ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც, დეპუტატის განმარტებით, ფიზიკურ პირებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.
ვოლსკის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება, თუკი ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მიღებულ საცხოვრებელ ბინას/სახლს იმავე ფიზიკურ პირს _ ყოფილ მესაკუთრეს მიაწოდებს. მოვალეს შესაძლებლობა მიეცემა, კუთვნილი ქონება მის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობით გამოისყიდოს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კრედიტორი შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე მიღებული ქონების რეალიზაციისას ვალდებულია, ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადი გადაიხადოს, რაც, თავისთავად, 18%-ით (დღგ) აძვირებს უძრავი ქონების ღირებულებას. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განმარტა, საგადასახადო ინიციატივა ფინანსური ისტიტუტებისადმი დავალიანების მქონე ფიზიკურ პირებს მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს.
გიორგი ვოლსკის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას „იბერიელთა კავშირის“ მესვეურები აკრიტიკებენ და საარჩევნოდ შეგდებულ სატყუარას უწოდებენ.
ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „იბერიელთა კავშირის“ წარმომადგენელი, მამისა ჯაფარაშვილი:
_ იმედის მარცვალი, _ ასე დავარქმევდი ბატონი ვოლსკის მიერ შემოგდებულ საკანონმდებლო წინადადებას იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. გადახდის უნარიანთა რიცხვი კი არ მატულობს, არამედ, იკლებს. ბანკებმა მოსახლეობას ქონების გამოსყიდვის საშუალება რომ მისცეს, ეს შეიძლება დაზარალებულთა 5%-ს შეეხოს, ბანკების მიმართ კი უფრო დიდი შეღავათია იმიტომ, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებენ. როგორც წინა საკანონმდებლო ცვლილება მოხდა, რომ საპოლიციო გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გააუქმეს, ამით შეღავათი მოსახლეობას არ მისცემია იმის გარდა, რომ გამოსახლება 2-3 თვით გადაიდო. ყველამ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დროში ოდნავ გაიჭიმა. თუ ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილების ერთობლივ პაკეტს არ შეიმუშავებს, არაფერი გამოვა. ეს წინადადება ხელისუფლებაში შევიტანეთ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კომპლექსურად. კარგი, მისცენ თავიანთი ბინების გამოსყიდვის საშულება, რა, არსებული კანონმდებლობა იცვლება? 4 წლის წინათ, როდესაც ხელისუფლებას კომისიის შექმნას ვთხოვდით, მაშინ უნდა გაეკეთებინათ! ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრის აპარატში მისი ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, ამირან გვაზავას შევხვდი, რომელსაც ჩვენ მიერ პრემიერ-მინისტრთან შეტანილ წინადადებაზე ვესაუბრე. გიორგი კვირიკაშვილისთვის ეს თემა უცხო არ არის, ბატონ გვაზავას ისიც ვუთხარი, _ ეჭვი მეპარება, ჩვენს პრემიერს იმის ახსნა სჭირდებოდეს, თუ რა ჩრდილოვანია საერთოდ ჩვენი საბანკო სისტემა-მეთქი. თვითონ მოდის იმ სტრუქტურიდან და ზეპირად იცის. რა მიპასუხა, არ გაინტერესებთ? _ ეს რამდენიმე ადამიანის პრობლემააო. მაშინ სტატისტიკური მონაცემები ამოვიღე, რომელიც ოფიციალურად მაქვს მოპოვებული სხვადასხვა უწყებიდან და ვაჩვენე: ერთ წელიწადში, დაახლოებით, 19 ათასი ადამიანის გამოსახლებაზეა გაცემული სააღსრულებო ფურცელი. მარტო 2015 წელს 19 000 სააღსრულებო ფურცელი გაიცა და იძულებით გაიყიდა მათი ქონება. შს სამინისტროს ინფორმაცია მოვთხოვე, რამდენი ოჯახი იყო გამოსახლებული და მითხრეს, _ მხოლოდ ერთი წლის მონაცემები გვაქვს, დანარჩენი მონაცემთა ბაზაში არ არისო, იმხელა ასტრონომიული ციფრია. მხოლოდ შს სამინისტრომ ერთ წელიწადში 1600 ოჯახის გამოსახლების ცნობა მომცა. წარმოიდგინეთ, ერთ წელიწადში, როცა მართლა შენელებული იყო გამოსახლება, რადგან ძალიან ბევრი ვიხმაურეთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ. გამოსახლებების გადავადებები ხდებოდა. ეს სტატისტიკაც კი არ იცის პრემიერ-მინისტრის აპარატმა და არც აინტერესებს, _ რამდენიმე ადამიანის პრობლემააო. ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანები ჩვენს ხელისუფლებას განწირული ჰყავს. კიდევ ვიმეორებ, ბატონი ვოლსკის საკანონმდებლო წინადადება მორიგი სატყუარაა, ხალხს ისიც ეგონა, თუ საპოლიციო გამოსახლება შეჩერდებოდა, ეშველებოდათ, მაგრამ რა შედეგიც მივიღეთ, ჩანს! ერთი თვის წინათ ერთ ნაცნობ პარლამენტარს დავურეკე და დახმარება ვთხოვე, _ ოჯახს ასახლებენ და იქნებ, რამე ვუშველოთ-მეთქი. მიპასუხა, _ რას ბრძანებთ, გამოსახლებები შეჩერდაო. _ რას ლაპარაკობთ, გუშინ რუსთავში ასახლებდნენ ოჯახს, ერთი ამბავი გვქონდა-მეთქი! _ აბა, ჩვენ ხელი რას მოვაწერეთო?! ასეთი პარლამენტარები რომ გვეყოლება, რას მოაწერა ხელი, ის არ იცის, ამ ქვეყანაში რისი იმედი უნდა გქონდეს?
_ თქვენი ორგანიზაცია წლებია, იპოთეკართა პრობლემებზე მუშაობს, თქვენი მონაცემებით, სტატისტიკა როგორია?
_ წარმოუდგენლად მატულობს. ამას წინათ საგარეჯოს რაიონში ჩავედი, მარტო ქალაქში 70-ზე ოჯახია და თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, დიდ ქალაქებში რა სიტუაციაა. რეგიონებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა კახეთშია. არავინ თქვას, რომ ზუსტი რიცხვი ვინმემ იცის. ძალიან ბევრი ნასყიდობის ხელშეკრულებაა დადებული იპოთეკური ხელშეკრულების ნაცვლად, თაღლითურად, თავიდანვე რომ დაეფარათ მევახშეებს იპოთეკის ხელშეკრულებები და სახელმწიფოსთვის შემოსავლები. ასევე გააკეთეს ბანკებმა, მე-300 მუხლით პირდაპირ გადაიფორმეს, აუქციონზეც კი არ გაუტანიათ ქონება. ასეთი ზრდადი რიცხვი არასოდეს ყოფილა. პროცენტულად რომ შევაფასოთ, მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობამ, რაც საპოლიციო გამოსახლება გაჩერდა, 30%-ით მაინც იმატა. საშინელი სტატისტიკაა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკებისგან. ადრე თუ კერძო მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების რიცხვი მატულობდა, დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან უფრო მეტია აუქციონებზე ქონების გაყიდვა. კაბალური წესები აქვთ, ერთი საქმეა, კლიენტი ფულს იხდის და საფინანსო ორგანიზაცია არ იღებს, იმიტომ, რომ თვითონ უნდა ქონების დასაკუთრება და მერე გაცილებით მეტ თანხად მიყიდვა. დაიჯერებთ, ფეხსაცმლის ფასად იყიდება ხალხის ქონება! 2000 ლარში იყიდება 100 000-ის ქონება, რადგან ჩვენი სააღსრულებო კანონწარმოება ამის საშუალებას იძლევა.
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ სარეკომენდაციო წინადადება გაქვთ შემუშავებული, რომლითაც პრემიერ-მინისტრსაც კი მიმართეთ. რას ითვალისწინებს ეს ინიციატივა და გამოსავალს სად ხედავთ?
_ ეს საკანონმდებლო წინადადებები ხომ პროცესს არ აჩერებს, თუ კომპლექსურად არ შემუშავდება ახალი კანონმდებლობა, ნოტარიუსებს თუ არ ჩამოერმევათ უფლება, რომ სააღსრულებო ფურცელი გასცენ, რა აზრი აქვს?! ახლაც იგივე ხდება _ ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, ქონება გადის აუქციონზე, იყიდება, მესამე პირი გადაიფორმებს და მერეა სასამართლო პროცესი. ამას რა მნიშვნელობა აქვს?! შენ უკვე სულ სხვა, მესამე პირს ედავები, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენად გამოცხადდება. ამიტომ, ამას მნიშვნელობა მანამდე აქვს, რომ ნოტარიუსმა არ გასცეს სააღსრულებო ფურცელი, ჯერ სასამართლო წარმოება უნდა იყოს. ასეთი აბსურდი არ ვიცი, სხვაგან სადმე თუ იქნება! ეს ცვლილება რომ კეთდებოდა, მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი, ზუსტად ვიცოდი, რომ ხელისუფლება ხელს დაიბანდა და იტყოდა, _ ჩვენ ხომ გავაკეთეთ და ცვლილება შევიტანეთო. ახლაც იგივე ხდება, ბატონი ვოლსკის წინადადება არაფერს შეცვლის და პირიქით, საბანკო სისტემას უწყობს ხელს, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლდეს.
რაც შეეხება იმას, რა შევთავაზეთ ხელისუფლებას, აუცილებლად უნდა მიიღოს ხელისუფლებამ კანონი ფიზიკური პირის გადახდისუუნაროდ ცნობისა და გაკოტრების შესახებ; კანონი საბანკო სერვისებისა და სამუშაოს დაკარგვის სავალდებულო დაზღვევის შესახებ; ყველა იპოთეკური ხელშეკრულება დაზღვეული უნდა იყოს, ასევე ხელფასი, _ ევროპას რომ გაიძახიან, აბსოლუტურად ყველგან ასეა. ვთქვათ, კარგავ სამუშაოს, იქვე სესხი კონსერვდება და პირიქით, ბანკი თვითონ ეძებს შენთვის სამსახურს, რომ გადახდისუნარიანი გახდე. სამოქალაქო კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც კაბალური გარიგების ცნების შემდგომ დახვეწას გულისხმობს. ჩვენთან ყველა ხელშეკრულება კაბალურია. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად დადგება დრო, რომ ეს ხელშეკრულებები თვითონ გასამართლდება და უკანონოდ გამოცხადდება; ვალუტის ცვლილების შემთხვევაში, სესხის თანხა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით კორექტირდება; ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ან შეცვლის უფლება მარტო ერთი მხარისთვის უფლების მიცემას გამორიცხავს, როგორც დღეს ბანკები აკეთებენ. ასეთი უპრეცედენტო შემთხვევები ადრე არ იყო: თუ ერთი კვირა გადახდა გადასცილდა, ბანკები იმ წუთში უჩერებენ სესხს და მთლიან დაფარვას ითხოვენ, უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა უფლებების დაცვას იპოთეკით დატვირთვისას ან გასხვისებისას. წინა ხელისუფლებამ კანონი შეიმუშავა, რომ ქონების მიტაცება უცებ ადვილი ყოფლიყო, თანამესაკუთრეთა უფლებები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, სააღსრულებო კანონების გაადამიანურება, ანუ ნულოვანი აუქციონის საერთოდ გაუქმება. საცხოვრებელი მინიმუმის საკანონმდებლო აქტით განსაზღვრას და მისი იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. კანონში საჯარო რეესტრის შესახებ ცვლილებები უნდა შევიდეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ ამდენი უფლებამოსილება, რომ როცა ერთ დღეში შეიძლება სამჯერ გასხვისდეს უძრავი ქონება, ეს ხომ გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ კეთილსინდისიერ მყიდველამდე მივიდეს, თორემ შეიძლება, რომ დღეში სამი მყიდველი მოიძებნოს? ეს წინადადებები შევიტანეთ ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, გამზადებული, სრული პაკეტი და მოვითხოვეთ კომისიის შექმნა, სადაც ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ჩვენ მიერ იქნებოდნენ წარდგენილი სპეციალისტები და ერთად განვიხილავდით, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, გვაზავასგან პასუხი მივიღე, რომ ეს თურმე რამდენიმე ადამიანის პრობლემა ყოფილა. ნამდვილად აღარ მაქვს არანაირი იმედი, რომ პრობლემას ეს მთავრობა გადაწყვეტს!
_ იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები ყოფილი ხელისუფლების შესაცვლელად ძალიან აქტიურობდნენ. მათ მოქმედი მთავრობისგან წინასაარჩევნოდ გარკვეული დაპირებებიც მიიღეს. ახლა ამ ხალხის საარჩევნო მოლოდინები და განწყობები როგორია?
_ ამ ხალხს არც ერთი პარტიის დანახვა არ უნდა, არც სახელისუფლებოს და არც ოპოზიციურის. პირადად შემიძლია ვთქვა _ არ დარჩენილა ქვეყანაში ძალა, რომელთანაც არ მივსულვარ. იმ პარტიებმა, რომლებთანაც მივედი და მხარში ამოდგომა ვთხოვე, მიპასუხეს, _ ამ თემას ვერ შევეხებითო. დღეს სასხვათაშორისოდ ისინიც აჟღერებენ ამ საკითხს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხალხის ბედი აწუხებთ, არამედ იციან, რომ ეს გლობალური პრობლემაა და ეგებ, ელექტორატი მიიზიდონ, მაგრამ ხალხს მათი არ სჯერა!
`ქრონიკა+” კომენტარისთვის გიორგი ვოლსკს უკავშირდებოდა, მაგრამ პარლამენტარმა როგორც სატელეფონო ზარები, ასევე პირად ტელეფონზე გაგზავნილი შეტყობინებებიც უპასუხოდ დატოვა.
თამარ ბატიაშვილი