სააკაშვილის მიერ მოპარული და ოფშორულ ზონებში გადამალული მილიონების ძებნის ამბავი როგორც დასრულდა, უკვე ყველამ კარგად იცის და ამაზე დიდხანს არ გავჩერდები.
იმედია, „ოცნების“ სახეები ყელმოღერებით არ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ საერთაშორისო კონსორციუმის 80 ჟურნალისტ-გამომძიებელი სააკაშვილმა მოისყიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ოფშორებში მიშას გადამალული ფული არ აღმოჩნდა, მაგრამ აღმოჩნდა ივანიშვილის საეჭვო კავშირები.
როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ბევრი უფრო შორს მიდის, გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალებს აშშ-ის სპეცსამსახურების ოპერაციის ნაწილად განიხილავს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ და შემთხვევითობად არც იმას მიიჩნევს, რომ ყველაფერი ეს სწორედ ახლა ამოტივტივდა ზედაპირზე, როცა უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის.
ამ თეორიის მომხრეთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება და მათ სასარგებლოდ ბევრი ფაქტი მეტყველებს: კერის ჩასვლა პუტინთან ჩემოდნით და რუსეთის პრეზიდენტის სარკაზმზე მისი პასუხი. ამ დიალოგის გახსენება, რომელიც 25 მარტს შედგა, ნამდვილად ღირს:
პუტინი: „ალბათ, მნიშვნელოვან საკითხებზე სავაჭროდ ფული ჩამოიტანეთ“.
კერი: „როდესაც განვმარტოვდებით, მე გაჩვენებთ, რა მიდევს ჩანთაში, ვფიქრობ, გაგაკვირვებთ. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იქნება“.
არ ვიცით, რა აჩვენა განმარტოებისას კერიმ პუტინს, ან დარჩა თუ არა გაკვირვებული რუსეთის პირველი პირი, მაგრამ ფაქტია, ამ დიალოგიდან მეორე დღესვე კრემლის პრესმდივანმა საგანგებოდ განაცხადა, _ პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ ინფორმაციულ შეტევას ამზადებენ და არ დაიჯეროთო. სავარაუდოდ, პუტინმა ნახა, რა ედო კერის ჩემოდანში...
ამ დიალოგიდან რამდენიმე დღეში უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა, სადაც კორუფციულმა ელიტამ სააკაშვილის გუნდის ბურჯზე _ დავით საყვარელიძეზე მიიტანა იერიში და თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც ოდესაში მაშინვე მღელვარება მოჰყვა, ხოლო „ნიუ-იორკ თაიმსმა“ აქამდე არნახული სტატია დაწერა, სადაც პირდაპირ მიუთითა, რომ პოროშენკომ საყვარელიძე აუცილებლად უნდა აღადგინოს თანამდებობაზე.
პოროშენკო კიევში ჩასვლისთანავე შეხვდა საყვარელიძეს და დაჰპირდა, ახალი პროკურორის დანიშვნისთანავე ძველ თანამდებობაზე აღგადგენო. ამ დოისთვის ოდესაში უკვე მაიდნის ნიშნები შეიმჩნეოდა: აქტივისტებმა ფარეხებში გადანახული საბურავები მოიძიეს, პლედები და ცხელი ჩაი-ყავა მოიმარაგეს და ოდესის პროკურატურის შესასვლელთან კარვები დასცეს, _ ჩვენ აქ პროკრემლისტ პროკურორ სტოიანოვს არ შემოვუშვებთო. მათ სააკაშვილმაც გამოუცხადა მხარდაჭერა.
მოკლედ, ამ ჩვენმა მესამე პრეზიდენტმა უკრაინაც გვარიანად არია და ახლა ჯერი ისევ მასზეა: ბევრს აწუხებს შეკითხვა, გაემიჯნება თუ არა სააკაშვილი მის ძველ მეგობარს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც, გამოქვეყნებული სკანდალური მასალების მიხედვით, ოფშორულ კომპანიებს ფლობდა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული?
თანაც, რაც უკრაინელებისთვის, შესაძლოა, მთავარი შოკისმომგვრელი ფაქტორი აღმოჩნდეს, ოფშორული კომპანიის მართვით და იქ ფულის გადაქაჩვით სწორედ მაშინ იყო დაკავებული, როცა უკრაინას სადაგი დღეები ედგა: 2014 წლის ივნისში, როცა ხმამაღლა გმობდა რუსეთის აგრესიას, მზადყოფნას აცხადებდა მის მოსაგერიებლად, ხოლო ჟურნალისტებს გვარდიის დისლოკაციის ადგილებზე იწვევდა, რათა გადაეღოთ, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პრეზიდენტი როგორ ყოჩაღად და აუცდენლად ისვრის ტყვიამფრქვევის ჯერს...
მთელ ამ ბაკქანალიაში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ვალოდიას, ბორიასა და პოროშას ოფშორული კომპანიების მართვისთვის ერთი მმართველი კომპანია ჰყავდათ დაქირავებული და ეს მაშინ, როცა ვალოდია ოკუპანტად ითვლება როგორც ბორიას (ივანიშვილის სახელი რუსეთში), ასევე პოროშას ქვეყნებში...
სააკაშვილი თავის სტიქიაშია, თუმცა მას არჩევანის გაკეთება ნამდვილად მოუწევს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელს ამჯობინებს: პოროშენკოზე თვალის დახუჭვას და ისე მუშაობას, რომ მან ყველა ხელისშემშლელი გზიდან ჩამოაცილოს, თუ ხალხის მხარეს დგომას, პოროშენკოს მხილებას და საბოლოოდ, მისი ჩაის დალევას, რაც, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტი გახდება...
პრინციპში, რას მოიმოქმედებს სააკაშვილი, ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მხოლოდ მასზე არც არის დამოკიდებული. ჯერ ერთი, გააჩნია, რას იზამს პოროშენკო და მეორეც, თუკი დავუშვებთ, რომ ეს სცენარი აშშ-ში დაიწერა, ცხადია, იქ სააკაშვილის როლიც გაწერილი იქნება...
მანამდე კი, სანამ ოფშორული ვნებები დუღს და გადმოდუღს, საქართველოში მიშას პიჯაკებზე აღშფოთებულებს ახსენებენ, რომლებიც ახლა, ბიძინას ოფშორულ თავგადასავალზე, ჯიუტად დუმან.
იხსენებენ ასევე მიხეილ სააკაშვილის ერთ სატელევიზიო ინტერვიუს „არჩევანში“, სადაც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქონებას მაინც ჩამოართმევს ხელისუფლება, სადაც უნდა წავიდეს და დაიმალოს:
„ივანიშვილის ფულს ამოვიღებთ, ზიმბაბვეშიც რომ დამალოს, სინგაპურში, ამერიკაში ან რუსეთში, როგორც არ უნდა დამალოს“, _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ესენი ჩემს მითიურ 19 მილიონს ეძებდნენ, რომელიც არ მაქვს და, შესაბამისად, ვერ იპოვიან. მე კიდევ ივანიშვილის ბოლო ცენტებსაც ვიპოვი და ხალხს დავუბრუნებ. აუცილებლად ავინაზღაურებთ დაკარგულ დროსაც!“ _ აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი შარშან, ივნისში...
დაბოლოს: ადგილზე სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე, ოდესის მერი ტრუხანოვი, რომელიც 53%-ით აირჩიეს, სკანდალურ სიაში ასევე ფიგურირებს. აღმოჩნდა, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, იმავდროულად კი ოფშორულ ზონაში 20 კომპანიას ფლობს.
სკანდალურ სიაში ისინი ფიგურირებენ, რომლებიც ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მოპოვებულ წყაროებში ოფშორულ კომპანიებთან საეჭვო კავშირების გამო მოხვდნენ. ამ კონსორციუმის მასალები 82 ქვეყნის 100-ზე მეტ მედიასაშუალებაში გავრცელდა. სწორედ ამ სკანდალის გადაფარვის მცდელობას უკავშირებენ რუსეთში თავდაცვის სამინისტროს შენობაში გაჩენილ ხანძარს, რომელიც მოსკოვის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში მძვინვარებდა.
რა მოხდება საქართველოში? რით გადაფარავს ხელისუფლება სკანდალს? ნუთუ, ისევ კადრებით?..
ლაშა ბერულავა