QronikaPlus
„გ. დ. ალკო“ VS „დრანკ ოკტოპუსი“

„გ. დ. ალკო“ VS „დრანკ ოკტოპუსი“

2016-05-14 07:53:34

„ქრონიკა+“-მა ერთი თვის წინათ წამოიწყო ჟურნალისტური გამოძიების სერია, რომელიც პრემიუმ კლასის ალკოჰოლურ სასმელებს („გ. დ. ალკო“ და „დრანკ ოკტოპუსი“) შორის არსებულ დაპირისპირებას ეხებოდა. „დრანკ ოკტოპუსი“ 2014 წლიდან დღემდე ჰოლანდიიდან უზრუნველყოფს არაერთი ბრენდული დასახელების ალკოჰოლური სასმელის იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულ სასმელებს შორის არის ვისკ „ჯეკ დენიელსისა“ და არაყ „ფინლანდიის“ სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელი. ზემოხსენებული ბრენდების საპატენტო უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფს პატენტრწმუნებული გიორგი თაქთაქიშვილი. 2015 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც: 1. ყადაღა დაედო შპს „დრანკ ოკტოპუსს“ და შპს „დრანკ ოკტოპუსის დისტრიბუციის“ მფლობელობაში არსებულ, ბოთლში ჩამოსხმულ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც მარკირებულია მოსარჩელეთა სასაქონლო ნიშნებით  JACK DANIEL’S  და FINLANDIA, რომელიც განთავსებულია: ქ. თბილისი, კეკელიძის ქ. #15-ში მდებარე მაღაზიაში „სმაგლერს“; 2. შპს „დრანკ ოკტოპუსს“ და შპს „დრანკ ოკტოპუსის დისტრიბუციას“ აეკრძალათ „ჯეკ დენიელს ფროფრითის ინკისა“ და „ბრაუნ ფორმან ფინლანდ ლტდს“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნებით JACK DANIEL’S და FINLANDIA  დასაწყობება, დისტრიბუცია და რეალიზაცია. მოცემული საქმის წარმოების დაწყებას წინ უძღოდა პატენტრწმუნებულ გიორგი თაქთაქიშვილის წერილი, რომლის მიხედვითაც ის გვამცნობდა, ბაზარზე დაკვირვების შედეგად მათთვის (შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“ _ იურიდიული კომპანიის ადვოკატები, რომლებიც წარმოადგენენ ზემოხსენებული ბრენდების სასაქონლო ნიშნების დამცველებს საქართველოში) ცნობილი გახდა, რომ ჩვენი მეშვეობით ხორციელდება ისეთი ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია, რომლის ბოთლზეც არ არის დატანილი საქ. კანონმდებლობით და კლიენტის ხარისხის სტანდარტით გათვალისწინებული მწარმოებლის კოდები, რაც ბრენდების „ჯეკ დენიელსისა“ და „ფინლანდიის“ კერძო უფლებების დარღვევაა (მათი თქმით, ჩვენ მიერ სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქცია ფალსიფიცირებულია). ამის შემდეგ „დრანკ ოკტოპუსმა“ მიმართა როგორც საბაჟოს, ისე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს და  ცნობა აიღო, რომელიც სასმელი სითხის იდენტურობას ადასტურებდა. წერილში ვკითხულობთ: „შპს „დრანკ ოკტოპუსი“ ალკოჰოლური სასმელების იმპორტს ახორციელებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, რაც მოწმდება საქართველოს საბაჟო ტერმინალებში ტვირთის შემოტანისა და გაფორმების დროს. 2015 წლის 28 სექტემბრიდან (მაშინ როდესაც გიორგი თაქთაქიშვილს ოფიციალურად მიეცა „ჯეკ დენიელსისა“ და „ფინლანდიის“ რწმუნებები) შპს „დრანკ ოკტოპუსმა“ ალკოჰოლური სასმელების იმპორტი/განბაჟება განახორციელა 12-ჯერ საზღვაო ტრანსპორტის მეშვეობით (კონტეინერებით) და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. სსიპ შემოსავლების სამსახური ალკოჰოლური სასმელის საქართველოში შემოტანისას ყოველ ჯერზე უზრუნველყოფდა პატენტრწმუნებულის _ გიორგი თაქთაქიშვილის ინფორმირებას“. ისმის კითხვა, _ თუ ეს ასეა, რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი „არაავთენტური“ პროდუქციის შემოწმება, ანდა გაჩერება საბაჟოზე? ქეთი გაბაძე _ „დრანკ ოკტოპუსის ერთ-ერთი დამფუძნებელი“: _ ყველა ეს ქმედება მიზნად ისახავს მოპასუხისთვის ზიანის მიყენებას. მეორე მხარე ყველანაირად ცდილობს აღნიშნული საქმის გაჭიანურებას. ელემენტარულად, სარჩელი დღემდე არ ჩაგვბარებია. საბაჟო კონტროლის გავლისას ტვირთის გაფორმებისთვის შემოსავლების სამსახურს წარედგინება განსაბაჟებელი ტვირთის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჰოლანდიის საბაჟოს მიერ გაცემული ევრო 1 „EUR 1“ სერტიფიკატი, ასევე  ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვა სახის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მსჯელობა შემოტანილი ტვირთის საეჭვო წარმომავლობასთან დაკავშირებით მოკლებულია ყველანაირ სამართლებრივ მსჯელობას. _ სარჩელი პატენტრწმუნებულ გიორგი თაქთაქიშვილის წინააღმდეგ შეიტანეთ, თუმცა ღიად აცხადებთ, რომ ყველაფრის უკან დგას „გდ ალკოს“  ხელმძღვანელი გოჩა დარჩიაშვილი. _ აგიხსნით, რატომაც: გიორგი თაქთაქიშვილის მხრიდან მისი, როგორც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და შპს „დრანკ ოკტოპუსისა“ და შპს „დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციის“ მიმართ ზიანის მიყენების მიზანმიმართულობაზე მეტყველებს ის შეტყობინებები, რომლებიც მხარემ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს გაუგზავნა. დაუკვირდით, ჯერ კიდევ განუხილველი სასამართლო დავის რეჟიმში მხარე აქტიურად უზრუნველყოფს მოპასუხეების საქმიანობის შემლახველი ცნობების გავრცელებას. _ რას გულისხმობთ შემლახველი ცნობების გავრცელებაში? _ „ქრონიკა+“-ს პირველად მინდა წარმოვუდგინო ის წერილები, სადაც ჩვენ მიმართ პირდაპირ ზეწოლაზეა საუბარი. კერძოდ, ის კომპანიები, ვისაც ჩვენ ვაწვდიდით პროდუქციას, გვწერენ, რომ „გდ ალკოს“ სადისტრიბუციო ქსელი მხოლოდ იმ პირობით მისცემს მათ სასმელს, თუ მხოლოდ მათ საქონელს ჩაიბარებენ გასაყიდად. _ ვერ გავიგე, ისინი ხომ ისედაც „გდ ალკოს“ პროდუქციას ყიდიან? _ არა, აქ იმ კომპანიებზეა საუბარი, რომლებიც, ძირითადად, ჩვენს პროდუქციას ყიდდნენ, მაგრამ როდესაც ჩვენ „ჯეკ დენიელსი“ და „ფინლანდია“ დაგვიყადაღეს, იძულებული იყვნენ, „გდ ალკოსგან“ აეღოთ ეს ორი ბრენდი. მაგრამ „გდ ალკომ“ თავისი პირობა წამოუყენა, რომ „ჯეკ დენიელსსა“ და „ფინლანდიას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდიდნენ მათ ქსელს, თუკი ყველა დანარჩენ სასმელს „გდ ალკოსგან“ აიღებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი სასმელები მთლიანად უნდა გაეტანათ და სანაცვლოდ „გდ ალკოს“ საქონელი შემოეტანათ. _ ამას, ალბათ, დამტკიცება უნდა. მათი ნათქვამი „ტეტ ა ტეტ“ კომერციული საიდუმლოს სფეროს განეკუთვნება. _ არც მასეა საქმე. ჩვენ ამ კომპანიებს ვთხოვეთ, ამის შესახებ წერილობით მოეწერათ და წერილები დოკუმენტური მტკიცებულების სახით წარვუდგინეთ „კონკურენციის სააგენტოს“. სწორედ ამ წერილებს გადმოვცემ „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად. „ქრონიკა+“ გთავაზობთ „დრანკ ოკტოპუსის“ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ წერილებს, სადაც ასახულია „გდ ალკოს“ პირდაპირი ზეწოლა „დრანკ ოკტობუსზე“. „შპს „დრანკ ოკტოპუსის“ დირექტორს, ბ-ნ იასონ ბიბილეიშვილს! თქვენი მოთხოვნის შესაბამისად გაწვდით ინფორმაციას ჩვენს სარეალიზაციო ობიექტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვისკ „ჯეკ დენიელსისა“ და არაყ „ფინლანდიასთან“ მიმართებით. ჩვენ შორის არსებული საქმიანი ურთიერთობა, ფაქტობრივად, 2015 წლიდან დღემდე გრძელდება. 2016 წლის იანვრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც თქვენ ვეღარ ახერხებთ ჩვენთვის ზემოთ მითითებული („ჯეკ დენიელსი“, „ფინლანდია“)  ალკოჰოლური სასმელის მოწოდებას, ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, იძულებული გავხდით, თანამშრომლობას დავთანხმებოდით შპს „გ. დ. ალკოსთან“, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული მოლაპარაკებები შეჩერებულია, ვინაიდან შპს „გ. დ. ალკო“ თანახმაა, უზრუნველყოს ამ პროდუქციის მოწოდება, თუმცა ერთი პირობით _ ჩვენ არა მხოლოდ ამ ორი დასახელების პროდუქცია უნდა შევისყიდოთ მათგან, არამედ მათი მოთხოვნაა, რომ სრულად ვითანამშრომლოთ „გ. დ. ალკოსთან“ და სწორედ მათგან შევიძინოთ ყველა დანარჩენი დასახელების პროდუქცია. ძალიან გთხოვთ, დროულად უზრუნველყოთ დეფიციტურ პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება (უმოკლეს ვადებში უზრუნველყოთ „ჯეკ დენიელსისა“ და „ფინლანდიის“ დასახელების ალკოჰოლური სასმელების მოწოდება), წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით, შევწყვიტოთ თქვენთან პარტნიორობა და ურთიერთობა ვაწარმოოთ შპს „გ. დ. ალკოსთან“.   ანალოგიური შინაარსის წერილები მოსწერეს „დრანკ ოკტოპუსს“ შპს-ებმა: „პრაიმმა“, „ციტრუსმა“, ყავის სახლმა „შანზელიზემ“, „ზაგომ“, „თანამ“. ასე და ამრიგად, ომი განახლდა!   გაგრძელება „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში.  

                                                                                                             თამარ როსტიაშვილი

     

გაზიარება