QronikaPlus
თამაზაშვილის შტაბში გადაწყვეტილებაა მიღებული - საარჩევნო ყუთებთან მისული ხალხი ან ბიულეტენებს გააბათილებს, ან საერთოდ არ მივა?!

თამაზაშვილის შტაბში გადაწყვეტილებაა მიღებული - საარჩევნო ყუთებთან მისული ხალხი ან ბიულეტენებს გააბათილებს, ან საერთოდ არ მივა?!

2016-05-23 06:54:23

  „ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ინტელექტუალი არ გვყოლია!“ _ ამის შესახებ თამაზ თამაზაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა და მისი მონაწილეობა მხოლოდ არჩევნებით შემოიფარგლება.   „ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. შეიძლება, მან რჩევა მისცეს, ან რატომ არ უნდა მისცეს ასეთმა ინტელექტუალმა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, დავუშვათ, თუნდაც, „ოცნების“ წარმომადგენელს?! ივანიშვილი მთავრობის საქმეებში არ ერევა. ალბათ, ის რომ ჩარეულიყო, რაც ხდება აქამდე, არ მოხდებოდა“, _ აღნიშნა თამაზ თამაზაშვილმა. ასე იყო თუ ისე, როგორც ჩვენმა ალექსანდროვიჩმა გვითხრა, ილია ჭავჭავაძის შემდეგ საქართველოს ბიძინა მოევლინაო... ეს მაშინ თქვა, ახლაც იგივეს იტყვის, მაგრამ რა აზრი აქვს?! მაშინ გულით ამბობდა, ახლა კი მის გულში ჩახედვას დიდი არქეოლოგიური გათხრები სჭირდება, რადგან ის გული ან შეცდა, ან, კიდევ, როგორც ძველად  იტყოდნენ, ხმლის ტარივით გაილია. რადგან თამაზის განმარტებით ჯერ ილია იყო და მერე ბიძინა და მას მერე კი არც არაფერი აღარ ყოფილა, მათ შუაში არც კონსტანტინე დაბადებულა, არც ვაჟა, არც აკაკი და არც მისი კლასელი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თარგამაძე... ამიტომ ამბავს ილიას სიტყვებით დავიწყებ... ილია ამბობდა: „პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია“. ნამუსის ცნება რამდენად არის ცნობილი კლანისთვის, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მხოლოდ ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხა მოხვეტა, საკუთარი გარემოცვა დაასაქმა, შეპირებები კი გაუკეთებელი დატოვა, ეს კიდევ საკითხავია... დედოფლისწყაროში ყვებიან, რომ ბოლო ერთი თვეა, „რუბენიჩი“ და „ძიგო“ რაიონს არ გასცდენიან. დედოფლისწყარო ძველ ქართულ დაბა-დასახლებებს ჰგავს, აქ ძირითადი შესაკრები ადგილი ბაზარია. რაიონის უხუცესობა და ჭკუის მომკითხავები ბაზარში გამოდიან და წინა დღის სატელევიზიო ამბებს აქ არჩევენ... ასე იყო ყრილობის განხილვაც... მოსწონთ თუ არ მოსწონთ, თავისი მაინც ქვეყანას ურჩევნიათ და ირაკლის რომ დარბაზი ოვაციებით შეხვდა, აქ ეს ამბავი ახარებთ, მაგრამ გული მაინც იმაზე სწყდებათ, რომ თავისიანი დაკარგეს და ახლა უცხოს ნამართი ქვეყანა უკვე მიუღებელია... არ ვიცი რატომ, საიდან, მაგრამ აქაურების განსაკუთრებული აგრესია კალაძის მისამართით მიდის. ფიქრობენ, რომ კალაძე იყო კაცი, რომელმაც მაინც მოიგო, თავისი გაიტანა და „რუბენიჩის“ ბიჭი ქვეყნის მართვას ჩამოაშორა. ბაზრის კიბესთან ქიზიყელს ვეკითხები: _ ხშირად ჩნდებიან მძახლები? _ კი, ამ ბოლო დროს ტარიელა სულ აქეთაა. _ ხალხს ეკონტაქტება? _ მაშ, რას იზამს, შვილო, აქ გაიზარდა და აბა, პირს ხომ არ ამაიკერავს?! შემოდის ხოლმე ბაზარში, მანქანიდან კი არ გადმოდის, მაგრამ გააჩერებს და გველაპარაკება. _ რას გიყვებათ? _ აქაურმა რა უნდა მოყვეს, ქერი როგორ ამოვიდა და ხორბალი, რა წამალი რას უხდება... _ პოლიტიკაზე არ საუბრობს? _ არა, რაღა პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკოს? _ 2012 წლამდე ხომ იყო ერთი სოფლის გამგებელი? _ იყო! _ როგორ მუშაობდა „ნაცებთან“?.. _ რა, გითხრა, აბა, როგორც ყველა დანარჩენი, ისიც ისე მუშაობდა. _ თამაზაშვილი არ მოდის ხოლმე? _ „ძიგო“? _ „ძიგო“ ვინ არის? _ თამაზა... ხო, ისიც აქეთაა, მაგრამ მაგას არც ადრე უყვარდა გამოსვლა გარეთ და ახლა რაღაზე გამოვა?..   ჩემები კი მომიყვნენ, რომ `ალექსანდროვიჩი”ს მარანი ბოლო დროს დიდ ჟრიამულშია. სტუმრები ხშირად ჰყავს. განსაკუთრებით ჯანყარაშვილი სტუმრობს ბოლო პერიოდში და უცხო ხალხიც მოჰყავს. საარჩევნოდ რაიონში მზადება უკვე დაიწყო. „ოცნებას“ სამი კარგად დამუშავებული ჯგუფი ჰყავს. რაიონში 3-4 „მამალი ქალიც“ შერჩეულია და როცა საარჩევნო კამპანიის დრო დადგება, აქეთ კალაძე ჩამოვა. ამ ქალებს განსაკუთრებული დავალებები ექნებათ, ხოლო კაცების ჯგუფებს სწორედ „ნაციონალების“ მოგერიება და მათი ცემა ევალებათ. არეულობა რაიონში გარდაუვალი იქნება. თუმცა კვირიკაშვილსა და კალაძეს მაინც არ ასცდებათ კითხვები, _ რატომ არ უნდა ჰყავდეს ამ რაიონს აქაური დეპუტატი?! თამაზაშვილის შტაბში ერთი უპირობო გადაწყვეტილებაა მიღებული. 2016 წლის არჩევნებზე საარჩევნო ყუთებთან მისული ხალხი ან ბიულეტენებს გააბათილებს, ან საერთოდ არ მივა. მიზეზი კი მარტივია, _ ეს არჩევნები დედოფლისწყაროელის გარეშე უნდა ჩატარდეს, არც ლექსო და არც არავინ... დაგვიკიდეს?! დავიკიდოთ... _ ლოგიკა მარტივია! დაბოლოს, ილია ამბობდა: „უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა. ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი“. სამწუხაროა რომ ძველი მილიციელის შეგნება აქ ძველებურად დარჩა, _ არ იქნება ფული? აღარ იქნება ხმები. ეს თამაზ თამაზაშვილის სიტყვებია. გადამდგარ გენერალს ამით უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს აჩვენოს, რაიონი მას ეკუთვნის და თუ ის გათიშული იქნება პროცესებიდან, მაშინ ქიზიყიც გაეთიშება მოვლენებს. საპარლამენტო არჩევნები ტესტად უნდა ჩაუტაროს კაცს, რომელიც, თავის დროზე, ილიად მონათლა. რატომ? მომდევნო წელს, 2017-ში, ადგილობრივი არჩევნებია და იქ მაინც დაიმკვიდროს ადგილი, რა თქმა უნდა, თავისიანებით. ტარიელ ღარიბაშვილს მარანში დიდი ხანია, აღარ ეძახიან... უფრო სწორად, ვეღარ ეძახიან. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ მძახალთა შორის უთანხმოების მოგვარება ირაკლიმაც ვერ შეძლო. „რუბენიჩი“ პრინციპული აღმოჩნდა და თავის აზრზე დგას ბოლომდე... რაც მთავარია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების ტესტია. ამ წლის წინა საარჩევნო შეხვედრებზე ბევრი დაპირისპირება და ბევრი გაბრაზებული მოვა... ზოგი უირაკლობაზე იჩხუბებს, ზოგი იმაზე, რომ სიღნაღელი კანდიდატი არ აწყობთ, ზოგიც იმაზე, რომ უკვე დაიღალნენ...  

                                                                                                               მაკა მოსიაშვილი

   

გაზიარება