QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,მოსამართლეების კონკურსი გამოცხადდა – ურთმელიძე ისევ აპირებს მანტიის მოსხმას!”

მამუკა ნოზაძე: ,,მოსამართლეების კონკურსი გამოცხადდა – ურთმელიძე ისევ აპირებს მანტიის მოსხმას!”

2016-06-11 08:06:50

ადვოკატი მამუკა ნოზაძე იმ ოდიოზური მოსამართლეების სიას აქვეყნებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ახლა კვლავ სურთ მოსამართლეობა.   მამუკა ნოზაძე: _ ზოგიერთი პოლიტიკოსი გვიმტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს არ მფარველობდა. ამ დღეებში პირველ არხზე ივანიშვილთან ჩაწერილმა ინტერვიუმ ეს ეჭვები საბოლოოდ დაანგრია და ცხადად გამოაჩინა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებს სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ლევან მურუსიძის მეშვეობით. ამიტომაც გასაგებია, რატომაც მისცეს მურუსიძის მოსამართლედ ხელმეორედ არჩევას ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმაც, რომლებიც პარლამენტის კვოტით არიან შესული საბჭოში. სწორედ ამ კაცის სურვილი იყო, რომ მურუსიძე და სხვა ოდიოზური ადამიანები კვლავ გამხდარიყვნენ მოსამართლეები. ინტერვიუს დროს განაცხადა, _ ჩვენ ვერ წავიდოდით რევოლუციის გზით და წავედით ევოლუციის გზითო. ანუ „ნაცმოძრაობამ“ რაც გააკეთა, რომ ყველა მოსამართლე გაყარა, იგივე ჩვენთვის მიუღებელიაო. საქმე ის არის, რომ ესენი ოდიოზურ მოსამართლეებს კი არ ყრიან, ხელმეორედ ნიშნავენ ამ სამსახურებში. _ გასაგებია, რომ მოსამართლეები არ უნდა გაეყარათ პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ საზოგადოება მათ მიმართ უამრავ ფაქტზე აპელირებდა, სადაც მათი დანაშაულებები ჩანდა. ასევე არაერთი მოსამართლის მიერ განხილულ საქმეზე გამოსულია ევროსასამართლოს დასკვნა, სადაც ისინი დადანაშაულებულები არიან და მეტი სამხილი რაღა უნდა ჰქონოდათ, ეს ადამიანები კვლავ მოსამართლეები რომ არ გაეხადათ? _ დიახ, საზოგადოება აპელირებდა მათ დანაშაულებზე და ამბობდა, ეს ხალხი რომ ხელისუფლებისგან მართული იყო, მაგრამ ხალხის ხმა არავინ მოისმინა. ყველა ქვეყანაში აქვთ ხელისუფლებებს სურვილი, რომ მოსამართლეები აკონტროლონ, ისეთი გადაწყვტილებები მიიღონ, როგორიც ხელისუფლებას აწყობს, მაგრამ მოსამართლის ვალდებულებაა, ის იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და არ აჰყვეს ხელისუფლებებიდან წამოსულ ვნებებს, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება. ივანიშვილი არ არის კომპეტენტური, მაგრამ ბევრ ჟურნალისტთან გასდის. საბედნიეროდ, საზოგადოებრივ არხზე გასულ ინტერვიუში აღარ გაუვიდა და ბევრ საკითხში გამომჟღავნდა მისი არაკომპეტენტურობა. ის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გადასწვდა ერთ-ერთ ადვოკატს და თქვა, რომ თითქოს მან ყველა პროცედურული ღონისძიება არ ჩაატარა და არ გაასაჩივრა გარკვეული დოკუმენტები. ის არ არის ჩახედული იურისპრუდენციაში და არ იცის, რა იყო გასასაჩივრებელი და რა  _ არა. ივანიშვილის ეს განცხადება არის სიცრუე, რადგან გირგვლიანის საქმის ყველა დოკუმენტი პროცედურულად გასაჩივრდა და კომპეტენტურმა ორგანომ, ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა სახელმწიფოსა და სასამართლოს სიმბიოზური უკანონო მოქმედება კონკრეტული ადამიანებისა და ოჯახის წინააღმდეგ. ამის მერე, როცა ქვეყნის არაფორმალური მმართველი ამბობს, მოსამართლე უდანაშაულო იყო და სხვაგვარად მოქცევის შესაძლებლობა არ ჰქონდაო, ეს გახლავთ ადამიანებისთვისა და სამართლისთვის სულში ჩაფურთხება. ასევე დანაშაულის წახალისებაა. ივანიშვილი ლევან მურუსიძეზე ამბობს, მსხვერპლიაო. ე. ი. მოძალადეები მსხვერპლის როლს ირგებენ? საზოგადოება ამდენი ხნის განმავლობაში იმიტომ იბრძოდა, სამართლიანობა რომ აღდგენილიყო და „ოცნებაც“ „ნაცმოძრაობას“ ამ კუთხით უწევდა ოპონირებას. ამბობდა, 9 წლის განმავლობაში იყო ძალადობა და უკანონობა, არასამართლიანი სასამართლოო! ახლა კი ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ მომხრეები იმ სასამართლოს იცავენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, ასევე მოსამართლეებს, რომლებიც ძალადობის ლეგიტიმაციის მიმცემნი იყვნენ. ტყუილია ის, რომ მათ ასე მოქცევას ვინმე აძალებდა. ამის დასტურად კი გავიხსენებ სულხან მოლაშვილის საქმეს, რა დროსაც მოსამართლე ნუნუკა კვანტალიანმა დაწერა განსხვავებული აზრი. ეს მოსამართლე რატომ არ დაექვემდებარა ძალადობას და არ გახდა ხელისუფლების მსხვერპლი, თუ საქმე ასე იყო? როცა ადამიანი არის სამართლიანი და ობიექტური, მოქმედებს კანონით, სამართლით და არა ხელისუფლების შესაბამისად, ვერავინ ვერაფერს აკლებს. ცხადია, არავინ ბორკავდა მურუსიძესაც, თუმცა ის უზენაეს სასამართლოში იმის გამო მოხვდა, რომ სულხან მოლაშვილის საქმე განეხილა. არის კიდევ ბევრი საქმე, სადაც მურუსიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული და კვალიფიციური და საფუძვლიანი საჩივრები დაუშვებლად აქვს გამოცხადებული. ამიტომ ახლა მისი გამართლება ასევე დანაშაულია. ივანიშვილი ამბობს, მურუსიძე განთავისუფლდა „ნაცმოძრაობისგანო“, მაგრამ ის დღეს ერთგულად ემსახურება „ქართულ ოცნებას“. შემოდგომით ყველა ნახავს, რა შედეგებს მიიღებს „ოცნება“ და ლევან მურუსიძე, მაშინვე როგორ ჩახტება სხვა ხელისუფლების ნავში, თუ მას ამის უფლება მიცეს. ასეთი ადამიანები სანდოები არ არიან. _ ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ მურუსიძეს შეხვდა, თუმცა როდესაც ჟურნალისტმა კითხვა შეუტრიალა და რატომ შეხვდით მურუსიძეს და არა ნონო გვენეტაძესო? ვერაფერი უპასუხა. რას ფიქრობთ, რა ნიშნით შეარჩია მურუსიძე ივანიშვილმა? _ როცა ჟურნალისტი მომზადებულია და სწორად სვამს კითხვას, ივანიშვილის პრაქტიკა არის მასზე თავდასხმა და კონკრეტული პასუხისგან თავის არიდება, მაგრამ საზოგადოება ბრმა და ყრუ ხომ არ არის? ის მურუსიძეს იმიტომ შეხვდა, რომ სწორედ მან მისცა იმის გარანტია, რომ ახალ ხელისუფლებას მოემსახურებოდა ის სისტემა, რომელიც  სასამართლოშია შექმნილი. სასამართლო სისტემაში თავმოყრილია ბანდა და ამიტომაც გვენეტაძეს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია. ასევე ერთპიროვნულად ვერ ნიშნავს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი მხოლოდ ერთი ხმა აქვს. მას ბევრ საკითხზე სხვა აზრი გამოუთქვამს, არ მიუცია ხმა, მაგრამ უმრავლესობით ხდება საბჭოში გადაწყვეტილების მიღება. როცა ცერცვაძე-მურუსიძის დაჯგუფებას ივანიშვილის დავალებით საქართველოს პარლამენტის არჩეული 2 წევრიც შეუერთდა, რა უნდა გააკეთოს გვენეტაძემ? მანაც მათთან ბრძოლას ლავირებული ქმედებები არჩია და საბჭოს უმრავლესობასთან შეთანხმებით რამდენიმე კანდიდატი გაიყვანა მოსამართლედ. ვინ იყო მურისიძე-ივანიშვილის შეხვედრისა და შეთანხმებების დროს შუამავალი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, რომ ორივეს სურდა ამ საკითხებში ურთიერთობების დალაგება. ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის მოქმედებს საბჭოთა და რუსი ოლიგარქების სტანდარტებით. როგორ ხდება რუსეთში მაფიოზურ სტრუქტურებში ბიზნესების დალაგება და შეხვედრების ორგანიზება, ამაზე მთელი ლიტერატურა არსებობს. რა თქმა უნდა, ორივეს სურვილით მოგვარდა ეს საკითხი ასე და მურუსიძემ, ცერცვაძემ და სხვებმა მიიღეს ივანიშვილისგან ხელშეუხებლობის გარანტია. ცერცვაძე მანამდე საქართველოდან გაქცეული იყო, მაგრამ მერე ჩამოვიდა და დღეს ისევ ეს ადამიანები წყვეტენ, ვინ უნდა დაინიშნოს მოსამართლედ საქართველოში. ცერცვაძე არათუ დაბრუნდა და დღეს კარგად არის მოსამართლის სკამზე მოკალათებული, არამედ მისი ძმაც ხელისუფლებამ დანიშნა მცხეთის რაიონის პროკურორად. ეს ადამიანი, იმის გამო, რომ არ იყო პროფესიონალი და ღირსეული კადრი, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროკურორობიდან ჰყავდა გაგდებული. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაფერი შერჩა. ბუნებრივია, ივანიშვილს აწყობს, რომ სასამართლოში მონოპოლია ჰქონდეს. სასამართლო ბევრ რამეს წყვეტს როგორც ბიზნესთან დაკავშრებით, ასევე სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში. არის საბოლოო ინსტანცია არჩევნების კანონიერ-არაკანონერად ცნობასთან მიმართებით. დიახ, ივანიშვილს აწყობს, რომ სასამართლო ჰყავდეს ჯიბეში და ხელისუფლების მიერ იმართებოდეს და ასეც არის. კორცხელის ძალადობის ფაქტები ყველამ კარგად ვნახეთ, მაგრამ იმის გამო, რომ მოძალადე ადამიანები ხელისუფლების მომხრეები იყვნენ, მათ მიმართ შეღავათები მაინც გავრცელდა და ხულიგნობის მე-3 ნაწილზე გირაო გამოიყენეს. ახლა კი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ექსკლუზიური ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, რომელზედაც ჟურნალისტებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც ხმა უნდა ამოიღონ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-დან 30 მაისამდე გამოაცხადა კონკურსი მოსამართლეთა გასამწესებლად. 131-ზე მეტ კანდიდატს აქვს პრეტენზია იმისა, რომ ხელახლა იყოს გამწესებული მოსამართლედ. 8 ოქტომბერს დანიშნულია არჩევნები და საზოგადოებას მიაჩნია, რომ ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას. ამიტომაც იუსტიციის საბჭოში მოკალათებულმა ბანდამ ახალი გეგმა შეიმუშავა იმისათვის, რათა მათთვის სასურველმა კანდიდატებმა ხელმეორედ მოსამართლედ დანიშვნა მოასწრონ, რათა მათი გაბატონებული მდგომარეობა სასამართლო სისტემაში შენარჩუნდეს. _ ვინ არიან ეს კანდიდატები? _ დაგისახელებთ დაახლოებით 17 კანდიდატს, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად დაუჭერს მხარს და კვლავ გაამწესებს მოსამართლეებად. ესენი არიან მოქმედი ან რამდენიმე თვის წინათ უფლებაშემწყდარი მოსამართლეები. კონკურსის შემდგომ ვნახოთ შედეგები და ჩემი მოსაზრებები გამართლდება თუ არა, საზოგადოება დაინახავს. ამ კონკურსში მონაწილეობა გაბედა გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემიამ. სწორედ მისმა მოქმედებებმა გამოიწვია 2006 წლის აქციები. მთელი საქართველო გამოვიდა ქუჩაში, როცა გირგვლიანის სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ეს ხელისუფლებაც სწორედ გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეების აფიშირებით მოვიდა, მაგრამ ჩემიას აგვისტოში მოსამართლის უფლებამოსლება უწყდება და კვლავ მონაწილეობს კონკურსში. მისი მეუღლეც მოსამართლეა რუსთავის სასამართლოში. ჩემია, რა თქმა უნდა, ჩინჩალაძე-მურუსიძე-ცერცვაძის დაჯგუფების წევრია და უპირობოდ კვლავ იქნება გამწესებული მოსამართლედ; თამაზ ურთმელიძეც მონაწილეობს კონკურსში და ისიც აუცილებლად იქნება დანიშნული კვლავ მოსამართლედ იმიტომ, რომ მან ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა და არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავის 2“-ის მიმართ. მასაც გარანტირებული აქვს კვლავ მოსამართლეობა; კონკურსში მონაწილეობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი, რომელთაც აგვისტოში უწყდებათ სამოსამართლეო უფლებამოსილება. ისინი საბჭოს წევრებიც არიან და კონკურსანტებიც, ამით კი სხვა კონკურსანტებთან არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ისინი სხვა პირების გასაუბრებებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და მხოლოდ საკუთარ კენჭსყრებში არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ. თუმცა ალანია ხმას მისცემს გაბინაშვილს და პირიქით, ანუ ორივეს კვლავ გარანტირებული აქვს მოსამართლეობა, რადგან ისინიც მურუსიძე-ცერცვაძის დაჯგუფებაში არიან; კონკურსში მონაწილეობს ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხიაც. მას 2018 წლამდე აქვს უფლებამოსილება, მაგრამ, ეტყობა, დაიღალა ქუთაისში ყოფნით და თბილისში უნდა გადმოსვლა; ასევე კონკურსში მონაწილეობს და აუცილებლად კვლავ დაინიშნება მოსამართლედ მაია თეთრაული, რომელსაც რამდენიმე თვეში გასდის უფლებამოსილება. ამ ადამიანმა ბევრი საქმე განიხილა, მათ შორის, ციხის ბუნტის საქმე. ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ბრალდება სწორედ ციხის ბუნტია, თუმცა ეს საქმე მანამდე თეთრაულს აქვს განხილული და მან სხვა პირები დამნაშავეებად ცნო, თითქოს მათ მოახდინეს ეს ყველაფერი. ამის მერე დანიშნეს სააპელაციო სასამართლოში, რადგან ისიც ზემოთ აღნიშნული დაჯგუფების წევრია; ოდოზური მოსამართლეა დავით მამისეიშვილიც, რომლის აგრესიული გამოსვლებიც მოსამართლეთა საერთო კრებებზე ვნახეთ. ბუნებრივია, ისიც დანიშნული იქნება კვლავ მოსამართლედ; კონკურსში მონაწილეობს ვასილ მშვენიერაძეც, რომელიც მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა. ამავდროულად გახლავთ საპროკურორო საბჭოს წევრიც, სადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია და ბუნებრივია, მასაც გარანტირებული აქვს ის ადგილი, რომელსაც ითხოვს; ირინა ტყეშელაშვილიც მონაწილეობს კონკურსში. მისი მამა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე _ იური ტყეშელაშვილი და არის კუბლაშვილის ნათესავი. მისი ბიძაშვილები, მოსამართლეები ბესიკ და ვალერი ბუგიანაშვილებიც მოსამართლეები არიან, ანუ ტრადიცია გრძელდება და ერთი ოჯახის, ერთი სანათესავოს გაბატონება ხდება სასამართლოში; ასევე კონკურსში მონაწილეობს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. მას ჯერ არ გასდის მოსამართლეობის ვადა, მაგრამ უნდა, რომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მალე გაიაროს და მდგომარეობა გაიმყაროს. ის არის არაპროფესიონალი და იმაშიც კი ვერ ერკვევა, რა არის ადმინისტრაციული სამართალი. იყო ყოფილი პროკურორი; კონკურსში მონაწილეობს მაია ოშხარელიც. უზენაესში უფლებამოსილების ვადა მას მარტში შეუწყდა. მისი მეუღლე პროკურორი იყო და ის ყოველთვის პროკურატურის ინტერესებს ატარებდა. მან განიხილა სულხან მოლაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში და გამოტანილი განაჩენი უზენაესში გასაჩივრდა. მოსამართლემ, რომელმაც დაარღვია მოლაშვილის მიმართ კანონი, რასაც აღიარებს საქართველოს სახელმწიფოც, კვლავ აქვს უფლება, გამწედეს ამ სფეროში და ჩაატაროს სასამართლო სხდომები, ეს არის მარაზმი. ესეც იმიტომ ხდება, რომ ოშხარელიც ბანდის წევრია; ასევე კონკურსანტია მამია ფხაკაძე. ის ახლა რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარეა, წინათ კი ერთ-ერთი ზონდერმოსამართლე იყო. „ნაციონალების“ დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოღვაწეობდა და არც ერთი გადაწყვეტილება არ გამოჰქონდათ მოსამართლეებს, რომელიც მასთან არ იყო შეთანხმებული. თავად ამ გადაწყვეტილებებს ზურაბ ადეიშვილსა და ხელისუფლებას უთანხმებდა. ძალიან ბევრი უკანონო გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი: მიტინგებზე დაკავებული ადამიანები ჰყავს გასამართლებული და ციხეში გაშვებული, მაგრამ ის დღეს კვლავ ითხოვს მოსამართლეობას; მირანდა ირემაძეც, რომელიც ასევე მონაწილეობს კონკურსში, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების წევრია. როცა მურუსიძესთან მიმართებით საზოგადოება აღშფოთებას გამოთქვამდა და აქციებიც იმართებოდა, ეს ქალბატონი კბილებით იცავდა მურუსიძეს და მისი ბანდის წვერებს; ამ კონკურსში მონაწილეობს ასევე ნანა ჭიჭილეიშვილი, რომელსაც გამოსაცდელი 3-წლიანი ვადა ნოემბერში უმთავრდება და ის უნდა განამწესონ მოსამართლედ მუდმივად. ისიც სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია იმ რეჟიმისა, რომელიც ათას უბედურებას სჩადიოდა; მარინა ხოლუაშვილი კი არის ერთ-ერთი პირსისხლიანი მოსამართლე, რომელიც რეჟიმის მსხვერპლი კი არა, აქტივისტი, აგიტატორი იყო. დიდი ალბათობით მასაც გაამწესებენ მოთხოვნილ ადგილზე.  ახლა გეკითხებით, რა აზრი აქვს კონკურსს, როცა უკვე ცნობილია, ვინ იქნებიან მოსამართლეები? _ ეს გეგმა შორს მიმავალია თუ რა ხდება?  _ დიახ! მომავალ წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ და ეს ადამიანები იქ კვლავ ისეთ ხალხს მოიყვანენ, რომლებიც ზონდერმოსამართლეებს მიაბრძანებენ სასამართლოში და ასე ვიტრიალებთ ჯადოსნურ წრეზე. სამართლიან სასამართლოზე ფიქრს საბოლოოდ უნდა დავანებოთ თავი.  

                                                                         ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება