QronikaPlus
ირმა ინაშვილი: „საქართველო არ გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში, ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ!“

ირმა ინაშვილი: „საქართველო არ გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში, ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ!“

2016-06-03 08:36:08

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხალხი გაბრაზებულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ დღეს ორჯერ მეტად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“. მისივე თქმით, ნორმალურ საარჩევნო გარემოში „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის დამღუპველი მორიგი რევოლუცია არის მოსალოდნელი. „ქრონიკა+“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს ესაუბრება: _ ხურჩის მკვლელობა თითოეული ქართველის ტრაგედიაა. დაუშვებელია, ჩვენს მიწაზე გვიკლავდნენ თანამოქალაქეს, ახალგაზრდა ადამიანს და ამაზე სახელმწიფო არ იყოს სრულად პასუხისმგებელი. ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ არის მეორე კითხვა, _ როგორ ხდება, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან არავინ არის პასუხისმგებელი მსგავსი ტიპის ფაქტებზე? არ არის არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ჩვენივე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიცავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოთხოზორიას ოჯახს და ვთქვა, რომ სახელმწიფო არ ხარ, თუ თვითონ არ იქნები მოტივირებული, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დაიცვა. _ რატომ არ იყვნენ ადგილზე პასუხისმგებელი სტრუქტურები? _ ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ არც უშიშრების სამსახური, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ზოლებს, ხაზებს არ აკონტროლებს, სრული ქაოსი და განუკითხაობაა. წარმოუდგენელია, სადაც საოკუპაციო ზოლი გადის, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არ იყვნენ, არ რეაგიერებდეს თუნდაც პოლიცია, როდესაც თანამოქალაქეს ასე პირდაპირ გვიკლავენ. _ ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საპროტესტო განცხადებები გააკეთეს... _ სტანდარტული განცხადებებია. აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე დაისაჯოს. მით უმტეს, იციან, ვინც არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყვარჩელის მცხოვრებია. მედიას კონკრეტული ინფორმაცია აქვს. იგივე მონაცემები უშიშროების სამსახურსაც უნდა ჰქონდეს. თავისუფლად შეიძლება მისი მოძიება და დასჯა. _ გალის შეხვედრების აღდგენა ამ და სხვა მიმართულებით რამდენად შედეგიანი იქნება? _ თავიდანვე, როცა ეს ფორმატი ამოქმედდა, თითქოს დიდი დატვირთვა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს უკვე ვნახეთ, თუნდაც ეს ფორმატი რომ ყოფილიყო, შეხვედრების ფარგლებში უფრო ადრე მოხდებოდა რეაგირება, მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და ა. შ. თან ეს შეხვედრები არც ჟენევისა და არც კარასინი-აბაშიძის ფორმატს ხელს არ უშლის. გალის ფორმატის აღდგენა ელემენტარული მიზნისთვის არის საჭირო, რომ მხარეებს შორის მუდმივად ინფორმაცია გაიცვალოს, თორემ ეს ფორმატი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას რომ ვერ აღადგენს, ცხადი ამბავია. _ ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლებები შევაფასოთ, როდესაც მოკავშირეები 26 მაისის აღლუმზეც გვერდიგვერდ გამოვიდნენ... _ ჯარის წვრთნა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ისეთი გამოცდილი სახელმწიფოების სამხედროები წვრთნიან, როგორებიც არიან ბრიტანელები, ამერიკელები, ცხადია, ეს ძალიან დასაფასებელია. მაგრამ თუ გეოპოლიტიკურ ვითარებას გავაანალიზებთ, ვფიქრობ, რომ ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული წვრთნების ჩატარება მეზობლების, მათ შორის, რუსეთის გამოწვევა იყო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აგრესიულ განცხადებებს აკეთებს. პირდაპირ ამბობს, რომ მის საზღვრებთან ნატოს მიახლოება არის დარტყმა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებზე. ამ წვრთნებმა (რაც, ერთი მხრივ, პოზიტიური და აუცილებელია ჩვენი ჯარისთვის) მორიგჯერ გააღიზიანა ჩვენი მეზობელი. დაძაბა სიტუაცია და კიდევ ერთხელ გააჩინა ძალიან მწვავე დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის. ქვეყნის გარშემო წარმოებული პოლიტიკით კოცონი კი არ უნდა დაანთო, არამედ ის არსებული ცეცხლის ჩაქრობაზე უნდა იყოს მიმართული. ჩვენ ვნახეთ აგვისტოს ომი და ასევე ვნახეთ როგორ ჩაიხოცნენ ქართველი მეომრები. მაშინ არ იყო სათანადო მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რასაც ქართული სახელმწიფო და ხალხი უცხოელი მოკავშირეებისგან ელოდა. დღეს, ერთი მხრივ, ასეთი რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და მეორე მხრივ, ნატო გეუბნება, რომ თავის რიგებში არ გიღებს. და ეს ჩემი სიტყვები არ არის, თვითონ ნატოს უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებებია. მაგალითად, ნატოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაა. იგივე შეფასებებს აკეთებს ყველა მაღალი დონის საერთაშორისო ლიდერი, რომ საქართველოს ვარშავის სამიტზე ნატოში არ მიიღებენ. ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის წვრთნების ჩატარება მორიგჯერ მეზობლის გაღიზიანება იყო. ამ გაღიზიანებას რაც შეიძლება მოყვეს, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს და ამასაც გავუძლებთ. მაგრამ გარწმუნებთ, თუ ჩვენს ქვეყანას რუსეთის მხრიდან საფრთხე დაემუქრა, იმ ტანკების წინ ისევ ირმა ინაშვილისნაირი ხალხი დადგება. დღეს ვინც ნატო-ნატოს გაიძახის და ევროატლანტიკური კარის ღიაობაზე გაჰკივის (სინამდვილეში ეს კარი ჩვენთვის ღია არ არის), ეს ხალხი პირდაპირ რუსულ მხარესთან, როგორც მათი მოკავშირე აღმოჩნდება. ჩვენ ეს ისტორია და ფრაგმენტები ნანახი გვაქვს. ამიტომ ნატოსთან დაკავშირებით მკაფიო განცხადების გაკეთება მსურს. ხშირად ისმის კითხვა, _ ხართ თუ არა ნატოს მომხრეო? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნატო უსერიოზულესი გაერთიანებაა, რომლის წევრობაც საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნებოდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მხარს ვუჭერდით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. 25 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩავედი ბრიუსელში და მაშინ დაიწყო საუბარი საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე. ოცი წლის შემდეგ ნატო ამბობს, რომ კარი ღიაა და მაინც არ გაწევრიანებს. ეს მუდმივი დაპირებები ძალიან ნეგატიურად აისახა ქართველების განწყობაზე. ხალხი ამ მოლოდინით დაიღალა. ამას მოჰყვა იმედგაცრუება. დღეს ნატო პირდაპირ გეუბნება, რომ არ გიღებს. როდემდე უნდა მოიტყუოს ქართველმა ხალხმა თავი? ყოველთვის სჯობს, რეალობა უთხრა ხალხს და საკუთარ თავსაც. ნატო საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროექტს რომ განახორციელებს, მაგალითად, სამხედრო წვრთნებს და ა. შ., იმას არ ნიშნავს, რომ ალიანსის წევრი ხდები. ნატოს წევრობა სხვა მოვლენა, სტატუსი და დაცულობაა. ძალიან ცუდია, რომ ვარშავის სამიტზეც ალიანსში გაწევრიანება არ მოხდება. რადგან ნატო ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, პროგრესი, განვითარება და ა. შ. ნატოს წევრი რომ გახდა თურქეთი, ძალიან დიდ ძვრებს მიაღწია იგივე მეცნიერების დარგში. ერთი ქაღალდის აეროპორტი ჰქონდა, დღეს თურქეთი წყალქვეშა გემებს აწარმოებს. ინდუსტრიული სახელმწიფოა, რაც ნატოს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით განახორციელა. მაგრამ ნატო ჩვენ ამ ტექნოლოგიებსაც არ გვაძლევს. გესმით რა ხდება? ვითარება ასეთია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში, იგივე ევროკავშირშიც არიან ნატოს სკეპტიკოსები და ნატორეალისტები. ვიტყოდი, რომ ჩვენ ნატორეალისტები ვართ. _ ამ ფონზე გამოსავალი სად არის? ვარშავის სამიტზე მაინც გარკვეულ პოზიტიურ სიგნალს გვპირდებიან, ევროკავშირის მიმართულებით ვიზალიბერალიზაცია იქნება... _ პოლიტიკა და დიპლომატია იმას ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოს ინტერსებს ყველგან და ყველაფერში იცავდე. სამწუხაროდ, გვყავდა და გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხშირად საქართველოს ინტერესების დაცვაზე საუბრობს, მაგრამ რეალურად მას აზიანებს. მსურს გაგახსენოთ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თუ როგორ გადაეცა 6 ჰა მიწა თურქულ მხარეს. ეს, სულ რაღაც, ერთი თვის წინ, ართვინის ოლქში მოხდა. ეს ქართული მიწა იყო, 6 ჰა, რომელიც მდინარის კალაპოტის შეცვლის მოტივით გადასცეს. ამის შესახებ „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადეს. ჩასულები იყვნენ ართვინის ოლქში, ჩაწერეს გუბერნატორი, ასევე ის კაცი, ვისაც ნაკვეთი გადაეცა. დღეს მე ვეკითხები საგარეო სამინისტროს, ბატონ კვირიკაშვილს, _ ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა? და ეს არის დასავლური, ან ჩრდილოატლანტიკური ვექტორი, რომ შენი ქვეყნის მიწები ასე „უპრაგონოდ“ დათმო? დღეს უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, 6 ჰა იქნება თუ ათი. მერე რა მოხდა, ხან დავკარგავთ, ხან შევიძენთო. ერთი ამათი შეძენილი მიწები გამახსენეთ, სად არის და დაკარგული კიდევ ბევრი გვახსოვს. ამიტომ იმ 6 ჰა მიწისთვის მთელი საზოგადოება ფეხზე უნდა დამდგარიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 10 ჰა მიწა სომხური მხარისთვის არის გადაცემული. სად მიდის ეს ქართული მიწები? სრული უკონტროლობაა საქართველოს საზღვრებზე. სააკაშვილის დროს მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი პირდაპირ რუსებს ჩაბარდა და დღეს იქ რუსული დროშა ფრიალებს. ასევე 40-ზე მეტი სასაზღვრო პუნქტიდან არაერთი გადაცემულია რუსეთისთვის. ეს მოხდა სააკაშვილის პერიოდში, ხდება დღესაც. ასე ნაწილ-ნაწილ ნიავდება ქართული მიწები და ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია საგარეო ორიენტაცია. ხელისუფლება შიდა მიწა-წყალს ვერ იცავს და რაზეა საუბარი? ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. თუ შენი მიწა ვერ დაიცავი, რა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის დამცველი ხარ? ნებისმიერ მომენტში უცხო ქვეყანას ჩაბარდები. ამიტომ თუ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ, ამოსავალი წერტილი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს. რასაკვირველია, მკაფიოდ უნდა ვთქვათ, _ საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს ევროასოცირების ხელშეკრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე დაწყებულია ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. ამიტომ სრული აბსურდია მოსაზრებები, რომ საქართველო შეიძლება ევრაზიის კავშირში გაწევრიანდეს. პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე ეს უკვე შეუძლებელია, რომც უნდოდეს საზოგადოების რაღაც ნაწილს. ჩვენ ვართ პარტია და ამომრჩეველი არ უნდა დავკარგოთ _ ვმუშაობთ როგორც ევროკავშირის მომხრეებზე, ასევე ევრაზიული კავშირის მხარდამჭერებზეც. ევრაზიული კავშირის მომხრეებს ღიად ვეუბნებით: საქართველო არ გაწევრიანდება აღნიშნულ კავშირში, რადგან ჩვენ უკვე ასოცირების ხელშეკრულებით ევროკავშირისკენ მივდივართ. შენ გინდა, რომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა იყოს, რადგან ჩვენი ბევრი მოქალაქე იქ ცხოვრობს. გინდა, რომ რაღაც სავაჭრო ურთიერთობები იყოს, ეს პრობლემა არ არის. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც რუსეთთან ამ ყველაფერს დაგილაგებს სწორედ ევროპელი პარტნიორების დახმარებით. და ეს საკითხი მოგვარებადია. ახლა აქეთ წამოვიდეთ _ ევროკავშირი? ძალიან კარგი, ვინც ევროკავშირში ინტეგრაციის მოხრეა. ჩვენც ამის მიმდევრები ვართ და მოგვეცით ხმა. ამიტომ როდესაც პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს, ან თავმჯდომარეს ეკითხებით, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ამომრჩეველზეც ვმუშაობთ და არც ერთი ხმის დაკარგვა არ გვსურს. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი ის არის, რომ საქართველო გადარჩეს. ქვეყნის ინტერესი ყველგან და ყველაფერში დაცული იყოს, თორემ ქართულ იდეაზე და საქართველოს ინტერესზე მაღლა არც ერთი ორგანიზაცია არ დგას _ არც ნატო, ევროკავშირი და არც ერთი ორგანიზაცია დედამიწის ზურგზე. ყველასთან ურთიერთობა ჩვენი სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ უნდა გვქონდეს. _ კორცხელში ოპოზიციის წარმომადგენლების ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელისუფლების მხრიდან როგორი დამოკიდებულება უნდა მოჰყვეს? _ ძალადობა ყოველთვის მიუღებელი და დაუშვებელია. ის, რაც კორცხელში მოხდა, მიზეზები „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავში უნდა მონახოს. ის დაპირება, რომლითაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, რომ აღადგენდა სამართლიანობას, ადამიანებს კეთილდღეობას მოუტანდა, არავინ დაიჩაგრებოდა და სხვ., ცარიელ დაპირებად დარჩა. იმედგაცრუება ძალიან დიდია _ ხალხი ხელისუფლებაზე გაბრაზებულია და სამართლიანადაც. ხალხი გაბრაზებულია „ნაციონალურ მოძრაობაზეც“. ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა უდიდესი ტკივილი და ზიანი მიაყენა ქართველ ხალხს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც მაშინ ცუდი იყო, დღეს შენ იგივე გააკეთო. შენ ხომ პრეტენზია გაქვს, უკეთესობაზე? ამიტომ ხელისუფლებაა ყოველთვის პასუხისმგებელი, რომ მშვიდობიანი ვითარება შექმნას საარჩევნო უბნებთან, დაიცვას პოლიტიკური კონკურენტების უსაფრთხოება და თავისუფლად მიგვაღებინოს არჩევნებში მონაწილეობა. ახლა ბოკერია რომ დაპატიმრებული ყოფილიყო მთელი რიგი დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილი აქვს, ეს ინციდენტი საერთოდ არ მოხდებოდა. რადგან „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი არ აგებინა „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტულ ლიდერებს და დღეს ისინი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ (სხვათა შორის, სწორედ „ოცნებამ“ გააცოცხლა „ნაცმოძრაობა“ ამ ოთხი წლის მაძილზე და პოლიტიკურ ოპონენტად შეინარჩუნა), მაშინ გიგა ბოკერია საარჩევნო უბნის წინ აღარ უნდა სცემო. მას ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიაღებინო. და თუ პროვოკაცია იგეგმება, უნდა აღკვეთო, რადგან შენ ხარ ხელისუფლება და, შესაბამისად, პირდაპირი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. აქ კიდევ მეორე ფაქტორია _ რატომ არის ბოკერიას ცემის ფაქტი განსხვავებული იმ ფაქტისგან, რომელიც საგარეჯოში მოხდა? ყველამ დაგმო ეს ფაქტი და რატომ არავინ დაგმო თარხან გასვიანის, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრის და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერის ცემის ფაქტი საგარეჯოში? იქ ხომ ასევე სპორტსმენები ჰყავდათ ჩაყვანილი გიგლა აგულაშვილსა და თამარ ხიდაშელის მეუღლეს? იქ ხომ ასევე სპორტსმენები გამოიყენეს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის? აღიძრა საქმე და მერე რა, ვინ მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე? თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ძალადობა ცუდია, ასეა ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით. ბოკერიას შემთხვევაში ძალადობა ცუდია და თუ ირმა ინაშვილს ეხება, ეს კარგია. ასეთი მიდგომა ზნეობრივი და სამართლებრივი არ არის. მოვითხოვ, რომ ის დამნაშავეები დასაჯონ, ვინც საგარეჯოში თარხან გასვიანს სცემა, რასაც პოლიცია მშვიდად აკვირდებოდა. ყველას პასუხი აგებინონ! თუ დღეს იმაზე საუბრობენ, რომ კორცხელის ინციდენტის მონაწილეები უნდა დაისაჯონ, ვფიქრობ, რომ ასეც უნდა მოხდეს, ამასაც ღიად გეტყვით, რადგან სპორტსმენის ადგილი არ არის საარჩევნო უბნის წინ, თუ ის უბანზე საარჩევნო ხმის მისაცემად არ მისულა. ყველა სპორტსმენმა გაითვალისწინოს და პატივისცემით ვუზიარებ ამ მოწოდებას, _ თქვენი ძალა უნდა გამოიყენოთ მარტო რინგზე, ტატამზე და არა საარჩევნო უბნების წინ თუ მის შორიახლოს. თუ ამ ხელისუფლებას ჰგონია, რომ არჩევნები ცემა-ტყეპაა, წინასაც ასე ეგონა... მაშინ ჩვენც მივალთ სპორტსმენებთან ერთად და ვიჩხუბოთ _ ვინ ვის სცემს, მაგასაც ვაჩვენებთ „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“. ყველაფერში სამართლიანი მიდგომა უნდა იყოს დაცული. _ ე. წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენზე თქვენი დამოკიდებულება როგორია? იმსახურებდნენ თუ არა ეს ადამიანები შვიდწლიან სასჯელს? _ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა შეიცვალა, ეს სასჯელები, ერთი შეხედვით, არაადეკვატურია ხოლმე. ჩვენ გვახსოვს საქმეები, როცა პატიმართა მწამებლებს 3 და 4 წელი მიუსაჯეს; და ძალიან არაადეკვატურია ეს სასჯელი იმ დანაშაულთან მიმართებით, რაც მათ ჩაიდინეს. ახლაც ვიმეორებ: „კაბელების საქმეს“ სიღრმისეულად არ ვიცნობ. მგონი, ამ საქმეს ედო და ახლაც ადევს გრიფით საიდუმლო. ინფორმაცია, რასაც ადვოკატები და პროკურატურის წარმომადგენლები ავრცელებენ, ერთადერთ განცდას ტოვებს, _ თუ ეს ხალხი დამნაშავე იყო, ამ საქმეს სამ-ოთხწლიანი ძიება არ სჭირდებოდა. როცა დააკავეს, მაშინვე უნდა წაეყენებინათ ბრალი, დაემაგრებინათ და პასუხი ეგოთ; და აღარ უნდა გაეთავისუფლებინათ. არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც აპატიმრებენ, ათავისუფლებენ, მერე არჩევნების წინ ისევ აპატიმრებენ. როდესაც ეს სწორედ არჩევნების წინა პერიოდში ხდება, ცხადია, ეჭვები გაჩნდება პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებითაც. ამ დაკავებულ პირებთან მიმართებით ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მაქვს. მათ შორის აფხაზეთის, სამაჩაბლოსა თუ აგვისტოს ომის მონაწილეები არიან. მაგრამ რა ხდებოდა ამ საქმეში სიღრმისეულად, ამაზე ხელი არ მიმიწვდება, რომ სწორი დასკვნები გავაკეთო. _ როგორია ქვეყანაში წინასაარჩევო სოციალურ-პოლიტიკური ვითარება? _ მთელი დღეა, ამაზე ვფიქრობ და იცით, რისი თქმა მსურს? _ 29 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაღაც კონცერტების პროგრამაზე დახარჯეს. პრინციპში, ეს ხელისუფლების საარჩევნო პროექტია. ეს ხელისუფლება „მოქალაქეთა კავშირისა“ და სააკაშვილის ხელისუფლების გზით წავიდა, რომლებიც წინასაარჩევნოდ კონცერტებზე ორიენტირებულები იყვნენ. დღეს კონცერტების ჩატარებისთვის 29 მილიონის გამოყოფა ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია, რადგან 77 ათასი ბავშვი შიმშილობს შენს ქვეყანაში, 500 ათას დედას საშუალება არ გააჩნია, რომ სრულფასოვანი საკვები მიიღოს. ამ პირობებში რომელ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ? რა გენდერზე, ქალთა უფლებებზე ვამახვილებთ ყურადღებას? დღეს ფიზიკური არსებობისთვის იბრძვის  ქართველი ხალხი. ამ ფონზე სრულიად ბრმა, ყრუ და გაუმაძღარი ხელისუფლება ხარ, როდესაც მთელ 29 მილიონს კონცერტებზე ხარჯავ! მაპატიეთ, მაგრამ ეს სრული უსინდისობაა, მეტი არაფერი! და ასეთი ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს! სულ ვამბობ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც თავისი ხალხი უყვარს, რომელსაც განუცდია ის, რასაც ქართველი ხალხი განიცდის, რომელიც გრძნობს, რომ ბიუჯეტიდან ფული კი არ უნდა მოიპაროს, პირიქით, მთელი საბიუჯეტი სახსრები ადამიანების ფიზიკურ გადარჩენას უნდა მოახმაროს. და დღეს საქართველოში რობი უილიამსის კონცერტით აღტაცებულ საზოგადოებას მინდა მივმართო, _ რაც კონცერტზე დაიხარჯა, ამ თანხით ას ბავშვს მაინც გადავარჩენდით, რომლებიც დახმარებას, სასწრაფო ოპერაციებს ითხოვენ. რაც შეეხება წინასაარჩევო გარემოს, მოგეხსენებათ, როგორი პოლარული განწყობებია. ხალხი გაბრაზებულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ ორჯერ მეტად _ „ქართულ ოცნებაზე“. შუა ნაწილი არც ერთს აძლევს ხმას და არც _ მეორეს. სინამდვილეში, ასე არ არის, ამ ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს პოლიტიკურ გუნდსა და ძალას უჭერს მხარს. ეს არ არის სამი და ხუთი პროცენტი. ასევე მაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალი გეგმა მუშავდება სააკაშვილის ლობისტების მხრიდან. ამ გეგმის თანახმად, ერთ პოლუსზე უნდა განთავსდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“ და არენაზე კიდევ  სხვადასხვა პოლიტიკური პარტია უნდა გამოიყვანონ. ამ ველზე მოიზარებენ სააკაშვილის ლობისტები რესპუბლიკურ პარტიას, ალასანიას პარტიას. მაგრამ ალასანია ცდილობს, რომ აღნიშნულ სივრცეში არ შევიდეს. შემდეგ მათ ერთადერთი მიზანი ექნებათ, არ მოხდეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია. ამაზე უკვე ევროსტრუქტურებთან, ამერიკაში მუშაობენ, რადგან „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს. ყველანაირი ტიპის კვლევა ტარდება, მარტო „ენდიაი“ და „აირაი“ არ ატარებს აღნიშნულ კვლევებს. არაერთი უცხოური ორგანიზაცია აქტიურობს. და ამ კვლევების თანახმად, მთელ ამ სეგმენტს (რაც დაგისახელეთ) 10-15% რეიტინგი აქვს. არც „ქართული ოცნების“ მდგომარეობა არის იდეალური. „ოცნება“ ვერც ერთ შემთხვევაში უნივერსალურ უმრავლესობას ვერ ქმნის. ყველა ვარიანტში ვითარება ისეთია, რომ კოალიციური მმართველობა იქმნება. 30-35% პროცენტი მათი რეიტინგის მაქსიმუმია, რაც სადღეისოდ აქვთ. და ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია არჩევნების წინა პერიოდის მშვიდობიანად წარმართვა და ისე ჩატარება, რომ ის არ გამეორდეს, რაც საგარეჯოში მოხდა. თორემ თუ გაიმეორეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, უსინდისოდ ხმების წართმევა და ამგვარი კრიმინალური ქმედებები, მაშინ ქვეყანაში რევოლუცია გარდაუვალია. რევოლუციას საქართველოს ცხოვრებაში სიკეთე არ მოუტანია, ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ. _ „პატრიოტთა ალიანსი“ ცალკე მიდიხართ არჩევნებზე, თუ ბლოკში შეიძლება გიხილოთ? _ ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ ოპოზიციურ პარტიებთან. ფართო ოპოზიციური გართიანების ფორმირება გვინდოდა, სადაც ყველა მოკავშირე უნდა შემოსულიყო, მაგრამ საქართველოში ასეთი რამ არ გამოდის. ამიტომ „პატრიოტთა ალიანსი“ ამ მომენტისთვის ვარაუდობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა. თუმცა შესაძლო ბლოკის თემაზე მუშაობა არ დაგვიმთავრებია. მკაფიოდ ვამბობ, რომ ამ ბლოკში ქართველი ხალხი არ და ვერ ნახავს ვერც ერთ ისეთ სახეს, რომელიც მისთვის მიუღებელია. მხოლოდ ის პარტიები და სახეები იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც ხალხითვის მისაღებია. არ იქნებიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები და სახეები, ამას ღიად ვამბობ. _ რა შედეგს იმედოვნებთ არჩევნებზე? _ როცა შედეგებზე ვსაუბრობთ, პოლიტიკური ოპონენტები ღიზიანდებიან ხოლმე. ამიტომ პროცენტებზე და რაღაც კონკრეტულ მაჩვენებელზე საუბარს გავურბივარ. ჩვენ სერიოზულ წარმატებას მივაღწევთ ამ არჩევნებში, თუ კენჭისყრა არ გაყალბდა. არჩევნების გაყალბებას ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებას. მაშინ ქვეყანაში უკვე სულ სხვა რეალობა იქნება. ამიტომ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ცოტა ტვინები გაანიავონ, დაძლიონ პოლიტიკური ეგოიზმი, ამაღლდნენ ამ ვიწრო პარტიულ ინტერესზე და ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო შექმნან. მოგვცენ წევრი ცესკოში, დაგვიმაგრონ საარჩევნო ნომერი რვა, რომელსაც ახლა გვართმევენ, ნუ წაგვართმევენ საეთერო დროს სხვა პარტიების ხარჯზე, რა კანონპროექტიც ახლა იხილება. და საერთოდ, შეასრულონ ის დაპირება, რასაც 2012 წელს აჟღერებდნენ, რომ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებენ. ველოდებით, ჩაატარონ დემოკრატიული არჩევნები. ასეთი კენჭისყრის პირობებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. ამ არჩევნებს ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსი“ მოვიგებთ.   გელა მამულაშვილი

გაზიარება