QronikaPlus
ტენდერი, სარეზერვო ფონდი და გზის გარეშე დარჩენილი სოფელი…

ტენდერი, სარეზერვო ფონდი და გზის გარეშე დარჩენილი სოფელი…

2016-04-19 07:08:38

მიუხედავად იმისა, რომ „სიტყვით“ ხელისუფლება სოფელს ძალიან ეხმარება და, ერთი შეხედვით, მათთვის  ხელშეწყობის პროგრამებიც აქვს შემუშავებული, სინამდვილე სულ სხვაგვარია. მაგალითად, მათ, ვისაც მცირე ოდენობის სახნავი მიწა აქვთ და უნდათ, რომ მარცვლოვანი კულტურა დათესონ, სამუშაოები იმდენად ძვირი უჯდებათ, მისი დამუშავება არც უღირთ. მცირე მიწის დასამუშავებლად მათთან ტექნიკაც არ მიდის. მისი მფლობელები პირდაპირ ეუბნებიან, _ 10 ჰა-ზე ნაკლები მიწის დამუშავების შეკვეთას ვერ ავიღებთო. ალბათ, იკითხავთ, ასეთ შემთხვევაში, ეს ადამიანები რატომ არ მიმართავენ სახელმწიფო აგროტექნიკის დაწესებულებებს, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა აქვთ და ხელისუფალთა თქმით, გლეხები მას შეღავათიან ფასად უნდა იყენებდნენ? ნურას უკაცრავად, ამ ტექნიკის გამოყენების დროს გლეხს იქაც იგივე თანხას სთხოვენ, რასაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კერძო მფლობელები და თან იმხელა რიგია, აპრილში დასათესი მზესუმზირა, შეიძლება, აგვისტოში დაგითესონ, როცა უკვე მოსავალს უნდა იღებდე. ამ და სხვა მიზეზთა გამო ქვეყნის ველ-მინდვრებში უამრავი მიწის ნაკვეთი უსარგებლოდ არის დარჩენილი და კვლავ გლეხი ზარალდება... რას უყვებიან სოფელ ვაქირში „ქრონიკა+“-ს. ნანა ნანობაშვილი _ პროექტის ,,სოფლის პრობლემის აღმოფხვრა, ადგილობრივი მნიშვნელობის მინდვრის გზების რეაბილიტაციაავტორი და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი: _ ეს სოფელი მდებარეობს კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. აქ სუსტად არის განვითარებული სოციალური სექტორი და ინფრასტრუქტურა, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელს უშლის ის, რომ ადგილობრივ სახელისუფლებო ერთეულს საჯარო ფინანსები მწირი აქვს. როცა სოფელში არსებული პრობლემები აღვწერეთ, ადგილობრივებისთვის ძირითად პრობლემად მაინც სოფლიდან მინდორში მისასვლელი გზების მოუწესრიგებლობა გამოიკვეთა. _ ეს რას ნიშნავს, იქნებ, უფრო ზუსტად აგვიხსნათ? ან კიდევ რა პრობლემები გაქვთ სოფლის მცხოვრებლებს? _ ამჯერად მხოლოდ ამ პრობლემაზე უნდა გესაუბროთ, რადგან ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სოფლის მცხოვრებლები სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად შემოვლითი გზით დადიან ნაკვეთებში სამუშაოდ, ვაქირიდან წნორზე გამავალი შემოსავლელი მინდვრის გზა კი ათეული კილომეტრია. მინდორში მისასვლელი მოკლე გზის რეაბილიტაციით ხალხს შემოვლითი გზით სარგებლობისას სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯები დაეზოგება. სოფლის ნახირსა და მესაქონლეებს საძოვრებამდე მშრალად (ამორტიზირებულ გზაზე, დიდ გუბეებში საქონელი სველდება) მისვლა შეეძლებათ, რითაც სოფელში ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება. ამ გზის საშუალებით გლეხი მოყვანილი პროდუქციის სახლამდე უპრობლემოდ, ადვილად მიტანას, ან ბაზარზე გატანას შეძლებს, რაც სოფლის გაძლიერებას  შეუწყობს ხელს. ძლიერი სოფელი კი სოციალურ და კულტურულ პრობლემებს მოაგვარებს. ამჟამად ეს გზა საშინელ მდგომარეობაშია. იქ გავლა ვერც ტრანსპორტით შეიძლება და ვერც _ ფეხით. ეს არის ის, რაც, ერთი შეხედვით, ხელისუფლებასაც უნდა, ან კარგი იქნება, რომ უნდოდეს. ინტერნეტის საშუალებით გავიგეთ, რომ  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ინიციატივა“ ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით სათემო ფილანტროპიის ქსელს შეუერთდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად, ჩვენს მუნიციპალიტეტში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. რამდენიმე ვაქირელმა კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტეთ. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც 5 ადამიანი წარმოვადგენთ: ნანა ნანობაშვილი, გიორგი ბეიტრიშვილი, ნონა ქემაშვილი, აკაკი ვარდიაშვილი და გურამ ბეიტრიშვილი. 10 მარტს წარვადგინეთ კიდევაც საკონკურსო განაცხადი ,,სოფლის პრობლემის აღმოფხვრა, ადგილობრივი მნიშვნელობის მინდვრის გზების რეაბილიტაცია“, რომლის მიზანიც არის, მინდვრის გზის რეაბილიტაცია-მოხრეშვა, ანუ გზების რეაბილიტაციის შედეგად დამუშავდება სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან ამოღებული მიწის ფართობი, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. როგორც უკვე გითხარით, ეს აუცილებლად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სამინდვრე გზა რომ გაკეთდება, მეურნე ადამიანები უკეთ მივლენ საკუთარ ნაკვეთებში, დაამუშავებენ და მოსავალიც გაეზრდებათ. ამჯერად კი ზოგი სწორედ იმიტომ ვერ ამუშავებს კუთვნილ მიწას, რომ იქ ტექნიკის მიტანა შემოვლითი გზით უჭირს. ამის გამო ბარაქიანი მიწები დაუმუშავებელი რჩება და ადამიანებიც, რომლებიც მას ფლობენ, ეკონომიკურად სუსტად არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს მოსახლეობა და მათი კეთილდღეობა, ეკონომიკური სიძლიერე, სოფლის აღმშენებლობა და ა. შ. ყოველივე იქიდან გამომდინარე, რაც მე მოგიყევით, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია, მიმართული იყოს მოსახლეობის მხარდაჭერისკენ. თავად თუ ვერ აგვარებს ამ პრობლემას დამოუკიდებლად, მაშინ სოფლის მცხოვრებლებს საშუალება უნდა მიეცეთ, საკუთარი სოფლის აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაერთონ. ამ გზით სოფლის მცხოვრებლები იმ პოტენციურ სარგებელს მიიღებენ, რისი მოტანაც მათ სოფლის განვითარებისთვის შეუძლიათ, სხვანაირად კი ეს ადამიანები ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდიან და სოფელიც სუსტდება. _ ადგილობრივი ხელისუფლება არ გეხმარებათ ამ გზის გაკეთებაში? თუმცა თქვენ მითხარით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელზე პროექტი დაწერეთ და ადგილობრივი ხელისუფლება რა შუაშია, იქნებ, ესეც აგვიხსნათ?   _ პროექტი უნდა განხორციელდეს ვაქირის სარწყავი არხიდან ქვევით, სოფლის მინდორთან დამაკავშირებელ  (ბოცკალო) გზაზე. საგრანტო კონკურსით სათემო ფონდიდან მოთხოვილი თანხის მინიმალური ზღვარი განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარიდან და არ უნდა აღემატებოდეს 1500 (ათას ხუთასი) ლარს. წარმოდგენილი პროექტის მიმდინარეობის მაქსიმალური დროა 2016 წლის პირველი აპრილიდან 2016 წლის 30 ივნისამდე. პროექტის ფარგლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული საქმიანობები აუცილებლად უნდა დასრულდეს 2016 წლის მაისის ბოლომდე. საბედნიეროდ, კომისიამ ჩვენ მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადი მოიწონა და დაფინანსებაზე რეკომენდაცია გაგვიწია. ამ გზით ჩვენ მოვიპოვეთ 1500 ლარი. 29 მარტს  ,,სამოაქალაქო ინიციატივის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 6 საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა შედგა. შეხვედრის განმავლობაში გამარჯვებულმა საინიციატივო ჯგუფებმა საკუთარი საპროექტო წინადადების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე _ ეკა ჩახნაშვილი, წნორისა და ვაქირის გამგებლის წარმომადგენლები, ფონდ ,,ტასოს“ თანამშრომლები. საინიციატივო ჯგუფის მიერ დათვლილი ხარჯთაღრიცხვით პრობლემის აღმოფხვრას 4000 ლარი სჭირდება, ამიტომ 2500 ლარით თანადაფინანსებისთვის 4 აპრილს მივმართეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ჯანიკაშვილს. თავდაპირველად მან დახმარებისთვის მზაობა გამოთქვა და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის კომისიის გამოგზავნას დაგვპირდა პრობლემის შესასწავლად, მაგრამ მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შესყიდვების ვებგვერდზე აიტვირთება და ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ტენდერს პროცედურულად, სულ ცოტა, 21 დღე სჭირდება, ჩვენ კი, როგორც გითხარით, პროექტის განხორციელების ვადა მაისამდე გვაქვს. იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ტენდერის გამო ის თანხაც დავკარგოთ, რაც ჩვენ თვითონ, გრანტის სახით მოვიპოვეთ და გზა ვერ გავაკეთოთ. _ სიღნაღის მუნიციპალიტეტს სხვა ფორმითაც შეეძლო, ეს თანხა თქვენთვის გადმოეცა? _ ვერ გეტყვით, ფიზიკურ პირზე რამდენად კანონიერია თანხის გადარიცხვა, მაგრამ მაშინ ის მაინც ხომ უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ? ან, კიდევ, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, დროს რომ თავი დავანებოთ, რომელი ინდმეწარმე ან შპს შეასრულებს ხარისხიანად ფინანსურად არამომგებიან საქმეს? ეს სოფლის მოსახლეობის თვითმობილიზებით ხდება _ ვმუშაობთ უფასოდ, გათვლილი ხარჯებია. თვითმმართველობას კი შეუძლია, თანხის ნაცვლად მუნიციპალური ტრაქტორითა და საწვავით დაეხმაროს სოფელს. თუ სიღნაღის მუნიციპალიტეტი ამ თანხით დროულად არ დაგვეხმარება, ან საერთოდ არ დაგვეხმარება და ეს ტენდერიც ვერ ჩატარდება, სოფელი გზის გარეშე დარჩება და ამის შედეგებიც უკვე სახეზეა _ დაუმუშავებელი მიწები და სოციალური გაჭირვება. ახლა იმ წინააღმდეგობების შესახებ გესაუბრეთ, რაც წინ დაგვხვდა. იმედს არ ვკარგავთ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ვაქირს მინდორში მისასვლელ გზას გავუკეთებთ. ცხადია, მოასფალტებულ, კაპიტალურ გზას არ ვგულისხმობ და გზის მოხრეშვა რატომ უნდა იყოს ასეთი პრობლემა, მართლა გაუგებარია?! თვითმმართველობა ხომ ნიშნავს თვირთმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ მოქალაქეთა უფლებასა და შესაძლებლობას და ის ხომ უნდა ჩაერიოს და მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში? თანაც, ეს ჩვენი შესაძლებლობაა, რომ სოფლის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა მოვაგვაროთ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთან ვაქირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ილია ხატიაშვილთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მნიშვნელობის მინდვრის გზის რეაბილიტაციის გეგმას შევქმნით, რომლის შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა. მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად ჩატარდება სოფლის კრება, შეირჩევიან სამუშაო ჯგუფის წევრები სოფლის მცხოვრებლებისგან, შესაბამისი პროფესიისა და გამოცდილების ადამიანები. ამ პრობლემის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს სოფლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსახლეობას ექნება გამოცდილება, თვითმობილიზებით, საერთო საქმე გააკეთოს. მიწები რომ დამუშავდება, ოჯახების შემოსავალზე აისახება. რატომ არ გვიწყობენ ხელს, ვერ გაგვიგია?!   მდგომარეობის გადასამოწმებლად, ცხადია, სიღნაღის გამგეობის პრესსამსხურს დავუკავშირდით და `ქრონიკა+~-ის რესპონდენტის ამბავიც მოვუყევით. მან რაიონის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ბაკურ მოლაშვილთან გადაგვამისამართა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბატონი ბაკური, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საქმის კურსში არ იყო: _ ასეთი ტენდერის შესახებ არაფერი მსმენია. მე როგორც ვიცი, ჯერ „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, თუ იქ მოხვდა, ხომ კარგი და თუ ვერ მოხვდა, მაშინ ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტენდერზე რომ ყოფილიყო ლაპარაკი, მე უნდა მცოდნოდა, მაგრამ ხომ ვერ მოგატყუებთ, საქმის კურსში არ ვარ, არც ბიუჯეტიდან არის ამაზე თანხა გამოყოფილი. _ რა ხდება, აბა, ამ ქალბატონს გამგეობაში ატყუებენ? _ არ ვიცი, ვინ რას ეუბნება. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ, რადგან მან გრანტი მიიღო და ვადა ეწურება? ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. _ გრანტი ხომ სოფლის გზას უნდა მოხმარდეს, სოფელზე და ხალხზე ზრუნვა, აბა, ვის ეხება? _ ეგ კი, გვეხება და ბევრი საუბნო გზაც გვაქვს ამ სოფელში გაკეთებული.   ამის შემდეგ კვლავ პრესსამსახურს _ ქეთი ბეჟიაშვილს მივმართეთ და ვთხოვეთ, გამგებელთან გაერკვია, რა ხდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ დაგვირეკა: _ ამ გზის შეკეთებასთან დაკავშირებით არანაირი ტენდერი არ ტარდება. ეს თანხა სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს. ამ ქალბატონს ოფიციალური დოკუმენტაცია არ მოუტანია (როგორც მერე შევიტყვეთ, მისი მიტანილი დოკუმენტები გამგეობაში არ მიიღეს, _ ნ. ვ.) ახლავე დავუკავშირდებით, მოვატანინებთ და შესყიდვების სააგენტოს მივმართავთ. ისინი რომ ნებას დაგვრთავენ, 10-14 დღეში თანხა ჩაირიცხება.

                                                                                            ნელი ვარდიაშვილი

     

გაზიარება