რა გავლენას მოახდენს ყარაბაღის გააქტიურებული ომი საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე? რა საფრთხეები და რისკები ემუქრება ჩვენს ქვეყანას და რა პოზიცია უნდა დავიჭიროთ მეზობლების კონფლიქტში?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში, თამაზ იმნაიშვილი:
_ ყარაბაღის კონფლიქტი, ასე ვთქვათ, გაიყინა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები აღარ ჩატარებულა. მთავარი ის არის, რომ აზერბაიჯანმა საკუთარი სამხედრო ძალის შესაძლებლობები წარმოადგინა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა. ამან ცალსახად აჩვენა, რამდენად ძლიერია აზერბაიჯანის არმია. საოცრება ის არის, რომ აზერბაიჯანის არმიას ერთობლივად სამი ერთმანეთთან მტრულად განწყობილი ქვეყანა ამზადებს: ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი. ნონსენსია! როგორ მოახერხა ალიევმა, ეს სამი ქვეყანა ერთმანეთს ებრძვის, თავს მტრებად მიიჩნევენ და აზერბაიჯანის არმიის გასაწვრთნელად თანამშრომლობენ. მეორეც, სომხებმა დაინახეს, რომ აზერბაიჯანელებს თუ ძალიან გაუძალიანდებიან, სრული კრახი ელოდებათ და მაშინვე ჩაერთო რუსეთი. ძალიან სამწუხაროა, რომ დასავლეთმა უარი თქვა ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევაზე და მის დარეგულირებაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად სუსტია დღეს დასავლეთი, ასევე ობამა, მერკელი, ოლანდი... ისინი შიდა კონფლიქტებით და დაპირისპირებებით არიან დაკავებულნი და ვერ წარმოუდგენიათ, სინამდვილეში რა ხდება, ამიტომ საჭიროდ არ მიიჩნევენ, რომ აქეთ გამოიხედონ. დარეგულირების დროშა რუსეთმა აიღო ხელში და ძალიან წარმატებულადაც. საუბარი მიდის იმაზე, რომ 2011 წელს, როდესაც ყაზანში ოთხეულის შეხვედრა შედგა (სომხეთი, ყარაბაღის წარმომადგენელი, აზერბაიჯანი და რუსეთი, რომელიც მაშინ ნულოვანი შედეგით დამთავრდა, ახლა რუსული დიპლომატია მოითხოვს, რომ 2011 წლის ყაზანის კონფერენციის გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მიგვეღო და ვერ მივიღეთ, ახლა მივიღოთო.
_ კონკრეტულად რაზეა საუბარი?
_ ქრონოლოგიურად დავალაგოთ: დაიწყო თუ არა კონფლიქტი, პირველად შოიგუ და პატრუშევი _ რუსეთის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი ჩავიდნენ ჯერ ბაქოში, მერე სომხეთში. ამის შემდეგ ლავროვი ბაქოში ჩავიდა და ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ კონფლიქტის მოგვარების დაწყების კარგი წინაპირობა იქნება, თუკი სომხეთი იმ ექვს რაიონს დააბრუნებს, რომელიც 26 წელიწადია, მითვისებული აქვს რუსეთის დახმარებით. ამ ბრძოლების შედეგად, დაახლოებით, 7-8 დასახლებული პუნქტი აზერბაიჯანელებმა მომენტალურად აიღეს, მთავარი მაინც ადგერის რაიონია, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების დასახლებული პუნქტია, რომლითაც ძალიან ბევრი რამის კონტროლი შეიძლება. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა, ხოლო რაც შეეხება ყარაბაღის სტატუსს, ამის შემდგომ ვილაპარაკოთო. ვიცით, სერგეი მარკოვი ვინც არის, კრემლის რუპორი. მან, პრაქტიკულად, „პლასტინკა“ გადააბრუნა და ასეთი რაღაც თქვა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და, საბოლოო ჯამში, უნდა დაუბრუნდეთო. როდესაც ლავროვი ბაქოში იყო, ასეთ რაღაცას ამბობდა, _ ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა რეფერენდუმის საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ მშვიდობა დამყარდება და ის ადამიანები დაბრუნდებიან, რომლებიც იქ ცხოვრობდნენო. საინტერესოა! ამის შემდგომ პრემიერ-მინისტრი მედვედევი ჯერ ერევანში ჩავიდა, მერე ბაქოში. აქ ერთი ნიუანსია _ ერევანში არ გაუკეთებია ის, რაც ბაქოში გააკეთა. ვგულისხმობ იმას, რომ ბაქოში მედვედევი მივიდა და პატივი მიაგო იმ რამდენიმე დღეში დაღუპულებს. სომხეთი რუსეთს ედავება, _ შენ ჩემი სტრატეგიული პარტნიორი ხარ, მედვედევმა ბაქოში განაცხადა, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო, თვითონ სარგისიანმა მედვედევთან ძალიან მკაცრად გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება, რომ თქვენ აზერბაიჯანს აიარაღებთო. ლავროვმაც გააკეთა განცხადება, _ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო. სომხები დაობენ, თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, „ოდეკაბეს“ წევრები ვართ, მიგვატოვეს, რუსებმა ზურგში მახვილი ჩაგვცეს, აზერბაიჯანს უფრო თანამედროვე იარაღი მიაწოდეთ, ვიდრე ჩვენო. ახლა აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, 10 მილიარდ 100 მილიონის ხელშეკრულებაა გაფორმებული და სომხეთს კი ჩუქნიან. განსხვავება ეს არის, ამ განცხადებების ფონზე ეს კონფლიქტი შეწყდა, მასშტაბური სროლები უკვე აღარ არის, ის 6-7 დასახლებული ტერიტორია, სოფელ თალიშის მიმდებარედ, ადგერის რაიონში, აზერბაიჯანმა უკან დაიბრუნა.
ვდგებით ასეთი სურათის წინაშე: რუსეთმა კიდევ ერთი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი აამუშავა, დასავლეთს დაანახა, რომ კავკასიაში გადამწყვეტი ძალაა. ნახეთ, რა ხდება _ რუსეთი იმ გზით მიდის, რომ თითქოს ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გადაწყვიტოს. რა შეიძლება მოხდეს, თუ ყარაბაღის კოფლიქტი სომხეთისა თუ აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყდა? ორი მიმართულებაა _ ჯერ კიდევ 2012 წელს „გენერალთა კლუბმა“ ერთი ძალიან საინტერესო ნაშრომი გამოაქვეყნა, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვედით და იქ ვამბობდით, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დღევანდელი სტატუს კვო ეს არის საქართველოს მშვიდობის შემანარჩუნებელი მომენტი. თუ ეს კონფლიქტი გადაწყდა, არ აქვს მნიშვნელობა ვის მხარეს, საბოლოოდ, ეს იქნება საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე! თუ სომხეთის სასარგებლოდ, აზერბაინაჯს ქვემო ქართლში რუსეთის მხარდაჭერა ექნება აზერბაიჯანის სასარგებლოდ; სამცხე-ჯავახეთში ექნება უპირატესობა სომხეთის სასარგებლოდ რუსეთის დახმარების საფუძველზე. სომხეთი, პრაქტიკულად, რუსეთს ჯიბეში უდევს თავისი ეკონომიკით, ფინანსებით... სომხებს თავიანთი აღარაფერი დარჩათ, ყველაფერი თავიდან ბოლომდე რუსულია და რასაც უნდა, იმას გაუკეთებენ, ზოგადი ფრაზით რომ გამოვხატოთ. აზერბაიჯანი ძალიან ძლიერი ქვეყანაა თავისი გაზითა და ნავთობით, საკუთარი შეიარაღებული ძალებით აზერბაიჯანს ასე ვერ დაელაპარაკება. ამავდროულად, აზერბაიჯანს საკუთარი პარტნიორი ჰყავს _ თურქეთი, ეს ორი ხაზი იკვეთება. რუსეთი ცდილობს, თურქეთს აზერბაიჯანი გამოაცალოს; თურქეთი სტრატეგიული პარტნიორი კი არის, მაგრამ ამაში აზერბაიჯანი დივიდენდს ვერ იღებს, გარდა მორალური მხარდაჭერისა, ეთნიკური და რელიგიური თანხვედრისა და პანთურქისტული ჰიპოთეტური თეორიების განვითარებისა. აზერბაიჯანის ეკონომიკა ცუდ დღეშია, თუ რუსეთის ბიუჯეტი 54%-ით არის ჩამოკიდებული გაზსა და ნავთობზე, აზერბაიჯანის ბიუჯეტი 92%-ით არის დამოკიდებული და მას ამ მიმართულებით სამჯერ მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე რუსეთს. ყველაფერი აჩვენებს, რომ საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
_ ამით რა გამოწვევები, რისკები და საფრთხეები შეიძლება შეექმნას საქართველოს?
_ თავისთავად, ეს კონფლიქტი და სამხედრო მოქმედებები ჩვენთვის გამოწვევაა. საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, ნეიტრალიტეტის დაჭერა ძალიან რთულია, რომელიმე მხარის მხარდაჭრა, პრაქტიკულად, დაღუპვის ტოლფასია და ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო, ამ კონფლიქტში ყველა საზომი უნდა დაიცვა, არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. ეს უკვე ქართული დიპლომატიის გამოწვევაა, შემდომ კი, თავისთავად, სახელმწიფოსი. რისკი, რა თქმა უნდა, დიდია. რისკია იმისა, რომ სამხედრო მოქმედებები შემთხვევით არ გადმოვიდეს აქეთ, თუმცა ეს რისკი შედარებით დაბალია. მეორე რისკი ის არის, რომ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის აქ არ მოხდეს კონფლიქტი. მესამე რისკია, აქეთ არ წამოვიდეს ლტოლვილების ნაკადი, მაგრამ გამომდინარე იმ ჩვენი ანალიზიდან, რომელიც „გენერალთა კლუბმა“ თავის დროზე გააკეთა, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთმა შეარიგა, სომხეთი კი ჰყავს ჯიბეში, მაგრამ ისე არ არის, რომ ყველაფერი წაგართვი და არაფერს გაძლევ. სომხეთი შეიძლება რუსეთს დაეკარგოს და ამიტომ, მათ რაღაც უნდა მიეცეთ. სომხების ამბიციები და ფსიქოლოგია ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის საშუალება მიეცემათ უკვე სამცხე-ჯავახეთში. ეს თუ ასე იქნება, სიმპტომები ზაფხულის განმავლობაში უნდა ვნახოთ. პირველი ის, რომ იქ „ჯავაკხმა“, „ვირქმა“, „დაშნაკ ცუტუნის“ სალონიკის ოფისმა (სხვათა შორის, არა ერევნის ოფისმა. სალონიკში არის „დაშნაკ ცუტუნის“ გასამხედროებული ძალის მთავარი ოფისი. პოლიტიკური ოფისია ერევანში, რომელიც 15 წელიწადია გადმოვიდა. მანამდე სალონიკში იყო და საინტერესოა, რომ კორპუსში, სადაც მე-7 სართულზე „დაშნაკ ცუტუნის“ მთავარი ოფისია, მე-11 სართულზე წალკელი ბერძნების სათვისტომოს მთავარი ოფისი მდებარეობს), უნდა დაიწყონ სეპარატიზმის იდეოლოგიური გაღვივების პროცესი, ეს იქნება ამის მანიშნებელი. მეორე სიმპტომი ეს იქნება უკვე არჩევნებზე სამცხე-ჯავახეთი რამდენად მისცემს ხმას პრორუსულ მარგინალურ ძალებს. ეს ორი სიმპტომი გამოაჩენს, რომ ჩვენ აქეთ მივდივართ. ყველა ვარიანტში, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი შერიგდა, საქართველო მარტო რჩება, წინ გვაქვს ძალიან ცუდი მაგალითი, როდესაც სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს გაფართოებას არ ვაპირებთ გარდა იმისა, რომ მონტენეგროს მივიღებთო. ასეც იქნებოდა, მაგრამ ეს გასაგებია ჩემთვის, როგორც ექსპერტისა და სპეციალისტისთვის, ასევე დიპლომატებისთვის, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს გაუგებარია და ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის წევრი პოლიტიკოსების ზოგიერთი გამოჩენელი წევრებისთვისაც ეს ყველაფერი სრულიად გაუგებარია. წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებენ, მარტო გოგი თოფაძეზე არ არის ლაპარაკი. პარლამენტის წევრი ამ დონეზე არ უნდა ლაპარაკობდეს!
_ თქვენი აზრით, რას მივიღებთ, როდესაც საფრთხე გაჩნდება?
_ მივიღებთ იმას, რომ აზერბაიჯანი თავისი ნავთობით დაექვემდებარება რუსეთის თამაშის წესებს. რუსეთის თამაშის წესების დაქვემდებარება ენერგოპოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ საქართველო, როგორც დერეფანი, აზერბაიჯანზე დიდწილად არის ჩამოკიდებული, ეს გახლავთ „შაჰდენიზი 1“, ახლა „შაჰდენიზი 2“ ამუშავდება, „ტანაპი“, „აბრეშუმის გზის“ პროექტი და ა. შ. პრაქტიკულად, ჩათრეული ხარ თამაშში და საქართველო ამ სივრცის შემადგენელი ნაწილი ხდება. სივრცე ექცევა რუსული კონტროლის ქვეშ. ჩვენს წინა ინტერვიუებში რამდენჯერმე ვახსენე ასეთი რაღაც, რომ თუ უკრაინა დასავლეთისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტის საშუალებაა, საქართველო არის გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება. თუ კავკასია, როგორც სივრცე, რუსეთმა აითვისა და ის აპირებს ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესის დაწყებას, ეს არის კავკასიის ათვისების პროექტი. თუ აითვისა, საერთოდ კეტავს ახლო აღმოსავლეთის ხაზს და დასავლეთს გაცილებით უფრო გაუჭირდება რუსეთთან ურთიერთობა, მით უმეტეს, ის პროცესები, რომელიც ახლა ჰოლანდიაში მიდის: რეფერენდუმი, რომელზედაც მოსახლეობის 61%-მა თქვა, რომ უკრაინა სულ არ გვჭირდებაო; ივნისში ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი _ გავიდეთ თუ არა ევროკავშირიდანო; მერკელის განცხადებები, მიგრანტების პრობლემები იმდენად დიდი შეიქმნა, უნდა გადავხედოთ ზოგიერთ კანონმდებლობას შენგენის ზონასთან დაკავშირებითო და ა. შ. ჩანს, რომ ევროპის დაშლის საფრთხე ძალიან დიდია. არათუ რისკი, არამედ საფრთხე! გამოწვევა შედარებით დაბალი რანგია, თავისი ნიშნებით საფრთხე უფრო მაღალი კოეფიციენტია. ეს უკვე საფრთხეა დასავლეთისთვის. ჯერჯერობით რუსეთი წარმატებულია, გამომდინარე იქიდან, რომ პუტინი კი არის ამბიციური, მაგრამ პრაგმატიკოსი პოლიტიკოსია. მას ძალიან კარგად ესმის ერთი რაღაც, რომ ჰოლანდიის, მერკელისა და ობამას პერიოდი მთავრდება და, მაქსიმუმ, 2 წელიწადი დარჩა დრო. ამ 2 წელიწადში თუ მოასწრებს პუტინი ამ თავისი ამბიციური პროექტების განხორციელებას, მერე მას ამის საშუალება რამდენიმე მომენტის გამო არ ექნება: პირველი იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები მოვლენ დასავლეთის სამი მთავარი ქვეყნის ლიდერებად; მეორე: ის სანქციები, ის ეკონომიკური კოლაფსი და ნავთობის ფასები, რომელიც არ გაიზრდება. რაც არ უნდა უხაროდეს, რომ 2 დოლარით მოიმატაო, საბოლოოდ სადღაც, 40 დოლარის, ფარგლებში ითამაშებს. ეს რუსეთს თავიდან ბოლომდე ანგრევს. პლუს ამას ემატება მათი ეროვნული გვარდიის შექმნა, მისი დაცვის ყოფილი უფროსი ზოლოტოვი რომ დანიშნა და ფუნქციები განუსაზღვრა, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინი ხვდება, შიგნით ქვეყანაში მას ძალიან სერიოზული პრობლემები ელოდება და ეროვნული გვარდიის ფუნქციებში სხვა ფუნქციებთან ერთად გადადის _ შიდა გამწვავების, არეულობისა და დაშოშმინების ფუნქცია. ამავდროულად, საინტერესოა, რომ ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში გაერთიანდებიან ის კერძო არმიები, რომლებიც სახელმწიფო კორპორაციებს აქვთ, ეს არის „გაზპრომი“, რომლის კერძო არმიის რაოდენობა 7-8 ათასია; „რაოესი“, რომლის რაოდენობა 4-5 ათასია და „როსნეფტი“, დაახლოებით 3-ათასიანი არმიით. მათ საკუთარ მოვალეობაში პირდაპირ უწერიათ, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში ვალდებულები არიან, დაიცვან ამ სახელმწიფო კომპანიების ქონება და უსაფრთხოება. რადგანაც ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში გადადიან ესენი და იქიდან გამომდინარე, რომ „გაზპრომიც“, „რაოესიც“ საქართველოში არსებობს, როგორც ბიზნესჰოლდინგი, ჩვენ ამ კუთხითაც ძალიან დიდი საფრთხე გვიჩნდება. პუტინი ხვდება, რომ ის 2 წელიწადში თუ ვერ მოასწრებს ამას, მერე ძალიან დიდი პრობლემები ექნება. სტატისტიკური მონაცემები აქვს, ამას „ლევადა ცენტრი“ აქვეყნებს, პლუს რუსეთის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტი, ამავდროულად, სტატისტიკის დეპარტამენტი რუსეთისაა, ფინანსთა თუ ეკონომიკის სამინისტროები წერენ, რომ რუსეთიდან კაპიტალი კატასტროფული სიჩქარით გაედინება და ძალიან დიდი პრობლემები ექმნება. ამიტომ საფრთხის ალბათობის გაზრდა დროშია განსაზღვრული. ჩვენ უახლესი 2 წელიწადი ის პერიოდი გვაქვს, რომ თუ ეს საფრთხე შეიქმნა და, დიდი ალბათობით შეიქმნება, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ სერიოზული ზომების მიღება, რომ დავასწროთ და ქვეყნის შიგნით სამცხე-ჯავახეთი ავითვისოთ. სამწუხაროდ, სამცხე-ჯავახეთი ათვისებული არ გვაქვს. დაწყებული იქიდან, რომ ახალქალაქში თუ ვალეში ქართულ წარწერას ვერ ნახავ, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ქართული არ იციან და საქმის წარმოება ხშირად არაქართულ ენაზე ხდება. თავის დროზე, ქართველი ეკომიგრანტები რომ ჩაასახლეს, გამოქცეულები არიან და, პრაქტიკულად, ძალიან ცოტანი დარჩნენ. ვინც დარჩა, ისინიც, ლამის, გასომხდნენ, ახალქალაქისა და ვალეს ეკონომიკური მიბმულობა დასავლეთ საქართველოსთან ძალიან დაბალია, ეს ყველა ვარიანტში გადასალახავი გვაქვს და ხელისუფლების მიდგომა, რომ რაიმე პრობლემა არ წარმოიშვას, ჯავახეთში არც ერთი სამხედრო ნაწილი არ დგას. მესაზღვრეების რაოდენობა ძალიან ცოტაა. უკვე რამდენი წელიწადია გვესმის, რამე პრობლემა რომ არ წარმოიშვას, ამას არ ვაკეთებთო! მე ჩემი სახელმწიფოს პრობლემა მაქვს და ვინმეს რამე არ ეწყინოს, _ ასე არაფერი გვეშველება! ეს არის ძალიან რეალური საფრთხე, გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ზაფხულში და ოქტომბერში უკვე რისკის წინაშე ვიქნებით, თუ ეს ფაქტორი და პროცესები განვითარდა, საფრთხეში გადაიზრდება! საფრთხეში თუ გადაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე დავაგვიანეთ! გასაგებია, მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას, ევროპასთან უფრო მეტად ვიქნებით ჩახუტებულები, მაგრამ ის, რომ ნატო უნდა იყოს, როგორც ქმედითუნარიანი პარტნიორი, ის, რომ აშშ-სთან ჩვენ გაფორმებული გვაქვს ჩარჩო ხელშეკრულება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, საქართველოს ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს, რომ დასავლეთის ინტერესების დაკმაყოფილება არ ნიშნავს იმას, რომ შენ შენი ინტერესები არ დაიკმაყოფილო! თუ ჩემი და დასავლეთის ინტერესი ემთხვევა, დასავლეთი ორი ხელით არის შენკენ, ქართული ინტერესების გატარებას არ დაიწყებს დასავლეთი, შენ თვითონ თუ არ გინდა, მან რატომ უნდა გააკეთოს?! სასწრაფო წესებით თუ არ დავიწყეთ თავდაცვის პრინციპით აგებული სერიოზული სამობილიზაციო და სარეზერვო სისტემის მომზადება; თუ არ შევქმენით კომუნიკაციები, თუ ჩვენი არმია არ აღიჭურვა მაღალი დონის მობილური ტექნიკით, ანტისაჰაერო თუ ჯავშანსაწინააღმდეგო დანადგარებით, არაფერი გვეშველება! თანამედროვე ტექნოლოგიები ამის ძალიან დიდ საშუალებას იძლევა. შეგვიძლია, დასავლეთის პარტნიორი ქვეყნებიდან ძალიან იაფად ვიყიდოთ. საევაკუაციო მანქანა „დიდგორი“ ხომ გაკეთდა, ფურორი მოახდინა და ამდენი წვალების შემდეგ ის უკვე ძალიან სერიოზული მანქანა გახდა, მან მოიგო ტენდერი საუდის არაბეთში, მოუგო ინგლისელებს, გერმანელებს, ფრანგებს, ამერიკელებს და ეს 120 ცალი მანქანა, რომელიც წავიდა, პირდაპირ ომში შეაგდეს. ეს მანქანები შემოწმებას ძალიან წარმატებულად გადის, 4600 ცალი სჭირდება საუდის არაბეთს და ის მზად არის, ყველაფერი შენგან იყიდოს. ახლა შეიქმნა თვითმფრინავი „ჯი 7“, ქართული სამხედრო გამომგონებლობა და „დელტა“ ძალიან სერიოზული ორგანიზაციაა, იქ 31-ე ქარხანაა, შეგვიძლია ვიყიდოთ გარკვეული დეტალები და ნაწილები, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, რომელიც კიდევ უფრო იაფი დაჯდება, ამის რესურსი გვაქვს! არსებული დასავლური სისტემების მოდერნიზების რესურსებიც გაგვაჩნია. არმია არ არის კომანდოსებისა და რემბოების გაერთიანება, სამწუხაროდ, ამას ხელისუფლების ძალიან დიდი ნაწილი ვერ ხვდება! ამას არ ვამბობ მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ხელმძღვანელებზე, მთლიანად ხელისუფლების დიდი ნაწილი ვერ ხვდება! არმია აბსოლუტურად სულ სხვა ორგანიზმია. ცალსახად და ღიად ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა საქართველოზე სამცხე-ჯავახეთში აისახება, აზერბაიჯანის სასარგებლოდ, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა რუსეთისთვის ეს არის ის, რომ კავკასიაში მე ვარ დომინიონი. მეორე _ კასპიის ნავთობისა და გაზის დღემდე რუსეთისგან უკონტროლო სივრცის ათვისების ჯერჯერობით წარმატებული მცდელობაა და მესამე _ ყველაზე მთავარი რაც არის, რუსეთს შეუძლია, ამით მიზანს მიაღწიოს და შემდგომში უკვე დასავლეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დაჯდება, იმდენი კოზირი ექნება ხელში, რომ ეს სანქციები, მისი გაფუჭებული ეკონომიკური მდგომარეობა და ა. შ. გამოსწორებას დაექვემდებარება. რუსეთი დარჩება პუტინისეული იმპერიული ამბიციების ქვეყნად და ეს ყველაფერი მოხდება კავკასიის ხარჯზე. თავის დროზე, ბალკანეთზე სსრ კავშირმა და რუსეთმა ვერ მოახერხა იმის გაკეთება, რა ამბიციებიც ჰქონდა, კავკასია და ბალკანეთი იდენტური სივრცეებია თავისი ეთნოგრაფიული, რელიგიური, გეოპოლიტიკური, ცივილიზაციური ასპექტებითაც, რაც ბალკანეთში გეგმები იყო, იმის პრინციპების გადმოტანა აქ თავისუფლად შეიძლება, რასაც იქ ვერ მიაღწია, შეიძლება აქ შეძლოს და საქართველოსთვის ეს დიდი კატასტროფის ტოლფასია!
თამარ ბატიაშვილი