QronikaPlus
თემურ ქორიძე: „არ მინახავს ხელისუფლება, ასე ადრე ბერდებოდეს!“

თემურ ქორიძე: „არ მინახავს ხელისუფლება, ასე ადრე ბერდებოდეს!“

2016-05-29 08:37:32

ცნობილი ლიტერატორი, თემურ ქორიძე, ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყრილობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური ფიგურაა, თუმცა მან პილატესავით დაიბანა ხელები და თქვა, _ არაფერში ვერევიო.   „ქრონიკა+“-ს თემურ ქორიძე ესაუბრება: _ ყველამ კარგად იცის, რომ 2-3 წელიწადში ქვეყანა არ შენდება, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი ქართველ კაცს სულელად წარმოიდგენს ხოლმე და სურს, ისეთი სურათი დახატოს, თითქოს დღესვე ვითხოვთ საქართველოში შვეიცარიის აშენებას, მაგრამ ის, რაც 4 წელიწადში უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთებულა. მისასალმებელია, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა, სასიმოვნოა, რომ ხელისუფლების დესპოტია შერბილდა. სხვათა შორის, ამას ნაკლებად მივიჩნევ რომელიმე პოლიტიკური ძალის დამსახურებად. დღეს სასწაულებრივად ხელისუფლებაში სტალინი რომ დაბრუნდეს, ის ვერ იქნება 1937 წლის დროინდელი ბელადი. როგორც ხალხური სიბრძნე ღაღადებს, დრონი მეფობენ და არა მეფენი. დროს მოაქვს დესპოტიაც, დემოკრატიაც და ეს სწავლება ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. რა არის დღევანდელი ჩვენი პრობლემა და რას ვერ მიაღწია საზოგადოებამ? ერთ მაგალითს მოვიყვან: სულ ახლახან ტელევიზიით გავიგეთ, რომ ქრთამის აღებისთვის დააპატიმრეს ნაძალადევის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი. ქრთამი არ გვიკვირს, ყველგან ყოფილა და, ალბათ, ყოველთვის იქნება, საინტერესო ის იყო, რომ ეს თანამშრომელი ადრე ნასამართლები ყოფილა საბურავების ქურდობისთვის, უფრო ადრე კი, _ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობისთვის. როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, საქმე გვქონია აღვირახსნილ ნეპოტიზმთან, ვინაიდან ამ თანამშრომლის ახლო ნათესავი მერიაში მაღალ თანამდებობაზე ყოფილა დასაქმებული, მერიაში ასევე დაუსაქმებიათ ამ პიროვნების ქალიშვილი. თითქოს ჩვენი ყოველდღიურობისთვის ფრიად დამახასიათებელი შემთხვევაა, მაგრამ გავყვეთ ლოგიკას. როგორც იტყვიან, თევზი თავიდან ყარს, ამ შემთხვევაში, თავი სად არის? ვიცით, რა მძიმეა საქართველოში დასაქმების პრობლემა, რა რთულ მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა, სადამდე შეიძლება მივიდეთ, მერამდე თუ იმ პიროვნებამდე, რომელმაც მერი ზეწოლით აარჩევინა ქალაქის მოსახლეობას?! პირველი გადაულახავი პრობლემა, რომელიც დღევანდელ საქართველოში დადგა, ეს არის აღვირახსნილი ნეპოტიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყვავის ელიტარული კორუფცია, ეს კორუმპირებული სქემები, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც 2-3 მანეთს ითხოვდნენ ავტოინსპექტორები, ამ დონიდან უკვე გადავიდა სხვა სიბრტყეში, ახლა ერთი წრის ხელში ტრიალებს, ჯიბიდან ჯიბეში, ეს პროცესები განსაკუთრებით სახელმწიფო შეკვეთების სფეროში ვითარდება, რასთანაც ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეს ხელი არ მიუწვდება. რაც დღეს კულტურის სამინისტროში ხდება, დარწმუნებული ვარ, მსგავსი კურიოზი არც ერთ სახელმწიფოში არ მოხდებოდა. როდესაც რობი უილიამსის ჩამოსვლით სურთ გააცნონ საქართველო მსოფლიოს და, აქედან გამომდინარე, ფული ვიშოვოთ იმით, რომ ბევრი ტურისტი ჩამოვა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ფინანსურად მომგებიანიც რომ იყოს, ეს არის ანტიკულტურული მოვლენა, ეს არ არის ქართველი ერის მაღალ კულტურასთან ზიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის კორუფციაზე დამყარებული მოვლენა, კულტურული საზოგადოება ასე არ იქცევა! ჩვენი კულტურული ცნობიერებისთვის ეს შეიძლება იყოს შოკი, ამას სერიოზულად უნდა შევხედოთ და დაუყოვნებლივ უნდა მოსცილდეს ქართულ კულტურას ასეთი ანტიკულტურული მინისტრი! ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, თუ რაოდენ არაეროვნული, არაკულტურული და არაკეთილშობილურია ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება! ეს უფრო მძიმე ასატანია, ვიდრე გარკვეული ყოფითი პრობლემები. დედამიწაზე არასოდეს ყოფილა ხელისუფლების ისეთი სუბორდინაცია, როგორიც საქართველოშია. ბრიტანეთის მონარქს უდიდესი დამსახურება აქვს თავისი ქვეყნის წინაშე, 500 წელიწადზე მეტია, ეს დინასტია მართავს ბრიტანეთს, რამდენი მსხვერპლი გაიღო სამეფო გვარმა! ელისაბედ II-ს მხოლოდ იმიტომ კი არ აფასებენ, რომ ომის დროს მისი ბუხრიდან კვამლი არ ამოდიოდა, არამედ იმის გამოც, რომ ომის დროს ელისაბედი სანიტარული მანქანის მძღოლი იყო და დღე და ღამ მედდასავით შრომობდა საკუთარი ქვეყნისთვის. ის თავისი ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდა და ამიტომ უყვარს ბრიტანეთს, მაგრამ ელისაბედ II არასოდეს ჩარეულა მინისტრების დანიშვნასა თუ პარლამენტარის არჩევაში. ეს ყველაფერი შევადაროთ ჩვენს რეალურ მდგომარეობას. რა ხდება საქართველოში? _ ვხედავთ ადამიანს, რომლის მომხრეები ტომებს გამოსცემენ იმის გამო, რომ მას უდიდესი ღვაწლი აქვს საქართველოს წინაშე. კი ბატონო, მაგრამ არა უმეტესი, ვიდრე ბრიტანეთის მონარქს ბრიტანელი ხალხის წინაშე! ვნახეთ, რას ნიშნავს, როცა ქველმოქმედება იცვლება პოლიტიკაზე. უკვე მეორე ფაქტს ვხედავ, როცა დაამცირეს და შეურაცხყვეს ქველმოქმედება. აღმოჩნდა, რომ ქველმოქმედება ყოფილა მანიპულაციის თემა, როცა ის მიმართული იყო მხოლოდ იქითკენ, რომ შემდეგ გამოყენებულიყო უტილიტარული მნიშვნელობით, მის მოქმედს გადაენაცვლებინა ხელისუფლებაში და საკუთარი პატივმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. ქველმოქმედებაში შეიძლება 2 გროში უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე 2 მილიარდი, _ გააჩნია, როგორი გულით გაიღებს ამას ადამიანი და სახარებაშიც არის ამის მშვენიერი ეპიზოდი. როდესაც ასეთ სიმაღლეზე ხარ ადამიანი და შენ ამ სიმაღლეს ყიდი, რა უნდა შეიძინო ამაზე უკეთესი, _ პრემიერ-მინისტრობა?! ქველმოქმედება კონკრეტულმა პიროვნებებმა მოკლეს. ახლაც ვხედავთ ადამიანს, რომელმაც ზურგი აქცია და ფეხქვეშ გათელა ქველმოქმედება იმისათვის, რათა პოლიტიკაში წავიდეს. რას გააკეთებს სიქველეზე უკეთესს პოლიტიკაში, გვითხრას! მოიყვანს ავანტიურისტებს, დასვამს პარლამენტში და შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყება! ბრალს ვდებ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ქველმოქმედების მკვლელობაში იმ ადამიანებს, რომლებმაც ქველმოქმედება გამოიყენეს და შემდგომ მოისროლეს! _ თქვენი აზრით, რისთვის სჭირდებათ ამ ადამიანებს ხელისუფლებაში მოსვლა, ეს რა სვლებია? _ როცა ადამიანი წონასწორობას კარგავს, თავბრუ ეხვევა, ზოგჯერ სუსტი ადამიანის ხვედრია დიდი ფული, რაც იმის შეგრძნებას უქმნის, რომ ყოვლის შემძლეა, მასში იღვიძებს ფანტაზიორი, პატივმოყვარეობა და ღმერთად წარმოუდგენია საკუთარი თავი. წმინდა ფსიქოლოგიური აქტია „მანია გრანდიოზა“, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სხვა სიბრტყეზე წარმოიდგენს. ყველაზე დიდი ცდუნება ადამიანისთვის არის ფული და ძალაუფლება, თუმცა რომანტიკოსმა ფრანგებმა დაამატეს: „ეძებე ქალი!“ როდესაც ადამიანს დიდი ძალაუფლება აქვს, ნაკლებად ეტანება ფულს. დააკვირდით, _ ჰიტლერი, სტალინი... სტალინი პურიტანი იყო, ყველამ იცის, რომ ის დახეული ფრენჩითა და ლანჩგამოგდებული ფეხსაცმლით დაკრძალეს. ფროიდის დამოწმება ზედმეტი არ იქნება, _ ყველა ამქვეყნიურ ექსტაზთაგან შედარებით, ყველაზე ძლიერია ძალაუფლებით თრობაო. ძალაუფლებით თრობა იმდენად ძლიერი ნარკოტიკია ადამიანისთვის, რომ სიმდიდრეც კი არარაობად ეჩვენება იმ გადმოსახედიდან, მაგრამ ფული არ არის ძალაუფლების კომპენსაცია. ამიტომაა, როგორც კი ფულს ჩაიგდებენ ხელში, იმ წუთში ყველაფერს ყიდულობენ. დავაკვირდეთ, იშენებენ ისეთ სახლებს, როგორსაც ღარიბ საქართველოში არ უნდა იშენებდნენ, გოლფის მოედნებს იკეთებენ, რომლებსაც ევროპაში თვალს მოფარებულ ადგილას აწყობენ, საუკეთესო მანქანებით დადიან, რომელსაც ევროპაში ერიდებიან. მაგალითად, შვეციის მონარქი ველოსიპედით დადის, ქალაქის მერები ჩვეულებრივი ტრანსპორტით დადიან, ჩვენთან კი, პირველ რიგში, ჯიპებს ყიდულობენ. დააკვირდით, ასეთ შემთხვევაში როგორ ირღვევა ადამიანის სულიერება. სწორედ ქართველმა მწერალმა შენიშნა პიროვნების ეს საოცარი მისწრაფება, გაიხსენეთ სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი, დღეს სწორედ ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ, ოღონდ ამ ყველაფერს ერთი უბედურება აქვს, ეს არის გარკვეულად პროგრესირებული მეჯღანუაშვილობა. თათქარიძეებისა და მეჯღანუაშვილების შემდეგ დღეს ვხედავთ ამ ადამიანების მესამე თაობას, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს რა ფინანსები, უკვე დაიწყეს ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ყველა ფსიქოანალიტიკოსი მიგვანიშნებს, ძალაუფლებით ტკბობას არ შეედრება არც ერთი ამქვეყნიური სიამოვნებაო. _ გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ყრილობა მოაწყო. რა გვაჩვენა ამ ღონისძიებამ და როგორ ფიქრობთ, რას მივიღებთ მომავალ არჩევნებზე? _ ალბათ, ყურადღება მიაქციეთ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას. არ მინდა, ვინმემ შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ ეს იყო მარაზმი! არქეოლოგიური გათხრები ჩაატარეს, თუ საიდან ამოიყვანეს ეს ხალხი, არ ვიცი! ეს იყო ფარსი და არა ყრილობა, სერიოზული მსჯელობა არ გამართულა ქვეყნის ბედზე, სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე, ეს იყო მასკარადი, „ბალაგანი“, რომელიც ხალხს არ უნდა აკადრო! რატომ ჰგონიათ, რომ ქართველი საზოგადოება ნახირია?! დღევანდელმა მმართველმა ძალამ გვიჩვენა, ისე აქვს დაკარგული რეალობის აღქმა, იმდენად პრიმიტიულად აზროვნებს, სირცხვილია, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ასეთი ძალაა. ცნობილი ფრანგი პიარტექნოლოგის დასკვნა არსებობს, _ ოპოზიცია კი არ იგებს არჩევნებს, არჩევნებს აგებს ხელისუფლებაო. ეს ყოველთვის ასეა, ამას თავისი კანონზომიერება აქვს და გავიმეორებ, _ დრონი მეფობენ, ყველას დრო მოვა! თუ რეიტინგების მიხედვით შევქმნით რეალობის სურათს, მაშინ ჩვენზე უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ერი დედამიწაზე არ არსებობს! თუ ეს რეალობაა, რა რეიტინგებიც იმ პარტიებს უწერია, მაშინ სჯობია, არჩევნები საერთოდ არ ჩავატაროთ! წარმოიდგინეთ, მართლაც რომ ის სურათი მივიღოთ, რაც ამ „გამოკითხვების“ შედეგად გვაცნობეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაკარგული გვაქვს საღი აზროვნება! თუ ეს ციფრები მართალია, ე. ი. მთელი ქართველი საზოგადოება მძინარეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ციფრები რეალობას არ შეესაბამება. არ მინახავს ხელისუფლება, ასე ადრე ბერდებოდეს! შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ზვიად გამსახურდია ერთ წელიწადში დაამხესო, მაგრამ ტყუილია! ზვიად გამსახურდიას 35 წელი ებრძოდნენ, მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა _ საქართველოს დამოუკიდებლობას, რეფერენდუმიც ჩაატარა, კიდეც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და მერე, როგორც ყველა გმირს, ის გოლგოთა უნდა გაევლო, იქაც მივიდა და 35 წლის შემდეგ ამ ქვეყნიდან ტრიუმფით წავიდა. 26 მაისი მოდის და როგორ შეიძლება, ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, როცა სწორედ ამ დღეს გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის ზეიმი? 26 მაისი არის პირველი რესპუბლიკის დღე, ხოლო 25 წლისთავი შესრულდა 9 აპრილს, მაგრამ ესენი კატეგორიულად, ცოცხალი თავით არ აღიარებენ! _ მიზეზი რა არის? _ ის, რაც 9 აპრილს განხორციელდა, ეს იყო ახლანდელი თაობების მონაპოვარი, ფაქტობრივად, ამაში მონაწილეობდა საქართველოს მოსახლეობის 98%. ამაში არ მონაწილეობდნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც მაშინ ფულს აკეთებდნენ _ ზოგი მოსკოვში, ზოგი „ლა სკალაში“ მღეროდა და საქართველოში არ ჩამოდიოდა. დღეს პოლიტიკურ ზენიტში მყოფი ადამიანებისთვის მომაკვდინებელია შეხსენება, 25 წლის წინათ, როცა მთელი საქართველო ფეხზე იდგა და დღეს დაგვცინიან, ასე ამბობდნენ, ბალახს შევჭამთო... დიახ! ამისთვის მზად იყო ქართველი საზოგადოება! ისინი კი ფულს შოულობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ჭირის დღესავით ეზიზღებათ 9 აპრილი და ნამდვილი დამოუკიდებლობა. ამიტომაც არის, ახლახან ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო ჩასული ევროპაში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის წევრთა ნათესავებს შეხვდა, რომლებმაც ქართულიც კი არ იციან, მაგრამ არასოდეს მოიყრიან მუხლს იმ 98%-ის წინაშე, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს. რისკზე, ხიფათზე ლაპარაკობენ, ამერიკიდან ჩამოყვანილი დაცვის სამსახურები უდგათ გვერდით და ეს ადამიანები გვაყვედრიან, ხიფათში ჩავიგდეთ თავი, როდესაც პოლიტიკაში მოვედითო. წარმოიდგინეთ, 1956 წლიდან ბობოქრობს XX საუკუნის საქართველოს ეროვნული მოძრაობა, რამდენი გაჭირვება, წამება, სიკვდილი, შეურაცხყოფა ავიტანეთ და ესენი რაზე გველაპარაკებიან?!. ქვეყანა მანქანა არ არის, რომ მართო, სიცოცხლის კანონია მოძრაობა, მთავარი ის კი არ არის, დღეს რას ვჭამთ და რამდენად სავსე გვაქვს ჯიბე, უბედურების სათავე ის არის, რაც დღეს ხდება. თავის დროზე აბრაამ ლინკოლნი წერდა, _ როცა ერი ჯერ პურის მოპოვებაზე ფიქრობს და მერე თავისუფლების, ის ვერც ერთს მოიპოვებს და ვერც მეორესო. ნუ გვაყვედრიან, ხალხს ციხეში არ ვყრითო. არაფერი გვეშველება, თუ სერიოზულად არ გამოვიძიეთ სააკაშვილ-ივანიშვილის ალიანსის მთელი შინაარსი, რა საერთო ჰქონდათ ივანიშვილ-ბოკერია-ადეიშვილ-მერაბიშვილს... სამართლიანობის აღდგენას რომ ითხოვს ზოგიერთი, ჩემი ჯიპი დამიბრუნონო, მაპატიეთ და სულ არ მაინტერესებს, ახლა ვისი ჯიპი სად არის, მე მაინტერესებს ეს ადამიანები, ერთი იქიდან გვემუქრება, _ ჩამოვალ საქართველოში და ხელისუფლებაში დავბრუნდებიო და მეორე აქედან გვემუქრება, _ აქტიურად მივიღებ მონაწილეობას, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერიო. ამაში უნდა გავერკვეთ, ვინ არიან საერთოდ და რა ადამიანები არიან, რა უნდოდათ და რა ფულებს ხარჯავდნენ?! ერის მსახურების ლოზუნგით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ერის მძარცველი ხელისუფლება გამოვიდა! პერმანენტულად თითქოს კანონი მიიღეს და ხალხს უთხრეს, პრემიებს არ დავინიშნავთო. ვხედავთ, როგორ აუპატიურებენ ამ კანონს, პრემიას კი არა, დანამატს ვიღებთო. იცით რომელიმე მინისტრი, რომლის ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული არ იყოს? ოჯახი მხოლოდ მინისტრის ხელფასზე ხომ არ არის დამოკიდებული? ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ასეც უნდა იყოს. მინისტრის ხელფასი სიმბოლური უნდა იყოს და მაგალითი უნდა მისცეს, რომ ყველაზე ღარიბი ადამიანის ხელფასი აიღოს. ზნეობის კანონებს რომ გვიკითხავენ, მათ შევახსენებ, რომ ჰკითხო, ახლა მაჰათმა განდს აღმერთებენ, ის წერდა, _ სანამ ინდოეთში თუნდაც ერთი მშიერი დადის, არავის აქვს უფლება, მაძღარი იყოსო! აი, რა მოეთხოვება მინისტრს! თუ ის ასე არ აზროვნებს და ასე არ ცხოვრობს, არ შეიძლება მინისტრი იყოს. ვიღაც იტყვის, მაშინ მოიპარავსო, ეს სააკაშვილისა და ივანიშვილის ლოგიკაა. სხვათა შორის, ეს აზრი ივანიშვილმა მიაწოდა სააკაშვილს და ამიტომ იყო, რომ მის მთავრობას აფინანსებდა. რა მივიღეთ ამ მორალით? მივიღეთ, _ ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასო, მერე მეორე ბარტყი გადმოუგდო, ხელფასს არ ვჯერდები, პრემია მომეცი, მერე დანამატი მომეციო და ქვეყანა გაძარცვეს. არა მხოლოდ ქველმოქმედება აქციეს მანიპულირების საგნად, არამედ ერის მსახურიც შეურაცხყვეს, როდესაც აქცენტი ფულზე გააკეთეს. თვალებს გვიბრიალებს ქალბატონი თინათინი, _ რას ჰქვია, ევროპა და ნატო არ გინდათო?!. ვის არ უნდა ევროპა და დაცული იყოს? თუ გვინდა, რომ ნამდვილად ევროპელები გავხდეთ, ამისთვის სავსებით საკმარისია ევროპული სოციალური უზრუნველყოფა, 800 ევრო თითოეულ უმუშევარს, ჩათვალეთ, რომ ყველა ქართველი ევროპელი ხდება, შევალთ თუ არა ევროკავშირში, ევროპულად ვიცხოვრებთ, ევროპა ხომ ამისთვის გვინდა? ნამდვილი და არა ახლა რომ არის ისეთი, მოჩვენებითი ჯანდაცვა, მკურნალობა და არა მხოლოდ საოპერაციო მაგიდამდე მისვლა; განათლება, დასაქმება და ადამიანი სახელმწიფოს ცენტრში. გააკეთონ ეს და ჩათვალეთ, რომ სრულად ევროპელები ვართ. დააკვირდით, ევროპელობა სადამდე დაიყვანეს, _ გვინდა თუ არა ერთსქესიანთა ქორწინება? თითქოს ეს არის დილემა. ყველა პოლიტიკური პარტია გადართულია, მივიღოთ თუ არა კანონი ოჯახის შესახებ, იმიტომ, რომ ეს უნდათ მიჩქმალონ. ნამდვილი ევროპა ეს არის, როცა ადამიანი, მისი პიროვნება და სასიცოცხლო ინტერესები უზრუნველყოფილია. შვეიცარიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ყველა მის მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, ბევრი აქვს თუ ცოტა, იმიტომ, რომ ის თავის ერზე მზრუნველი სახელმწიფოა, თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს საარსებოდ უნიშნავს ხელფასს 2500 ფრანკს, ხოლო არასრულწლოვანს _ 650-ს. ეს არის ევროპა, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს ევროპული საქართველო, ეს უნდა გააკეთოს და არა თვალების ბრიალით გველაპარაკოს, ვის არ უნდა ევროპა. ამ თემებზე რატომ არ ლაპარაკობენ? დავიწყოთ ამაზე მსჯელობა და თუ ვინმეს საერთოდ გაახსენდება უმცირესობები და ქორწინება, მერე ვილაპარაკოთ. ეს არის ხელისუფლების მიერ შემოგდებული დემაგოგია, კიდევ ერთი შეურაცხყოფა და სილის გაწნა ქართველი ერისთვის. ზოგი ძველი სარაინდო რომანის პერსონაჟივით გამოდის, არა გენაცვალე, ევროპა მოიტანონ ასეთი, ქართველი ერის ფსიქიკურ, კულტურულ და სექსუალურ ჯანმრთელობას კი არაფერი ემუქრება. ყრილობამაც დაადასტურა, რომ ივანიშვილი არის ცენტრალური ფიგურა, თუმცა პილატესავით ხელები დაიბანა და თქვა, _ არ ვერევიო! წინა არჩევნებზე კატეგორიულად განაცხადა, _ შუა გავკაფე და ყველა ჩემი შერჩეულიაო. მაგრამ მან დაინახა, რომ მისმა არჩევანმა ხალხს იმედები გაუცრუა. გავიხსენოთ, ივანიშვილმა საჯაროდ როგორი შენიშვნა მისცა ღარიბაშვილს, ნათესავები დაგღუპავენო. ივანიშვილს არ უყვარს, როცა ორ უფალს ემორჩილება მისი ვასალი. ივანიშვილი უნდა იყოს მისი ერთადერთი უფალი. იმის გამო, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ხშირად ფიგურირებდა თამაზაშვილი, აიძულა წასულიყო. კვირიკაშვილი მოიყვანა. დღემდე თუ ვინმემ იცის კვირიკაშვილის სიმამრის, სიდედრის, ბიძაშვილისა თუ მამიდაშვილის გვარი ან სახელი?! ივანიშვილს სურს, თავისი კორპორაციის შეფად ისეთი ადამიანი ჰყავდეს, რომელიც მხოლოდ მას ემორჩილება და არავის სხვას. ღარიბაშვილს ყრილობაზე ოვაციით შეხვდნენ, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ყალბი იყო, ვერ გაერკვა საზოგადოება, უნდა ეცინა თუ ეტირა. რადგან ბიძინას გვერდით დაინახეს, ოვაცია გაუმართეს. საკმარისია, იქ მარგველაშვილი გამოჩენილიყო და ივანიშვილის გვერდით დამჯდარიყო, რა თქმა უნდა, მასაც ასეთივე ტაშით შეეგებებოდნენ. მთელ ამ მასკარადში, ნახევარსაათიან წარმოდგენაში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ივანიშვილის ნამდვილი სახე, როგორც „ქართული ოცნების“ მთელი ბუტაფორიის მასშტაბი. პრეტენზია არ მაქვს პოლიტიკურ პროგნოზებზე, მაგრამ დამერწმუნეთ, როგორ კი სადმე პრესაში კვირიკაშვილის ნათესავის სახელი გაიელვებს, ჩათვალეთ, ისიც ისეთივე ყოფილი გახდება, როგორც ღარიბაშვილი. კვირიკაშვილი უნდა იყოს უთვისტომო, მხოლოდ ბიძინას მონა-მორჩილი და იქნება პრემიერ-მინისტრი. ბიძინას არ უყვარს მეტოქე, არ უყვარს, როცა ვინმე შეეზიარება ძალაუფლებაში, საზიარო სიყვარული მას არ უყვარს, „გული ერთსა დააჯეროს“, _ ეს არის მისი პრინციპი. გაიგონ მისმა ხელქვეითებმა, რომ მონური ერთგულებით უნდა იყვნენ გამსჭვალულნი ბიძინას მიმართ. ეს დაადასტურა კიდეც ამ ყრილობამ. საერთოდ, არჩევნების ბედი წყდება არჩევნებამდე ერთ კვირაში. დღევანდელი ვითარების მიხედვით, პარლამენტში „ქართული ოცნება“ გავა, რადგან მას სახელისუფლებო რესურსი აქვს და არის კიდევ გაბრიყვებული უმრავლესობა, რომელსაც ჰგონია, რომ ბიძინა მათთვის შოულობს ფულს. ეს გასტანს 2018 წლამდე, თუ მანამდე არა, ვადამდელი არჩევნები იქნება აუცილებელი და ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან წავა! არ ვარ ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი, მაგრამ ამის თქმა ნამდვილად შემიძლია! ხელისუფლებაში ვერ მოხვებიან ის პარტიები, დიდი პრეტენზიები რომ აქვთ. ვერც ერთი რესპუბლიკელი პარლამენტში ვერ შევა, ვერც კონსერვატორი, ვერც ფორუმელი... პარლამენტში შესვლის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები დგას „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, ძალიან საეჭვოა, გადალახავს თუ არა ბარიერს „ნაციონალური მოძრაობა“. ის შედეგი, რომელიც რჩება, თავისთავად ცრემლის მომგვრელია, ჯერ არ ჩანს ძალა. გააქტიურება, ალბათ, სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე კი პარტიებს ვურჩევდი, დღე და ღამე გაასწორონ და იშრომონ იდეებისთვის, აზრებისთვის, ტაქტიკისთვის, რომ ნამდვილ პატრიოტებს დაემსგავსონ, როდესაც ხალხთან სასაუბროდ მივლენ, თეატრალური წარმოდგენების იმედი ნუ ექნებათ!

                                                                                                        თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება