვერ დააფინანსებს პარტიას, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი აქვს. ვიმედოვნებ, ბევრი ასეთი ადამიანი დადგება ჩვენ გვერდით“, _ ამ ტექსტების მიუხედავად „განახლებული საქართველოს“ ეგიდით ბრძოლაც დავითმა მყისიერად გადაიფიქრა, ვინაიდან, სულ მალე, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი პოლიტიკური მოვლენა მოხდა, _ ხელისუფლების მოპოვების მიზნით გამართულ მარათონში იმაზე ბევრად დიდი ფინანსური რესურსისა და ავტორიტეტის მქონე მოთამაშემ შემოაბიჯა, ვიდრე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი გულუა გახლდათ. შესაბამისად, ჩვენმა გმირმაც იმაზე სწრაფად აუწყო დროს ფეხი, ვიდრე ეს სამამულო პოლიტიკური სტანდარტებითაა მიღებული. „არაშენდაში“ გამართული პრეზენტაციიდან მალევე ფაცაცია „ერთიანი საქართველოს“ დატოვების მიზეზად პარტიის დამფინანსებელთან, მინდია გულუასთან იდეურ შეუთავსებლობას ასახელებდა. როგორც ჩანს, მან გულუას კარზე პირველობას ივანიშვილის კარზე რიგითობა ამჯობინა და პარტია, რომლის ლიდერობაც შემოდგომის პირველ თვეს შეითავსა, დაახლოებით, სამ კვირაში დატოვა. ალბათ, იმ იმედით, რომ ყველაზე მდიდარი ქართველი მას შეამჩნევდა და დააწინაურებდა. „განახლებული საქართველოდან“ „ქართულ ოცნებაში“ ნახტომისთვის მზადებისას კიდევ ერთი მანევრი იყო საჭირო. მან სტატუსის მხრივ, ფაქტობრივად, თავი ჩამოიქვეითა და დაშლის პირას მყოფ ერთ-ერთ მოკრძალებულ არასამთავრობო ორგანიზაციას მიადგა.
მე იმ პერიოდისთვის „არადან“ (ახალგაზრდა რეფორმატორთა ალიანსი) უკვე წამოსული ვიყავი, შესაბამისად, ფაცაციას იქ მისვლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დღესაც არ ვფლობ, თუმცა ვინაიდან კონკრეტულ პიროვნებებს და მათ გეგმებს კარგად ვიცნობდი, ყოფილ გუნდში არსებული შედინებებისა თუ გამოდინებების შესახებ ზოგად სურათს მეტ-ნაკლები სიზუსტით ვაანალიზებდი, _ რატომ უნდა მისულიყო ჩვენი გმირი უკვე დასუსტებულ „არაში“ მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა შემოაბიჯა?
ამ კითხვაზე პასუხად ჩემი ეჭვების დემონსტრირებას ნამდვილად არ მოვახდენ და თქვენს სამსჯავროზე ყველაზე რეალურ ვერსიას გამოვიტან.
მოძრაობა „რატომ?“ აღარ არსებობდა; დაახლოებით 20-კაციანი გუნდი, რომელიც მას თავიდან ჰყავდა, ხეტიალში დაეშალა და ასე დამოუკიდებლად, ერთი კაცი, შუშის სასახლის კარზე ვერ მიაკაკუნებდა. თან გასათვალიწინებელი და ერთობ ანგარიშგასაწევი იყო ეკატერინე ბესელიას ფაქტორი, რომელიც იმ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის ნომერ პირველი ფავორიტი გახლდათ. პოლიტიკაში ახლად გამოჩენილი მილიარდერისთვის ბესელია არა მხოლოდ ადვოკატის, არამედ გამხოვანებლის ფუნქციასაც ასრულებდა, ამიტომ წონა არა მხოლოდ ოპოზიციონერი ადვოკატის პერსონას, არამედ მის ქურქის დამჭერებს და ყავის მომდუღებლებსაც მოემატათ. მართალია, ჩიტაძე და ნიბლოშვილი არც ერთს არ წარმოადგენდნენ, თუმცა მაინც _ მათ აქტივობებს ფასი დაედო, ფაცაციამ კი, როგორ ყოველთვის, პრაგმატული გათვლა გააკეთა და ბესელიას პარტნიორ ჩიტაძესთან და მის საპროტესტო მოძრაობასთან ალიანსი დადო. მეორე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ ის, რომ ჩვენს გმირს, მართალია, ვიწრო წრეში, მაგრამ მაინც იმედისმომცემ მოღვაწედ მოიაზრებდნენ, შესაბამისად, მინდია გულუასგან გამიჯვნა ოპერატიულად უნდა მოესწრო და საზოგადოების წინაშე სხვადასხვა აქტივობით უნდა წარმოჩენილიყო. იმ დღეებში რამდენიმე, მეტ-ნაკლებად, ცნობილმა პატიმარმა რუსთავის ციხიდან ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი წერილი გამოაგზავნა, რომელსაც ხელს აწერდნენ ლევან ჩაჩუა, ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე და სხვა პატიმრტები. აღნიშნული გზავნილი დავით ფაცაციამ მოძრაობა „არას“ დამფუძნებლების გვერდზე ჩაიკითხა, მილიარდერისადმი მხარდაჭერა სამეულმა თავადაც გამოხატა. თუმცა უცნობია, რატომ და რა სახსრებით დაიქირავეს მელორ ვაჩნაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის წერილის წასაკითხად მაინცდამაინც ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს, „ამბასადორის“ დარბაზი, როცა იმავე თიკო ნიბლოშვილის დიდ სახლში ხშირად ვიბარებდით ჟურნალისტებს?.. ვვარაუდობ, ეს იმიტომ მოხდა, რომ, პირველ რიგში, მედიასაშუალებები მიეზიდათ (სახლში, ან სადმე სხვაგან, უცნობ ტერიტორიაზე, ჩატარებული ბრიფინგის, ან პრესკონფერენციის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლები დიდად არ შეიწუხებდნენ თავს; მაშინ როცა პოლიტიკაში ახალი მონსტრი იყო გამოჩენილი, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობ ახალგაზრდებს ძვირფას საეთერო დროს ცოტა თუ დაუთმობდა), ამიტომ მათ ელიტარული სასტუმროს დარბაზი არჩიეს, თუმცა დარბაზში, სადაც პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, სკანდალი მოხდა: „ამბასადორში“ დაუპატიჟებელი სტუმარი მივიდა, რომელმაც ჩართული ტელეკამერების წინ დავით ფაცაცია, არც მეტი არც ნაკლები, ქურდობაში დაადანაშაულა. როგორც გაირკვა, ლელა მაქაცარია გულუას დაფინანსებული პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილა. მან ღონისძიების სცენარი შესვლისთანავე შეცვალა, მთავარი მომხსენებლების წინ დადგა და საუბარი დაიწყო, _ მას უნდა გადაეხადა თანხა, რომელიც ფილარონიის დარბაზის დასაქირავებლად მივანდეთ და ათი ათასი ლარიდან ხუთი ათასი მოიპარა. რაზედაც ადრესატმა უპასუხა, _ წამობრძანდით ფილარმონიაში და ერთად გავარკვიოთ ყველაფერი. _ თქვენ მე სად უნდა წამიყვანოთ?! ქურდბაცაცა ბრძანდებით! _ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ პასუხს აგებთ! მართალია, ბრალდებულმა ერთ მომენტში უხერხულობისგან თვალებზე ხელიც აიფარა, თუმცა, საერთო ჯამში, მაინც ღირსეულად ეჭირა თავი. თავდასხმის ობიექტმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ეს თანხა მოუცლელობის გამო ვერ გადაიხადა. ამ ღონისძიების შემდეგ, დღემდე მოყოლებული, მისი და „არას“ გზები საბოლოოდ გაიყარა, უფრო მართებულია ვთქვათ, რომ ეს იყო ამ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ბოლო აქტივობა, ვინაიდან ლევან ჩიტაძეზე მოთხოვნა გაიზარდა და, მზარდი კონკურენციის ფონზე, ეკა ბესელიას კალთის ქვეშ ადგილისთვის გააფთრებული ბრძოლები გაიმართა.
სრულიად მოულოდნელად ჩიტაძისთვის გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, _ ცნობილმა და გავლენიანმა ადვოკატმა ყურადღება სწორედაც რომ ფაცაციაზე შეაჩერა და თავისი მარჯვენა ხელი, ჩიტაძე, გვერდზე გაწია, თავის მხრივ, ჩიტაძის მარჯვენა ხელიც უფუნქციოდ დარჩა და როგორც ავი ხმები ამტკიცებენ, ამ მოვლენებიდან დაახლოებით ერთწლიანი ინტერვალის შემდეგ სწორედაც რომ მისი კომპიუტერიდან მოხდა ფარესიშვილის პირადი ცხოვრების კადრების ტირაჟირება. თუმცა ეს ყველაფერი მოგვიანებით დაიწყო, იქამდე, სანამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები გამოჩნდებოდა და იქამდე, სანამ ქალბატონი ბესელია კოალიციის დივას სტატუსს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა, შიდაკულუარული ბრძოლების, მთელი რიგი სკანდალებისა და პოლიტიკური ეჭვიანობების სცენებმა, საპნის ოპერის სახით, სერიებად ჩაიქროლა ჩემს თვალწინ, მაგრამ ამაზე სხვა დროს და სხვა ადგილას...
ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარი პერსონის ბიოგრაფიულ შტრიხებს და ქრონოლოგიურად გავაგრძელოთ თხრობა: მართალია, ჩიტაძის პოზიციები კოალიციაში შესუსტდა, თუმცა გმირს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა _ ამჯერად ცოტნე ზურაბიანის სახით. ზურაბიანს, მისგან განსხვავებით, საქართველოში ვიწრო წრეებშიც ნაკლებად იცნობდნენ, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება დიდწილად საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ცოტნე ევროპის არაერთ ქვეყანაში იღებდა უმაღლეს განათლებას, მაგრამ მაინც; სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე იგი ხშირად ჩნდებოდა, ხანაც თანასწორობის ინსტიტუტის სახელით, ხანაც როგორც თესეუს სტუდენტი. ფაცაციასა და ზურაბიანს შორის კონკურენცია, ერთი შეხედვით, შეუმჩნევლად, ეტაპობრივად გამძაფრდა. სხვადასხვა ვერსიით ზურაბიანს ზაქარია ქუცნაშვილი უმაგრებდა ზურგს; ფაცაციას _ სოზარ სუბარი და ეკა ბესელია. მას შემდეგ, რაც კოალიციის გუნდში სრულიად უცნობმა ადამიანებმა დაიწყეს ბრძანებების გაცემა, ორივე მათგანმა პოზიციები დათმო, პირადად ჩემთვის, გაურკვეველი ამბიციების მქონე პირების წინაშე და სუსტი წინააღმდეგობაც ვერ გაუწია კაცს არსაიდან _ იმავე იოსებ გოგაშვილს, რომლის შესახებაც ჩვენს მკითხველებს საკმაო ინფორმაცია აქვთ, ამიტომ დღეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუსი) უფროსის მოადგილის შესახებ საუბრით აღარ გადაგტვირთავთ.
მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ, თუმცა შემიძლია შევაფასო ის, რისი შემსწრეც უშუალოდ ვიყავი: ვერც ფაცაციამ და ვერც ზურაბიანმა 2011-12 წლებში ვერ გამოავლინეს ლიდერისთვის საჭირო თვისებები. მართალია, მათ შორის ღია კონფრონტაცია არ ყოფილა და კონკურენცია ერთობ ინტელიგენტურ ჭრილში მიმდინარეობდა, თუმცა ისიც ანა-ბანაა, _ პოლიტიკურ მოღვაწეს, გარდა დიპლომატიის ცოდნისა, უნდა შეეძლოს როგორც თავისი იდეების მედგრად დაცვა, ასევე თანაგუნდელებისთვის საფრთხის არიდება და მათზე ელემენტარულ დონეზე ზრუნვა. ამ სიტყვებს ვწერ არა იმიტომ, რომ ვინმეს დისკრედიტაცია მაქვს განზრახული, ან პირადი მოტივებიდან ვხელმძღვანელობ, არამედ იმიტომ, რომ მსურს, ჩემს მკითხველებთან გულწრფელი ვიყო ნებისმიერ წინადადებაში. კრიტიკულ მომენტებში ჩირგვებში ჩამალვით, მოქიშპე მხარეებმა, იოსებ გოგაშვილის, ვინმე ლეილა მენაბდიშვილისა და დიმიტრი სამხარაძის მსგავსი აარადეკვატური ამბიციების სუბიექტებისთვის, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში არეალი გახსნეს, რითაც მათ გუნდური თამაშის წესებს უღალატეს, ეს ყოველივე კი ჩემი გაცხარების მიზეზი გახდა, რის შემდეგაც, ჯერ კიდევ, ოპოზიციაში მყოფი კოალიცია ხმაურით დავტოვე, მაგრამ თემას არ გადავუხვევ და ძირითად ხაზს გავყვები. ზურაბიანთან არსებული ფარული ომი, პირველ ეტაპზე, იმავე ზურაბიანის დამარცხებით დასრულდა. „საოცნებო“ ახალგაზრდული გუნდის ლიდერი, თითქოსდა, გამოჩნდა, მაგრამ გოგაშვილის გავლენები მას, გარკვეულწილად, ზღუდავდა. თუმცა რას არ მოითმენს ადამიანი ძალაუფლების ლტოლვისას?! კოალიციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, მისთვის ჩვეული გალანტურობით, კლასიკურ სამოსში გამოწყობილი, ეთერიდან ეთერში დადიოდა და დიდ გულზე საუბრობდა სააკაშვილის გუნდის სუსტ მხარეებზე. საერთოდაც, ფაცაციას პედანტურობა და კლასიკური სამოსისადმი გადამეტებული სიყვარული მისი პორტრეტის სხვა მხარეა, რაც ხშირად გამხდარა კულუარული საუბრების საგანი, _ ეგ აწი სახლშიც პიჯაკით ივლისო, _ ხუმრობდნენ ნიშნის მოგებით მისივე მეგობრები. ზედმეტად ოფიციალური ტონი, ჩინოვნიკისთვის დამახასიათებელი ვიზუალური იმიჯი და ირგვლივ მყოფებთან უშუალო ურთიერთობის დეფიციტი ახალგაზრდების „რჩეულს“ უფრო კაბინეტურ მოღვაწედ წარმოაჩენდა. პრინციპში, მისთვის, ასე ვთქვათ, საველე სამუშაოები შავ საქმესთან ასოცირდებოდა და გარე საქმეებს მუდამ სხვებს ავალებდა.
ერთხელ, მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში მყოფი კოალიცია უკვე დავტოვე, ჩემთან მოვიდა იმჟამად მათი ახალგაზრდულის წევრი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და ისტორია მომიყვა ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც აქტივისტებისთვის დასარიგებელი წყლის რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ეს გათვლილი ყოფილა. ინფორმატორის მტკიცებით, წყლის შესაძენი ფული ფაცაციას დავალებით მოუპარავთ, რაც, თურმე, დიდი ხმაურის მიზეზი გამხდარა, მაგრამ შემდგომი თხრობისას ასეთ ეპიზოდებზე მეტად ყურადღება შევაჩეროთ მშრალ ფაქტებზე: 2012 წლის 25 თებერვალს ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის ბაღში, სამართალდამცველებმა დააკავეს: „ქართული ოცნების“ ეკოლოგიური ქვეჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, „სალომე ზურაბიშვილი _ საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ოთხი წევრი: მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი. თავად პროტესტი შეეხებოდა ამ პარკის ერთ მონაკვეთში პოლიციის შენობის აგებას, რომელსაც რამდენიმე ხის გაჩეხვა უნდა მოჰყოლოდა. პირადად ჩემი შეფასება ამ საკითხისადმი დღესაც ასეთია, _ კრიმინალის მხრივ ერთობ რთულ რაიონში, რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმულ ბაღში, სადაც ათასი ტიპის დანაშაული ხდებოდა, სასწორის ერთ პინაზე იდო მოქალაქეების უსაფრთხოება, ხოლო, მეორე მხრივ, _ რამდენიმე ხის მოჭრა, რაც მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებდა დიდ პარკს. ამ ტიპის დისკუსიაში შეიძლება გამართლება მოვუძებნოთ ბუნების დამცველისა და ცნობილი ბიოლოგის, ლაჩა ჩხარტიშვილის პოზიციას, მისი პრინციპულობიდან და განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუმცა არ მახსენდება ფაქტი, როცა დავით ფაცაციას უკვე ამ ხელისუფლების პირობებში ნარმანიას მისამართით დაესვას კითხვები ხშირად უმიზნოდ გაჩეხილ მცენარეებთან და მილიონ ხესთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გადარგული ლირიოდენდრონი ყველა სხვა ხის პოლიტიკურ ბედზე მაღლა დგას.
სხვათა შორის, ამ მოვლენის (ხის გადარგვა) ამსახველი ბმული დავით ფაცაციას თავის ფბ-გვერდზეც ჰქონდა გაზიარებული. ეს ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როცა ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხეებით დაინტერესდა. ამ მოვლენამდე თვეებით ადრე კი იყო, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შემთხვევა, რომლის შესახებაც ინფორმაციამ ძალიან ვიწრო წრეში გაჟონა: შუშის სასახლეში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ჩვენი გმირი, სხვა დეპუტატებისგან და მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, ივანიშვილის მოლოდინში კიბესთან მდგარა. იქ მყოფი ადამიანის თქმით, კოლეგებს მისთვის ურჩევიათ, რომ მასპინძელს ცენტრალურ დარბაზში დალოდებოდა, თუმცა „მეოცნებეების“ წინ მარბენალ კვიცს არ დაუჯერებია გამოცდილი თანაპარტიელებისთვის და ყველაზე გავლენიანი ქართველის რისხვაც დაუმსახურებია, _ ვინ ხართ და რატომ დგახართ აქ?! დამელოდეთ, დამელოდეთო! _ უთქვამს ივანიშვილს, რომელიც ერთობ გაუღიზიანებია მის სასახლეში ფაცაციას მოულოდნელ შეფეთებას. ზოგადად კი არასტაბილური საკადრო პოლიტიკით ცნობილ „მეოცნებეებში“ ადამიანები ხომ, ლირიოდენდრონის მსგავსად, უხმოდ გადაადგილდებოდნენ მილიარდერის ნებისა თუ დინების მიმართულებით.
ახალგაზრდული გუნდის შემდეგ მადაგაზრდილი „მეოცნებე“ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გადაბარგდა. იქ არსებული ბატალიების შესახებ კი ასევე ჩვენს გაზეთში, 150-ე საიუბილეო ნომერში, ჟურნალისტ თამარ ბატიაშვილის ერთობ ნიშანდობლივი მასალა გამოქვეყნდა. მასალის გამოქვეყნებიდან მალევე დავით ფაცაციას ახალი პოლიტიკური ტრამპლინის შემსწრეები გავხდით. რამდენიმე ჟურნალისტმა პირადი საუბრებისას დამიდასტურა ვერსია იმის შესახებ, რომ ფაცაციას „ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზი სწორედაც ის გახლდათ, რომ იგი ამ საბჭოში არ დააწინაურეს.
რატომ გადაბარგდა ოპოზიციაში ახლა _ უკეთესზე უკეთეს მეოთხე წელს _ კარიერისტი ახალგაზრდა? აქამდე სამართლიანობა აღდგა, თუ სხვა სიკეთეები მიიღო მოსახლეობამ? თანამდებობრივი მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე მის ბიოგრაფიაში იყო პერსპექტიულ თანატოლთან, ირაკლი როგავასთან ურთიერთობა, რომელსაც, როგორც ამბობენ, დავითი თანამდებობას ჰპირდებოდაო. ამისთვის უცხოეთიდან ჩამოსულ როგავას ჯიბეზეც გაუსვამს ხელი, მაგრამ ახლა უკვე სამთავრობო უწყებაში მყარად მოკალათებული როგავა არ მგონია, მეჭიაურის პარტიის სახეებისთვის პიჯაკების ყიდვით შეწუხდეს.
ეპილოგის მაგიერ...
ყველაფერი ახალი რომ კარგად დავიწყებული ძველია, ეს, როგორც ჩანს, თამაზ მეჭიაურმაც გაიაზრა და გასულ კვირას ხელისუფლებას გაემიჯნა, ჩაუყარა რა საფუძველი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას. როგორც ჩვენს კოლეგებთან გამართული შეხვედრიდან შევიტყვეთ, „ერთიანი საქართველოსთვის“ 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებს. „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა საკუთარი პოლიტიკური პარტიის მომავალი წევრები წარადგინა: კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის დამფუძნებელი დავით ფაცაცია. ოპოზიციაში გადასულმა მეჭიაურმა ყოფილ თანაგუნდელებს საკადრო პოლიტიკა დაუწუნა და არ თუ ვერ აღდგენილ სამართლიანობაზეც გააკეთა აქცენტი. აქვე, შორს რომ არ წავიდე, ობიექტურობისთვის უნდა გავიხსენო ჩემ მიერვე ორი წლის წინათ, 2014 წლის 5 აპრილს, ლალი მოროშკინასთან, ჩაწერილი ინტერვიუ, როცა, ჯერ კიდევ, სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლის რაგნში მყოფი მოროშკინა სამართლიანობის აღგენის მოთხოვნით გამართულ აქციებში მონაწილეობდა და მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს ამ მიმართულებით დაინტერესებისკენ მოუწოდებდა. სკანდალური ჟურნალისტი ასეთი ნაბიჯით, იდეიური სწორხაზოვნების მხრივ და მორალურად ათი თავით მაღლა დგას დღეს უკვე მისსავე თანაგუნდელ ფაცაციაზე, რომელიც, მისთვის ჩვეული ხელწერით, 2014 წელსაც და შემდგომაც მხოლოდ კარიერისტულ აღმასვლაზე ფიქრობდა და ნაკლებად აკეთებდა ხალხის მხარდასაჭერ განცხადებებს. მეტიც, მეჭიაურის პოლიტიკურ ტრამპლინამდე ორი კვირით ადრე ის ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ნინო ჯანგირაშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად წარადგინა, სადაც პარტია „რეფორმატორების“ ლიდერთან, ირაკლი ღლონტთან „ოცნების“ სახელით ცხარე პოლემიკა გაიმართა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენში ამა თუ იმ ფიგურასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგად კი არა, მომენტალურად ღებულობენ გადაწყვეტილებას პარტიების შექმნისა და ამ პარტიებში გაწევრიანების თაობაზე. ორკვირიან ინტერვალებში იდეებისა და პლატფორმების ცვლა ფაცაციასთვის არახალია. ვნახოთ, რამდენ ხანს იარსებებს ერთ დროს ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელის _ მეჭიაურის პარტია და რამდენს ხანს გაჩერდება იქ ამ მასალის მთავარი პერსონაჟი?
P. S. დავაფიქსირე რა სანდრო ბრეგაძის გვერდზე მდგარი ფაცაცია, მომენტალურად გამიელვა აზრმა იმის შესახებ, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მის მიერვე გამოზრდილი ლადო სადღობელაშვილი, რომელსაც ასევე აწუხებს პოლიტიკური ვნებები და რომელიც ფაცაციას თაობისაა, გვერდზე არ გაიკარა. საინტერესოა, რა ნიშნით ჩააჩოჩეს სადღობელაშვილი? „ოცნებას“ მეჭიაურისა და სანდრო ბრეგაძის მსგავსად ისიც ემიჯნება, წლების განმავლობაში ხისტად აკრიტიკებდა სექსუალურ უმცირესობებს და არც პრორუსულ განცხადებებს ერიდებოდა. ნუთუ, „ერთიან საქართველოში“ „თავისუფალი თაობისთვის“ ერთი ადგილიც ვერ გამოინახა?..
ზაზა სვანაძე