დღევანდელ დღეს მთელ მსოფლიოში ნეოლიბერალურ-ოლიგარქიულ-პოლიციური წყობა დიდ კრიზისს განიცდის. ამერიკაში ბერნი სანდერსის ამომრჩევლების ასეთმა რიცხვმა და ისტებლიშმენტის კანდიდატების მიმართ ასეთმა აშკარად გამოხატულმა სიძულვილმა დაგვანახვა, რომ დღევანდელი მსოფლიოს ლიბერალური ჰეგემონიის სისტემას კრიზისი დაუდგა.
მართლაც ჩანს, რომ მმართველი ელიტები _ ენჯეოებიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული, იმდენად დაშორდნენ უბრალო ხალხს და მათ ღირებულებებს, რომ მსოფლიოს სოციალური რყევები გარდაუვალია. ზოგადად, მსოფლიოში კრიზისული რეალობა დგება _ მსოფლმხედველობრივი კონიუნქტურა ახალ პოლიტიკურ ფილოსოფიას ითხოვს. ინტერესთა ჯგუფებზე გათვლილ ნეოლიბერალურ სისტემას უფრო და უფრო მეტი ხალხი უპირისპირდება. ასეა საქართველოშიც. ისტებლიშმენტის კრიზისი სახეზეა. თუმცა მმართველი პოლიტიკური პარტიები, ცხადია, როგორც ყოველთვის, საზოგადოებრივი აზრის გაყალბებას ეცდებიან.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებელია, რომ საქართველოში იყოს მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებულ ორ პოლიტიკურ კოალიციას დაამარცხებს. ერთი მხრივ, ნაცისტური მეთოდებით დაარსებული და მართული `ნაციონალური მოძრაობა~ დამნაშავე ორგანიზაციაა, რომელიც არათუ არჩევნებში უნდა დამარცხდეს, არამედ საერთოდ ისევე უნდა აიკრძალოს, როგორც ნაცისტური და საბჭოთა კომპარტია აიკრძალა ძალადობისთვის. და მისი რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს _ პოლიტიკური სისტემა და არა მხოლოდ ცალკეული `გადამცდარი პიროვნებები~. და ამავე დროს აბსოლუტურად კორუმპირებული და არაფრის მაქნისი `ქართული ოცნება~, რომელმაც გასული 3 წლის მანძილზე დაამტკიცა, რომ ოცნების მეტი არაფერი შეუძლია და რომელმაც, პრაქტიკულად, ქვეყანაში ვერაფერი შეცვალა. ქვეყანა ისევ რჩება სუს-ის მიერ მართულ პოლიციურ ნეოლიბერალურ ავტორიტარულ ქვეყნად, სადაც არანაირი სოციალური და პოლიტიკური სამართალი არ არის. საქართველო დღესაც ბანანის რესპუბლიკაა, _ სადაც მისი მოქალაქეები ხელისუფლებას არანაირად არ აინტერესებს; სადაც მკვლელებს, ისევ და ისევ, სახელმწიფო მფარველობს და სადაც უბრალო მოქალაქეებს წვრილმანი `დანაშაულებისთვის~ საშინლად სჯიან. მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანებს წლობით პატიმრობას უსჯიან და სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა და სხვათა მკვლელები ისევ დაუსჯელნი დადიან და დასცინიან მთელ საზოგადოებას. მუშების უფლებები არ არის დაცული. ბეჟუაშვილისა და მისი მაგვარი ოლიგარქების უფლებები ამ სახელმწიფოსთვის მეტს ნიშნავს, ვიდრე მუშების უფლებები _ ეს ჩვენ კარგად დავინახეთ ტყიბულის მაგალითზე. ყველა ორგანიზაციაში ჩანერგილი არიან ე. წ. უშიშროების ოფიცრები, რომლებიც ხალხს აიძულებენ, რომ გაი-სუს-ონ. ქვეყანაში მხოლოდ მდიდარი უმცირესობის _ მოსახლეობის, დაახლოებით, 1%-ის უფლებებია დაცული. ვინც კი ეწინააღმდეგება ამ 1%-ის ინტერესებს, ყველას მიმართ სასწრაფოდ რეპრესიული ზომებია მიღებული. ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, რადგან მისი მმართველი ელიტის ნეოლიბერალური კურსი მხოლოდ ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და პატარა ელიტის ინტერესებს იცავს _ მოსახლეობის 99% მიტოვებულია. დღეს საქართველოში საჭიროა ხალხის ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნათლად უარს ეტყვის ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელს (სადაც 1% დანარჩენი 99-ის ხარჯზე მდიდრდება) და ბიოპოლიტიკურ ცხოვრების წესს, სადაც ადამიანებს საკუთარი ბიოლოგიური ინსტინქტების მონად აქცევენ. ადამიანი არ უნდა იყოს ბიოლოგიური ინსტინქტების მონა _ ყველა ადამიანი ღმერთის მიერ გაჩენილი არსებაა. ყველა ადამიანი იმსახურებს მინიმალურ სოციალურ უსაფრთხოებას _ როგორც ჯანმრთელობის დაცვის მხრივ, ასევე საცხოვრებელი ფართის მხრივ. დღეს კი ასეულობით ათას ადამიანს საკუთარი სახლიდან აგდებენ ბანკირებისა და იპოთეკარების ინტერესების სასარგებლოდ. ამ ბანკებმა და იპოთეკარებმა ასობით ბინა იყიდეს, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი უსახლკაროდ რჩება. მთავრობა ამის წინააღმდეგ ვერაფერს და არაფერს აკეთებს.
მას მერე, რაც 1992 წლის 6 იანვარს შეიარაღებული აჯანყების გზით საქართველოს ერთადერთი დემოკრატიული მთავრობა გადმოაგდეს, საქართველოში დამყარდა და განმტკიცდა ნეოლიბერალურ-ავტორიტარული, ოლიგარქიულ-პოლიციური სახელმწიფო, რომელიც 1% ქურდებისა და მძარცველების ინტერესებს იცავს მშრომელი ხალხის ხარჯზე. დროა, რომ ეს არაჰუმანური სისტემა დაინგრეს და ნამდვილად დემოკრატიული და ხალხის მართული ქვეყანა აშენდეს, სადაც უფრო პირდაპირი დემოკრატია იქნება, ვიდრე დღევანდელი უსახო ავტორიტარულ-ოლიგარქიული სისტემა. ამისთვის საჭიროა ხალხის მართული და მათი ინტერესების დამცველი მემარცხენე ძალა. ეს უნდა იყოს ახალი ტიპის მემარცხენე ფრონტი თუ ალიანსი, რომელიც კარგად გაიაზრებს XX საუკუნის მემარცხენეების მიერ დაშვებულ შეცდომებს და უფრო თანმიმდევრულად გაატარებს ამ პოლიტიკას.
დროა, რომ ასეთი მოძრაობა დაიწყოს! ამ მოძრაობის მიზანი, ვიწრო გაგებით, არჩევნებში გამარჯვება კი არ უნდა იყოს, არამედ ქვეყანაში ამ საშინელი სიტუაციის შეცვლა, რომელმაც 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაისადგურა. დიახ, საქართველო უნდა გახდეს პირდაპირი დემოკრატიისა და მრავალხმიანი მმართველობის ქვეყანა, ისე როგორც მას ეკადრება.
ამისთვის აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს მთლიანად წალეკავს და რომელიც ხალხის ინტერებს პირველ რიგში დააყენებს. ეს ძალა თვითონ ხალხიდან უნდა ამოვიდეს.
ირაკლი კაკაბაძე