პარტია „მრეწველების“ ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, ოქტომბერში სამართლიან, თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარებას ელოდება.
„ქრონიკა+“ პარტია „მრეწველთა კავშირის“ ლიდერს, ზურაბ ტყემალაძეს ესაუბრება:
_ ბატონო ზურაბ, როგორ აფასებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს?
_ პირველ რიგში, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და ამ პირობებში სწორი არ იქნება, პოლიტიკოსებმა განცხადებები აკეთონ. მიმხრობად ან ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს. რეალურად, ორი მფლობელი ერთმანეთს გარკვეულ ქონებას ედავება. დამთავრდეს სასამართლო პროცესი და საქმესთან დაკავშრებით შესაბამის კომენტარს მერე გავაკეთებთ.
_ ტელეკომპანიის წარმომადგენლები და ოპოზიცია იმაზე საუბრობს, რომ სასამართლო კოლეგია აშკარად მიკერძოებულია და მთავარი მიზანი საპარლამენტო არჩევნებამდე „რუსთავი 2“-ის დადუმებაა...
_ ნამდვილად არ მინდა, ეს დავიჯერო. პირიქით, მჯერა, რომ არანაირი მიკერძოებულობა აღნიშნულ საქმეში არ უნდა იყოს. მაგრამ მსგავსი რამ იქნება თუ არა, ამას ვნახავთ, როდესაც სასამართლო პროცესი დასრულდება.
_ რამ გამოიწვია განათლების მინისტრის შეცვლა?
_ ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ უფრო სწრაფი ტემპით განახორციელოს რეფორმები. ალბათ, მიზეზი ეს იყო.
_ ყოფილი მინისტრი ამ მიმართულებით არასაკმარის ნაბიჯებს დგამდა?
_ როგორც ჩანს, ქვეყნის პრემიერმა ასე მიიჩნია.
_ სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე რამდენად საკმარისია ხელისუფლების, მათ შორის, სასამართლოს რეაგირება?
_ მივიჩნევ, რომ ეს ნამდვილად საკმარისია, რადგან, რეალურად, ხუთი თუ ექვსი კაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. თქვენ იცით, რომ ეს საქმე სასამართლომაც განიხილა. კი ბატონო, გირაო გამოიყენეს, მაგრამ ისე ნუ განვიხილავთ, რომ ეს სასჯელი არ არის. გირაო საკმაოდ მკაცრი სასჯელია და ვიმედოვნებ, სასამართლო პროცესიც სამართლიანად დამთავრდება.
_ ხურჩის მკვლელობაზე ხელისუფლებამ რა ტიპის რეაგირება უნდა იქონიოს, რომ დამნაშავემ შესაბამისი სასჯელი მიიღოს?
_ ბუნებრივია, ყველანაირი მკაცრი ნაბიჯები და ზომები უნდა გამოიყენოს. ამისთვის საერთაშორისო სტრუქტურებიც სრულად უნდა ჩართონ. ყველა ზომა მიიღონ, ინტერპოლიც ჩაერთოს, რათა დამნაშავე მოიძებნოს, დააკავონ და სათანადოდ დაისაჯოს.
_ ხელისუფლება აუცილებელ ნაბიჯებს დგამს აღნიშნული მიმართულებით?
_ მგონი, კი.
_ „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოტანილი სასამართლო სასჯელები რამდენად ადეკვატური იყო?
_ ამას ნამდვილად ვერ შევაფასებ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, სასამართლო პროცესი დიდი ხანია, მიმდინარეობს. ბუნებრივია, თუ სადღაც ვიღაც უკმაყოფილოა, ზემდგომი ინსტანციები არსებობს, სადაც საქმის განხილვა მოხდება.
_ არსებული საარჩევნო სისტემა შემდეგ პარლამენტში მანდატების სამართლიან გადანაწილებას რამდენად უზრუნველყოფს?
_ ეს საარჩევნო სისტემა ნამდვილად უზრუნველყოფს სამართლიანი შედეგის დადგომას. ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება და დარწმუნებული ვარ, რომ კენჭისყრა სამართლიან, თავისუფალ გარემოში მოგვიწევს. შედეგების გამოცხადებაც ასეთივე დემოკრატიულ გარემოში მოხდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი.
ყველაფერზე ,,ვნახოთს” ვამბობ და შეიძლება, ეს გაგიკვირდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა არაობიექტური არ არის, პირიქით, საკმაოდ ობიექტურია. ამაზე ჩვენი მეგობრებიც საუბრობენ. თავისუფალი არჩევნები სწორედ ამ ობიექტური საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში უნდა ჩატარდეს.
_ „მრეწველები“ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას მხარს არ უჭერთ, რასაც ინტერპარტიული ჯგუფი ითხოვს...
_ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას დიდი ხანია, მხარს ვუჭერდი. მახსოვს, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, ჩვენს მეტი ამას არავინ უჭერდა მხარს. ლამის, ერთადერთი ვიყავი, ვინც ვაცხადებდი, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ. ამის თაობაზე ჩვენ საკონსტიტუციო ინიციატივაც კი გავაკეთეთ და ხელი მოვაწერეთ. თუმცა შემდეგ იქ ზოგიერთმა შეცდომა დაუშვა და ისეთი ცვლილება წარმოადგინა, რომელიც პროპორციულ არჩევნებს სულაც არ გულისხმობს. იქ წარმოდგენილია რეგიონულ-პროპორციული არჩევნები და ეს სისტემა მაჟორიტარულთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე პროპორციულ სისტემასთან. ამიტომ მე მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემას ვუჭერ მხარს.
_ რა ხდება კოალიციის შიგნით, როდესაც პარტია არჩევნებზე ცალკე გადის, მაგრამ მთავრობის შემადგენლობაში რჩება?
_ ეს ნამდვილად ანომალიაა, რადგან თუ ოპოზიციური პარტია ხარ, ნიშნავს, რომ მოქმედ მთავრობაში შენი წარმომადგენელი არ უნდა გყავდეს. ცალკე რომ გადიან, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათმა მინისტრებმა მთავრობა უნდა დატოვონ.
_ რას აპირებთ „მრეწველები“, არჩევნებზე ცალკე გადიხართ, თუ ისევ პოლიტიკურ ბლოკში გიხილავთ?
_ ჩვენი დღევანდელი პოზიციაა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს დრო, თვე-თვენახევარი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ვინმესთან ერთად გავაკეთებთ თუ არა ბლოკს.
_ რა შედეგს იმედოვნებთ ოქტომბრის არჩევნებზე?
_ ყოველ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ სასურველი შედეგი გვექნება.
_ პარტია „ქართულ ოცნებას“ რა შანსები ექნება კენჭისყრაზე?
_ ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უკვე ჩვენი კონკურენტი პარტია გახლავთ და აქედან გამომდინარე, ჩვენს პარტიას წარმატებას ვუსურვებ.
გელა მამულაშვილი