QronikaPlus
პოლიციური მაფია უნდა დაინგრეს!

პოლიციური მაფია უნდა დაინგრეს!

2016-04-23 11:20:08

    დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედაც რომ პოლიციური მაფიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც მმართველობის მოდელი გახდა. გარდა იმისა, რომ საბჭოთა იმპერიის მთელი ძალაუფლება სწორედაც რომ ,,ენკავედეს“ სტრუქტურებში იყო კონცენტრირებული, მანამდე რუსეთის ცარისტული რეჟიმის ,,ოხრანკის“ მოქმედებებიც ცნობილია. ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უკვე დიდი ხანია, ასეთი მართვის წესია დამკვიდრებული. სწორედ ამას უკავშირდება მოსახლეობის დატერორების ახალ-ახალი მცდელობები მათი პირად ცხოვრებაში ხელის ჩაყოფისა და სხვა დეტალების საშუალებით. მაგრამ უკვე დროა, რომ ჩვენი სახელმწიფოც და საზოგადოებაც მიხვდეს, _ XXI საუკუნეში, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტი გახსნილობაა მთელ მსოფლიოში, პოლიციის ბინძურ მეთოდებზე დაყრდნობა მხოლოდ ახალ და ახალ უბედურებებს მოიტანს. კომპრომატების ომით და ამგვარი საშუალებებით არსებობა არ უშველის სტრუქტურულად მომპალ საზოგადოებრივ სტრუქტურებს. მაშ, ვინ გადაიღო და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები? ეს კადრები, ცხადია, წინა მთავრობამ გადაიღო და, პრაქტიკულად, არავინ დასჯილა არც გადაღებაზე და არც გავრცელებაზე. ეს არის იმ დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის შედეგი, რომელიც პოლიციური სახელმწიფოს სახელით დამყარდა 2012 წლის ოქტომბრიდან. ძველი ხელისუფლების ამბავი გასაგებია _ მათი დანაშაულებრივი პოლიციური პოლიტიკის შესახებ ბევრი რამე ვიცით და ახალ ხელისუფლებაში ზედელაშვილისა და ჯანყარაშვილის დროს არის ეს ნაბიჯები გადადგმული. ეჭვი მაქვს, რომ გავრცელებაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძველი კადრების გარდა ზედელა-ჯანყარას კადრებიც მონაწილეობდნენ. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ,,ნაცი“ პოლიციელები და ზედელა-ჯანყარას კადრები 2012-2015 წლებში ერთად მოქმედებდნენ და ახლაც ასეა. ისინი, ძირითადად, მათ მოწინააღმდეგეებს უმიზნებენ. ეს არის პოლიციური სახელმწიფოს მაფია, რომელიც, ჯერჯერობით, ისევ და ისევ, მთავარი მოქმედი პირია საქართველოში. ეს მაფია თუ არ დამარცხდა, _ რომელიც მთავარი ოლიგარქიც არის და მთავარი პოლიციელიც, _ ქვეყანას არაფერი ეშველება. პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც ახლა, ჩემი აზრით, 2012 წელთან შედარებით, ბევრად უკეთესი ჰყავს ქვეყანას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს პოლიციური მაფია ჯერ ისევ ძალიან ძლიერია. საქართველოში მოქმედებს ოლიგარქიულ-პოლიციური შეთანხმება, რომ ფულის დიდი ნაწილისა და მდიდარი კაპიტალის იარაღიანი დამცველები ყველაფერს გააკეთებენ ხალხის დასაშინებლად 2016 წლის არჩევნებამდეც და მას მერეც, რომ არავის გაუჩნდეს თავში ,,სულელური აზრები“ და ამდენ მიტაცებულ ქონებას რენაციონალიზაცია არ დაუპიროს. არადა, ხშირ შემთხვევაში, გამოსავალი მხოლოდ ესაა. მაგრამ დღეს ხომ ნეოლიბერალიზმის ზეიმის დროა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო ყოფილი ნაცისტური რეჟიმი და ამიტომაა საჭირო ზედელასა და ჯანყარას შეიარაღებული ,,რაზმები“, რომლებიც უდესიანთან და მისდაგვარ ადამიანებთან შეთანხმებებით და ერთობლივი მოქმედებებით პირდაპირ ანადგურებენ პოლიციურ-ოლიგარქიული რეჟიმის ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. ამასობაში ხელისუფლებამ თითქოს ფარული ჩანაწერების ავტორების პატარა ნაწილი მაინც დააკავა. მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო დონეა, თუ ნამდვილი დამკვეთი არ გამოირკვა ამ საშინელი კრიმინალური აქტებისა, მაშინ შემსრულებლების დაჭერით და დასჯით საზოგადოება ვერაფერს მიიღებს. თუ თვითონ ეს პოლიტიკა არ გასამართლდა, _ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევისა და მათი დაშანტაჟების პოლიტიკა, _ არაფერ კარგს არ უნდა ველოდოთ. თუ პოლიტიკა არ გასამართლდება და სიმართლე ბოლომდე არ ითქმება, მაშინ ფარული ჩანაწერების გადაღებაც და გავრცელებაც გაგრძელდება. ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ პოლიციურ-ოლიგარქიული მაფია კიდევ ძლიერია. მანდ არა მარტო ,,ნაცები“ არიან, არამედ ზედელა-ჯანყარას მაფიაც მანდ არის _ ბევრი წევრი ჰყავს ამ მაფიას პოლიციაში. რა თქმა უნდა, ასე ადვილი არ არის მათი დამარცხება. თუმცა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის.  ჯერჯერობით არანაირი სამართლიანობა ქვეყანაში არ არის. ჩვენ საქმე გვაქვს ნეოლიბერალურ-ავტორიტარულ-პოლიციურ რეჟიმთან. ქვეყანას, როგორც ლათინურ ამერიკაში, გასამხედროებული პოლიციელები მართავენ. ამასობაში საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა და ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ მას პირადად ძალიან მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება აქვს და სხვებსაც მოუწოდა, მის მაგალითს მიბაძონ. მე ვფიქრობ, ეს ძალიან გაბედული განცხადებაა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ყველაზე კარგი პრეზიდენტია. მისი განცხადება იყო იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც პოლიციურმა მაფიამ ასე გაიმეტა.  ყველა იმ ადამიანის დასაცავად, მთავრობაში თუ ოპოზიციაში, ვისაც უკანონოდ დაჰყვებოდნენ და სრულიად უკანონოდ უღებდნენ _ ჩვენ ყველა ეს ადამიანი უნდა დავიცვათ _ ნამდვილად და ქმედითად. აგრეთვე, პრეზიდენტმა ძალიან კარგი მოწოდება გააკეთა.  დღეს საქართველოში გამრავლება აღარ ხდება _ 1990 წლის მერე თითქმის 2 მილიონი კლება გვაქვს. რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება, რომ ხალხი გამრავლდეს. ახლა გამრავლების კაპიტალიზმისა და ნეოლიბერალიზმის წყალობით ეშინიათ. დღეს ახაგალზრდა ქალი და კაცი კარგი ხელფასის უქონლობის გამო ვეღარ მრავლდება და ვეღარც მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება აქვს, ისე როგორც, მაგალითად, 1980-იან წლებში იყო. როდესაც მე და გიორგი უნივერსიტეტში შევედით, ახალგაზრდა კაცს და ქალს არ ეშინოდა მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების და გამრავლების, რადგანაც ის სოციო-ეკონომიკურად დაცული იყო. დღეს კი დაუნდობელმა ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ მთელი თაობები დააშინა. ადამიანებს ლოგინის დანახვისაც ეშინიათ და გამრავლებისაც, იმიტომ, რომ ისინი თვითონ არიან მშივრები. უკიდურესი სიღატაკით მთელი საქართველო დაემსგავსა ვიტორიო დე სიკას ფილმს ,,ველოსიპედის გამტაცებლები“. დიახ, ახალგაზრდებსა და, საერთოდ, ყველას უნდა ჰქონდეს სტიმული მეტი სქესობრივი აქტიურობისთვის და გამრავლებისთვის, თორემ 2050 წელს დედამიწაზე ძალიან ცოტანიღა დავრჩებით. ჩვენი თაობის მთავარი პრობლემა და ცოდვა ის არის, რომ მან კაპიტალიზმისა და ნეოლიბერალიზმის შემოშვებით უარი უთხრა მრავალფეროვან სექსუალურ ცხოვრებას და გამრავლებას. აბა, შეადარეთ დღევანდელი სექსუალური ცხოვრება და გამრავლება 1988 წლის დონეს და მიხვდებით, რომ ახლა გამრავლების და სექსუალური ცხოვრების მაგივრად ქართველი ერის უმრავლესობა სექსუალური კადრების გადაღებას და მასტურბაციას შეაჩვიეს. აი, ეს არის დღევანდელი პოლიციური ლიბერალიზმის უდიდესი პრობლემა _ მან მასტურბაციას შეუწყო ხელი ამ კადრების გადაღებით და გავრცელებით. 1988 წელს არც ამდენს იღებდნენ და მეტადაც მრავლდებოდნენ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის მოწოდებას, რომ გავააქტიუროთ მრავალფეროვანი სქესობრივი ცხოვრება და გავმრავლდეთ, თუ არადა, ამოვწყდებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ 1988 წელს და 1992 წლის გადატრალებამდე ქართველ ახალგაზრდებს და მეტიც, 70 წლის ასაკამდე ადამიანებს გაცილებით მეტი სექსუალური აქტივობა ჰქონდათ, ვიდრე დღეს აქვთ _ დღეს მოსახლეობის 80%-ს სქესობრივ კავშირებზე ფიქრი რეალურად არც შეუძლია. მას მატერიალური პრობლემები აქვს და არა მხოლოდ მატერიალური _ სულიერი პრობლემებიც. ამ მატერიალური და სულიერი სიდუხჭირის გადასაძლევად ქვეყანას დღეს ახალი კურსი სჭირდება,- რომელიც უარს იტყვის ოლიგარქიულ-პოლიციურ სახელმწიფოზე და მრავალხმოვან, ღია საზოგადოებას ჩამოაყალიბებს საქართველოში. ეს შესაძლებელია! მთავარი ამისათვის არის პოლტიკური ნება და მისი აღსრულების სურვილი. აი, ეს არის საჭირო ჩვენი ისტებლიშმენტისგან, რომელიც დიდი ხნით ჩამორჩა დროის ძახილს. იმედი მაქვს, რომ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი მოძრაობები მოვა და განაახლებს ქართულ პოლიტიკურ დისკურსს, რომელიც საშინლად მოსაწყენია ბოლო 20 წლის განმავლობაში. სულ ერთი და იგივე იდიოტიზმები გვესმის პოლიტიკოსებისგან. ახალი პარადიგმებია საჭირო. როგორც დიდი ამერიკელი მეცნიერი თომას კუნი იტყოდა, _ ახალი აზროვნების კატეგორეებია საჭირო. ჩვენც, როგორც ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირი ავთანდილი, უნდა წავიდეთ უცხო მოყმის საძებნელად ავთანდილის მარშრუტით და უნდა ჩავიდეთ მსოფლიო ეკონომიკის ახალ ცენტრებში _ ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სამშობლოში _ ინდოეთში და საქართველოსთვის ეს ფანჯარაც უნდა გავხსნათ. მსოფლიოს ყველაზე მზარდი ეკონომიკა სწორედ ინდოეთია. ევროკავშირი ძალიან კარგია, მაგრამ ინდოეთი ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია ეკონომიკური განვითარების.  ეს არის დღევანდელობის ახალი პარადიგმა, რომელზეც ტონი ნეგრი და მაიკლ ჰარტი ასე კარგად წერენ თავის ,,თანამეგობრობაში“. მივიდეთ ტარიელთან და ნესტან-დარეჯანთან და ახალი გზაც გამოჩნდება. მოკლედ, ახალ პარლამენტში ასეთი ძალის დანახვა მინდა _ ვინც რუსეთ-დასავლეთის იდიოტური დიქოტომიის ზემოთ დადგება და ,,ვეფხისტყაოსანს“ გაიხსენებს. საგარეო პოლიტიკა ძალიან სწორხაზოვანი და ცივიომისდროინდელი პოლიტიკური მაქსიმებით იმართება. მშრალი დიქოტომია: რუსეთ-დასავლეთი უკვე დიდი ხანია, რაც მოძველებულია. მახსოვს, ჯერ კიდევ, 2009 წელს, როდესაც პიტსბურგში გახლდით მსოფლიო განვითარებული ქვეყნების 20-ეულის შეკრებაზე, ჯერ კიდევ, მაშინ ნათლად ითქვა, _ დღეს მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრები იცვლება. რუსეთი დაღმავლობის გზაზე დგას, ასევე დაღმავლობის ზღვართან არის დასავლური ეკონომიკები, რომლებიც საკმაოდ გაჯერებულია უკვე უამრავი მეცნიერული მიღწევით. სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად იზრდება ე. წ. გლობალური სამხრეთის ეკონომიკები. დღეს მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკის ადგილი ინდოეთმა დაიკავა. ზრდის ტემპით ინდოეთმა უკვე ჩინეთსაც გადაასწრო. ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიაა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ინდოეთი არაძალადობის სამშობლოა. ინდოეთს საკმაოდ დაბალანსებული საერთაშორისო ურთიერთობები აქვს. ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ინდოეთთან ურთიერთობას, ისევე როგორც გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებთან. ამაში ჩვენს საგარეო პოლიტიკას წინ უდგას ის რასიზმი, რომელსაც მთლიანად ჩვენი საზოგადოება ავლენს. პარადოქსია, მაგრამ შოთა რუსთაველის ეპოქაში ქართული მსოფლმხედველობა გაცილებით ნაკლებად რასისტული იყო, ვიდრე დღესაა. დღეს აუცილებელია, მეტი ურთიერთობები დავამყაროთ მრავალფოკუსიანი მსოფლიო თანამეგობრობის წევრებთან და არ ვიყოთ ჩამოკიდებული მაინცდამაინც რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიულ ურთიერთობებზე. აუცილებელია ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთანაც, იაპონიასთანაც, ინდონეზია-მალაიზიასთანაც, სინგაპურთანაც, ახალ ზელანდიასთანაც, ავსტრალიასთანაც, სამხრეთ აფრიკასთანაც, ლათინური ამერიკის ქვეყნებთანაც და ასე შემდეგ. მავანი იტყვის, რომ ამის სახსრები არ გვაქვს. და მე ისევ დავუბრუნდები ბიუროკრატების პრემიებსა და ბონუსებს _ კარგი საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა ზუსტადაც რომ ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ამდენი პრემიის გამოწერა. მოკლედ, უარი უნდა ვთქვათ პოლიციურ სახელმწიფოზე შიდა პოლიტიკაში და მონური მაჩანჩალის საგარეო პოლიტიკაზე. თუკი ჩვენ ჩვენს მოალაქეებს მეტის საშუალებას მივცემთ, რომ დამოუკიდებლად იმოქმედონ, მრავალხმიანი საგარეო პოლიტიკაც გვექნება, ჩვენ მაჩანჩალა ქვეყნიდან საჩვენებელ ქვეყნად გადავიქცევით.  

                                                                                                                ირაკლი კაკაბაძე

     

გაზიარება