QronikaPlus
ვახტანგ ყოლბაიას ადგილს სოზარ სუბარის მოადგილის ვაჟი უმიზნებს?!

ვახტანგ ყოლბაიას ადგილს სოზარ სუბარის მოადგილის ვაჟი უმიზნებს?!

2016-06-04 08:11:28

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას შეცვლას აპირებს. მის ადგილზე დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის მოადგილის, გოგი ფაცაციას ვაჟის კანდიდატურა განიხილება. ყოლბაიას ფაცაციათი ჩანაცვლებას „აფხაზეთის კრებაში“ შემავალი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ თუ ჯერ უზენაესი საბჭოს არჩევნები არ ჩატარდა, ამ გარემოში საუკეთესო მთავრობის თავმჯდომარეც ვერაფერს იზამს. ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრებიან მოძრაობა „დაბრუნების“ წარმომადგენლები. მამუკა ბერია _ სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი: _ ამას წინათ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ ოპოზიციურმა ფრაქციამ მიგვიწვია. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციაა: ერთი ხელისუფლების პოზიციას წარმოადგენს, მეორე _ ოპოზიციას. ზოგადად, აფხაზური საზოგადოება ჰყავდათ მოწვეული, აფხაზეთის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარსადგენად პრეზენტაცია გამართეს. ეს კანდიდატურა გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის მოადგილის, გოგი ფაცაციას შვილი, დავით ფაცაცია. ჩვენი წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ და ფაცაციას მოუწოდეს, რომ ამ თამაშში მონაწილეობა არ მიიღოს, რადგან არასწორია. ჩვენთვის მთავარია, მთლიანად სისტემის შეცვლა, ანუ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარება და არა მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა. რა მნიშვნელობა აქვს, მთავრობის თავმჯდომარე ვინ იქნება, როცა გივი ლომინაძე, გია გვაზავა და სხვები იქ სხედან?! ამ გარემოში საუკეთესო მთავრობის თავმჯდომარეც ვერაფერს იზამს. ყველაზე ანტიდემოკრატიულ სტრუქტურაში რა უნდა ქნას ფაცაციამ?! საქმე ის არის, რომ ფაცაციას პოზიციაც არასწორია. აცხადებს, მეორე პალატის არჩევნები ჩავატაროთო, ე. ი. დავტოვოთ ესენი, ხელფასი ვუხადოთ, მეორე პალატა შევქმნათ და იმის არჩევნები ჩავატაროთო. კონკრეტულად ვუთხარით, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ჩვენი ღირსების აღდგენა _ არჩევანის უფლება. ვკითხე, _ სად იყავით, როცა კონსტიტუციაში ცვლილებები შეჰქონდათ და, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოს დივერსიას ეწეოდნენ-მეთქი?! არც ერთს ხმა არ ამოგიღიათ, ჩვენ გავახმაურეთ, აქციები ჩვენ ჩავატარეთ, ჩვენ მივიტანეთ ეს ამბავი პრეზიდენტამდე, კანცელარიამდე, პარლამენტამდე, ჩვენ შევძელით ამ განხილვების ჩაშლა... ბუნებრივია, ამის შემდგომი ნაბიჯები არჩევნების მოთხოვნა იქნება და ამ დროს გამოჩნდა ადამიანების რაღაც ჯგუფი, რომელიც ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას აყენებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ეს პროექტი არის „ყოლბაია 2“ და არ გავა! ეს პოზიცია იქაც დავაფიქსირე. ჩვენ არ გვაინტერესებს მთავრობის თავმჯდომარის შეცვლა. თუ მისი შეცვლის საკითხი დადგება, ტექნიკური მთავრობის თავმჯდომარე უნდა აირჩეს, რომელიც არჩევნებს მოამზადებს. როცა უმაღლეს საბჭოს კლეპტოკრატები, ქურდები და რაიკომის მდივნები მართავენ, იქ დათო ფაცაცია რას იზამს?! შეხვედრის შემდეგ ფაცაციას გამოველაპარაკე და ვკითხე, _ ამდენი სამინისტრო რომ არის, რად გვინდა-მეთქი? _ რას ჰქვია, რად გვინდა, 25 უნდა გახდესო. _ რად გინდა-მეთქი? _ ხალხს დავასაქმებთო. ეს არის მისი ხედვა! ე. ი. სამინისტროს იმიტომ ვქმნით, რომ დევნილები დავასაქმოთ! ამ ბიჭმა სტრუქტურის ფუნქციის აბსოლუტური უცოდინრობა გამოავლინა. გასაგებად ვუთხარით, _ არჩეული ხელისუფლება გვინდა, თუ არჩევნები იქნება, დააყენონ საკუთარი კანდიდატურა, რატომ არ უნდათ, რომ ხალხმა აირჩიოს და არა ვიღაცამ დანიშნოს?! _ რამდენიმე დღის წინათ ხურჩაში საზარელი ამბავი მოხდა, რა რეაგირება მოახდინა ამაზე აფხაზეთის ხელისუფლებამ? _ დავიწყებ იმით, რომ საოკუპაციო ზოლთან არსებული მდგომარეობა სახელმწიფოს აბსოლუტურ უმოქმედობაზე მიგვანიშნებს. საოკუპაციო ზოლი არ კონტროლდება როგორც ჩვენი, ასევე მეორე მხრიდან. მხედველობაში მაქვს სპეციალური სამსახურის საქმიანობა. იყო დრო, როდესაც აფსუები გადააჭარბებდნენ თავიანთ ქმედებას, სპეციალური სამსახურიდან საკადრის პასუხს იღებდნენ. ეს, გარკვეულწილად, მათ უზნეო ქმედებებს აკავებდა, მაგრამ დღეს ეს ხალხი ციხეში ზის, მაგალითად, რომან შამათავა. ის, ფაქტობრივად, აფხაზეთის ტერიტორიას აკონტროლებდა, თუ ვინმე რამეს დააშავებდა ოჩამჩირესა და გალში, იცოდნენ, რომ მეორე დღეს ბოლო მოეღებოდათ. გარდა ამისა, ჩვენს მხარეს კაფეა გახსნილი, სადაც აფსუები ინტენსიურად სტუმრობენ და ქეიფობენ. მათი ქმედებები ჩვენი მხრიდან არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება, პირიქით, კაფეს მომსახურე პერსონალი იქითა მხარეს გადადის და ყავას სინით ართმევს აფსუებს. ფაქტობრივად, მოშლილი და მორღვეულია სისტემა, რომელიც საოკუპაციო ზოლთან უნდა მუშაობდეს. ეს სისტემა 4 წლის წინათ მუშაობდა, ახლა იქ კაციშვილი არ დგას. ამის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა და, შესაბამისად, ოკუპაციის შემაკავებელი ღონისძიებები მოიშალა, საოკუპაციო ხაზი აბსოლუტურად დაუცველი გახდა. ის, რაც ხურჩაში მოხდა, სილის გაწვნაა ქართული სახელმწიფოსთვის, როცა შენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საკონტროლო გასროლით კლავენ ქართველს. ამ შემთხვევაში თავისი წილი პასუხისმგებლობა მიუძღვის აფხაზეთის ხელისუფლებას. ის დუმს გალის საკითხთან დაკავშირებით, რომ გულაგის პირობებში ცხოვრობს ეს ხალხი. აფხაზეთის მთავრობას მრავალი ფუნქცია აქვს, მაგრამ, პირველ რიგში, ის აფხაზეთის პოლიტიკურ და სამართლებრივ სიმბოლოს წარმოადგენს. მეორე ფუნქცია ის არის, რომ როგორც მსხვერპლს უნდა წარმოგვადგენდეს ყველგან, უნდა ყვიროდნენ, მაგრამ ხმას არ იღებენ! რა უნდა თქვას აფხაზეთის ხელისუფლებამ ხურჩაში მომხდარ ამბავთან დაკავშირებით?! თხილით რომ მიდის იქ ვაჭრობა და კონტრაბანდული საქონელი გადმოდის, ზუსტად ამიტომ არის, რომ არავინ აკონტროლებს და ტერიტორია დაუცველია! სხვათა შორის, სააკაშვილის პერიოდში წლები მიმდინარეობდა ბრძოლა კონტრაბანდის წინააღმდეგ და უამრავი ადამიანი ზის ციხეში ამ საქმეზე. ადრე იყო და აფხაზეთში რა პროცესებიც მიმდინარეობდა, ეს ყველაფერი გივი ლომინაძემ შეამზადა. მაშინ ის აფხაზეთის შს მინისტრი იყო და თავის სკამს გადააყოლა ყველაფერი. დღესაც ასეა, რომელი ხელისუფლებაც სათავეში მოდის, იმისია. ლომინაძე დაგომისის ხელშეკრულების შემდეგ შევარდნაძემ თბილისში დასვა. იქ საომარი სიტუაცია შექმნა და 16 სექტემბერს რომ განახლდა საომარი პროცესები, თბილისიდან გვიყურებდა, როგორ გვხოცავდნენ და გვაუპატიურებდნენ. ხმას რომ ვიღებთ და სიმართლეს ვამბობთ, ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, მასალებს დებენ თავიანთ ვებგვერდზე, რომ თურმე რუსეთიდან ვართ მოვლენილები. ხან მეხუთე კოლონას გვიწოდებენ და ხან _ რას. შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რა უნდა ამ ხალხსო? ჩვენ იდეა ფიქსი კი არ გვაქვს, რომ ესენი ვაკრიტიკოთ, სოხუმში დაბრუნება გვინდა, ესენი კიდევ ხელის შემშლელები არიან. აზროვნებითა და ცნობიერებით რუსული ბაზაა დღევანდელი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. იგივე გვაზავა, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზებს ფულზე, ჯარზე და პასპორტზე ველაპარაკოთ. ყოლბაია პირდაპირ ლაპარაკობს, რომ დროა, აფხაზეთი აფხაზებს გადავცეთო, ანუ აფსუებსო. ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია!   რომან ცერცვაძე: _ სოხუმში უშიშროების ინსტრუქტორად ვმუშაობდი, მორიგე ვიყავი, ამ დროს მითხრეს, რომ ოპერაციაზე ვიყავით წასასვლელები. მანქანაშივე გავიგე, რომ გია გვაზავას სახლში ჰუმანიტარული ტვირთი ჰქონდა, მაშინ ის გვაზავა მთავრობაში ჰუმანიტარული დახმარების სექტორს ხელმძღვანელობდა. ოპერთანამშრომელი არ ვყოფილვარ და ინფორმაცია უშუალოდ ჩემთან არ მოდიოდა, რაც ვნახე, იმას ვყვები. როგორც მითხრეს, მისი მშობლების სახლი იყო, მოხუცმა ქალბატონმა გაგვიღო კარი. სამნი ვიყავით, ერთი მათგანი გარდაიცვალა და მეორე მოსკოვშია. როდესაც სახლში შევედით, ყუთებით კარაქი ვნახე, ძალიან დიდი რაოდენობით იყო ე. წ. ტუშონკა, ფქვილი, წიწიბურა, მარცხენა მხარეს ტანსაცმელი, ლეიბები და ასეთი სახის სქონელი ეწყო. სულ რამდენიმე წუთით მოვიდა გვაზავა და უცებ წავიდა. მერე 2 ცალი 8-ტონიანი „კამაზი“ მოაყენეს, ჩატვირთეს და წაიღეს. არ ვიცი, ეს ტვირთი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი თუ ჯარისთვის, მაგრამ ის ვიცი, რომ ის იქ არ უნდა ყოფილიყო და არც იმას მიუღია, ვისთვისაც განკუთვნილი იყო. ჯერ ერთი, ამ ტვირთის შენახვის არანაირი ნორმები არ იყო დაცული, მეორეც _ კერძო სახლში ინახებოდა. ომის დროს ეს არის უმსგავსობა და არაადამიანობა! აღნიშნული ფაქტი მოხდა 1993 წლის აგვისტოს დასაწყისში, თვენახევარში სოხუმიც დაეცა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ამ ადამიანს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არ აქვს, არასოდეს ჰქონია! ადამიანი, რომელმაც იბრძოლა, იმას ყველა დეტალი სიცოცხლის ბოლომდე ამახსოვრდება. მას იარაღიც არ ჰკავებია ხელში და უფლება არ მაქვს, რომ ეს არ ვთქვა! შეიძლება ამაზე თქვას, ვიჩივლებო. რაც უნდა, ის ქნას! მეტს ამოვქექავთ და კიდევ მეტს გავიხსენებთ, ხალხი უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს. ახლა რას აკეთებს? 60 000-იანი ჯიპით დადის! ეს თანხა ხომ შეიძლება, გაჭირვებულ დევნილებს და ომში დაღუპულების ოჯახებს მოახმარო?! ამის მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პიროვნება და, საერთოდ, უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა არალეგიტიმურია! ისეთი ადამიანი თავმჯდომარეობს ამ ყველაფერს, რომ ეს ისტორია, რაც ახლა მოვყევი, ზღვაში წვეთია. ვცდილობთ, სამართლიან, კანონიერ ფარგლებში ვიბრძოლოთ, რომ ხალხმა გამოიღვიძოს. როცა ეს ადამიანი პატრიოტიზმზე დაგიწყებს საუბარს, რა თქმა უნდა, აღელდები და ყველაფერს გაიხსენებ! ვიბრძოლე, ვიომე, იქ არ შემშინებია და ესენი როგორ შემაშინებენ?! ამას თქვენთანაც ვიტყვი და თუ უნდა, პირდაპირ ეთერში დავუჯდები, თვალებში შევხედავ და იქაც გავიმეორებ. გია გვაზავა ომის ვეტერანია, კონკრეტული სამხედრო ნაწილი ვერ დაასახელა, სად მსახურობდა და ვერ გავიგე, რომელი ქვეყნის სამხედრო ძალების ვეტერანია?!   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ოპოზიციური ფრაქციის წევრს, თამაზ ხუბუას დაუკავშირდა: _ ჩვენმა ფრაქციამ შეხვედრები დაიწყო აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად წარმოდგენილი კანონპროექტის გამო. მას თავიდანვე არ ვეთანხმებოდით _ იქ არის მუხლი, რომლითაც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან შეთანხმების გარეშე ინიშნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. პიროვნებაზე არ გვაქვს საუბარი, არაკონსტიტუციურად მოხდა ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნა, ეს დანიშვნა უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა, ზოგიერთი ლობისტი გარედანაც იყო ჩარეული. მაგალითად მოვიყვან პაატა ზაქარეიშვილის ცნობილ განცხადებას, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ამ ადგილზე ავირჩევდით ყოლბაიას. უმაღლესი საბჭო შეცდომაში შეიყვანეს. ჩვენ ამას იმთავითვე არ ვეთანხმებოდით, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ამ საკითხის გარშემო 3 წელია, ცვლილებები შემოაქვს, რომ მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა არავის დაუკითხავად არ მოხდეს. ეს რომ ვერ მოხერხდა, ამიტომ მეოთხე წელი დაიწყო და ყოლბაია მოვალეობის შემსრულებელია. ამის თაობაზე შეხვედრები დავიწყეთ საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ომის ვეტერანებთან, იურისტებთან, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ეს კაზუსი დღის წესრიგიდან მოიხსნას და კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნოს არა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ თავმჯდომარე _ პროცედურის ყველა მოთხოვნის დაცვით. რაც შეეხება დავით ფაცაციას კანდიდატურას და ჩვენი მხრიდან ლობირებას, ეს პიროვნება დავასახელეთ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი და დევნილთა საკითხების კოორდინატორი ამ პარტიაში. ფრაქციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს საკითხი დასვას. ყოლბაიას მხრიდან ეს ხელისუფლების მიტაცებას ნიშნავს, გამოსწორდეს კაზუსი და ახალი კანდიდატურების განხილვა დაიწყოს. ჩვენი ფრაქცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დავით ფაცაციას კანდიდატურას გაუწევს ლობირებას, ახალგაზრდა კაცია, მისაღები ამბიციები აქვს პრობლემების ახლებურად წარმოჩენისთვის, ძალიან ბევრი საკითხისადმი საკუთარი კონცეპტუალური მიდგომები გააჩნია დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებზე.   „ქრონიკა+“-მა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავასთანაც სცადა დაკავშირება. როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ის საზღვარგარეთ იმყოფება და შეკითხვებს ვერ უპასუხებს. რაც შეეხება მასალაში გვაზავასა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთი ბრალდება მოძრაობა „დაბრუნების“ წარმომადგენლების მხრიდან სხვა დროსაც გაისმა, რაზედაც გვაზავა აპირებს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლოს.  

                                                                                                            თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება