2015 წლის 8 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა.
დაკავებული არიან:
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი, შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე, შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი, შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილე გიგლა შიოშვილი მიემალა გამოძიებას, ხოლო კუდ-ის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს, გივი კაციტაძეს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას საქართველო დატოვებული აქვს.
ოფიციალური ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას. ამავე განცხადების თანახმად, დაკავებულმა და მიმალვაში მყოფმა პირებმა უკანონოდ მოიპოვეს ის ვიდეომასალები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში 2016 წლის მარტსა და 2013 წლის მაისში გავრცელდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, უფლებადამცველ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი კუდ-ის კონსპირაციულ ბინაშია გადაღებული, რომელიც ძველი თბილისის რაიონში მდებარეობს. ფირზე აღბეჭდილი ქალი კუდ-ის ოფიციალური აგენტი გახლდათ და სწორედ მისი მეშვეობით ჩაწერეს გიორგი ფარესიშვილი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს, _ გამოქვეყნებული ფირი ერთადერთი არ არის. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არსებობს კიდევ ერთი ვიდეომასალა, რომელიც კუდ-ის შენობაშია გადაღებული და მასზე ასახულია, თუ როგორ აჩვენეს ფარესიშვილს მისი პირადი ცხოვრების ფირი და როგორ დაითანხმეს შანტაჟით თანამშრომლობაზე. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული კუდ-ის მაღალჩინოსნების პირადი ჩხრეკისას ასეულობით ვიდეო ფაილია ამოღებული, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ისეთი ფირები, რომელთა არსებობაზე ჭორებიც კი არ გავრცელებულა. როგორც ჩანს, გამოძიებას სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ სრულად გაერკვეს ყველა დეტალში და საბოლოოდ დაადგინოს, რა მასალაა გატანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებიდან.
მართალია, ვიდეო მიმართვაში, რომელიც ვაჟა ლელუაშვილმა ექსკლუზიურად „რუსთავი 2“-ს გაუგზავნა ნათქვამია, რომ მას ფარულ ჩანაწერებთან არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია, მაგრამ, როგორც იტყვიან, „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. მოსკოვი შემთხვევით სულაც არ მიხსენებია. ძალოვან უწყებაში კარგად იციან, რომ ვაჟა ლელუაშვილს რუსული კავშირები ნამდვილად ჰქონდა და იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ მისი დახმარებით მოხვდა რუსული სპეცსამსახურების ხელში ვიდეოფირები შს მაშინდელ მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე.
თუმცა ვაჟა ლელუაშვილის უშუალო უფროსი შს მინისტრის მოადგილე, ამირან მესხელი იყო. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამირან მესხელმა მშვიდად დატოვა საქართველო. როგორც ამბობენ, თან გაიტანა „ობშიაკი“ და დღეს ესპანეთში ცხოვრობს. ის ერთადერთი მაღალჩინოსანია შს სამინისტროს ვერტიკალიდან, რომელზედაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრავს და არც საერთაშორისო ძებნა გამოუცხადებია. სავარაუდოდ, ეს იმ გარიგების შედეგია, რომელიც მასსა და ხელისუფლებას შორის შედგა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ ვაჟა ლელუაშვილი ერთადერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც მესხელს არ ეპუებოდა და ისიც მუდმივად ითვალისწინებდა მის აზრს.
„სახალხო ფრონტი“, თელეთის გამგებელი, ლევან მამალაძის მეჯინიბე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კუდ-ის დირექტორის მოადგილე, _ ეს ის მწირი ცნობებია, რომელიც ვაჟა ლელუაშვილის ბიოგრაფიიდანაა ცნობილი. რაც შეეხება მის რუსულ კავშირებს, ის „კგბ“-ს ჯარში კავშირგაბმულობის ბატალიონში მსახურობდა, არის კარგი სპეციალისტი და როგორც მისი ახლო გარემოცვის წევრები ამბობენ, უბადლოდ იცის კავშირგაბმულობის სისტემები, მათ შორის, სქემების აწყობაც.
ყოფილი ძალოვნების ნავსაყუდელი ექსპრემიერ ღარიბაშვილის სიმამრი და ცოლის მამიდაშვილი აღმოჩნდნენ. თამაზაშვილის „აქტივში“ თანამდებობაზე დანიშნული რამდენიმე ათეული „ზონდერია“, _ იური ვაზაგაშვილის სიაში მოხვედრილი, მძიმე დანაშაულში მხილებული პირები, მათ შორის, ლევან ცუკოშვილი, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ ქუჩა-ქუჩა დარბოდა და მეგაფონით ყვიროდა, _ ძირს ბიძინა, დამთავრდა ბიძინაობაო! ეს კაცი ჯერ ყვარლის პოლიციის უფროსად დაინიშნა, მოგვიანებით კი შს სამინისტროს „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორად. ასევე თანამდებობაზე „ბეზ პიწი მინუტ“ ინიშნებოდა კახეთის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ზურაბ ლალიაშვილი, რომელიც პირადად მონაწილეობდა თამაზაშვილის დაკავების ოპერაციაში (ეს დანიშვნა მხოლოდ მას შემდეგ გადაიდო, რაც „ქრონიკა+“-მა აღნიშნული ინფორმაცია გაასაჯაროვა. აქედან იწყება ჩემდამი თამაზაშვილის პირადი მტრობაც). სხვათა შორის, აღნიშნულ ინფორმაციებს კახეთიდან ლევან კოჭლოშვილი ლადო ბედუკაძის მეშვეობით მაწვდიდა, დღეს კი თამაზაშვილის ხელისბიჭია და ქუჩა-ქუჩა დარბოდა (და დარბის) ორი წელი ჩემზე კომპრომატების შესაგროვებლად. ბოლოს კი „ბრალდებად“ მისი ინტერვიუს დაბლოკვა წამიყენა გივი თარგამაძეზე, რომელიც არც ჩაწერილა და არც ჩემამდე მოსულა.
`კუდის” მაღალჩინოსნების ადვოკატების ცნობით, ისინი ბრალს არ აღიარებენ, არადა, 2012 წლის ნოემბერში დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი წარდგენილი ხუთი ბრალდებიდან სამში თავს დამნაშავედ ცნობდა.
„ქართული ოცნების“ პირველი და გამოუსწორებელი შეცდომა, ალბათ, ის იყო, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა დააგვიანეს, ამის გამო ყოფილმა თანამშრომლებმაც მასალებისა და ფირების დიდი ნაწილის გატანა და განადგურება მოასწრეს. 2012 წლის ნოემბრის ბოლოს შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის გელა ხვედელიძის კაბინეტში კუდ-ის მაღალჩინოსნები დააკავეს და პროკურატურის შენობაში გადაიყვანეს. სწორედ მაშინ დააკავეს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი;
შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.
ბექა კვარაცხელიამ გამოძების პროცესში აღიარა, რომ ვაჟა ლელუაშვილის დავალებით 2008 წელს სპეციალური ვირუსი შეიქმნა, რომელსაც პოლიტიკურად აქტიური პირების ოფისებსა და საცხოვრებელ ბინებში განთავსებულ კომპიუტერებში აგზავნიდნენ, ფაილებს აკოპირებდნენ და თუ კომპიუტერს მიკროფონიც ჰქონდა, საუბრებსაც უსმენდნენ. სწორედ ამ მეთოდით მოუსმინეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების პირად საუბრებს, რომლებიც, ბექა კვარაცხელიასვე განმარტებით, ინტერნეტსივრცეში მან განათავსა. გიორგი ყავლაშვილი კი მის მიერ მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ ვაჟა ლელუაშვილის დავალებით `კუდის” თანამშრომლები განზრახ აზიანებდნენ საბაჟოზე შემოსულ „ქართუ ჯგუფის“ ტვირთებს. დანაშაული ასევე აღიარა ვასილ ჯამალაშვილმაც, რომელსაც განრიდება გაუკეთეს და, როგორც ჩემთვის ცნობილია, ის აქტიურად თანამშრომლობდა შს მაშინდელ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, კერძოდ, ორხევში ცალკე შტაბბინა მოუწყვეს და სწორედ კომპიუტერული პროგრამების შექმნით იყო დაკავებული. მანვე მისცა ჩვენება შოთა ხიზანიშვილის წინააღმდეგ. სხვათა შორის, სწორედ ვასილ ჯამალაშვილის მამა ფიგურირებს იმ სქემაში, რომელიც 2015 წლის დეკემბერში „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ განხორციელდა, _ რედაქციაში დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მოიტანეს, ჩვენი განცხადების შემდეგ კი გელა ღურწკაია და მისი თანამზრახველები დააკავეს. რამდენად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან დაკავებული პირები და რამდენად დასახელდება ოფიციალურად დამკვეთი, ჯერჯერობით, ამის თქმა ძნელია. დაზუსტებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, ანუ პირი, რომელმაც გელა ღურწკაია „ქრონიკა+“-ის ოფისში მოიყვანა, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის უახლოესი მეგობარია, ღურწკაიას დაკავების მომენტში კი ის უკვე იზოლირებული იყო. მას თაღლითობა ედება ბრალად. სხვათა შორის, ჩვენი ინფორმაციით, საუბარია ფულის შესაძლო გათეთრებაზე. ასევე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის კავშირები, ზვიად ჯანყარაშვილის გარდა, გია უდესიანის გარემოცვასთანაც იკვეთება.
2012 წლის ნოემბერში დაკავებული პირების უმრავლესობა, ვაჟა ლელუაშვილის ჩათვლით, ამ დრომდე თავისუფლებაზე იყო. სწორედ თამაზაშვილის დავალებით ვრცელდებოდა ჭორი იმისა თაობაზე, რომ ლელუაშვილს გელა ხვედელიძე მფარველობდა და რომ მან მინისტრის მოადგილეს კომპრომატები და ჩანაწერები გადასცა. ამ ვერსიას აქტიურად უჭერენ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წარმომადგენლები და ამ ფაქტს კიდევ უფრო ღრმა ახსნა აქვს. მაგრამ, რეალურად, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლება ხვედელიძისთვის კომპრომატების გადაცემის სანაცვლოდ არ მოუპოვებია, მან ურთიერთობები ექსპრემიერის სიმამრთან დაალაგა და მშვიდად გრძნობდა თავს მანამ, სანამ თამაზაშვილიც სიძესთან ერთად არ გადააყენეს. მის აქტივშია „ქრონიკა+“-ში 2013 წელს გამოქვეყნებული კუდ-ის ხელწერილების ასლები. მას შემდეგ, რაც ჩემთვის უცნობმა პირმა ხელწერილების ასლები რედაქციაში დატოვა, მე თამაზ თამაზაშვილს დავუკავშირდი (როგორ და რა ექსტრემალურ ვითარებაში გავიცანი ექსპრემიერის სიმამრი, ამას სხვა დროს და სხვა ვითარებაში მოვყვები), კოლმეურნეობის მოედანზე კახი კალაძის კუთვნილ „პროგრეს ბანკის“ შენობაში მივედი, სადაც ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა და ვთხოვე, მის სიძესთან, შს მაშინდელ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან აღნიშნული ინფორმაცია გადაემოწმებინა, თან მასთან დოკუმენტების ასლები გავატანე. თამაზაშვილმა ამ შეხვედრაზე ძალიან საინტერესო ფრაზები თქვა ირინა იმერლიშვილისა და დავით საგანელიძის მისამართით, _ მოუნდათ პრემიერობა ბიჭებს და გოგონებსო. ძალიან მალე, მეორე შეხვედრაზე, მან მითხრა, რომ დოკუმენტები ავთენტურია (ნაღდიაო); მეორე შეხვედრა სულ სხვა თემას ეხებოდა, უფრო ზუსტად, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლისა და მისი შეხვედრა იყო, რომელსაც კიდევ ერთი პირი ესწრებოდა და დეტალების მოყოლა, ამ ეტაპზე, საინტერესო არ არის. ასეთი ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ვაჟა ლელუაშვილმა 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, სანაცვლოდ კი საკუთარი თანამდებობა ვერა, მაგრამ მეუღლის კარიერული წინსვლა ნამდვილად მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროში დაწინაურებული ვაჟა ლელუაშვილის მეუღლე პრემიერ ღარიბაშვილის საზეიმო მიღებების მუდმივი და სასურველი სტუმარი იყო (მას პერსონალური მოსაწვევით ეპატიჟებოდნენ ხოლმე), თუმცა უკანასკნელ ხანს ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ ბოლო ბრალის მოხსნის შემთხვევაში ვაჟა ლელუაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებაც იგეგმებოდა, მაგრამ ამჯერად უკვე ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებს აღარ დასცალდათ.
აქვთ თუ არა დაკავებულ პირებს კავშირი 2016 წლის მარტში ინტერნეტსივრცეში ატვირთულ პირადი ცხოვრების ფირებთან, ძნელი სათქმელია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ე. წ. კახური შეთქმულების სრული გეგმა გაშიფრულია, _ დაწყებული საკონსტიტუციო სარჩელით, დასრულებული ღარიბაშვილის გარემოცვის პოლიტიკური ამბიციებით.
სადამდე მივა გამოძიება?
დაასახელებს თუ არა იგი დამკვეთებს?
ჯერჯერობით, არაოფიციალური ინფორმაციით, ფირების ატვირთვის ადგილი დადგენილია და მყარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დანაშაულის გამოძიების საქმეში, ჩვენ პროკურატურის მოკავშირე ვართ.
ყველა ის პირი, რომელსაც ამ უმძიმეს დანაშაულთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჰქონდა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
ელისო კილაძე