საქართველოში არსებული ძალადობის ატმოსფერო უკვე დიდი ხანია, დასადგურებულია. ამას ხელს უწყობს როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის სრული ინერტულობა, ასევე მისი მთავარი, ე. წ. ოპოზიციის გაცხადებული მოძალადე პოზიცია. ორივე ეს ისტებლიშმენტური ძალა დღეს თითქოს დაინტერესებულია, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდეს.
იარების მოსაშუშებლად ქვეყანაში უნდა დაიწყოს სიმართლის, შერიგების პროცესი და ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში რა ძალადობრივი პროცესებიც იყო _ ყველაზე უნდა ითქვას სიმართლე და დაიწყოს ნამდვილი შერიგების პროცესი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ საშინელი სიძულვილის ბაკქანალიიდან, რომელიც 25 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სხვადასხვა განშტოებამ დაამყარა. ქვეყანას გაწმენდა უნდა „მოქალაქეთა კავშირის“ მოძალადე ფილოსოფიისგან.
უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ჩვენ ვნახეთ უამრავი დანაშაული, რომელიც სხვადასხვა ჯურის პოლიტიკანმა ჩაიდინა. 1990 წლის ნოემბერში მოეწყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები. პარადოქსია, მაგრამ, ჯერ კიდევ, საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიის ფარგლებში მოეწყო პირველი დემოკრატიული არჩევნები, სადაც რეალურად გამოვლინდა ქართველი ხალხის _ მისი უმრავლესობისა და ყველა უმცირესობის ნება. ამის მერე ჩატარდა კიდევ ორი დემოკრატიული ბალოტი: 31 მარტის რეფერენდუმი ქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები. ეს იყო ის პატარა დემოკრატიის გამოცდილება, რაც ქართველ ერს აქვს. ამის შემდეგ ჩვენი ისტორია სავსეა ფარსით, ძალადობით, სადიზმით, არალეგიტიმური და უზურპატორი ხელისუფლებებით, ხალხის ძარცვით, წამებით, დახოცვით და დამცირებით. საქართველოში 1992 წლის 6 იანვრის მერე სიტუაციას აკონტროლებს მოსახლეობის ძალიან პატარა უმცირესობა, რომელიც ტრანსნაციონალურ კაპიტალთან არის ალიანსში. ეს პატარა კორპორაციული დაჯგუფება, ძირითადად, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირად“ წოდებულ დაჯგუფებას წარმოადგენს და მის ირგვლივ მდებარე კორპორაციულ, ბანდიტურ ეკონომიკურ ჯგუფებს. ქართული ავტორიტარული ნეოლიბერალიზმი და კაპიტალიზმი სწორედ ამ პატარა კორპორაციული ჯგუფისა და მათი ტრანსნაციონალური პატრონების გამდიდრების ინტერესებს ემსახურება. პოლიტიკურ გარეწართა ერთ ჯგუფს მეორე ცვლის.
ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გადმოგდების შემდეგ დაიწყო უსამართლობებისა და სისასტიკის მთელი სერია. დღეს ჩვენში არსებული პრობლემების მთავარი არსი სწორედ ის არის, რომ ეს უსამართლო სისტემა, რომელიც ხალხის 90-95 პროცენტს საშინლად ჩაგრავს, პატარა ბანდიტი უმცირესობის სასარგებლოდ არ არის მხილებული. ამ „ელიტაში“ ცვლილებები, რაღა თქმა უნდა, ხდება _ თვითონ „მოქალაქეთა კავშირი“ მცირე ტრანსფორმაციას განიცდის _ შევარდნაძის 1000-კაციანი (ეს რიცხვი პირობითია, თუმცა რეალობას, მაინცდამაინც, მოცილებული არაა) ჯგუფი სააკაშვილის ამავე რაოდენობის ჯგუფმა ჩაანაცვლა და ისინი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა. საბოლოო ჯამში, სამივე ეს ჯგუფი ერთი და იგივე ძალადობრივი სისტემის მსახურია. ისინი, რა თქმა უნდა, ერთმანეთზეც ძალადობენ. ჯერ იყო და შევარდნაძის დროს კახა თარგამაძის მოძალადე პოლიციელები აწამებდნენ უდანაშაულო ხალხს, მერე ისინი მიშა სააკაშვილის ზონდერებმა შეცვალეს და ახლა უკვე ოცნების „საარჩევნო ბრიგადები“ ჩაერთვნენ საქმეში. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ძალაუფლების მონოპოლია არ დაკარგონ. თუმცა მუდმივი არაფერია. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიან ერთი პოლიტიკური ელიტის _ კორუმპირებული ჯგუფის წარმომადგენლები _ ძალადობრივი სისტემის წარმომადგენლები.
შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და დღესაც ყველაფერი არის პოლიციური რეჟიმისა და სპეცსამსახურების ხელში. ეს ორგანიზაციები ატრიალებენ მთავარ ფულს _ ძარცვავენ ხალხს და ორგანიზებას უკეთებენ ჩხუბს, აყალმაყალს, სისხლისღვრას და ძალმომრეობას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჯერჯერობით საქართველოში არ არის ადამიანური საზოგადოება _ საქართველოში არის ძალადობრივი, პოლიციური რეჟიმების მონაცვლეობა, რომელიც თავისი არსით ერთი და იგივეა.
კვირას (22 მაისი, _ რედ.) „ნაციონალების“ მოძალადეები „ოცნების“ მხარდამჭერმა მოძალადეებმა სცემეს. სიტუაცია უაღრესად დაძაბული და დამუხტულია. სხვადასხვა „ელიტური“ ჯგუფი ერთმანეთს უკვე სასიკვდილოდ იმეტებს და ისინი _ ყველანი ერთად _ ხალხს იმეტებენ სასიკვდილოდ _ ხალხი, რომელიც დამშეული, დამცირებული და ნაწამებია „მოქალაქეთა კავშირის“ 25-წლიანი ბატონობის შემდეგ.
რა არის გამოსავალი?
1. აუცილებელია, რომ შეიქმნას სიმართლისა და შერიგების კომისია _ საზოგადოებრივი კომისია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩადენილ სისტემურ ძალადობრივ დანაშაულებებს მაგიდაზე დადებს და ხალხს სიმართლეს ეტყვის. და ამის მერე უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი, სადაც მსხვერპლი ნებაყოფლობით შეუნდობს დამნაშავეებს. დამნაშავეებს „მოქალაქეთა კავშირის“ პოლიციური სისტემიდან. არ აქვს მნიშვნელობა _ თარგამაძის, მერაბიშვილის, ღარიბაშვილისა თუ ნებისმიერი სხვა შსს-ს ბობოლის ნამოქმედარს _ მართალი შეფასება ყველას სჭირდება. შავს შავი უნდა ეწოდოს და თეთრს _ თეთრი. დამნაშავეებმა უნდა აღიარონ დანაშაული და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს პატიებისა და შეწყალების პროცესი. ამ პრობლემას საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა ახლა ვერ აგვარებს. სასამართლო საქართველოში დღემდე პოლიციურ ოლიგარქიას ემორჩილება. ამიტომაც ხალხმა საზოგადოებრივი წესით უნდა გაასამართლოს „მოქალაქეთა კავშირის“ სხვადასხვა განშტოების რეჟიმები. აქ არ უნდა შეგვეშინდეს დასავლეთისა და რუსეთის მოსაზრებების _ დასავლეთი შევარდნაძის რეჟიმსაც მხარს უჭერდა ხალხის არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაში, სააკაშვილსაც და ახლა უკვე „ოცნებასაც“. დასავლეთს პრაგმატული ეკონომიკური და გეოპოლოტიკური ინტერესები აქვს. ასევე აქვს რუსეთსაც. სიმართლის ინტერესი ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს. ქართველმა ხალხმა უნდა თქვას სიმართლე ყველა იმ ძალადობაზე, რომელიც ქვეყანაში 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ ჩაიდინეს. „მოქალაქეთა კავშირის“ სხვადასხვა თაობის ჯალათებს საკუთარი სახელი უნდა დაერქვათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოშუშების დაწყება;
2. აუცილებელია, ძალაუფლების მონოპოლია მთლიანად ჩამოერთვას „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მემკვიდრე ორგანიზაციებსა თუ იმ პიროვნებებს, რომლებმაც ეს მონოპოლია შექმნეს. 1993-95 წლიდან ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია მონოპოლიურად მართავს საქართველოს. 2003 წელს ის „ნაციონალურ მოძრაობად“ გადაკეთდა, 2012 წელს კი „ოცნების“ საფარველქვეშ მოგვევლინა. ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლია საჭირო, რომელიც არ იქნება „მოქალაქეთა კავშირის“ ძალადობის ტრადიციებზე აღზრდილი. დღეს მოვიდა დრო, რომ ახალი და სუფთა ხალხი მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. ეს ნამდვილად შესაძლებელია. გავისტუმროთ პენსიაზე „მოქალაქეთა კავშირის“, დაახლოებით, 5-ათასიანი კორუმპირებულ მოძალადე ოლიგარქთა არმია და ჩავანაცვლოთ ისინი ნიჭიერი და სუფთა საქართველოს რიგითი მოქალაქეებით. ეს ქვეყანა რიგით მოქალაქეებს ეკუთვნის.
ირაკლი კაკაბაძე