QronikaPlus
ყრილობის ინტრიგა _ მეჭიაური; პერსპექტივა _ ბიძინას ეპისტოლე!

ყრილობის ინტრიგა _ მეჭიაური; პერსპექტივა _ ბიძინას ეპისტოლე!

2016-05-21 10:55:00

ვიღაცას ეგონა, მეოთხე წელს „ქართული ოცნების“ ყრილობა იქუხებდა, იგუგუნებდა, სამოქალაქო სექტორში ,,ასული“ ბიძინა სხვა სხეულში ,,გარდასული“ იქნებოდა ხეტიტად, ან, სულაც, სხვა ეგზოტიკად გარდაქმნილი, რომელმაც მისია უკვე აღასრულა... პარტიის ,,სლივკები“ იბრწყინებდნენ ნაღვაწით, სამინისტროები პრეზენტაციებს პრეზენტაციებზე გამართავდნენ და გაკეთებულს მაინც ვერ ამოწურავდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე ,,3D“-ში გაცილებით ახოვანი გამოჩნდებოდა, თინა სცენაზე იბრწყინებდა, ბერძენიშვილი სერიოზული დედუქციით გარეთ დარჩენილებს დასცინებდა, „ფორუმი“ იზეიმებდა, ალასანია მისი ესთეტიკით „ქოცების“ ჩაუცმელ საზოგადოებას ისევ გაახელებდა, მიშა და მისი ბიჭები ამ „ერთობით“ ტელევიზორებთან დაითრგუნებოდნენ და მარგველაშვილი ამ ყველაფერზე ფილოსოფიურ ბლოგს დაწერდა... თუმცა ეს ყველაფერი მათაც ეგონათ და ჩვენც! ესეც ქართული ბუნებაა _ მოითხოვო სხვისგან იმაზე მეტი, ვიდრე შენ შეგიძლია გააკეთო. სამაგიეროდ, გაცილებით ადვილია და ბედის საჩუქარს მიაწერ, როცა, უბრალოდ, უმტკივნეულოდ შეგიძლია იმ სიკეთის მიღება, რაც ვერ დაიმსახურე. არა იმიტომ, რომ არ გიშრომია, არამედ იმიტომ, რომ მმართველობა თავისთავად ნიშნავს ხალხზე ზრუნვას... იმ კომფორტისა და ისეთი სახელმწიფოს შექმნას, _ როცა თუნდაც მეზობელ სადარბაზოსთან ჩამომჯდარ „ნუნუ ბებოს“ საოჯახო ბიუჯეტს არა გაზეთის ,,კულოკებში“ დაფასოებული მზესუმზირა ავსებს, არამედ შენს საკუთარ კეთილდღეობაზე გაცილებით მაღლა მდგომი ქვეყნის ეკონომიკა. როცა „ნუნუ ბებოს“ დანაოჭებული ხელებით მოხალულ მზესუმზირას, თანამედროვე რეალობაში აშკარად სჯაბნის ხელისუფალთა ,,ნუნუ ექიმი“ თავისი ლუმინალით, რომელიც, თურმე, ყველას და ყველაფერს აყუჩებს, ადუნებს, აცამტვერებს და, უბრალოდ, „სუფთა ხელებით“ იმ პოლიტიკას ქმნის, სადაც სავარძლის გარეშე მოკვდავობა კიდევ უფრო მძიმეა. მსუბუქი პრემიალური დანამატები და ფასადური პროექტები თვალისმომჭრელი საარჩევნო რიტორიკაა. აქაც ერთი სიკეთით გამორჩეული _ ხალხის ხარჯზე მომავლის შექმნა... თუნდაც დროებითი სიმაღლის მიღწევა, მისია შესრულებულია _ დიდი კაცი ხარ და დროებით სივრცეში ყველაფერი შეგიძლია, ყველაფრის უფლება გაქვს. ხალხი? ხალხი მოითმენს _ ბევრჯერ გაუძლია... პირველი შემთხვევაა, როცა კონკრეტული თემაზე, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, უბრალოდ, არ მეწერება... დროის დახარჯვა, გონების დაძაბვა და ლოკაციის ირგვლივ ფიქრი მეხამუშება... ვეძებ საკუთარ თავში პასუხს და ამ დრომდე გვირაბის ცენტრში მდგომს, არც მის ბოლოში მაქვს სინათლის დანახვის იმედი, ისევე როგორც არც გვირაბის შესასვლელში მოუჭრია მზერა ნათელს... ისევ იმ წრეში ჩავიკეტე, „ჩემს ქალაქში რომ ბნელოდა“, თუმცა ახლა უფრო მასშტაბური, მაგრამ სამწუხარო პერსპექტივა აქვს უკუნს _ უკვე ჩემს ქვეყანაშიც დაბნელდა... სიბნელე ქართული პოლიტიკის თანმდევი სულ იყო, ბნელი პოლიტიკოსებიც ჩემი მიწის შვილები იყვნენ, ახლაც არიან და, ალბათ, სულ იქნებიან. ესეც ჩვენი საზღაურია და იმ დრომდე, ვიდრე არ გავითავისებთ, რომ გადარჩენის გასაღები რიგით მოკვდავებშია, ხალხშია, რომელსაც შეუძლია, პოლიტიკურ მანიპულაციაზე უარი თქვას, მხოლოდ სუნთქვას _ არსებობა არჩიოს, სულ დამარცხებულის, დაბეჩავებულისა და დაჩაგრულის „როლში ჩარჩენილს“ პირველად გაუჩნდეს სახალხო პროტესტი, უნიჭო რეჟისორს მეორეხარისხოვან გმირობაზე უთხრას უარი. პირველკაცობასაც მხოლოდ იჩემებენ _ ამ სიმაღლემდეც ნებისმიერი მესია ხალხს მიჰყავს. მაგრამ ვიდრე ამ უკანასკნელი ძალისთვის ყველაფერი სულერთია, ევროპის უღიმღამოდ გამოღებულ სარკმელში ილუზიური სპექტრი უფერო, უსაგნო და უნაყოფოა... მმართველი გუნდისთვის ნაყოფიერი, მგონი, მხოლოდ 2016 წლის 14 მაისი იყო _ „ქართული ოცნების“ მეოთხე ყრილობა. იყო ამ გამოფენაში რაღაც არაჩვეულებრივი, კიდევ უფრო მეტი კი _ დაუჯერებელი ამბავი _ სპორტის სასახლის მასობრივი პოლიტიკური მედიტაცია „ოცნების“ სამყაროში, სულ, 45 წუთით გაგრძელდა. პრემიერადწოდებულმა კვირიკაშვილმა „გამოწვევა“ მიიღო და ის მრავალრიცხოვანი პარტია ჩაიბარა, სადაც დღეს, ბიძინას მერე, ყველა მეჭიაურს ისაკლისებდა, რადგან ბრძენის ნათქვამია, _ უმეჭიაურო ლოცვა არ ჭრისო. რამდენი აჩუმებდა დარბაზში საკუთარ სხეულში ჩაბუდებულ მეჭიაურს და შარვალში ხელს უჭერდა, ამას ისტორია დათვლის და კვირიკაშვილი _ ვერა. ის ჰუმანისტია, ან, სულაც, რაფინირებული თაღლითი. ორივე ნიჭია, გააჩნია დანიშნულებების ვექტორს. პირველ ორ რიგში ჩაწყობილი მინისტრთა კაბინეტიც მჟავე სახეებითა და გულში ამღერებული ამირანებით ქართული პოლიტიკის მჭიდია _ გაჭირვებამდე გასროლა რომ თანაგუნდელობაა, გაჭირვებაგადატანილზე _ ბიძინასგან განდგომა და მსხვერპლის როლის თამაში... იმ დღეს მინისტრების სვეზე ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალბათ, თავიდან დაწერდა ,,ბედი ქართლისას“... არა ვარ ტატო, მაგრამ ჯიუტად ვცდილობ, გამოოცნებებულთა მეოთხე წელზე მაინც დავწერო. ანგარიშმიუცემლად აღტყინებულ აუდიტორიას ვცდილობ, უბრალოდ, არ შევეხო _ მათ ყველა იყენებდა და ვერც ოცნება, თუნდაც, ქართულად, ვერ იქნებოდა გამონაკლისი. პარტიული ატრიბუტიკა, აქა-იქ შეზახორშებულ მხარდამჭერთა ჟესტიკულაცია, ტრიბუნებიდან გადაძახილი, მედროშეებისადმი მკაცრი მოთხოვნა: „სცენის უკან ნუ მოძრაობთ!.. მაისურებიანები, ნუ ტოვებთ ტრიბუნებს!.. ქვემოდან მირეკავენ, _ ეს დედამო...ული, ნუ დგებით და ჩამოდიხართ!.. “ _ წინა სახელისუფლებო გამოცდილება იყო, 9 წელი რომ ვეგუებოდით ყველა და არ მოგვწონდა. არც ახლა მომწონებია, მხოლოდ მივხვდი, რომ ქვეყანაში ყველა ერთი სცენარით მუშაობს, ამიტომ წუხილი, „ოსკარზე“ ქართველ მსახიობს, თურმე, ჩასძინებია, სასაცილოა _ არც საჭიროებაა გაღვიძების _ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური კინემატოგრაფია მკვდარია... მერე რა, რომ გრანდიოზული ყრილობისთვის ახალი ქართული სიმღერა ვერ დაიწერა. ფაქტია, „იმ გენას“ შემდეგ ქვეყანაში ფონოგრამა არ გამოცვლილა... მერე რა, რომ ეს ოთხი წელი სამი წინადადებისთვისაც კმარა: „ბიძინას მოსვლა. ბიძინას წასვლა. ბიძინას მუდმივი მოლოდინი“. ამაშია მისი პერსონის სიდიადეც, მესიის დანიშნულებაც _ მისაღებს ყოველთვის მიიღებს. ანგარიში სულ იცოდა, მაშინაც კი, როცა სტარტი პატარა ორღობიდან მეგაპოლისისკენ აიღო, ქველმოქმედებიდან პირდაპირ პოლიტიკაში აღმოჩნდა და დღემდე რჩება. საინტერესო მხოლოდ ისაა, როდემდე? მერე რა, რომ ახალი სახეები „ძველ ერთობას“ ვერ შეცვლის. მერე რა, რომ მთავარ მოწოდებად დღეს პირველად მიიღეს „ქოცებმა“ ხალხში გასვლის ვალდებულება. მერე რა, რომ ბეჯითი პედაგოგივით პრემიერმა რამდენჯერმა დააფიცა დარბაზი „ევროპულ მომავალზე“... მეჭიაური შორს იყო და იანუსივით იცინოდა. ბრძენმა უთხრა, უშენოდ ლოცვა არ ჭრისო...   *** აუცილებელი ეპილოგი, თუმცა, ვფიქრობ, ამ ყველაფრით უნდა დამეწყო. არც ახლაა დაგვიანებული: ბიძინას „ოცნების“ ყრილობის სცენარისთვის 45 წუთი დასჭირდა; მუსიკალური გაფორმება _ „ნაცებს“ რომ ჰქონდათ და შევარდნაძეს _ ისეთი, _ შერეული; მთავარი მოვლენა _ ჭორვილელი მესიის მოძრაობა დარბაზის ცენტრისკენ და ცენტრიდან უკიდურესი იმპროვიზაციით; ყრილობის ინტრიგა _ მეჭიაური; პერსპექტივა _ ბიძინას ეპისტოლე!  

                                                                                                      ნანა თვალაბეიშვილი

 

გაზიარება