2012 წლის გაზაფხულზე მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი და ქვეყნის ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად გადაიყვანა. ერთი შეხედვით, ეს დაწინაურებას ჰგავდა, მაგრამ კულუარებში ამბობდნენ, რომ სააკაშვილი პოლიციაში მერაბიშვილის მზარდმა ავტორიტეტმა შეაშინა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ბაჩო ახალაიამ ჩაიბარა, მერაბიშვილ-ახალაიას დაპირისპირება კულისებიდან სცენაზე გამოვიდა.
დაპირისპირება კი ბევრად უფრო ადრე დაიწყო. მერაბიშვილს ახალაია-კოდუების ალიანსის ძალიან ეშინოდა და მუდმივად მათ დაპირისპირებაზე აპელირებდა, პარალელურად კი კომპრომატებს აგროვებდა.
2010 წელს არასრულწლოვანთა კორპუსში აივ ინფექციით დაავადებული მოზარდები აღმოჩნდნენ, ახალაიამ სიმართლის გარკვევა დაიწყო და ამ გარკვევის პროცესში სისტემაში ერთ შეუმჩნეველ და უსახურ თანამშრომელს, ლადო ბედუკაძეს წააწყდა. ხელისუფლებას იმიჯი იმდენად შელახული ჰქონდა, ამ ფაქტის გახმაურების შეეშინდა, ლადო ბედუკაძე კი სისტემიდან გაგდებას ამირან მესხელმა გადაარჩინა. არა მხოლოდ გადაარჩინა, არამედ გადაიბირა კიდეც. ბედუკაძის სისტემაში დატოვება ბაჩო ახალაიას გამოუსწორებელი შეცდომა იყო. მოგვიანებით, როცა ციხის სკანდალური კადრების გამოჩენამ „ქართულ ოცნებას“ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია, ემოციური და დამუხტული დღეების მერე, სიტუაციის ანალიზისას აღმოჩნდა, რომ ე. წ. ციხის კადრები პირადად ლადო ბედუკაძის ჯალათობისა და მის მიერ ნაწამები პატიმრების ფირებზე აღბეჭდვა იყო, რომელიც ამირან მესხელის დავალების შესრულებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სისტემურ დანაშაულს. საერთაშორისო საზოგადოება შოკში კარანტინის დაშლის კადრებმა ჩააგდო, რომელიც სულ სხვა პირმა, დათა აკობიამ გადაიღო გიორგი ლომიას ორგანიზებით, თუმცა კადრების არსებობის შესახებ მთავარმა პროკურატურამ ინფორმაცია ერთი კვირით ადრე მიიღო და გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ ხელისუფლების ამ ნაბიჯს ქუჩაში აგორებული ტალღის შეჩერება უკვე აღარ შეეძლო.
2012 წლის ზაფხულის დასაწყისში სააკაშვილის კარზე დაპირისპირება კიდევ უფრო მკაფიო გახდა, ხელისუფლების მერაბიშვილის ფრთა და მოქმედი ძალოვნები, როგორც ჩანს, საკუთარ ბედზე დაფიქრდნენ. 2012 წლის 28 აგვისტოს იყო ლაფანყურის სპეცოპერაცია. მესამე წელია, ამ სპეცოპერაციის დეტალების გარკვევას ვცდილობ, უამრავ ადამიანს შევხვდი, არაერთი ოფიციალური და კულუარული ინფორმაცია მივიღე, ფაქტების ერთჯერადი ანალიზი მარტივი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, _ ლაფანყური ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიმართული შურისძიება იყო.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ფრთა მისგან აქტიურ ქმედებებს ითხოვდა. მოქმედ პრემიერს ეუბნებოდნენ, _ არჩევნების მერე „ნაციონალური მოძრაობა“ ძველი ტვირთისგან განთავისუფლებას შეეცდებოდა და არსებობდა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ამის დასტურად ვანო მერაბიშვილის, ვაჟა ლელუაშვილის, ამირან მესხელისა და სხვა ძალოვნების დაკავება იგეგმებოდა. ამ დაკავებით მოხდებოდა ორთქლის გამოშვება, ძველი ცოდვები მათთან ერთად ჩამოიწერებოდა და სააკაშვილი პრემიერის რანგში ახალ ოთხწლიან ციკლს სწორედ მათ გარეშე დაიწყებდა.
მოქმედი პრემიერი ერთადერთი იყო, ვისაც ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. მოქმედი ძალოვნები, ერთ ვერსიად, ივანიშვილის მხარეს გადასვლას და 2003 წლის სცენარის განმეორებას გეგმავდნენ, მაგრამ ვანო მერაბიშვილმა ვერ გარისკა, ის საჯარო პოლიტიკოსი არასოდეს ყოფილა, კულუარული თამაშები და ინტრიგები ბევრად უკეთ გამოსდიოდა, თან სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნდა NDI-ის კვლევაც, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს დამაჯერებლად იგებდა, ამიტომაც მერაბიშვილის ჯგუფი ისევ კულუარული მოქმედების გზას დაადგა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობიდან გადაყენების პერიოდში, სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში, ოთხეული შეიკრიბა. ვანო მერაბიშვილის, ამირან მესხელის, ვაჟა ლელუაშვილისა და ზაზა გოგავას შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული ციხის სკანდალური კადრები უნდა გასაჯაროებულიყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არსებობს ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერიც, რომელიც ლეგალურად დამზადდა და ამით ოთხეულმა ერთმანეთს მკაფიოდ უთხრა, რომ არაოფიციალურ ჩაწერას აზრი არ ჰქონდა. შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, ჩემი წყაროს ცნობით, მალე გამოქვეყნდება. ის თავდაყირა დააყენებს ყველა იმ კულუარულ გარიგებას, რომელიც გვიან გაზაფხულზე საბოლოოდ გაფორმდება და რომელიც ქვეყნის არევას ისახავს მიზნად!!!
ოთხეულის საიდუმლო სერობას რომ დავუბრუნდეთ _ იმ მომენტისთვის მათი მთავარი ამოცანა იყო სიტუაციის ისე არევა, რომ ხელისუფლებას კონტროლი ვერ მოეხერხებინა, არევის მერე კი გამოჩნდებოდა, როგორ დალაგდებოდა. ისინი იმედს იტოვებდნენ, რომ დაჭერას გადარჩებოდნენ, სამომავლო დალაგება კი მათ გარეშე არ (ვერ) მოხდებოდა. ეს იყო მთავარი გადაწყვეტილება და სხვა ყველაფერი დანარჩენი ლირიკაა, მათ შორის, ისიც, ვინ იმყოფებოდა რუსებთან და „ქართულ ოცნებასთან“ კოორდინაციაში...
მაგრამ ოთხეულმა რაღაც ვერ გათვალა. მათ ვერ გაითვალისწინეს იმ აგრესიის მასშტაბები, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ იყო დაგროვილი და ვერც ის, რომ ეს აგრესია მხოლოდ ახალაიებს კი არა, ყველას წალეკავდა.
აირია და აღარ დალაგდა _ ამ ორი სიტყვით შეიძლება იმ სიტუაციის შეფასება, რომელიც 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მოჰყვა. ვანო მერაბიშვილი ციხეში აღმოჩნდა, ასევე დააპატიმრეს „კუდის“ ყოფილი ხელმძღვანელებიც, მათ შორის, ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა. რაც შეეხება ამირან მესხელს, მან საქართველო მშვიდად დატოვა, უფრო ადრე ქვეყნიდან ფული გაიტანა, ხოლო რაც შეეხება ზაზა გოგავას, მისი ამ სქემაში მონაწილეობა მხოლოდ შეთქმულთა თათბირში მონაწილე პირებმა იციან და „ქრონიკა+“-ის მეშვეობით მკითხველი დღეს გაიგებს.
დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი მარტივად მიხვდა, რომ ვანო მერაბიშვილს საკუთარი თავის პატრონობაც აღარ შეეძლო. დაკავებიდან ორი თვის თავზე მან ჩვენება მისცა და თავისუფლებაც მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ხუთიდან სამი ბრალი იქვე აღიარა. რის სანაცვლოდ მოხდა გარიგება? საქმეში ჩაუხედავი ექსპერტები ამბობენ, რომ გარიგება კომპრომატების სანაცვლოდ მოხდა, რეალურად კი ტყეში დამალული ფირების ადგილსამყოფელი ხელისუფლებას სულ სხვა პირმა მიუთითა. ვაჟა ლელუაშვილმა ახალი პატრონის ძებნა დაიწყო და მოახერხა კიდეც _ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ცოლის ნათესავების სახით.
თამაზ თამაზაშვილის დაკავებაზე ციხეში მის მიერ გატარებულ წლებზე ბევრი ლეგენდა, ტყუილი და მართალი მაქვს მოსმენილი, ყველაზე სარწმუნო მაინც ის ვერსიაა, რომ ის გაფაქტული ჰყავთ. ამიტომაც ვერ იშორებს გვერდიდან ლადო ბედუკაძეს, რომელიც მის მიერ შეთხზული ლეგენდების მოწმედ სჭირდება. უწყების სრული კონტროლის გზაზე თამაზაშვილმა რამდენიმე ადამიანის მეშვეობით თავდაპირველად გზიდან მინისტრის პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე ჩამოიშორა, ხოლო ვაჟა ლელუაშვილის პირველი ტესტის („კუდის“ ხელწერილების გასაჯაროება) ჩაბარების მერე მათი ურთიერთობა ბევრად უფრო მჭიდრო და თანმიმდევრული გახდა. იმის გამო, რომ ოფიციალურ სტრუქტურაში „ოტოს“ უფროსიც და მოადგილეც ბიძინა ივანიშვილის პირადი კადრები იყო, ირაკლი ღარიბაშვილს ამ სეგმენტზე ერთპიროვნული გავლენა არ ჰქონდა, ყოფილი „კუდის“ თანამშრომლების გამოყენებით თამაზაშვილ-ჯანყარაშვილმა ალტერნატიული სამსახური შექმნა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვაჟა ლელუაშვილმა 2014 წლის დასაწყისში, არალეგალური გზით, ქვეყანაში მოსასმენი აპარატურა შემოიტანა, შეიძინეს რამდენიმე ათეული ავტომანქანაც და მუშაობაც დაიწყეს. თითქმის დადასტურებული ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე ფრიად საინტერესო ოფისი მდებარეობდა, სადაც მიღებული ინფორმაცია ანალიზდებოდა და ხარისხდებოდა, მობილურ ტელეფონებს მასობრივად ვერა, მაგრამ ფრაგმენტულად მაინც ისმენდნენ, სპეციალური პროგრამის მეშვეობით ისმენდნენ სკაიპსაც. ეს ის პერიოდია, როცა ღარიბაშვილი პერიოდულად აჟღერებს ინფორმაციას, რომ „მოდულიდან“ აპარატურა გატანილია და ხელისუფლებას ოპოზიცია უსმენს. ინფორმაციამ დროზე ადრე მაინც გაჟონა. უმცირესობის დეპუტატი გივი თარგამაძე საგანგებო ბრიფინგს ატარებს და ვაჟა ლელუაშვილის გვარს ახსენებს, „კუდის“ უფროსის ყოფილ მოადგილეს მოულოდნელად პირველი არხი პოულობს (ეს ის პერიოდია, როცა სხვა ტელევიზიებში ღარიბაშვილის მრჩევლებს „დოსტუპი“ არ აქვთ). ვაჟა ლელუაშვილი ამბობს, რომ გივი თარგამაძე ტყუის, მას არანაირი შეხება მოსასმენ აპარატურასთან არ აქვს. ამის შემდეგ ყოფილი ძალოვნები ფრთხილობენ, თუმცა მუშაობას არ წყვეტენ და საკუთარ კადრებს ნელ-ნელა უწყებაში ნერგავენ. სწორედ ამ დროს თანამდებობებზე დაინიშნენ ისეთი ოდიოზური პირები, რომლებიც შემდგომ იური ვაზაგაშვილის ცნობილ სიაში მოხვდნენ და რომლებიც სხვადასხვა დროს მძიმე დანაშაულში არიან მხილებულნი. 2014 წელს გარემოს დაცვის სამინისტროში ოფიციალურ თანამდებობაზე ქვემო ქართლის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსად ელგუჯა ხოკრიშვილმა ამჟამად დაკავებული „კუდის“ ყოფილი თანამშრომელი, გიგლა შიოშვილი დანიშნა. ეს ის შიოშვილია, რომელმაც „სახალხო კრების“ წევრებს, ვასილ გოგალაძეს და ზაურ მაკარიძეს, ერთი და იგივე იარაღი ჩაუდო. ვასილ გოგალაძემ 2012 წელს ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას გიგლა შიოშვილისა და ირაკლი ყიფშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, მაგრამ დაკავების ნაცვლად ეს პირები სახელმწიფო სამსახურს შეაფარეს. ელგუჯა ხოკრიშვილი რომ ე. წ. კახელების კლანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მგონი, ამას მტკიცება აღარ სჭირდება. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ხოკრიშვილი განაგებს ქვეყნიდან გატანილ ფულს და სწორედ მან შეაძენინა ახლახან ყოფილ პრემიერს ბინა ბერლინში.
თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის მიერ ძალოვან უწყებაში ხალხის ჩანერგვა ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადაყენებამდე გრძელდება. 2015 წლის ბოლოს ძალოვანი უწყების კონტროლს პირადად ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა იღებს საკუთარ თავზე.
მიშა სააკაშვილისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს „ანაკონდის“ ყნოსვა აღმოაჩნდა, მან მკაფიოდ იგრძნო საფრთხე, ასე მოხდა 2014 წლის ბოლოს, როცა ძალოვანი უწყების სრული კონტროლი პირადად დაიწყო და ასე მოხდა 2015 წლის ბოლოს, როცა ახალი შეთქმულების დაწყების წინ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ჩამოაშორა.
კახელების კლანის შეთქმულებაზე იმდენი დაიწერა, დეტალებზე აღარ შევჩერდები. ფაქტი ერთია _ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით დაწყებული, პირადი ცხოვრების ფირების გამოქვეყნებით დამთავრებული, შეთქმულთა გეგმის ნაწილი იყო. მათ იმის განმეორება დააპირეს, რაც 2012 წელს წარმატებით განახორციელეს, ააყირავეს სააკაშვილის ხელისუფლება და არიეს ქვეყანა, მაგრამ ვერ ააყირავეს ბიძინა ივანიშვილი და ქვეყნის საბოლოოდ არევას აპირებენ. კახელების არაოფიციალური „კუდის“ ყველა ძირითადი წევრი დაპატიმრებულია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვაჟა ლელუაშვილს ამ ორი წლის განმავლობაში მომხდარი ყველა შეხვედრა გადაღებული და საგულდაგულოდ შენახული აქვს. სავარაუდოდ, იგი სწორედ ისე მოიქცევა, როგორც პირველი დაჭერისას _ ორი თვე დაელოდება, თუ შეხედავს, რომ თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის კლანს მისი გადარჩენის რესურსი არ გააჩნია, თავისუფლების ან სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ საკუთარი ჩვენებით ივაჭრებს.
წინ საინტერესო გაზაფხული და კიდევ უფრო ცხელი ზაფხულია.
ელისო კილაძე