„ენდიაის“ (აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) ბოლო გამოკითხვის შედეგებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახალი დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა. „თავისუფალი დემოკრატები“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გასვლას აპირებენ. პარტია კენჭისყრაში გამარჯვებას ელოდება და უკვე შემდგომში კოალიციის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.
„ქრონიკა+“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს, ვიქტორ დოლიძეს ესაუბრება:
_ ბატონო ვიქტორ, რა დასკვნების საშუალებას იძლევა „ენდიაის“ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები?
_ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი კვლევა ყოველთვის გვეხმარება ხოლმე. ეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოიყენოს, რომ არსებული ვითარება უფრო კარგად გააანალიზოს და თავისი პოლიტიკური მომავალი დაგეგმოს. კერძოდ, რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, თანამშრომლობის თვალსაზრისით და ა. შ. ასე რომ, აღნიშნულ კვლევას ისე არ ვუყურებ, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აკეთებს, როცა შედეგებს მტკივნეულად განიხილავს. ნამდვილად არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს არაობიექტური დამოკიდებულება იყო.
ადეკვატურად არის ასახული ის, თუ რა ვითარებაში გვიწევს ყველას ცხოვრება. რაღაც სხვა პლანეტაზე ხომ არ ვარსებობთ? ყველაფერი ხდება ჩვენ გარშემო, ოჯახებში, სამეგობრო წრეებში და, საერთოდ, საზოგადოებაში, ქვეყანაში. რეალურად, ეს არის ურთულესი მდგომარეობა სოციალური ფონის, დასაქმების, ეკონომიკური სიტუაციის თვალსაზრისით. ამიტომ ადეკვატური შეფასებები კარგად უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალი პოლიტიკური საქმიანობა სწორად დავგეგმოთ.
_ რაც შეეხება პარტიებისა და ლიდერების რეიტინგულ მაჩვენებლებს?
_ პოლიტიკური მაჩვენებლები საქართველოში ყოველთვის საკამათო თემა იყო. ერთი მხრივ ის, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მზარდი პარტიაა, ეს ტენდენცია მაკმაყოფილებს, _ სულ უფრო იზრდება ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა და ეს რეალობაა. მომწონს, რომ მეორე არჩევანი ყველაზე მაღალი გვაქვს და ის, რომ ნეგატივი ყველაზე დაბალია, _ საერთოდ არ გვაქვს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა კითხვები გვაქვს და ესეც შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება იყოს. ვთქვათ, როცა ირაკლი ალასანიასა და დავით ბაქრაძის რეიტინგებზე ვსაუბრობთ. როგორ შეიძლებოდა, ალასანიას რეიტინგი სამ თვეში 50%-ით დაცემულიყო და ბაქრაძე იყოს დღეს ქვეყანაში ნომერ პირველი პოლიტიკოსი? მართალი გითხრათ, დიდი ეჭვი მეპარება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მსურს, აღნიშნულ კვლევას არაობიექტური და სუბიექტური დავარქვა. მაინც მირჩევნია, რომ ეს მომავალი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის გამოვიყენოთ.
_ რა ტენდენციები ჩანს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაში, რას გამოყოფდით?
_ ძალიან რთული მოცემულობაა, რადგან პროცესები სულ უფრო უკან მიდის. საზოგადოების განწყობა უფრო ნეგატიურია. ეს გასაგებიც არის, რადგან არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ლარის დევალვაცია, ფასების მატება ამაზე მეტყველებს. პენსიონერის, სტუდენტისა თუ სხვათა ცხოვრებაში არანაირი გაუმჯობესება არ ჩანს.
შესაძლებელია, მდგომარეობა დრამატულად არ გაუარესებულა იმ მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიღო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მიღებული მემკვიდრეობა არცთუ სასიამოვო იყო. ამ მხრივ ობიექტურობის შენარჩუნება ყველას გვმართებს. მეორე მხრივ ის, რომ რაღაც რადიკალური, პროაქტიური ნაბიჯები არ იდგმება და საზოგადოება ამას საკუთარ მხრებზე გრძნობს და განიცდის, აქაც ორი აზრი არ არსებობს. არ ვიცი, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში მთვრობამ ისეთი რა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ ვითარება გამოასწოროს? ვისაც გადაწყვეტილება არ მიუღია (ასეთი 60%-ია), დააინტერესოს და ხმა მიაცემინოს. გაუგებარია, ეს როგორ მოხდება. მაგრამ დღეს რომ ხელისუფლების გარშემო ურთულესი საარჩევნო ველია, ეს ეჭვგარეშეა და მგონია, რომ ამის დადგენას დიდი კვლევა არც სჭირდება. ჩვენ დავდივართ ქვეყანაში, ხალხთან უშუალო კომუნიკაცია გვაქვს და ვხედავთ, რომ ეს დამოკიდებულება მართლაც რეალურია.
_ ხალხთან შეხვედრები ახსენეთ, რა ჩანს აღნიშნული საუბრებიდან?
_ უამრავი პრობლემაა _ დასაქმება, წამლების ფასები, პენსიები... მუშაობა გვინდა, ყველაფერი შეგვიძლია, მაგრამ ამას ვერა და ვერ ვახერხებთო. ძირითადი კონტინგენტი მაინც უფრო საჯარო სექტორშია დასაქმებული. მცირე და საშუალო ბიზნესი განუვითარებელია. ქვეყანაში საშუალო ფენა ვერა და ვერ შეიქმნა. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისა და მთლიანი შიდა პროდუქტის 75% მცირე და საშუალო ბიზნესზე არის დაფუძნებული. საქართველოში ეს მაჩვენებელი, სადღაც, 25%-მდეა, ანუ დანარჩენი 50% როგორ უნდა შეავსო, ამის პერსპექტივაც არ ჩანს. ალბათ, ამას კიდევ 50 წელი დასჭირდება.
უბრალოდ, პატარა ქვეყანა ვართ და იმედი მაქვს, თუკი პროაქტიური, სწორი, გეგმაზომიერი ეკონომიკური ჩარევები იქნება, შეიძლება ცოტა მალევე გავიმართოთ წელში. მაგრამ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი რეალურად არ არსებობს. მდიდრდება იგივე ხალხი, ფულს აკეთებს იგივე კატეგორია. ეს წრე არ გაფართოვდა და საშუალო ფენა სოლიდურად ვერაფრით ჩამოყალიბდა. ეს ძალიან ცუდი და დამანგრეველი რეალობის მომასწავებელია. ამიტომაც არის ასეთი განწყობები აბსოლუტურად ადეკვატური. ჩვენ ამას გვეუბნება თითოეული მოქალაქე რეგიონებში, სადაც დავდივართ. იცით, რომ ჩვენ ეს მოძრაობა დიდი ხანია, დავიწყეთ.
_ მოქმედებს თუ არა ხელისუფლების რეიტინგზე პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება?
_ ჩემი აზრით, კი. ალბათ, ურიგო არ იქნებოდა, საზოგადოებაში ამის კვლევაც რომ ჩატარებულიყო. ხალხს ნამდვილად მობეზრდა სხვის პირად ცხოვრებაში ხელის ფათური. ყველაფერს ორი მხარე აქვს. იცით, რა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. საერთოდ არ მაინტერესებს სხვისი ცხოვრება, მით უმეტეს, პირადი ცხოვრება. და საერთოდ, ეს ხომ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია! ჩვენ ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი! ეს ეპოქალური ცვლილება იქნება, თუკი მოვახერხებთ და რაღაც პოსტკომუნისტური გადმონაშთიდან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაზე გადავალთ. დღეს როგორ შეიძლება, თავისუფალი ვუწოდოთ საზოგადოებას, როდესაც მას ელემენტარული დაცულობის განცდა არ გააჩნია, რადგან ყოველდღე შეიძლება კადრებს უყუროს?! ჩემი აზრით, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც უნდა დავამთავროთ. იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოებაში ეს სწორად აღიქმება. ხელს არავის ვადებ, ამას ხელისუფლება აკეთებს თუ ნებისმიერი სხვა მხარე. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მოდის.
_ ხელისუფლების მხრიდან თუ ჩანს ნება, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესვას?
_ ეს ნება მაშინ გამოჩნდება, თუკი, მაგალითად, მოსმენების კანონთან დაკავშირებით (რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო) ნაბიჯს გადადგამს, გასაღებსაც ტრანსპარენტულს გახდის და ქვეყნის უსაფრთხოებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ეს გამოჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიებას რეალურად განახორციელებს; ერთ საქმეს მაინც ბოლომდე მიიყვანს და ხალხს დაანახვებს, რომ ამის გაკეთება შეუძლია, შესაბამისი უნარი და პოლიტიკური ნებაც აქვს. ჯერჯერობით, რაც ხდება, ამ კადრების ჩვენების განგრძობადობაა, მე სხვას ვერაფერს ვხედავ. არ მგონია, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება ეფექტური მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებდეს.
_ არჩევნების დანიშვნის ბოლო პერიპეტიებზე რას იტყვით?
_ ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტს აკრიტიკებენ, მის ერთგვარ სიჯიუტეზე საუბრობენ, რომ სხვას ეჯიბრება. ვფიქრობ, ასეთ დამოკიდებულებას უნდა მოვეშვათ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ინსტიტუციური ბრძოლიდან ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე უნდა გადავიდეთ. ეს ქვეყნისთვის უფრო მისაღები და სასარგებლო გზა იქნება. იქნებ, ეს თემა, რაც შეიძლება, დროულად მოვაგვაროთ. ამის შესაძლებლობა არსებობს და საჭირო თანხაც გამოიძებნება. ნამდვილად ცუდი არ იქნება, თუკი 5 თვით ადრე საარჩევნო ტენდენციები გამოიკვეთება. პირიქით, ეს მხოლოდ დადებითი ფაქტორია.
არასამთავრობო სექტორი, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნები“, ისეთ მოდელს გვთავაზობს, რომ საარჩევნო კამპანია ადრეულად დაწყებული და პროგნოზირებადი იყოს, მაგრამ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში მოხდეს ხარჯების გამოყოფა შესაბამისი საარჩევნო პროცედურებისთვის. ანუ ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ. პრეზიდენტმაც მზაობა გამოთქვა, თავისი ფონდიდან თანხა გამოყოს და ამ პროცესს წაეხმაროს. რეალურად, აქ იურიდიულ-სამართლებრივ კაზუისტიკასთან გვქონდა საქმე. ახლა ამის გამოსწორება საჭიროა და აქ ორი აზრი არ არსებობს. ეს გამოსწორებადია და ამის გამო ერთმანეთს ნუ დავხოცავთ.
_ რას აპირებთ „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნებზე, ცალკე გადიხართ, თუ შეიძლება რომელიმე ბლოკში გიხილოთ?
_ რასაკვირველია, ცალკე და ეს ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი საკითხია. ჩვენ ამ სიტყვას არ გადავალთ. ზრდასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს _ კარგი შესაძლებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ინდივიდუალურ რეჟიმში გავიდეთ და ჩვენი თავიც მოვსინჯოთ. ვერც ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა გავერთიანდეთ რომელიმე პარტიასთან, იდეოლოგიურად მეტ-ნაკლები განსხვავებებისა, თუ ერთნაირი მოსაზრებების გამო. დღეს „თავისუფალი დემოკრატები“ სავსებით მზად ვართ, რომ ინდივიდუალურად გავიდეთ არჩევნებზე და ჩემი აზრით, იმის შესაძლებლობაც არის, რომ რეალურ წარმატებას მივაღწიოთ.
_ რა შედეგებს ელოდებით?
_ რასაკვირველია, არჩევნებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, აქ ორი აზრი არც შეიძლება არსებობდეს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არ მინდა, ილუზიებს დავეყრდნო, მაგრამ დღეს ქვეყანაში ისეთი წინასაარჩევნო პერიოდია, მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ მსგავსი რეალობა არასოდეს ყოფილა, როცა ვერაფერს იწინასწარმეტყველებ. შეიძლება, არჩევნებზე ისეთი ციფრები დაჯდეს, რომ იძულებითი კოალიცია გაკეთდეს, რაც ასევე დემოკრატიისთვის, მომავალი განვითარებისთვის და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისთვის კარგია. არ მგონია, რომ რომელიმე ძალამ აიღოს ყველაფერი და უმრავლესობის ფორმირება შეძლოს.რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია და მასში ბოლომდე ჩავერთვებით.
გელა მამულაშვილი