ა/ო „პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ქონებების დაბრუნების გამჭვირვალობისათვის პროკურატურაში საზოგადოებრივი კომისია უნდა შეიქმნას. მისი თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოს, რისთვისაც საჭიროა, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების დეპარტამენტთან უფლებადამცველი ორგანიზაციებით და სამართლის ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია შეიქმნას.
ბოლო ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად 5 დაზარალებულ მოქალაქეს პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობით 1 მილიონ ლარამდე ღირებულების 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.
„ქრონიკა+“ „პოლიტიკის და სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარეს, ამირან გიგუაშვილს ესაუბრება:
_ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა კრიტერიუმებით ხდება სამართალწარმოების დეპარტამენტში საქმეთა გამოძიების პრიორიტეტულობის განსაზღვრა. პირადად შემიძლია დაგისახელოთ არაერთი განცხადება და საჩივარი, რომელიც სწორედ ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებების დაბრუნებას ეხება და პროკურატურაში წლების მანძილზე თაროზეა შემოდებული.
არავინ იცის, ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, თუ რომელი მესაკუთრის უფლება როდის უნდა აღდგეს, ან რატომ უნდა დაისაჯონ, ან არ დაისაჯონ ის პროკურორები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებმაც, თავის დროზე, უკანონობა ჩიდინეს.
იქნებ, მართლაც არ იყვნენ ისინი დამნაშავეები და ეს ყველაფერი არსებული სისტემის ბრალი იყო? ან, იქნებ, სულაც სწორედ ეს თანამდებობის პირები სარგებლობდნენ ბოროტად სისტემით? მოკლედ, ამ შემთხვევაში კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები და სწორედ ამიტომ ჩამორთმეული ქონების თითოეული დაბრუნების პრეცედენტში არასამთავრობო სექტორი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს.
პერიოდულად გარკვეული დაზარალებულებისთვის ქონების სატელევიზიო დაბრუნება საზოგადოებაში განცდას აჩენს, რომ ეს ყველაფერი უფრო პოლიტიკური პროცესია, ვიდრე სამართალწარმოების ნაწილი, რის გამოც მთელი ამ პროცესის დისკრედიტაცია ხდება.
ჩვენმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2012 წელს წარუდგინა ხელისუფლებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული ქონებების მედიაციის გზით დაბრუნების პროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან და პროკურატურასთან სწორედ ასეთი კომისიის ჩართულობით განცხადებების განხილვას ითვალისწინებდა, თუმცა ეს პროექტიც, ისევე როგორც სხვა არაერთი მსგავსი შეთავაზება, განუხორციელებელი დარჩა.
დღეს მთელი ეს ტვირთი და ათასობით განცხადების შესწავლა დაკისრებული აქვს მხოლოდ პროკურატურაში არსებულ ერთ დეპარტამენტს, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს. ამიტომ, მინიმუმ, მათი ეფექტურობის გაზრდისთვის და პროცესში მეტი გამჭვირვალობისათვის მიზანშეწონილი იქნებოდა, თუნდაც, სამართალწარმოების დეპარტამენტთან საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, რომელიც პროცესის მაქსიმალურ საჯაროობას უზრუნველყოფს.
_ მაინც, რა კრიტერიუმებით ხდება სამართალწარმოების დეპარტამენტში საქმეთა გამოძიების პრიორიტეტულობის განსაზღვრა, დაკვირვება რას გეუბნებათ?
_ ჩვენი მოთხოვნა სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა კრიტერიუმები, თუ რატომ უნდა აღუდგეს უფლება, კონკრეტულ პირებს გადაეცეს ქონებრივი სიკეთე და რატომ არ უნდა დაუბრუნდეთ სხვებს?
რასაკვირველია, წართმეული ქონების დაბრუნების ყველა ფაქტს მივესალმებით. მაგრამ ჩვენი მოწოდება, როგორც პარტნიორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ასევე მედიასაშუალებების მიმართ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების დეპარტამენტში ერთგვარი საზოგადოებრივი მონიტორინგი დაწესდეს. ეს არა სამართლებრივი, არამედ საჯაროობის თვალსაზრისით გაკეთდეს.
თითოეული საკითხი შეფასდეს და განისაზღვროს, თუ რა კრიტერიუმები იყო გათვალისწინებული. რამდენად იმსახურებდნენ ეს ადამიანები თავიანთი პრეტენზიების უპირატესად განხილვას და არა, ვთქვათ, ასობით სხვა მოქალაქე, რომელიც ასევე წლების განმავლობაში რიგში დგას? მათ განცხადებაზე დღემდე ელემენტარული რეაგირება არ მოუხდენიათ.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ არ ვიცით, ის პროკურორები, სოდისა და კუდის მაღალი თანამდებობის პირები (რომლებიც პროცესებში უშუალოდ მონაწილეობდნენ, ადამიანებისთვის ავტომანქანების, სხვა ქონების ჩამორთმევაში) რატომ არ იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი; და რატომ გამოიყენა პროკურატურამ მათ მიმართ განსაკუთრებული უფლებამოსილება და განარიდა ისინი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას?
შედეგად, მთელი ეს პროცესი იმდენად დისკრედიტებულია (რაც ე. წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესს მოიცავს), რომ საზოგადოებას მის მიმართ ნდობა, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს.
_ განაცხადეთ, რომ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2012 წელს წარუდგინა ხელისუფლებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული ქონებების მედიაციის გზით დაბრუნების პროექტი, მაშინ რა პოზიცია ჰქონდათ ამ საკითხზე?
_ ჩვენ წერილობით მივმართეთ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. შევთავაზეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებების მორიგების გზით დაბრუნება მესაკუთრეებისთვის; ამისთვის სპეციალური სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება.
ამ წერილმა იარა და დაახლოებით ორი თვის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს უფროსთან აღმოჩნდა. როდესაც შევხვდი (მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ), მის თვალებში ამოვიკითხე ერთადერთი სურვილი, რომ როგორმე ეს ზედმეტი პრობლემები თავიდან აეცილებინა და რამენაირად ჩვენი პროექტისგან დისტანცირება მოეხდინა.
ჩვენი ორგანიზაცია არ იყო ერთადერთი, რომელმაც ასეთი ტიპის პროექტი წარადგინა ამ ხნის განმავლობაში. სხვა არაერთი პროექტი არის წარდგენილი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. რეალურად, სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის შეთავაზება მოხდა ხელისუფლებისთვის.
მაგრამ ერთადერთი, რაც გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, პროკურატურაში სამართალწარმოების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომელშიც სულ რამდენიმე ადამიანი არის დასაქმებული.
მათ არც რესურსი ექნებათ და არც ობიექტური შესაძლებლობა, რადგან აღნიშნულ დეპარტამენტში დაახლოებით 700 განცხადება მხოლოდ ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით არის შესული; და ათასობით წერილი უკვე წამებისა და არაადამიანული მოპყრობის ფაქტზეა.
ვერ წარმომიდგენია, რომ ერთმა დეპარტამენტმა, რამდენადაც არ უნდა მოისურვოს და როგორი კომპეტენტური კადრებითაც არ უნდა იყოს დაკომპლექტებული, ასეთი დიდი პრობლემის გადაჭრა შეძლოს. სწორედ ამიტომ ეტაპობრივად ხდება გადაწყვეტილებების მიღება.
ახლა ხუთ ადამიანს საკუთრება აღუდგა. სავარაუდოდ, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ვიხილავთ მცირე შედეგს. ეს პროცესი, ალბათ, არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააქტიურდება; როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ქონება დაუბრუნდებათ, ან უფლებები აღუდგებათ. მაგრამ ეს საერთო ფონს ვერ შეცვლის. ეს ფონი კი ის არის, რომ ვიმეორებ, ადამიანებს ყოველგვარი ნდობა დაკარგული აქვთ ამ ტიპის ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიმართ.
ამიტომ გვინდა, რომ შეიქმნას, მინიმუმ, საზოგადოებრივი კომისია, რომელიც ერთგვარ მონიტორინგს განახორციელებს. თუ რამდენად სამართლიანად და ობიექტურად იხილავს კონკრეტული ხელისუფლება ადამიანების უფლებების აღდგენის საკითხს და რეალურად რა პროცესები მიდის, რაც აღნიშნული ქონების დაბრუნებას მოიცავს.
_ საუბრობთ არაერთ განცხადებასა და საჩივარზე, რომელიც, სწორედ, ჯერ კიდევ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებების დაბრუნებას ეხება და პროკურატურაში წლების მანძილზე თაროზეა შემოდებული. რა ფაქტები შეგიძლიათ დაასახელოთ?
_ 2010 წელს ერთ-ერთ რეგიონში კომპანიის დამფუძნებელი მაშინდელმა გამგებელმა დაიბარა და გუბრენატორის სახელით ქონების ჩუქება მოსთხოვეს სახელმწიფოსთვის, რომელიც მილიონ რვაასი ათასი ლარი ღირდა. მან, ცხადია, უარი განაცხადა.
ზუსტად ერთ კვირაში ბიზნესმენის ყველა კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა და შემოწმება დაიწყო. დააკავეს ერთ-ერთი დამფუძნებელი და იმ დღეს გამოუშვეს, როდესაც ამ ბიზნესმენმა ქონება მაშინდელ გამგებელს უსასყიდლოდ აჩუქა.
2012 წლის ნოემბერში ამ ბიზნესმენმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, თუმცა ორი წელი ისე ედოთ თაროზე, ოფიციალური პასუხიც არ მისცეს.
2015 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც სამართალწარმოების დეპარტამენტი შეიქმნა, კიდევ შეიტანა საჩივარი ამ ბიზნესმენმა პროკურატურაში. ამჯერად დაიბარეს, დაკითხეს და დღემდე დაზარალებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ.
სამოქალაქო სარჩელი კი წელიწადზე მეტია, სასამართლოში დევს და განხილვაც არ დაწყებულა.
ასევე შემიძლია გითხრათ მეორე შემთხვევა, როდესაც „კუდის“ მაშინდელმა მაღალჩინოსანმა წაართვა მიწის ნაკვეთები ბიზნესმენებს და საკუთარ მეგობარზე გააფორმებინა. 2012 წელს შეიტანეს ამ ბიზნესმენებმა საჩივარი. თუმცა ყოფილი კუდ-ის უფროსი დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.
და არავინ იცის, რა კრიტერიუმებით ხდება დღეს საქმეთა შერჩევა და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს პრიორიტეტულობაზე. შესაბამისად, ეს საქმეც თაროზეა შემოდებული. ასეთი არაერთი საქმეა, სადაც დანაშაული ხელის გულზე დევს და რეალურად, გამკითხავი არავინაა.
_ რა აიძულებს ხელისუფლებას, რომ აღნიშნულ პროცესს სამართლიანად მიუდგეს?
_ საჭიროა არა მხოლოდ დაინტერესებული, უფლებადარღვეული მოქალაქეების, არამედ მთელი საზოგადოების აქტივობა, რომელიც ელოდებოდა და ელოდება სამართალს ხელისუფლებისგან.
კანტს აქვს ასეთი ფრაზა, თუ რის იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს: მას სამართლისა და საზოგადოების იმედი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ერთადერთი იმედი, რაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამ პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტურობისთვის, ეს საზოგადოებრივი აქტივობაა.
ჩვენ, რასაკვირველია, შორს ვართ იმისგან, რომ ათი ათასობით განცხადებიდან (რომელიც რეაბილიტაციას ეხება) ყველა სამართლიანია და წინა ხელისუფლების დროს ყველა პატიმარი უკანონო პატიმარი იყო. ჩვენ ასე არ წარმოგვიდგენია, მსგავსი შეხედულება ნამდვილად არ გვაქვს.
სწორედ ამ ეჭვების გასაფანტად, მტყუან-მართლის გასარჩევად და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან არიდებისთვის, აუცილებელია მედიასაშუალებებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა ამ პროცესებში.
სხვაგვარად, ვიმეორებ, რომ ეს იქნება მორიგი დისკრეტიდაცია ამ კონკრეტული გადაწყვეტილებებისა, რაც, ზოგადად, უნდობლობის ფაქტორს კიდევ უფრო გაზრდის.
გელა მამულაშვილი