ოთხშაბათი, 23 ივლისი, 2025
2016-05-23 06:47:32
მაკა მოსიაშვილი
უკვე რამდენიმე წელია, ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც იგი ყვება, წინა ხელისუფლებამ მას ზეწოლითა და შანტაჟით 8 ათას ლარად შეფასებული გრემის კულტურის დანგრეული სახლი 700.000 ლარად შეასყიდა. უკვე არაერთი წელია, შოშიაშვილი მოქმედ ხელისუფლებას საქმის გამოძიებას სთხოვს.
გასულ წელს მან პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლს მიაკითხა, წელს კი, 17 მაისს, იგი ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან აპირებს ოჯახით მისვლას და დაბინავებას.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი:
_ რაც შეეხება ჩემს ისტორიას: 2012 წლიდან კუბლაშვილი ახალი მოსული იყო პროკურატურაში, სამმა ცნობილმა პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა, ესენი იყვნენ: ბიძინა ივანიშვილი, ნოდარ ხადური და არჩილ კბილაშვილი, რომელთაც თქვეს, რომ შოშიაშვილის საქმე მალე დასრულდებოდა. ის უკანონო აუქციონი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და რომელ აუქციონსაც მე არ დავსწრებივარ, ბათილად უნდა ეცნოთ. იყო დაპირება, რომ სამართლებირვად და ეკონომიკურად ის მდგომარეობა აღმიდგებოდა, რაც მანამდე მქონდა, ვიდრე ზეწოლა განხორციელდებოდა. თუმცა უკვე 2016 წელია და 17 მაისს 4 წელი ხდება, ზუსტად 17 მაისს გაიმართა ეს აუქციონი. არაფერი შეცვლილა. ეს ხელისუფლება არის უუნარო და არაფრის გამკეთებელი. განცხადება მაშინდელ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შევიტანე, რომელსაც ვიცით, ვინც ხელმძღვანელობდა და ეს განცხადება თაროზე დარჩა. ამის გამოსასწორებლად კი დღევანდელმა ხელისუფლებამ რა გააკეთა? _ ახალი დეპარტამენტი შექმნა, რომელიც აბსურდის თეატრია და მხოლოდ ფულის გათეთრებას ემსახურება. იქ მომუშავე ადამიანებს არც ერთი საქმე არ გამოუძიებიათ, მხოლოდ ის იციან, ნეკროლოგები როგორ წერონ. მოკლეს ხარძიანი და დაწერეს ნეკროლოგი! მოკლეს ვაზაგაშვილი და დაწერეს ნეკროლოგი! ანუ ამ დეპარტამენტის ერთადერთი ფუნქცია ის არის, რომ დამკრძალავი ბიუროა. მიმართავ მათ? _ ადრე თუ გვიან დაიკრძალები. მივა დაკრძალვაზე შოთაძე, გადმოყრის ცრემლებს და გამოვა გარეთ.
_ როგორ ფიქრობთ, იცის ეს ქვეყნის პირველმა მოქალაქემ?
_ ბიძინა ივანიშილმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად იცის. თუ არ იცის, აი, თქვენი გაზეთიდან ვეუბნები, _ 17 მაისს მე გავაგებინებ მას პირადად. ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად გადავალ ბიძინა ივანიშვილის სახლთან საცხოვრებლად. თუ წინა პრეზიდენტის სახლში, ყვარელში არ დამხვდა მასპინძელი, რომელიც ქვეყნიდან გაქცეული იყო და მე არ ვიკადრე, უმასპინძლო სახლში შევჭრილიყავი, ახლა ბიძინასთან მივალ, სადაც მასპინძელიც ადგილზეა და, ჯერჯერობით, არც ქვეყნიდან გაქცეულა. იმედია, ეყოფა ზრდილობა და გამოვა, რათა ჩემს შვილებსა და ოჯახს პასუხი გასცეს. _ რა უნდა გითხრათ ბიძინამ? _ გვითხრას, რა ხდება? როგორ შეიძლება, 4 წლის მანძილზე ვერ მივიღო პასუხი ჩემს კითხვებზე?
_ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ძალიან გაღიზიანებული ხართ? _ მოსვლისთანავე ბიძინა ივანიშვილმა თავისი 80 მილიონი ისე დაიბრუნა, არც დეპარტამენტისთვის მიუმართავს და არც გამოძიებისთვის. ვალერი შოშიაშვილი, პეტრე, პავლე ამდენი ხანია წვალობს, მაგრამ ვერც პასუხი მიიღეს და ვერც წართმეული ქონება დაიბრუნეს! ზედმეტს არაფერს ვითხოვ, თუ დამნაშავე ვარ, დამსაჯონ, მითხრან, რომ ის აუქციონი კანონის დაცვით ჩატარდა და ის 1000-ლარიანი შენობა მართლა ღირდა მილიონი! აი, ეს მაინც მითხრან, თუ სიმართლეს ვერ ადგენენ, მაგრამ ამის თავიც არ აქვთ. რაზე ვსაუბრობთ? მილიონი რომ არ ღირდა გრემის კულტურის სახლი, მიწასთან გასწორებული და გაჩანაგებული ობიექტი, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა, რომ ჩვენდამი უსამართლო ქმედება აღიაროს, რადგან ჩემსავით სხვებიც მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და ამის შესაძლებლობას ეს გუნდი მოკლებულია. ვერც იმ ნაბიჯს გადადგამენ, რომ ხალხის პირისპირ გამოვიდნენ და განაცხადონ, _ დიდი ბოდიში, მაგრამ მოგატყუეთ, სხვა დაპირებებთან ერთად ამასაც ვერ შევასრულებთ და ვერაფერს დაგიბრუნებთო!
_ თქვენსავით ფიქრობენ სხვა ბიზნესმენებიც?
_ ბიზნესი აბსოლუტურად განულებული და განადგურებულია. მე ზუსტად ვიცი ბიზნესის პულსი... ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს, ვისაც ვხვდები, ყველა იმას იმეორებს, რომ ასეთი მდგომარეობა 2008 წლის ომის დროსაც კი არ ყოფილა! მგონი, შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა ასეთ დღეში მეწარმე... დანაპირები, რომ ბიზნესი თავისუფალია და მას ხელს უწყობენ, მტკნარი სიცრუეა! თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იაფი კრედიტი და იაფი ფული არ არსებობს. უამრავი ბიზნესიდეით მივმართე დღევანდელ ხელისუფლებას და ვუთხარი, რომ ვერ აბრუნებთ, ვერ აბრუნებთ-მეთქი!.. მაშინ მომეცით იაფი კრედიტი, მე დავიწყებ ისევ ნულიდან და ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც სასარგებლოს შევქმნი-მეთქი! ეს საშუალებას მომცემდა, რომ თანხა აღარ მომეთხოვა და პირიქით, აქეთ შემევსო სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ ისინი ვითომ ამ იაფ კრედიტს თავისსავე ახლობლებს აძლევენ და ისევ თავად უსხდებიან წილებში. აი, ჯანდაცვა! ესეც ჩემს თავზე გამოვცადე, როდესაც კალკულაცია მივიტანე და ავუხსენი, რომ წინა ხელისუფლებისგან დაზარალებული ვარ, თავის ტვინის უმძიმესი ოპერაცია მჭირდება, 7-ათასლარიანი დაფინანსებიდან მხოლოდ 1000 ლარი მივიღე. ბოლოს კი საავადმყოფოში მითხრეს, რომ კალკულაცია არასწორი ყოფილა და ჯამურად 1000 ლარი ჯდება. შესაბამისად, ოჯახში მძიმე ეკონომიური გაჭირვება დაიწყო, ყველაფერი უკან-უკან წავიდა. 2016 წლის 28 იანვარს ღამის სამ საათზე ჩემს ოჯახში ზარის ხმა გაისმა, ამის ვიდეო მასალაც მაქვს. საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი იყო. მეუბნებიან, რომ ჩემი ავტომობილი ძებნილია და უნდა წავიყვანოთო. გამიკვირდა და ვეკითხები, _ მთელი დღე ამ მანქანით დავდივარ, არავის გავუჩერებივარ და როგორ, ამ შუა ღამისას გახდა ძებნილი-მეთქი? ახლა რა ხდება: ბიძინა ივანიშვილს აქვს როგორც ბანკი, ასევე მიკროსაფინანსო შვილობილი კომპანიები. მის ამ ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაიტვირთვა ჩემი ავტომობილი იპოთეკით, იმიტომ რომ ოპერაცია გამეკეთებინა. გადაცდომა არ მქონია, თანხას პატიოსნად ვიხდიდი. ან აღსრულების ფურცელი უნდა მოვიდეს და მე ჩამბარდეს, რომელიც არ მომსვლია და არ ვიცი, რა ხდება... აღსრულების ფურცელი 2 თებერვალს გამოსცეს. საპატრულო პოლიციასთან ისე აქვთ საქმე გარკვეული, რომ აღსრულების ფურცლის გადმოცემამდე 28 იანვარს მოვიდნენ და ასე მოტყუებით წაიყვანეს ჩემი კუთვნილი ავტომობილი. გენინსპექციაში დავრეკე, პროკურატურას მივმართე, მაგრამ _ დუმილი. დღემდე ვერ გავარკვიე, სად წაიყვანეს ავტომობილი. პატრულის თანამშრომელი მეუბნება, რომ კერძო აღმასრულებელმა დაურეკა და მანაც წაიყვან მანქანა, არც ფურცელი, არც არანაირი დოკუმენტი... საკვირველი იცით, რა არის? თვითონ ვიდეოში ეს პატრულის თანამშრომლები მეუბნებიან, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან მუშაობენ. არ მაინტერესებს, მე ვეკითხები, როდიდან მუშაობენ? ანუ მათ დავალება აქვთ, რომ ეს ასე მოვისმინო; ზუსტად სამი დღის შემდეგ გამოვდივარ და ვხედავ, ჩემს მეორე ავტომობილ X5-ს ეზოში მეტალის საგნით ვიღაც ბიჭი ისე ფხაჭნის, რომ მანქანა არაფრად აღარ ვარგა. პატრულს დაურეკე და დავაკავებინე, გათიშული მთვრალი იყო. საქმე აღიძრა და აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ხელისუფლების დაქირავებული იყო. დღემდე დაზარალებულადაც არ ვარ ცნობილი. ხელისუფლება რაღაც პროვოკაციას მიგეგმავს, რომ ოჯახი დამიწიოკოს, მშობლები დამიავადოს, მე მომკლას და ამით გამაჩეროს. დღევანდელი ხელისუფლება ვერ მპატიობს, რომ მათზე და ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობ. არც მჭირდება მათი პატიება.
_ რას გეგმავთ 17 მაისს?
_ 17 მაისი ე. წ. აუქციონის ჩატარების დღეა, ამიტომ 17 მაისს ივანიშვილთან გადავალ.
_ მასპინძელმა რომ არ მიგიღოთ?
_ იქ ისე გადავალ, რომ იქიდან აღარ წამოვალ.
_ მასპინძელმა რომ არ გამოგხედოთ?!
_ როდემდე არ უნდა გამომხედოს? მე დრო შეზღუდული არ მაქვს, აღარ დავბრუნდები ჩემს დაყადაღებულ სახლში. ამ ხელისუფლებამ თქვა, რომ რაც არის შენი ქონება, იმას არავინ შეეხებაო. ღამის სამ საათზე მომიცვივდნენ და ავტომობილი წამართვეს. მე რა დაზღევული ვარ, რომ ღამის სამ საათზე არ გამომაგდოს ბავშვებთან ერთად ხელისუფლებამ გარეთ?! ამიტომ მე ბიძინა ივანიშვილთან დავრჩები და უკიდურეს ზომას მივმართავ _ შიმშილობის აქციას. მანამდე კი ვაფრთხილებ: 17 მაისს ჩემი ოჯახით დღის 3 საათზე მის სახლთან მივალ და გამოვიდეს, პასუხი გაგვცეს!