QronikaPlus
კახა კუკავა: „ამ ხელისუფლებას აუცილებლად შეცვლის ქუჩის პროტესტი“

კახა კუკავა: „ამ ხელისუფლებას აუცილებლად შეცვლის ქუჩის პროტესტი“

2016-04-24 07:16:54

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის („ენდიაი“) ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ნამდვილი „განაჩენია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში 15%-იანი რეიტინგის მქონე მთავრობა (როდესაც მოსახლეობის ლამის 80% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიექანება), ბოდიშს მოიხდიდა, ქუდს დაიხურავდა და სახლში წავიდოდა (ანუ ხელისუფლებას გადააბარებდა). მაგრამ აქ ისევ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნაზე ოცნებობენ. მეორე მხრივ, რა შანსები აქვს მომავალ კენჭისყრაზე ოპოზიციას, ესეც გაურკვეველია. „ქრონიკა+“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას ესაუბრება: _ რა დამოკიდებულება გაქვთ „ენდიაის“ ბოლო გამოკითხვის შედეგებთან? _ „ენდიაის“, ისევე როგორც ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები სადავოა, მაგრამ უმრავლესობა თანხმდება, რომ ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს, მეტ-ნაკლებად, სწორად ასახავს. ჩვენც ასე მივიჩნევთ. პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალში „თავისუფალი საქართველო“ მეექვსე თუ მეშვიდე ადგილზე არის დასახელებული. ვფიქრობ, რომ, პრინციპში, ეს ობიექტური მონაცემია. ახლა რომ ვამტკიცოთ, პირველ და მეორე ადგილზე ვართო, ეს რეალობა არ იქნება. სხვა საქმეა, არ მოგვწონს ეს მონაცემი და გვირჩევნია, რომ უფრო მაღალი რეიტინგი გვქონდეს, ვიდრე „ენდიაიმ“ დაგვიწერა, მაგრამ პარტიის შემთხვევაში 3% და მე-7 ადგილი (რომელიც გამოკითხვებში არის მითითებული) არსებულ რეალობას, მეტ-ნაკლებად, ობიექტურად ასახავს. პრინციპში, ორი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ისტერიკა მოაწყო ამ შედეგებზე, „ქართული ოცნება“ და „ნინო ბურჯანაძის“ დემოკრატიული მოძრაობაა. დანარჩენი პოლიტიკური ძალები ამ საკითხს უფრო ანალიტიკურად უდგებიან. _ რატომ ასახავს გამოკითხვის ტენდენციები ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას? _ არსებული სიტუაცია ბევრი სხვადასხვა პარამეტრით შეიძლება შეფასდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში უკმაყოფილება იზრდება და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამ კრიტიკულ ზღვარზე მიუთითებს ის, რომ მთელი ერი თანხმდება, _ ეს მთავრობა უნდა წავიდეს! სხვა საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება იყოს, მაგრამ საქართველოში ასეთი მომენტები სხვა დროსაც ყოფილა, როცა 80% ამბობს, რომ ოღონდ ეს მთავრობა მოშორდეს და ვინც გინდა, ის მოვიდესო. ერთხელ ეს მოხდა 2000-იანების დასაწყისში, რაც „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა. გვახსოვს მაშინდელი განწყობა, „ენდიაი“ მაშინაც აჩვენებდა შექმნილ რეალობას, _ ოღონდ შევარდნაძე წავიდეს და მასზე უარესი ვინ იქნებაო. მეორეჯერ მსგავსი განწყობა 2010 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც ხალხი ასევე ამბობდა, რომ ოღონდ სააკაშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან და ვინც გინდა, მოვიდესო; მაშინაც ასეთი ტოტალური დაკვეთა არსებობდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ „ენდიაის“ ახლანდელ გამოკვლევებშიც ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს სოციალურ-პოლიტიკური დაკვეთაა. სრულიად აშკარად ჩანს, რომ ქართველი ხალხი ამბობს, _ ოღონდ ივანიშვილის რეჟიმი წავიდეს და ნებისმიერი ცვლილებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს; და ის, რომ ხელისუფლებას 15%-იანი რეიტინგი აქვს. „ენდიაი“ გამოკითხვებს მარტო საქართველოში კი არა, ძალიან ბევრ ქვეყანაში ატარებს. ნებისმიერი მედიასაშუალება პატარა ჟურნალისტურ მოკვლევას თუ ჩაატარებს, ვნახავთ, რომ, ალბათ, უნიკალური შემთხვევაა, ხელისუფლებას 15%-იანი რეიტინგი ჰქონდეს. ასეთი რეიტინგის შემთხვევაში ყველა ქვეყანაში რევოლუცია ხდება. ზუსტი ციფრი არავის დაუდგენია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ხელისუფლების რეიტინგისა და მხარდაჭერის ქვედა ზღვარი 40%-ია. ნორმალური მაჩვენებელი 50%-ია. თუ ხელისუფლებას ამაზე მეტი უჭერს მხარს, ეს კარგი მაჩვენებელია. 40%-იანი მხარდაჭერა უკვე დაბალია, მაგრამ თუ ამის ქვემოთ ჩამოდის ხელისუფლების მიმართ თანადგომა, დღის წესრიგში ლეგიტიმაციის საკითხი დგება. საქართველოში 40%-ს ქვემოთ კი არა, ნათლად ვხედავთ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 15% არის მათი მხარდამჭერი. _ რამ მოიტანა ეს მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება? _ ეს მართვის ავტორიტარულმა მეთოდმა მოიტანა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგონილი არ არის. იგივე სიტუაციაა, რაც იყო ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როდესაც ქვეყანას ვიწრო ჯგუფი მართავს. ვიწრო ჯგუფს არასდროს შეუძლია, საზოგადოების ფართო ფენები დააკმაყოფილოს. ეს საზოგადოება ხომ განსხვავებულია? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შედგება ქართველებისგან და ეთნიკური უმცირესობებისგან, ქალაქელებისგან და სოფლელებისგან, მდიდრებისგან და ღარიბებისგან, სრულიად სხვადასხვა განათლებისა და სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანებისგან; პროდასავლური და პრორუსული განწყობის ხალხისგან; და თუ ჩვენ გვინდა ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს, საპარლამენტო, დასავლური დემოკრატია იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა სოციალური ჯგუფი. ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა ისეთნაირად უნდა გამომუშავდეს, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ჯგუფის ინტერესი აისახოს. ამ დროს საქართველოში როგორ ხდება? _ ხელისუფლებაში მოდის ხოლმე ერთი ჯგუფი, თავიანთ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს მოიყვანენ და ეს ერთი პროცენტი მართავს ქვეყანას, რომელსაც დანარჩენი 99% ფეხებზე კიდია. ბუნებრივია, რომ ეს 99% მერე საკუთარ პროტესტს ძალიან აქტიურად გამოხატავს. ასე მოხდა შევარდნაძის დროს, გაუარესდა მდგომარეობა სააკაშვილის დროს და უფრო გაუარესდა ბიძინა ივანიშვილის პირობებში. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და მასთან დაახლოებული რამდენიმე ოჯახი მართავს. ეს არ გამოხატავს ქართველი ხალხის არც ერთი სოციალური ჯგუფისა და ფენის ინტერესებს. და, ბუნებრივია, რომ მხოლოდ ტყუილებითა და დაპირებებით საზოგადოების 99% დიდხანს კმაყოფილი ვერ იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მწვავე პოლიტიკური პროცესები, მწვავე პროტესტი დღის წესრიგში დგას. _ სადამდე მივიდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი? _ ჯერჯერობით, არანაირი პროგრესი არ არის. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუარესება ხდება. ხელისუფლებამ შემოიტაა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს. ვგულისხმობ, რომ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს აღარ მოუწევთ პოსტიდან გადადგომა საარჩევნო კამპანიის დროს. ასევე ვგულისხმობ იმას, რომ არჩევნების თარიღი დაინიშნა ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე ადრეულ შემოდგომაზე, რაც საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარების შესაძლებლობას გამორიცხავს. ანუ, ჯერჯერობით, ჩვენ ვუყურებთ არა გაუმჯობესებისკენ, არამედ საარჩევნო გარემოს გაუარესებისკენ მიმართულ ღონისძიებებსა და ნაბიჯებს. _ დარჩენილ პერიოდში ამ მიმართულებით რაიმე პროგრესი თუ არის მოსალოდნელი? _ პარტია თავისუფალი საქართველო ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში კონსტრუქციულად ვართ განწყობილი. და თუ თეორიულად ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები გადმოიდგმება, ჩვენ ამას აუცილებლად მივესალმებით და შევეცდებით, რომ ეს გამოვიყენოთ. მცირედი პოზიტიური ნაპერწკალი გაჩნდა ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილი ველური ქვის ხანის ადამიანი იყო, რომელთანაც ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, უბრალოდ, შეუძლებელი გახლდათ. ის იყო კრიმინალი და, ვფიქრობ, აუცილებლად დადგება იმის დრო, როდესაც ღარიბაშვილი ციხეში ჩაჯდება. ეს დრო შორს არ არის. მისგან განსხვავებით, კვირიკაშვილი ნორმალური ადამიანია. განათლებული, ცივილიზებულია, ვისთანაც დიალოგის წარმოება შესაძლებელია, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილს გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ჯერჯერობით, ჩვენ კვირიკაშვილთან ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. უბრალოდ, თუ ღარიბაშვილთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა გამორიცხული იყო, კვირიკაშვილთან ეს თეორიულად გამორიცხული არ არის; და, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, ერთპროცენტიანი შანსის პირობებში ეს შეთანხმებისთვის მაქსიმალურად გამოვიყენოთ. _ თუ სასურველი ცვლილებები არ მოხდება, ასეთი საარჩევნო მოდელის პირობებში რა შედეგები დადგება? _ მაშინ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება ქუჩის პროტესტის შედეგად. შეიძლება წელს არა და გაისად მოხდეს, სულაც ორი წლით გადავადდეს პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, _ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება ქუჩის აქციების შედეგად და აგიხსნით, რატომაც: ეს არ არის ჩემი პროგნოზი, საქართველოს თუ სხვა ავტორიტარული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობითა. როდესაც ხელისუფლება თვითონ არ ტოვებს მმართველობის ლეგიტიმურ-დემოკრატიული გზით შეცვლის საშუალებას, საზოგადოებაში ჩნდება სოციალური დაკვეთა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ დაამხოს რეჟიმი. გვახსოვს, შევარდნაძემ იმდენჯერ გააყალბა არჩევნები, რომ, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი რადიკალურ ლიდერს ეძებდა, რომელიც მის მმართველობას დაამხობდა. გაჩნდა ასეთი ლიდერი სააკაშვილი და მან საზოგადოების სრული მხარდაჭერა მიიღო. რეჟიმი დაამხო, მისი მინისტრები დაიჭირა, ციხეში ჩასვა და გაყვლიფა კიდეც. იგივე მოხდა შემდეგ სააკაშვილის პირობებში. მანაც იმდენჯერ გააყალბა არჩევნები და როცა ხალხი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ამ რეჟიმის არჩევნების გზით შეცვლა, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა გამაერთიანებელ ლიდერს, მესიას, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ირგვლივაც მთელი ოპოზიცია გაერთიანდა. და ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა სააკაშვილის რეჟიმის ჩინოვნიკებიც ვირის აბანოში მოკალათებულნი სხედან. დღევანდელი ხელისუფლებაც თავისი ცინიკური განცხადებებით (როდესაც არ ცვლის საარჩევნო კოდექსს, 15%-იანი რეიტინგის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას აპირებს, ფეხებზე კიდია საზოგადოებრივი აზრი და მის მიმართ აბუჩადამგდები დამოკიდებულება აქვს), საზოგადოებაში ლიდერზე მოთხოვნას აჩენს. ეს ლიდერი ჯერ არ არის, მაგრამ მთავარია, გაჩნდა მოთხოვნა, რომ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება, რომელიც დაამხობს ამ რეჟიმს და ივანიშვილს ციხეში ჩასვამს. ეს მოთხოვნა თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ გააჩინა, იმის გამო, რომ ისინი არ ტოვებენ შესაძლებლობას ლეგალურ-კონსტიტუციური საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალოს ამ ქვეყანაში ხელისუფლება. როგორც შევარდნაძეს გაყალბებული არჩევნები ბუმერანგივით მოუბრუნდა (ასევე სააკაშვილს), ვარწმუნებ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ მათაც ასევე მოუბრუნდებათ ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ატარებენ. და აუცილებლად „ქართული ოცნების“ ლიდერები ვირის აბანოში დაიკავებენ ადგილებს ახალაიასა და მერაბიშვილის გვერდით. _ თქვენი პარტია მარტო გადის არჩევნებზე, თუ სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებას აპირებთ? _ ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან. ჯერჯერობით, ეს პროცესი წარმატებული არ არის. „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი ბლოკის სახით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციური პარტიების რეალური გამოხმაურება არ გვაქვს. _ ასეთი დიალოგი ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს? _ ინტერპარტული ჯგუფი საარჩევნო გარემოსთვის შექმნილია, ხოლო ბლოკთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციები რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩვენი პარტიის გარდა საარჩევნო ბლოკის შექმნის იდეას არც ერთი პოლიტიკური პარტია მხარს არ უჭერს. _ რა შედეგებს ელოდებით უშუალოდ არჩევნებზე? _ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არჩევნების შედეგების პროგნოზირება ძალიან რთულია. თეორიულად, ხვალ არჩევნები რომ ჩატარებულიყო, ალბათ, პარლამენტში გარანტირებულად ორი პარტია მოხვდებოდა _ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. და არის კიდევ 5-6 პარტია, მათ შორის, „თავისუფალი საქართველო“, რომელსაც შანსი აქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს _ ცალკე, ან საარჩევნო ბლოკის წევრებთან ერთად.  

                                                                                                                               გელა მამულაშვილი

 

გაზიარება