QronikaPlus
მაყვალა ფრანგიშვილი: „მდიდრებიც ტირიანო“, _ ასეთი დღეები შეიძლება დაუდგეს ვანო ჩხარტიშვილს და ბიძინა ივანიშვილს!“

მაყვალა ფრანგიშვილი: „მდიდრებიც ტირიანო“, _ ასეთი დღეები შეიძლება დაუდგეს ვანო ჩხარტიშვილს და ბიძინა ივანიშვილს!“

2016-05-29 07:56:19

სამტრედიის მკვიდრი მაყვალა ფრანგიშვილი დაზარალებულ მეანაბრეთა სახელით სამართალდამცველი ორგანოებისგან ყოფილი „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ვანო ჩხარტიშვილის დაკითხვას ითხოვს. ფრანგიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა. მისი თქმით, აბსურდული პასუხი, რომელიც ახლახან მიიღო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვანო ჩხარტიშვილს ბიძინა ივანიშვილი მფარველობს და, თავის დროზე, სწორედ მან აიძულა მიხეილ სააკაშვილი, რომ ის დაეცვა.   მაყვალა ფრანგიშვილი: _ თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მივმართე, საგაზეთო მასალა დავურთე და მივწერე, _ ჩემ გარეშეც უნდა დაინტერესებულიყავით ამ მასალით-მეთქი. იმედი არ მქონდა, ქუთაისის ფინანსური პოლიცია რაიმეს მიპასუხებდა, მაგრამ მოვსინჯე. აბსურდული პასუხი მივიღე, მაგრამ ვერ ვჩერდები, როდემდე უნდა იყოს გაყინული დაზარალებული მეანაბრეების საკითხი, რომელიც სახელმწიფოს ვალში აქვს აღიარებული?! ინგლისის სასამართლომ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვანო ჩხარტიშვილი ჯვარედინად მოწმის სტატუსით დაკითხა. იგი შეეცადა, რომ თაღლითური პასუხები გაეცა (თაღლითობაში იგულისხმება, რომ მოწმის სტატუსიდან ამოეგდო საკუთარი თავი). ეს იქ მოსამართლემ შენიშნა და არათუ იმის ანაზღაურების, რაც პატარკაციშვილების მიმართ ჰქონდა, არამედ თაღლითობისთვისაც აღძრა საქმე. რატომ არ შეიძლება, რომ ეს ქართულ სინამდვილეში მოხდეს?! ქართულ პრესაში ძალიან საინტერესო წერილები იბეჭდება ვანო ჩხარტიშვილის შესახებ. მეც ასე მიმაჩნია, რომ მოსამართლეს, პროკურორს, ფინანსური პოლიციის გამომძიებლებს თუ ყველას, ვისაც „გაერთიანებული ქართული ბანკისა“ და ვანო ჩხარტიშვილის საქმე ჰქონდა, სადაც აქციონერები, მეპაიეები დამფუძნებლები არიან დაზარალებულები და, ამავე დროს, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სახელით კომერციულ საქმიანობას აწარმოებდნენ სამტრედიაში, უნდა დაეკითხათ ჩხარტიშვილი! სამტრედიის კონკრეტული მაგალითი ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვეძლო, ამ უკანონო საქმიანობით მთელ მსოფლიოში გავსულიყავით. სამტრედიის მოსახლეობის ფული არის უზარმაზარი, რომელიც ვანო ჩხარტიშვილმა გაიტანა, მას როგორც თავისი, ისე შვილების სახელზეც აქვს ოფშორში რეგისტრირებული ფირმა. პანამის დოკუმენტებში ჩხარტიშვილი უკვე 3-ჯერ ფიგურირებს, თავად ვანო, მისი გოგონა და ვაჟი. როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა და ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე იყო, ქუთაისის გაზეთში ჩხარტიშვილის შესახებ დიდი სტატია დავწერე. იმხელა ზეწოლა იყო, რომ ეს გაზეთი დახურეს, ჟურნალისტი კი გაათავისუფლეს. სააკაშვილს ანაბრებთან დაკავშირებით შეხვედრას ვთხოვდი და ჩემ წინ ამ საკითხში ზვიად ძიძიგური დადგა. როცა სამტრედიაში მეანაბრეთა შეკრება მოვიწვიე, შიშით ვერ მოვიდნენ, საჯარო ბიბლიოთეკაში ვისხედით მე და ჟურნალისტი ოთარ ჩრდილელი, ახლა პარლამენტის წევრი რომ არის და იქიდან ვაკვირდებოდით მოვლენებს. არც ერთი არ გამოცხადდა, მეორე დღეს ძიძიგურის შეხვედრა იყო მეანაბრეებთან, მეც დავესწარი, გადაჭედილი იყო დარბაზი. ძიძიგურმა ტყუილები ილაპარაკა, ამიტომ სიტყვით გამოსვლა მოვითხოვე. არ მომცა უფლება და მითხრა, _ კაბინეტში მობრძანდით და იქ ვისაუბროთო. ხალხი მაშინ ძიძიგურს უფრო ენდო, ვიდრე მე. მაშინ ასეთი სტატიაც დაიბეჭდა, _ სააკაშვილმა „სბერეგატელნაია კნიჟკა“ ძიძიგურს ჩაახუტაო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მეანაბრეთა საკითხი მას ანდო. ძიძიგურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკააშვილი მეანაბრეების საკითხზე სამტრედიაში არ ჩამოსულიყო. _ ძიძიგურს რაში ადანაშაულებთ, რა ინტერესი ჰქონდა? _ ჩემი პიროვნება არ დააყენა წინ, რომ რაც მას არ ესმოდა, მე ამეხსნა. თუ გულით იყო დაინტერესებული, არ მანიპულირებდა, არ თაღლითობდა და მეანაბრეების საკითხით წუხდა, მაშინ რატომ არ უნდოდა, ორივე ერთად ვყოფილიყავით და გვესაუბრა ამ საკითხზე სააკაშვილთან?! ჩემი პიროვნება გაეცნო სააკაშვილისთვის, იმისთვის კი არა, რომ დავეწინაურებინე. კი ბატონო, თვითონ დაწინაურდა და წინ წავიდა, მაგრამ მე ამას ხომ არ ვითხოვდი, მხოლოდ ზარალის ანაზღაურება მინდოდა. აფრიალებდა სააკაშვილი ვანო ჩხარტიშვილის სურათებს და დაჭერა მოინდომა. ახლა ვხვდები, ის ხომ მაშინ ივანიშვილთან იყო კავშირში, სწორედ მისი თხოვნით არ დაიჭირა. სააკაშვილი იძულებული გახდა, რომ ანგარიში გაეწია ივანიშვილისათვის, რომ რაღაცების ფასად ეს პროცესი შეეჩერებინა. ეს აშკარად ჩანს! ამის გამო პარლამენტშიც შეიყვანა, ოზურგეთშიც გაჰყვა სტადიონზე. როცა გურულები გადაბუგვით იმუქრებოდნენ, სტადონიდან სააკაშვილმა წამოიყვანა ჩხარტიშვილი და რაღაც-რაღაცების ფასად პარლამენტში დასვა. ვკითხულობ პრესას და შემიძლია ანალიზის გაკეთება, რომ დღეს ჩხარტიშვილი ივანიშვილის კარზე მიღებული ბიზნესმენია. ჩხარტიშვილის, ივანიშვილისა და სააკაშვილის ბრძოლაში მაინც სააკაშვილია გამარჯვებული, რადგან მან მოუგო და ბანკის 51% მიჰყიდა რუსეთს, „ვითიბი ბანკს“, ამაზე ხელი პრეზიდენტს აქვს მოწერილი. გადაგდებული ჰყავს ივანიშვილი, შეიძლება საერთოდ დაუყადაღონ  კიდეც ქონება, რაც მოსკოვში იშოვა, პანამიდანაც გამორეკონ, ეს არ არის XX საუკუნე, შვეიცარიის ბანკი გასაიდუმლოებული რომ იყო, საერთაშორისო სამართალმა იქიდან გვიპასუხა, XXI საუკუნეაო და 11 მილიონი აქვთ ჟურნალისტებს აღმოჩენილი. რომ ეგონათ, XXI საუკუნეში გაკეთდებოდნენ, ნახეთ, რა დღე დაადგებათ... ფილმი გაუშვეს „მდიდრებიც ტირიანო“, ასეთი დღეები შეიძლება დაუდგეს ვანო ჩხარტიშვილს და ბიძინა ივანიშვილსაც! როგორც ვაკვირდები, პანამის დოკუმენტები ქართველი სამართალდამცველებისთვის დიდად საინტერესო არ არის, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ უნდა გაბედოს, ეს დოკუმენტები ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ამოტრიალდეს და თუნდაც მოწმის სტატუსით დაკითხონ. ეს ჯერ საქართველოში არ განხორციელებულა. ვინ იფიქრებდა, თუ ეს დრო დადგებოდა, მაგრამ დადგა! _ ფინანსური პოლიციის პასუხს დავუბრუნდეთ... _ ფინანსური პოლიციიდან მიღებულ წერილში წერია: თქვენ მოგეცათ უფლება, რომ სასამართლოს მიმართოთ, დაზარალებულად ხართ ცნობილიო. კი მაგრამ, სარჩელით რომ მივმართოთ სასამართლოს, ვინ არის ჩვენი მოპასუხე?! არ არის დადგენილი, ვის აქვს ჩვენი ვალი?! ამას იმიტომ ვერ ვაკეთებთ, რომ ჩვენ საქმეებზე ვანო ჩხარტიშვილი დაკითხული არ არის! გახსოვთ, ალბათ, შალვა ნათელაშვილი სულ ამ საკითხზე ლაპარაკობდა, ახლა ხმას არ იღებს! ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა ამ საკითხით მოიპოვეს მხარდაჭერა! „ქართულ ოცნებას“ ხმა აქვს ჩაკმენდილი! არ ვიცი, ახლა რა წერილს გამოაქვეყნებს ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა ქნას, მეანაბრეების საკითხი წამოსცდეს ერთ წინადადებაში, მაგრამ ძალიან მეეჭვება!  

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება