ენერგიის სწორად და ეფექტიანად გამოყენება მარტივი საქმე სულაც არ გახლავთ და მისი განხორციელებაც იმდენადაა შესაძლებელი, რამდენადაც ამას მოინდომებენ.
მარტივად გასაგები რომ იყოს, ენერგოეფექტიანობა ეს არის მაქსიმალურად მცირე ენერგიის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობის შექმნა. ეს თემა დღითი დღე აქტუალური ხდება, რაც ენერგორესურსების მარაგის შემცირებით და ენერგიაზე მოთხოვნილების ზრდით აიხსნება.
უკვე ნაცადი პრაქტიკისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყანაც ენერგიის ეფექტიანად გამოყენების გზას დაადგა და სწორედ ამ მიმართულებით მთავრობამ ვალდებულებაც კი აიღო, რომ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს. ევროკავშირის 2010/31/EU რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შეიმუშაოს ენერგოეფექტიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა.
კანონმდებლობის თანახმად (შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტიანობა), შენობა-ნაგებობების შემომზღუდავი კონსტრუქციები და მისი ორიენტაცია, ასევე, მასში განთავსებული აღჭურვილობა: დანადგარები, რომელიც განკუთვნილია გათბობის, კონდიცირების, განათების, ვენტილაციისა და თბოიზოლაციისთვის, უნდა ხასიათდებოდეს ისეთი თავისებურებით, რომ ერთობლიობაში მოხმარებული ენერგია მაქსიმალურად ნაკლებ დანახარჯს იწვევდეს.
შენობა-ნაგებობებზე გაიცემა ენერგოეფექტიანობის დამადასტურებელი პასპორტიც, თუ, რა თქმა უნდა, იგი მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს დაექვემდებარება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ენერგოეფექტიანობის ცენტრის დირექტორი, გიორგი აბულაშვილი:
_ ენერგოეფექტიანობის პოტენციალი საკმაოდ მაღალია. შენობების აბსოლუტური უმრავლესობა იმ წარსულიდანაა, როცა ენერგიაზე დაბალი ფასების გამო შენობებში ენერგომოხმარების სტანდარტი საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომ მათი შემომზღუდავი კედლები, სახურავები და ა. შ. არ არის მორგებული იმ მოთხოვნებს, რაც თანამედროვე შენობებს აქვს საერთაშორისო დონეზე. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ნორმები, რომელიც შენობაში ენერგომოხმარებას არეგულირებს. დღეისთვის არსებული ახალაშენებული კორპუსების უმრავლესობის ენერგომახასიათებლები უარესია, ვიდრე ადრე იყო, რადგან საბჭოთა პერიოდში რეგულირდებოდა და დღეს, სამწუხაროდ, აღარ რეგულირდება.
მეორე მნიშვნელოვანი მომხმარებელია ავტოტრანსპორტი. ჩვენს ქუჩებში მოძრავი ავტომობილის ასაკიც 8-10 წელს აღემატება, რაც მათ მაღალ ენერგომოხმარებას განაპირობებს. ენერგიის მოხმარება ამ ორ მნიშვნელოვან სექტორში ძალიან მაღალია და პოტენციალიც, შესაბამისად. ორივე მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება და ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია ჩვენი სვლით ევროკავშირისკენ ასოცირების ხელშეკრულებით, რაც გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს ქვეყანას და ამ ვალდებულებების შესრულება დროშია გაწერილი.
_ ენერგოეფექტიანობის რა პოტენციალი აქვს საქართველოს?
_ რთულია კონკრეტული ციფრების მოყვანა, რადგან ეროვნულ დონეზე კვლევა არ ჩატარებულა. არსებობს სექტორული კვლევები, მაგრამ არა ერთიანი ეროვნული, თუმცა მათ შესასრულებლად ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ენერგოეფექტიანობის ცენტრი უცხოელ პარტნიორებთან ერთად ეროვნულ სამოქმედო გეგმას ამზადებს, რომელიც პირველი სრულფასოვანი ეროვნული დონის დოკუმენტი იქნება.
ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება, ჯერ კიდევ, 2010 წელს დაიწყო და ევროკომისიის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა „მერების შეთანხმებას“, რომელსაც საქართველოს 13 ქალაქი შეუერთდა და მათ ნებაყოფლობით აიღეს ვალდებულება, რომ მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტიან ღონისძიებებს განახორციელებენ.
საქართველოში არსებული ენერგოეფექტიანობის ცენტრი „მერების შეთანხმების“ ერთ-ერთი მხარდამჭერია და იგი აქტიურადაა ჩართული, როგორც მუნიციპალურ, მათ შორის, დედაქალაქისა და, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით ამ კუთხით მიმდინარე ღონისძიებებში. „მერების შეთანხმების“ პროექტში, მათი ენერგოეფექტიანობის საშუალებით, თავიანთ ტერიტორიაზე ნახშირორჟანგის ემისიები უნდა შეამცირონ და 8 ქალაში, ქალაქის დონეზე მომზადებულია გეგმა (დანარჩენში მომზადების პროცესია), სადაც აღწერილი აქვთ იქ მიმდინარე პროცესები ენერგოეფექტიანობის კუთხით, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგებიც. ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლებაც მონაწილეობს.
_ სამშენებლო კომპანიები ჩართულები არიან ენერგოეფექტიანობის პროცესში?
_ ზოგადად ენერგიის უდიდესი წილი სწორედ საცხოვრებელ სახლებს ხმარდება. ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ენერგოეფექტიან „მწვანე სახლებს“ აშენებს. გარკვეული სახის თანამშრომლობა ამ სამშენებლო კომანიებსა და ენერგოეფექტიანობის ცენტრს შორის არის, მაგრამ ეს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ჩვენთან არ არის მარეგულირებელი ბაზა, რომელიც მშენებელს ავალდებულებს, რომ შენობა გარკვეულ სტანდარტთან შესაბამისად ააშენოს. არ გვაქვს სტანდარტი და ნებისმიერი ის კომპანია, რომლიც თავისი პროდუქციის რეკლამირებისას ამბობს, რომ ის ენერგოეფექტიანია, სიმართლეს ამბობს, თუმცა მისი შეფასება რთულია, რადგან ენერგოეფექტიანობა ფარდობითი ცნებაა.
_ ენერგოეფექტიანობა სახლების ფასს ზრდის?
_ თუ პროექტის შედგენისას არქიტექტორის მიერ გათვალისწინებულია ენერგოეფექტიანობა, კვ.მ-ის ფასი გაძვირდება, მაქსიმუმ, 3-5%-ით, რაც რაიმე განმსაზღვრელ ცლილებას არ იწვევს. თუმცა უკვე აშენებულის გადაკეთება გაცილებით ძვირია. ამ შემთხვევაში ფასი, დაახლოებით, 30%-ით, ან მეტითაც შეიძლება გაძვირდეს.
შედარებით მარტივია იმ სახლის ენერგოეფექტიანად ქცევა, რომელსაც ერთი მფლობელი ჰყავს, მაგრამ თუ საუბარია მრავალსართულიან სახლზე, სადაც ყველა მცხოვრები თანამფლობელია, იქ რთულია მოქმედება, რადგან კედლების გარედან დათბუნება, ინვესტირება, შეთანხმება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პრინციპში, დღეისთვის შეუძლებელიც კია, თუ გავითვალისწინებთ მოთხოვნებს მაღალ საინვესტიციო და საინჟინრო სამუშაოების თვალსაზრისით. რაც მთავარია, ერთობლივი ქონების დაფინანსების საშუალება არ არსებობს _ ჩვენთან არც ერთი კომერციული ინსტიტუცია არ გასცემს „კოლექტიურ კრედიტს“.
_ და მაინც, სარგებელზე უფრო დეტალურად რომ გავამახვილოთ ყურადღება?
_ არის 2 დონის სარგებელი: პირველ რიგში, ენერგოეფექტიანობა თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ჯიბიდან ენერგოგადასახადების დაზოგვის საშუალებას აძლევს. უფრო მნიშვნელოვანი კი ქვეყნისთვის მაკროეკონომიკური სარგებელია _ საქართველო ენერგოდამოკიდებული ქვეყანაა, ჩვენში მოხმარებული ავტომობილების თხევადი საწვავის აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტირებულია. შენობებში სივრცის ენერგიის უდიდესი წილი, დაახლოებით, 60% გათბობა-გაგრილებისთვის გამოიყენება, 25% სხვადასხვა მოწყობილობას და განათებას, 15% წყლის გაცხელებას ეთმობა, ანუ სივრცის გათბობა ენერგიის უდიდესი ნაწილის გამომყენებელია, ეს კი იმპორტირებული ბუნებრივი აირით ხდება.
კომფორტზე მოთხოვნილებას იმპორტირებული ნედლეულით ვაკმაყოფილებთ. ეს ისედაც უარყოფითი სავაჭრო სალდოს გაუარესებაა. რაც უფრო მეტ ბუნებრივ აირს იყიდი, მეტი ვალუტა უნდა გავიდეს ქვეყნიდან, ამას ემატება ვალუტის გადაცვლის კურსიც, ანუ მოთხოვნილება უფრო და უფრო იზრდება ვალუტაზე, რომელიც, თავისთავად, ქვეყნის გარეთ უნდა გავიდეს. ჩვენ ენერგიის დიდ ნაწილს ადგილზევე ვაგენერირებთ, აქ მაკროეკონომიკური ეფექტი შეიძლება, ერთი შეხედვით, არ ჩანდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ზამთრის პერიოდში ელენერგიის იმპორტირებას (იმიტომ, რომ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები ვერ გამოიმუშავებენ საკმარის ელენერგიას), მაკროეკონომიკური მაჩვენებლის დაზოგვის უგულებელყოფა ცალსახად შეცდომა იქნება. რაც უფრო მეტ ენერგიას დავზოგავთ ელენერგიის გენერირებისთვის, მით უკეთესად მოვეპყრობით გარემოს _ ეს არის მაკრო მაჩვენებელი.ენერგოეფექტიანობის საშუალებით შესაძლებელია ტყეებზე ზეწოლის შემცირებაც. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ექსპორტ-იმპორტის სალდო და ვალუტის დევალვაციის რისკების შერბილებაც შესაძლებელია. გამოსავალი და შედეგები, რომელიც შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, დაახლოებით 3-5 წელიწადში მიიღწევა.
_ რა უნდა გაკეთდეს თავდაპირველად ენერგოეფექტიანობის მისაღწევად?
_ პირველ რიგში უნდა მოგვარდეს შენობების საკითხები, სადაც საკმაოდ დიდი საინვესტიციო საჭიროებაა. კანონმდებლობა უნდა დარეგულირდეს და ყოველი ახალი შენობა ენერგოეფექტიანი უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში მოსახლეობის 95% უკვე ძველ, 70-იან ან უფრო ადრე აშენებულ შენობებში ცხოვრობს და აი, ამ შენობების მოწესრიგება საკმაოდ დიდ თანხებს და ძალისხმევას მოითხოვს. ეროვნული პროგრამებია შესაქმნელი და შემდეგ თანხებია მოსაძიებელი. ჩვენი ბიუჯეტი არ არის პროფიციტული, ანუ ამ თანხების მოძიება და გამოყოფა ძნელი იქნება, თუმცა არსებობს საერთაშორისო საფინანსო წყაროები, რომლებიც მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის ქვეყანას ძალიან დაბალი პროცენტით აძლევენ თანხებს.
მეორე საკითხი: არსებული ტრანსპორტის შემოწმება. დათვალიერებაა საჭირო და ასევე საკანონმდებლო რეგულაციები, რომ ახალი, იმპორტირებული ავტომობილები რაიმე სტანდარტში მოექცეს.
საყოფაცხოვრებო ენერგიის მომხმარებლების მარკირება დიდი ხანია, დაიწყეს, თითოეულ მოწყობილობას (წყლის გამაცხელებელი, ტელევიზორი, ჩაიდანი და ა. შ.) აწერია, რამდენად ენერგომომხმარებელია, რომ მყიდველმა გადაწყვიტოს, ურჩევნია შეძენისას 50 ლარით მეტი გადაიხადოს და წლის მანძილზე 100 ლარი დაზოგოს, თუ პირიქით. ეს არის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ჩვენში იმპორტირებული მასალების მარკირების კანონმდებლობით რეგულირება უნდა მოხდეს. ეს ღონისძიება 2-წლიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს, რომ დავისახოთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რეალისტური პერსპექტივის ამოცანები. თუ აქტიური ნაბიჯები გადაიდგა, 3-5 წელიწადში საშუალო და დაბალი მოთხოვნილებების განხორციელება მარტივად შეიძლება. იმ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ხელისუფლებისთვის ვამუშავებთ, ერთ-ერთი მთავარი ის იქნება, რომ გრძელვადიან პერიოდში და უწყვეტად ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებმა და მედიასაშუალებებმა ამ ტიპის საქმიანობის რეკლამირება და ადვოკატირება აწარმოონ.
ნინო ტაბაღუა