QronikaPlus
როგორ ხარ, სოსო?

როგორ ხარ, სოსო?

2016-06-04 08:28:21

ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, რომელიც არ იციან და თუ საიდუმლო ვინმემ იცის, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქრონიკა+“-მაც ყველაფერი იცის. ასეა დღესაც... ისეთი გაბრაზებულია ჩვენი ,,ალექსანდროვიჩი” სოსოზე, რომ ენით ვერ აღწერს მარნიდან გამოსული კაცი... დგას და გაიძახის: „ღორის ტილს რომ ფეხზე დაისვამ, ასეა ჩემი საქმეო... ციხიდან გამოვედი თუ არა, მაშინვე ვიკითხე, ეს კაცი არჩევნებში რატომ ჩააბით, რა დამსახურებით-მეთქი? მაგრამ უკვე გვიანი იყო და რაღას შევცვლიდი?“ აბა! როგორ ხარ, სოსო?! ხომ ხართ ოჯახში კარგად?! გავიგე, ,,ალექსანდროვიჩმა” დაგირეკა და გითხრა: „არ აყვე მაგ გაზეთის კითხვას, გადაგრევენო... შენს საქმეს მიხედე, დღეს ეს უფრო მნიშვნელოვანია და მათ, კიდევ, ჯღაპნონ რამდენიც უნდათო... და აქეთ როდისღა უნდა ჩამოხვიდე, თუ მე უნდა მოვიდეო?!“ ოხ, რა კაცია ეს ალექსანდროვიჩი, გადამდგარი გენერალი. აი, სულ ის უნდა, რომ თავის ჭკუაზე გატაროს, მაგრამ ის არ იცის, გულში ჩადება რომ იცი... ვერა და ვერ ამოხვედი ამ ექსგენერლის ვალიდან. ისიც არ იცი, რა ვალი გაქვს, ოღონდ... შენი გაბრაზებული ნათესავები ამბობენ, რომ შენც გაბრაზებული ხარ. აგერ უკვე რა ხანია, მარანში გეძახიან და აღარ მიდიხარ. მიზეზს მოუცლელობას ასახელებ. ამ დროს მარნის მეპატრონეს კითხვები დაუგროვდა. მის ხალხს სამსახურებიდან ხსნი და შენსას ნიშნავ. თუმცა ასეთი მოლაპარაკება 2012-ში არ გქონია ირაკლისთან. შენზე გაბრაზებული თამაზაშვილი კი ყვება, რომ ვალებიდან მან ამოგიყვანა. უარესიც: იმასაც ამბობს, კერძო მევახშეები ვინც შენ დაგდევდნენ, წინა ცხოვრებაში სულ მან ჩამოგაშორა, მაგრამ დანახვა არ გცოდნია... რა ვალი გქონდა ამდენი, ეგ ამოუხსნელი რჩება... თამაზაშვილის გაბრაზების მთავარი მიზეზი ბენაანების დაკარგვაა. ბენაანები ერთ-ერთი მიმდინარეობაა ქიზიყში, ანუ ბენაშვილების გვარს წარმოადგენს. ზემო მაჩხაანელი ალექსანდე ბენაშვილი ადრე ალექსევიჩის კადრად მიიჩნეოდა საკრებულოში, მისივე წყალობით იყო მექანიზაციის ცენტრის ხელმძღვანელიც, მაგრამ გოგაშვილმა თამაზაშვილს, როგორც ზემო მაჩხაანის საკრებულოს წევრი, ასევე მთელი ბენაანების წამომადგენლობა ფუკასავით ააცალა. ამბობენ, სოსო მოსწრებაზეა, ძირითად საქმეებს რაიონში ბენაანებს აკეთებინებს და, შესაბამისად, მარანშიც აღარ დადის. თუ სიარულია, მისი ხელქვეითები მიდიან სიმამრის მარანში და ასე მოაქვთ უსტარი უფროსთან.   როცა არწივები დუმან, თუთიყუშები ტლიკინებენ... რას ყვებიან შენზე განაწყენებული შენი ძველი ბავშობის მეგობრები: „ახლა სიჩუმეა საჭირო, სულ მანდ ვერ იქნება, აქაც ჩამოვა ჩვენთან და მაშინ ვკითხავთ ჩვენს საკითხავს. ჩვენ ისევ ძველ პირობაზე ვართ, არსად არ გადავსულვართ. მას რომ უჭირდა და ფული არ ჰქონდა, ჩვენს მეტი პარტონი არ ჰყავდა, არც ნათესავს ახსოვდა და არც ბიძაშვილობას. მას რომ მოვალეები ახრჩობდნენ, ჩვენ ვიყავით მასთან. როცა ემუქრებოდნენ, რომ პროკურატურაში უჩივლებდნენ სხვისი ფულის მითვისებისთვის, ჩვენ ვაგვარებდით მაშინ მთავრობასთან, რომ არ დაეჭირათ, მაგრამ შევცდით. არა უშავს, ნათქვამია, როცა არწივები დუმან, თუთიყუშები ტლიკინებენო. ხოდა, იჯდეს თბილისში და იქიდან გეგმოს ზემო მაჩხაანის არჩევნები. მაგასაც ნახავს, რამდენ ხმას წაიღებს. რა მატყუარაც იყო, იმ მატყუარად დარჩა. მაქედანაც გამოუშვებენ და მერე ვნახავ, ვინ დარჩება მაგის გვერდზე“. ამბობენ, ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანი აწყდება „დიდებულ შანსსო“. სამწუხაროდ, უმეტესობა საერთოდ არ აქცევს მათ ყურადღებას და გზას აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა. ასეა გოგაშვილის შემთხვევაშიც. მისი თანამდებობა მისთვის დიდებული შანსი აღმოჩნდა, მაგრამ სამსახურში როცა კლასელებმა მიაკითხეს, არც საშვი დაუშვა, მათ რომ შეხვედროდა და არც ტელეფონზე უპასუხა მათ ზარებს. გაწბილებულები უკან გამობრუნდნენ. სოფელში დაბრუნებულებს საღამოს ბენაშვილი ესტუმრა და გააფრთხილა, _ მეორედ იქ ჩასულები აღარ გნახოთ, თუ რამე გინდათ, მე მეტყვით და მორჩაო... გაჭირვებაში მყოფი თანაკლასელები დუმან და არაფერს ამბობენ. პირველი: როგორც ხსნიან, შიში მამაძაღლია და არ სურთ ვინმეს გადაკიდება; მეორე: ობიექტზე სულ რაღაც მუშად უნდოდათ მუშაობის დაწყება და ამის გამო აწუხებდნენ ამ „დიდებული შანსის“ მატარებელ კაცს.  ამბობენ, რომ სოსოსგან ამას არ მოელოდნენ. სოფელში იმასაც ამბობენ, რომ სოსო მამამისს ბირჟაზე გასვლასაც უკრძალავს. მიზეზი კი მარტივია, _ არ უნდა, რომ სხვებს თავი გაუყადროს.   P. S. „ბევრად უფრო ადვილია ადამიანის ყიდვა, ვიდრე მისი მოკვლა და, საერთოდ, ბევრად უფრო კარგია იყო ნაყიდი, ვიდრე მოკლული“. ალბათ, თამაზაშვილს ეგონა, რომ, თავის დროზე, იოსებ გოგაშვილი ადვილად იყიდა, დღეს კი მისი მოკვლის სურვილზეც არ იტყოდა უარს გოგაშვილისგან გადაგდებული გენერალი.

                                                                                                                   მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება