QronikaPlus
რა სარჩელს ამზადებს ,,პარტიზანული მებაღეობა“?

რა სარჩელს ამზადებს ,,პარტიზანული მებაღეობა“?

2016-05-22 07:50:16

„მწვანე“ აქცია ტელეკომპანია „ჯიდიესის“ მისადგომებთან აქტივისტების დაკავებით დასრულდა. რამდენიმე მათგანი, მათ შორის, „პარტიზანული მებაღეობის“ ლიდერი ნატა ფერაძე ადმინისტრაციული წესით უკვე დააჯარიმეს. ამჯერად მას სისხლის სამართლის წესით ედავებიან. პროტესტანტები გაჩერებას არ აპირებენ და სხვა არასამთავრობოების დახმარებით გარემოს დასაცავად ბრძოლას გეგმავენ. „ქრონიკა+“ „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელს, ნატა ფერაძეს ესაუბრება: _ ქალბატონო ნატა, რა ეტაპზეა თქვენ მიმართ სამართლებრივი დევნა? _ ჯერჯერობით სხდომა ადმინისტრაციულ საქმეზე გაიმართა და 250-ლარიანი ჯარიმა პატრულის დაუმორჩილებლობისთვის დაგვაკისრეს. სისხლის სამართალს რაც შეეხება, ორ საქმეზე (პატრულის ცემა და მანქანის დაზიანება) ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და დაზუსტებით არც ვიცით, ამაზე სასამართლო იქნება თუ არა? ამას გარდა, წამიყვანეს ნარკოლოგიურში და იქვე ზედაპირული დათვალიერებით არანაირი ნარკოტიკული თრობა არ აღმომაჩნდა, თუმცა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განვაცხადე. _ რატომ დაგაკავეს და წაყენებული ბრალდებების საფუძველი რა არის? _ პატრულთან შეწინააღმდეგების მუხლი იყო, თუმცა ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. შეწინააღმდეგება არ ყოფილა, რადგან არ გავუფრთხილებივარ, არავის უთქვამს, რომ მანქანიდან ჩამოვსულიყავი. რეალურად, მანქანიდან ჩამომახეთქეს და მაშინვე დამაკავეს. თუმცა, როგორც ეს სამართლებრივად ხდება, ჯერ გაფრთხილება უნდა მოეცათ და შემდეგ გონივრული ვადა, _ იქნებ, მანქანიდან ჩამოვდიოდი, ხოლო ჩემი მანქანაზე აძრომა იმან განაპირობა, რომ ჩვენ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილე პირი დააკავეს, რომელიც ჩვენნაირ მოთხოვნებს აყენებდა. _ კონკრეტულად, რა მოთხოვნა იყო? _ შევეშვით საზოგადო სივრცეში, რომლის წინ კორდონი დაგვხვდა. ძალიან სასაცილო იყო პატრულის არგუმენტაცია სასამართლო პროცესზე. ადვოკატის შეკითხვაზე, თუ საიდან შეიტყვეს მათ (ანუ ამ კორდონმა), რომ აღნიშნულ ტერიტორიას იცავენ, პატრულის პასუხი იყო, _ ეს თავად აქციის მონაწილეებისგან შევიტყვეთო. ასეთი რამ თქვეს: თურმე, აქციის მონაწილეები მივედით და მათ ვუთხარით, _ ეს ახლა სხვისი ტერიტორიაა, სადაც შესვლა მოგვინდება და თქვენ არ შეგვიშვებთო. მოკლედ, ასეთ აბსურამდე იყო დასული აღნიშნული სასამართლო პროცესი. მიიღებენ თუ არა განჩინებას, მაშინვე სააპელაციოში შევიტანთ სარჩელს. _ რომელ ტერიტორიაზე შეჭრაზე იყო საუბარი? _ ეს არის ტელეკომპანია „ჯიდიესის“ მიმდებარე ტერიტორია. იგი ნამდვილად ბიძინა ივანაშვილის, ანუ „ჯიდიესის“ კერძო საკუთრებაა, თუმცა ამ კერძო საკუთრების გავლის შემდეგ საზოგადო სივცრეა, რომელიც მუნიციპალური კუთვნილებაა, სადაც არის მდინარე, დასასვენებელი, საპიკნიკე ადგილები და ასევე კლდე, სადაც მეკლდეურები დადიან და კლდეზე ცოცვაში ვარჯიშობენ. ადრე მას ჩასასვლელი ჰქონდა, „ჯიდიესის“ აშენების შემდეგ ეს მარშრუტი შეიცვალა, თუმცა მერე ივანიშვილმა ისიც შეისყიდა. ახლა ივანიშვილს უნდა, გახსნის ამ ბილიკს და უნდა, დაკეტავს. დაახლოებით 50 მეტრის გზა კერძო საკუთრებაა, რომელიც მოქალაქეებს საზოგადო სივრცეში ჩასვლას გვიზღუდავს. _ ამ კონკრეტულ საკითხზე სარჩელის შეტანას თუ აპირებთ? _ ნამდვილად ვაპირებთ. იურისტ ანანო ცინცაბაძეს (არასამთავრობო ორგანიზაცია) ახლა გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია, რომელიც „პანორამა თბილისს“ და ასევე ამ გასხვისებებს ეხება. რასაკვირველია, სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, იურიდიულად, ამის გაპროტესტებასაც ვგეგმავთ. _ ბოლო აუქციონის შედეგების ფონზე, რა პროცესი მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღში და მიმდებარე ტერიტორიაზე? _ მოკლედ, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა რომ დაიწყო, ვინც ამას ვაპროტესტებდით, ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ამაღლების ქუჩა იმ მანქანების ნაკადს არ ეყოფოდა, რომელიც „პანორამა თბილისის“ კომპლექსს უნდა მოემსახუროს. დავით ნარმანიას პასუხი იყო, რომ სპეციალურად „პანორამა თბილისისთვის“ აშენდება შემოვლითი გზა შინდისი-კრწანისის მონაკვეთზეო. არაერთი ვიდეო თუ ციფრული ჩანაწერი არსებობს, სადაც ამბობენ, რომ სწორედ პანორამისთვის სპეციალური გზა შინდისი-კრწანისის მონაკვეთზე გაკეთდება. მაშინ ამაზე საუბარი დასრულდა. სამწუხაროდ, 2015 წლის დეკემბერში პოსტ-ფაქტუმ შევიტყვეთ, რომ 500-მდე ხე გაიჩეხა. ამ გზის კეთება დაუწყიათ, რომელიც მერე აღმოჩნდა, რომ გზა სულაც არ არის. რასაკვირველია, აღვშფოთდით და გავაპროტესტეთ, რადგან ეს გზა საზოგადოებასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გაკეთდა. პროექტი არ გვინახავს. ინფორმაცია მოვიძიეთ, _ არსებობს ამ გზის რამდენიმე ალტერნატიული პროექტი, რომელიც ამდენი ხის გაჩეხას არ ითვალისწინებს. აღნიშნულ თემაზე მერიაში თანამდებობის პირებს შევხვდით: დავით ნარმანიას, ასევე კეთილმოწყობის, არქიტექტურის, გამწვანების სამსახურების უფროსებს, _ მთელი მერიის ტოპმენეჯმენტს, სადაც გვითხრეს, რომ გზის გაყვანა ნამდვილად დაუგეგმავად მოხდა. ბოდიშიც კი მოგვიხადეს და სიტყვიერი პირობა მოგვცეს, რომ ჩვენთან შეთანხმების გარეშე ეს გზა არ გაგრძელდებოდა, _ განიხილავდნენ პროექტს, რომელიც ხეების ჭრას აღარ გაითვალისწინებდა. ამის შემდეგ ჩვენი არაერთი მოკითხვის მიუხედავად პასუხი არავის გაუცია, თუ რა ხდება რეალურად ამ გზაზე. უცებ, დაახლოებით ერთი თვის წინათ, ვიგებთ, რომ, თურმე, ეს გზა სულაც აღარ არის გზა _ აუქციონზეა გატანილი და მასში უკვე ჩადებულია, რომ შემძენმა ინვესტორმა, მინიმუმ, 80-ადგილიანი სასტუმრო უნდა ააშენოს, მინიმუმ, 50 ავტოპარკირებით. ყველა „სიკეთესთან“ ერთად დაუშვეს ის, რაც ვაკის პარკში მოვიგეთ. კერძოდ, სპეციალური ზონალური შეთანხმება (დავით ნარმანიას მიერ) და ესეც კანონდარღვევით მოხდა, რადგან ამას სჭირდება არგუმენტაცია, თუ რამ გამოიწვია სპეციალური ზონალური შეთანხმება სარეკრეაციო ზონა 2-ში მშენებლობის დაშვებასთან დაკავშირებით?! გზა, მეტ-ნაკლებად, საჭიროა და „პანორამა თბილისს“ სულ თავი რომ დავანებოთ, ეს შეიძლება შინდისსაც სჭირდებოდეს. თუმცა ყველაფერი გაუთვლელად კეთდებოდა. როცა ჯერ 500 ხეს ჭრი და მერე ეს ტერიტორია გასაყიდად გაგაქვს, აღმაშფოთებელია. დღეს ისევ ახალ გზაზეა საუბარი, რომლის საჭიროება კვლავ რჩება. როგორც ამბობენ, ამ ახალი გზისთვის ისევ 900-მდე ხე უნდა მოიჭრას. გზის ნაკვეთი, რომელიც მერე აუქციონზე გაიყიდა, ზუსტად ემიჯნება იქვე არსებულ ათ ჰა-ს, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. ასევე ამ ათ ჰა-ს ემიჯნება ის 4 ჰა, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან გადაცვალა ივანიშვილმა. ვითომ „ხრიოკი ტერიტორიის“ მაგივრად ხეხილითა და საირიგაციო სისტემით გაშენებული წალკოტი მისცა. ამის არგუმენტაციაც ძალიან უმწეოა. ამბობენ, რომ ვითომ ბოტანიკურმა ბაღმა თვითონ მიმართა მერიას, _ ჩვენი ხრიოკი ადგილის მაგივრად, თუ შეიძლება, ის საირიგაციო და ჰუმუსიანი (ნეშომპალიანი, _ რედ.) ნაკვეთი მოგვეცითო, რომელიც ისევ ამ ათ ჰა-ს ემიჯნება. ე. ი. იმ 10 ჰა-ს ბოტანიკურის 4 ჰა და ეს გზაც დაემატა. თითქოს გაცვლა ბოტანიკურის მოთხოვნით მოხდა, რაც სულაც არ იყო ინვესტორის პირობებში; ხოლო არგუმენტი, რომ ბოტანიკურს კლდოვანი ტერიტორია ჩამოერთვა და ჰუმუსოვანი მიეცა, ამის თქმას ვინ-ვინ და ბოტანიკური ბაღის დირექტორი არ უნდა კადრულობდეს, რადგან ბოტანიკური ბაღი არ არის სანერგე მეურნეობა, სადაც მნიშვნელოვანია მიწის ნაყოფიერება. ბაღი უნდა იყოს ბიომრავალფეროვანი და მისთვის ხეხილის ბაღებზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ენდემური ფლორა და ფაუნა იყოს, ასევე _ კლდოვანი სახეობები. ამ კლდოვან ნიადაგზე ამოდიოდა ხეები, რომელიც ენდემურია და თბილისისთვის დამახასიათებელ ფლორას წარმოადგენს. სამი წლის გაშენებული ხეხილის ბაღის მოწყობა ნებისმიერ, ასე თუ ისე, მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანს შეუძლია. მოკლედ, ეს ყველაფერი „თბილისი პანორამის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს დაემატა. ეს ტერიტორიები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ზუსტად ერთი ხელწერაა, ერთი ინვესტორია და ამაზე ცალკე პროტესტი არ გვაქვს, უბრალოდ, იმ პროტესტში გავაერთიანეთ, რაც „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. _ როგორ აპირებთ საპროტესტო მოძრაობის გაგრძელებას? _ ეს მარტივად მოსაგები პროცესები არ იქნება, რადგან ძალიან დიდი ინვესტიციაა. რაც უფრო დიდია ინვესტიცია, მით უფრო დიდია წინააღმდეგობა. თუმცა მოსახლეობის პროტესტიც უკვე საკმაოდ მომწიფდა, _ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გვერდში დაგვიდგა, მათ შორის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, გოეთეს ფონდი, ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია... მათ გვასწავლეს ჩვენი უფლებები და კონვენციები გაგვაცნეს; არაერთი საინტერესო შეხვედრა მოგვიწყვეს უცხოელ, ასევე ქართველ სპეციალისტებთან, სამართალდამცველებთან, სოციოლოგებთან და ა. შ. ეს არის ჩვენი სრული უფლება და მთავრობის მოვალეობაა (არაერთი კონვენციის მიხედვით, სადაც გაწევრიანებულია საქართველოს სახელმწიფო), რომ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე ამ ყველაფრის კეთება ქალაქისთვის დაუშვებელია. ჩვენს უფლებას გამოვიყენებთ და მთავრობა უნდა ვაიძულოთ, ცივილიზებული გზით მოიქცეს. ეს სახელმწიფო ცივილიზებულ ნიადაგზე უნდა დადგეს და ასეთი პროტესტები აღარ დაგვჭირდეს. ყველას მოვუხმობთ, რომ ცოტა მოთმინებით აღიჭურვონ. ერთ-ორ აქციაზე გასვლით ამბავი თავისთავად ასე მარტივად არ დასრულება, მაგრამ აქციები, საპროტესტო ტალღა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. _ თქვენი კონსულტაციების გათვალისწინებით, აღნიშნულ მშენებლობებთან მიმართებით, რისი მიღწევაა შესაძლებელი? _ ალბათ, საბოლოო შედეგი ადგილმონაცვლეობა უნდა იყოს. თუ ინვესტორს ქალაქში ფულის დაბანდება სურს, რასაკვირველია, უნდა დააბანდოს, მაგრამ ეს იქამდე არ უნდა მოხდეს, სანამ თბილისის გენერალური გეგმა არ დამტკიცდება და სანამ ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილავენ მსგავს გრანდიოზულ მშენებლობებს. ქალაქგეგმარების, ურბანისტების, ტრანსპორტის სპეციალისტების, გეოლოგების სრული დასკვნითი აქტების გარეშე ქალაქში ასეთი ჩარევა დაუშვებელია. ჩვენ უკვე არაერთი სპეციალისტის არაოფიციალური დასკვნა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ქალაქისთვის სავალალო შედეგს მოიტანს, ამიტომ ეს უნდა შეჩერდეს. რაც შეეხება ინვესტირებას, ადგილმონაცვლეობით, ან თანხით დაუკმაყოფილონ ინვესტორს.  

                                                                                                           გელა მამულაშვილი

   

გაზიარება