QronikaPlus
ვის ართმევს ხმებს „გირჩი“ და რას გეგმავს მის წინააღმდეგ ენმ?

ვის ართმევს ხმებს „გირჩი“ და რას გეგმავს მის წინააღმდეგ ენმ?

2016-04-25 10:55:18

ფილარმონიის მრავლისმნახველი დარბაზი, ბოლოს, ალბათ, დიდი ხნის წინათ იყო გადავსებული პარტიული შეკრების დროს: კიბეებზე ჩამომსხდარი დელეგატები, გარეთ შეკრებილი მხარდამჭერები და, ზოგადად, დიდი ინტერესი საზოგადოებაში 16 აპრილის ყრილობას თან სდევდა. თუმცა იქვე, ფილარმონიის სიახლოვეს, იდგნენ ადამიანები, რომლებიც ბაიბურშიც არ იყვნენ, რა ხდებოდა. მაგალითად, ყრილობის დასრულების შემდეგ, სანამ რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატები თავიანთ ავტობუსებს მიაშურებდნენ, მათ ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელი ფასიანი ტუალეტის ძებნა-ძებნის დროს გადაავსეს, ხოლო როცა იპოვეს, კარში მჯდარმა გახარებულმა ქალმა, რომელიც ხურდის დათვლას ვერ აუდიოდა, იქვე სამეთვალყურეოდ დატოვებული დელეგატის პაწია ქაღალდის ჩანთებზე მწვანე გირჩის ემბლემის შემხედვარემ, გადაწყვიტა, მიხვედრილობის დემონსტრირება მოეხდინა და იკითხა: „გარემოს დაცვის რამე შეკრება იყო? მწვანეების?“ „გირჩის“ მომხრეებისგან განსხვავებით, ენმ-ს წევრებს, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ის უფრო აინტერესებდათ, რამდენი „მწვანე“ დაჯდა ეს ყრილობა, დელეგატთა ტრანსპორტირება, ყოველ ადგილზე დახვედრებული ჩანთები და სამახსოვრო სუვენირები. სუვენირებს შორის მაგნიტური გირჩიც იყო _ რკინის ნაკეთობებზე დასაკრავი, ამიტომ ერთ-ერთმა დელეგატმა გურიიდან იხუმრა კიდეც, _ ხვალ რომ თბილისში აღწერა ჩაატარონ იმის გასარკვევად, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს, ადვილად გაარკვევენ, რადგან ვისაც მაცივარზე გირჩი ექნება დაკრული, ჩვენიაო... და მაინც, როგორც ჩანს, ენმ-სთვისაც და „გირჩისთვისაც“ მთავარი პრობლემა ის ამომრჩეველი იქნება, რომელსაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, მაცივარზე გირჩის სუვენირი მიაკრას, თუ კედელზე უკვე გაკრული, მიშას ფოტოთი გაფორმებული კალენდრის ერთგული დარჩეს, აი, იმის, მიშას რომ თავი აქვს გამოყოფილი მანქანიდან და ხელში ვარდი უჭირავს, ფოტოს ზემოთ კი წითელ წრეში ჩასმული ხუთიანი ზიმზიმებს... რა გასაკვირია და, გირჩელების დღითი დღე მზარდი პოპულარობა, „ქართულ ოცნებაზე“ მეტად, ენმ-ს აბრაზებს. კაცმა რომ თქვას, ეს გასაგებიცაა, თუკი ჩავთვლით, რომ გირჩელები ხმებს სწორედ ენმ-ს ართმევენ და არა სხვა პარტიებს, ან კოალიციებს. თავად „გირჩში“ აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ არის ენმ-ს მხარდამჭერთა გადაბირება, ან მათი ხმების მოპოვება _ მათი თქმით (და ამას ყრილობაზეც გაუსვეს ხაზი), ნეიტრალური ხმების მოპოვებაზე არიან ორიენტირებული: „ჩვენ გვხვდება ხალხი, რომელთაც ხელი ჩაიქნიეს პოლიტიკაზე, ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, რომ მათი ჩარევით არაფერი შეიცვლება, რომ 25 წელია, ერთსა და იმავე სახეებს უყურებენ და მობეზრდათ. ჩვენი მიზანია, ამ ხალხს ვუთხრათ, რომ ხელის ჩაქნევა ნაადრევია, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათზე იზრუნებს და მათთან ერთად შექმნის ახალ საქართველოს“, _ ეს იყო ყრილობის მთავარი გზავნილი პარტიის თავმჯდომარედ არჩეული ზურაბ ჯაფარიძისგან, რომელიც შეკრებაზე წარადგინეს, როგორც „საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი“. ალბათ, სწორედ ამ ფრაზებიდან ერთ-ერთმა: „25 წელია, ერთსა და იმავე სახეებს უყურებენ“, გამოიწვია ენმ-ს დეპუტაციის გაღიზიანება. ამაში მათ წინა ხელისუფლების კრიტიკაც დაინახეს და მეტიც: არ ვიცი, ენმ-ს ჩარევით თუ მის გარეშე, მხარდამჭერებში გავრცელდა ხმები, რომ ყრილობაზე მკაცრად გააკრიტიკეს მიხეილ სააკაშვილი, რის გამოც რამდენიმე დელეგატი, პროტესტის ნიშნად, დარბაზიდან გავიდა. სინამდვილეში, ამგვარი არაფერი მომხდარა: არც წინა ხელისუფლება, არც მიხეილ სააკაშვილი ყრილობაზე არც ერთ გამომსვლელს არ უხსენებია, ხოლო იმ მოსაზრების გასანეიტრალებლად, რომ გირჩელებმა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას მოუკლეს, დიდ ეკრანზე ვიდეორგოლი წარმოადგინეს, სადაც სხვა რამეებთან ერთად ივანიშვილის ახირება _ მცურავი ხეც იყო გაშარჟებული. და მაინც, რა შეიძლება აღიზიანებდეთ „ნაციონალებს“ გირჩელების? ალბათ, სწორედ ამ უკანასკნელთა მიერ არჩეული ტაქტიკა, რომ ენმ-სგან განსხვავებული რიტორიკით იმოქმედონ, რაც იმას გულისხმობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ ჩანს და მასთან მხოლოდ ლოგიკას მივყავართ, ნაკლებად ახსენონ. სამაგიეროდ, თავიანთ მთავარ კოზირს მიაწვნენ: ეკონომიკას და ეკონომიკური მდგომარეობის სივალალეს, ამას დაუმატეთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრეები და საკმაოდ მსუყე ელექტორატი გამოდის. სხვა საქმეა, რომ „ნაციონალებმა“ ეს ტაქტიკა სათავისოდ გამოიყენეს და ხაზს უსვამენ, გირჩელები ბიძინას არ ეხებიანო, მაგრამ, მეორე მხრივ, ბიძინას რაღა უნდა გაუკვირდეს მას შემდეგ, რაც მასზე გაუგონია და წაუკითხავს, ხოლო „გირჩის“ მიზანმიმართული სვლები ხელისუფლების, მთავრობის ნაბიჯების წინააღმდეგ, შესაძლოა, სწორედ ივანიშვილის იმიჯს ურტყამდეს ყველაზე მეტად. მით უმეტეს, „გირჩი“საყოველთაო ისტერიას არ აჰყოლია და არ დამსგავსებია, მაგალითად, „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლებიც პრობლემებზე საუბრის დროს აუცილებლად ხაზს უსვამენ ხოლმე, _ პრემიერის იმედი გვაქვსო... ჩვენი ინფორმაციით, ენმ-ში დიდი ბჭობა და თათბირია, როგორ განეიტრალდეს „გირჩი“ ისე, რომ თავად ენმ არ დაზარალდეს. უმრავლესობა მათ ფინანსურ რესურსებზე წერტილოვანი დარტყმების მომხრეა, შესაბამისად, უახლოეს დღეებში მედიაში სტატიები გაჩნდება იმის შესახებ, რომ „გირჩს“ ისეთი ბიზნესმენი აფინანსებს, რომლის კომპანიაც ზედიზედ იგებს სახელმწიფო ტენდერებს. ეს ინფორმაცია საჯაროა და კონტროლის პალატის ვებგვერდზე ხელმისაწვდომიც. ისიც ფაქტია, რომ სწორედ „გირჩია“ მეორე ადგილზე პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, რომელმაც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო და ზოგადად თუ ვიტყვით, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „გირჩს“ დაფინანსების წყაროების შესახებ საუბრისას მოუწევს, უფრო მეტი გამჭვირვალობა გამოიჩინოს _ შეკითხვები არსებობს, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება პასუხები. ენმ-ს მეორე, ნცირე ნაწილი, ჩვენი წყაროს ცნობით, „გირჩს“ სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამს, მათ კნინობითი ფორმით მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის ბარიერსაც კი ვერ გადალახავს. ეს, ალბათ, ის ნაწილია, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინადღეებში ირწმუნებოდა, ბიძინა რისი მომგებიაო და ხითხითებდა... თავად გირჩელები კი წინასწარ არჩეულ სტრატეგიას მიჰყვებიან. ცხადია, ამომრჩევლებში კარგად იმუშავებს და მუშაობს კიდეც ზურაბ ჯაფარიძის ფაქტორი. „კვირიკაშვილის ფაქტორისგან“ განსხვავებით, ჯაფარიძის ფაქტორის მთავარი კოზირი სწორედ ისაა, რაც დღეს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს _ ეკონომიკური მდგომარეობა და კეთილდღეობა: ჯაფარიძე ხომ ხალხში სწორედ იმ პირთან ასოცირდება, ვისაც ამ ყველაფრის გაუმჯობესება შეუძლია და, სხვათა შორის, ამაში „დამნაშავე“ სწორედ ენმ-ა, რადგან სწორედ პარტიის ელიტა არ იშურებდა კომპლიმენტებს ზურაბ ჯაფარიძის, როგორც ეკონომიკის უბადლო მცოდნის მიმართ... გირჩელებს არც ის ანაღვლებთ, რომ „ენდიაის“ ბოლო კვლევებში ვერ მოხვდნენ და მიიჩნევენ, რომ ზაფხულში აუცილებლად მოხვდებიან. ყრილობის შემდეგ ისინი რეგიონული ოფისების შექმნაზე და არსებულის გაძიერებაზე გადავლენ, ენმ-ში კი სტრატეგიის შეცვლას არ აპირებენ და უახლოეს პერიოდში „გირჩს“ აუცილებლად „გატისკავენ“. შესაძლოა, ეს შინაომი პროდასავლურად მიჩნეულ პარტიებს შორის რეგიონებშიც გაგრძელდეს. ვინ უფრო მეტად შეინარჩუნებს ღირსებას ამ ომში, ამაზეც ბევრი ხმა იქნება დამოკიდებული...  

                                                                                                                                  ლაშა ბერულავა

გაზიარება