ა/ო მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ აგრძელებს რაიონებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვითი ნაწილის შესწავლას. ამჯერად ორგანიზაციის თვალთახედვის არეში ქვემო ქართლის რეგიონი მოექცა.
„ქრონიკა+“ „მედიატორის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გოჩა ყოლბაიას ესაუბრება:
_ არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორმა რეგიონული კვლევის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, მასალები გამოითხოვა _ შედეგები მძიმე და ძალიან დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მივყვეთ თანმიმდევრულად ქალაქების მიხედვით:
მარნეული
2016 წლის 13 იანვარს გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს. მან საბიუჯეტო სახსრებით შეიძინა 5 honda CRV და ერთი TOYOTA CAMRY, ჯამურად 106 000 ლარი გადაიხადა.
საბიუჯეტო თანხების ასეთი არაადეკვატური ფლანგვის გარდა შეკითხვებს ბადებს ავტომობილებში არასაბაზრო თანხის გადახდა.
გამგეობის მფლანგველობისკენ მიდრეკილებას ასევე ადასტურებს სოფელ იმირში არსებული საფეხბურთო მოედანი, რომლის რეაბილიტაციაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 30 647 ლარი დახარჯა. რეალურად კი სტადიონის ტრიბუნებისთვის განკუთვნილი ადგილი ჩვეულებრივი ნაგავსაყრელია...
რუსთავი
საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის კლასიკური მაგალითია ქალაქი რუსთავი, სადაც ბიუჯეტის თანხით სპეციალურად გუბერნატორისთვის და მერისთვის შეიძინეს VOLKSVAGEN PASSAT CC ღირებულებით _ 58 941 ლარი და TOYOTA LAND CRUISER PRADO ღირებულებით _ 71 374 ლარი. 2014-2015 წლებში რუსთავის ბიუჯეტით მხოლოდ ავტოპარკისთვის გადახდილია 227 315 ლარი...
ასევე, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა მერიის შენობას, რომლის ხარჯები, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, დღემდე არ მოუწოდებიათ.
დმანისი
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ თეთრაძემ (გამგებლის ბიძა) კომპანია „სილქნეტისგან“ სოფელ ამამლოში მდებარე ფოსტის შენობა 2000 ლარად შეიძინა და დმანისის გამგეობას 15 000 ლარად მიჰყიდა; აღნიშნული შენობა 15 000 ლარად შეაფასა დმანისის გამგეობის აუდიტის სამსახურმა, რაც სერიოზულ შეკითხვებს ბადებს.
გარდაბანი
2015-2016 წლის აპრილის ჩათვლით გარდაბნის ბიუჯეტიდან პრემიებსა და დანამატებზე დახარჯულია კოლოსალური თანხა _ 1 მილიონ 283 750 ლარი. ამ თანხის 80% მაღალი თანამდებობის პირებზე მოდის.
რაც შეეხება საწვავს, მხოლოდ გარდაბნის გამგეობამ ამ მიმართულებით 2015 წლიდან 2016 წლის აპრილამდე ასევე არნახული თანხა _ 245 000 ლარი გამოიყენა.
ახლა კი კულმინაცია! _ გარდაბნის მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეს, ვაჟა გენგაშვილს, 2015 წლიდან დღემდე 27 000 ლარის პრემია აქვს აღებული, ხოლო მის მოადგილეს _ 17 000 ლარი.
როგორც მასალებიდან ირკვევა, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ პრემია 11-ჯერ აიღო და თითო პრემიის ოდენობა 2650 ლარია.
წალკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013-2014 წლების წალკის მუნიციპალიტეტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, სადაც წალკის მუნიციპალიტეტის ფინანსური მიმართულების საქმიანობაა შეფასებული, ვკითხულობთ: მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით გააფორმა 85 ხელშეკრულება _ საერთო ღირებულებით 919 500 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამგეობას მიმწოდებლებთან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების მიხედვით ანგარიშსწორება არ მოუხდენია; ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე 2013-2014 წლებში; ხელშეკრულების ფარგლებში წყლის სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოზე დოკუმენტურად ვერ დასტურდება 3,2 ათასი კბ.მ ქვიშის მიწოდება.
2014 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის კაპიტალური რემონტის სამუშაოები ხელშეკრულების ფარგლებში. გამგეობამ გზის სამოსის მომზადებაში მიმწოდებელს აუნაზღაურა 340,6 ათასი ლარი, როდესაც იგივე სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა 222,9 ათას ლარად შეასრულა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესწავლისას გამოვლინდა, რომ 17,6 ათასი ლარის სამუშაოები დაზიანებულია და გამოსულია მწყობრიდან; ხოლო 78,8 ათასი ლარის სამუშაოები დასრულდა.
2013-2014 წლებში გაცემულმა პრემიებმა ჯამურად 696,9 ათასი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 100%-იანი პრემია წელიწადში 6-7-ჯერ, ძირითადად, მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობების პირებზეა გაცემული.
2013-2014 წლებში საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ჯამურად გაცემულია 259,5 ათასი ლარი. თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევის დასადასტურებლად დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის.
მინდინარე წლისთვის გამგებლისთვის ტელეფონი შეძენილია ორჯერ, საერთო ღირებულებით 2160 ლარი; ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისთვის _ სამჯერ, 2940 ლარის ღირებულებით. ასევე ორივე მათგანმა ბიუჯეტის თანხით შეიძინა 1380 ლარის ღირებულების პლანშეტები.
ასევე დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“, რომლის მიხედით, წალკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის 3 (სამი) სამსახურებრივი ავტომანქანა, ხოლო, ფაქტობრივად, იყენებს 5 ავტომანქანას.
გიორგი მეფარიძე