QronikaPlus
რას მოუტანს ე. წ. გერმანული მოდელი ქართულ პროფესიულ განათლებას?

რას მოუტანს ე. წ. გერმანული მოდელი ქართულ პროფესიულ განათლებას?

2016-04-18 10:05:21

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის პროექტზე მუშაობა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით პროფესიული განათლების ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია და შემდეგ მისი განხილვა გაიმართა. სამინისტროს განმარტებით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სამინისტრომ ახალ კანონზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და ამ პროცესში მის აქტიურ მხარდამჭერს გაეროს განვითარების პროგრამა წარმოადგენდა. ქრონიკა+“ ესაუბრება პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარეს, ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრს _ დენის დავითაშვილს: _ განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და მისი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი შიდა შეხვედრებს ატარებენ, რაღაცებს აპიარებენ. ბოლო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის პირველადი ვერსია მზად არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ახლახან, 24 მარტს, პრემიერმა კვირიკაშვილმა პროფგანათლების რეფორმის ახალი მოდელი გამოაცხადა, კანონპროექტის პირველადი ვერსია უნდა გადავამუშაოთ და შემდეგ მის განხილვას დავიწყებთო. ასევე გამოაცხადა, რომ კანონპროექტი მზად არის საჯარო განხილვებისთვის. ამ განცხადებაში ქეთევან ნატრიაშვილი კიდევ ერთხელ სრულ არაკომპეტენტურობას ამჟღავნებს, საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდის, რადგან პროფგანათლების შესახებ კანონპროექტი და მისი პირველადი ვერსია სამინისტროს ჯერ არ შეუმუშავებია. ამიტომ პრემიერის შეთავაზება, რომ პროფესიული განათლების ახალი მოდელის განხორციელება დაიწყება, რეალურად, არც ამის შესახებ არის რაიმე ცნობილი. ნათლად ჩანს, რომ პროფგანათლების შესახებ არანაირი კანონპროექტი დასრულებული არ არის. _ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? _ თავად ვარ იმ კომისიის წევრი, რომელიც 2014 წლის 31 მარტს განათლების მინისტრმა თავისი ბრძანებით შექმნა, სწორედ იმისთვის, რომ პროფგანათლების შესახებ კანონპროექტზე გვემუშავა. იმავე წლის პირველ აგვისტოს კომისიამ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა. მას შემდეგ კომისიის წევრებს არ გვინახავს, არ გავცნობივართ არც ერთი თავის, არც ერთი მუხლის და პუნქტის შინაარსს. _ კომისიამ მუშაობა რატომ შეწყვიტა? _ განათლების სამინისტროს, მისი ხელმძღვანელობის ასეთი დათქმით, _ რაზედაც ჩვენ კომისიაში ვიმსჯელეთ, ახლა ამაზე ჩვენი იურისტები და სპეციალისტები იმუშავებენ და კანონის სახეს მისცემენო. რეალურად, ამ საკითხზე 18 შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ჩვენ არც ერთი მუხლი არ განგვიხილავს. ამიტომ არც ცალკეულ ნაწილებში, არც მთლიანობაში განათლების სამინისტროს მისთვის კანონის ფორმა არ მიუცია. ჩვენ რომ სამინისტროს ვუკავშირდებით, შესაბამისი დეპარტამენტი გვეუბნება, რომ, ჯერჯერობით, პროექტისთვის საბოლოო სახე არ მიგვიციაო. მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, კომისია ისევ შეიკრიბება და მომზადებული კანონპროექტის ვერსიას გაგაცნობთო. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტრომ მთლიანი კანონპროექტის სამუშაო ვერსია ვერ შექმნა და თქვენ იმის მოწმე ხართ, რომ ახლა საუბრობენ პროექტის გადამუშავებაზე, რადგან პრემიერმა პროფგანათლების რეფორმის ახალი მოდელი შემოგვთავაზაო. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ესენი კანონპროექტის დამწერები არ არიან. მიმდინარეობს ცალკეული შიდა შეხვედრები სამინისტროსა და ზოგიერთი სსიპ-ის მონაწილებით, მაგრამ ძირითადი საკითხები გვერდით არის მიტოვებული. _ რომელ საკითხებზე საუბრობთ? _ ძირითადი საკითხებია პროფესიული განათლების პედაგოგების მომზადება, დაფინანსება, კერძო კოლეჯების ჩართულობა დაფინანსების ნაწილში, ახალი სტანდარტებისა და მოდულური პროგრამების ახლიდან გადამუშავება... რაც პრემიერმა საზოგადოებას რეფორმის სახით შესთავაზა, გულისხმობს უშუალოდ დამსაქმებლებთან ხანგრძლივი საწარმოო პრაქტიკების ჩატარებას, რომელიც აქამდე თითქმის არ ტარდებოდა. დამსაქმებლები არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ფასიანი სამუშაო ადგილები გამოეყოთ; ეწარმოებინათ ანაზღაურება შექმნილი პროდუქციისთვის; შეექმნათ სხვადასხვა პირობები, როგორც სასწავლო სახელოსნოებისთვის (უშუალოდ კოლეჯებში), ასევე გამოეყოთ ცალკეული უბნები, რომ იქ საწარმოო პრაქტიკა გაძლიერებულად ჩატარებულიყო. ჩემი პროგნოზი ყოველთვის სრულდება. ეს არის განათლების მინისტრის წინასაარჩევნო ხრიკი, დაარწმუნოს ქვეყნის პრემიერი, თუ რა მაგარია; მან რეფორმები დაიწყო პროფესიულ განათლებაში, უკვე შემუშავებული აქვს კანონპროექტი, რომ მინისტრის სავარძელში ყოფნა გაიხანგრძლივოს. და კიდევ უფრო დიდი უბედურება, რაც შეიძლება განათლების სისტემას მოუვიდეს, მოხვდეს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიებში და გახდეს პარლამენტარი. რეალურად, სანიკიძის ოცნებაა, თავი დააღწიოს განათლების სამინისტროს პოსტს, სადაც იცის, რომ მისი ყოფნა განწირულია. _ ასე რატომ ფიქრობთ? _ მან ჩაშალა ყველანაირი რეფორმები. იცით, რა მდგომარეობაშია სკოლა, უმაღლესი განათლება, მეცნიერება და პროფესიული განათლება? ამ დროს მინისტრს სურს, პარლამენტის მეცხრე მოწვევის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს, ხოლო მისი მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მოგვევლინოს.  გუშინ ჩატარდა წიგნის _ „საქართველო 2050“-ის განხილვა. ეს არის ძალიან დიდი ნაშრომი, სადაც ძირითადი მიმართულება განათლება და მეცნიერებაა. როდესაც უამრავი საზოგადოებრივი, სამეცნიერო სფეროს პროფესიონალი იყო წარმოდგენილი, გაგიკვირდებათ და იქ არც მინისტრი და არც მისი მოადგილე არ ყოფილან. ე. ი. საერთოდ არ აინტერესებთ, როგორ განვითარდება ეს სფერო და როგორი სტრატეგია არის ჩამოყალიბებული. ამიტომ ვამბობ, რომ განათლების მინისტრი და მოადგილე ცრუპენტელები არიან. არანაირი უნარი არ გააჩნიათ თვითონ, დეპარტამენტებს, იურისტებს, რომ პროფგანათლების შესახებ ისეთი კანონი დაიწეროს, რომელიც დარგში რეალურ ძვრებსა და წინსვლას მოახერხებს; რომელიც დააინტერესებს დამსაქმებლებს; და ისეთი დონის პროფესიულ განათლებას მისცემენ პროფესიული კოლეჯები (საჯარო და კერძო), რომლითაც დამსაქმებლები დაინტერესედებიან. ამით ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი მოიმატებს და უმუშევრობა დაიკლებს. _ გერმანული მოდელი რით არის გამოსარჩევი და როგორ მოერგება ქართულ რეალობას? _ პროფგანათლების გერმანული მოდელი ბრწყინვალეა, მაგრამ ის შეიძლება განხორციელდეს ეკონომიკურად ისეთ ძლიერ და განვითარებულ ქვეყანებში, როგორიც ზემოაღნიშნული ევროპული სახელმწიფოებია, სადაც უამრავი საწარმოა, დამსაქმებლებს აქვთ ჩამოყალიბებული სურვილი, რომ საწარმოში ხანგრძლივად (2 წელი, ორწელიწადნახევარი) თავიანთივე ხარჯებით ჩაუტარონ სწავლება. ამ საწარმოებს ისეთი კადრები ჰყავთ, რომლებიც საწარმოო პრაქტიკებს ადგილზე აწარმოებენ. ამ ხნის საწარმოო პრაქტიკაზე ახალგაზრდების დაოსტატების შედეგად ჩამოყალიბებულ სპეციალისტს მიიღებენ, რომელიც მათი კვალიფიციური მუშახელი იქნება და ხარისხიან პროდუქციას შექმნის. ეს ჩამოყალიბებული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების ბრწყინვალე მოდელია. მაგრამ ევროკავშირიდან მოვლინებული ექსპერტი ოლივერ რიზი შეხვედრების დროს გვაფრთხილებს, _ განათლების სამინისტრო, ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა რაიმე მოდელზე საუბარს დაიწყებენო. საქართველომ თავისი, ქართული მოდელი უნდა შეიმუშაოს; გერმანული, ირლანდიური, ფინური ან ესტონური მოდელის პირდაპირ გადმოტანა ქვეყანას არ გამოადგებაო. რადგან აქ ეკონომიკური სიძლიერის, დამსაქმებლების დაინტერესების, შესაბამისი კანონმდებლობის არქონის, მაღალი დონის პედაგოგებისა და ინსტრუქტორების არარსებობის გამო უამრავი თავისებურებაა. არავინ ზრუნავს ახალგაზრდა პედაგოგებსა და ინსტრუქტორებზე, რომ მათ ცოდნა მიეცეთ. იცით, რომ ასაკგადაცილებულები _ 60, 65, 70 წლის პედაგოგები და ინსტრუქტორები არიან. ხშირად შემთხვევითი პიროვნებები გვხვდებიან, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ კადრების მომზადებაზე არავინ ზრუნავს. სამინისტროს სათავეში მთლიანად ახალი გუნდი თუ არ მოვა, ეს ვითარება არ შეიცვლება. რაც მთავარია, „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნოდ ძალიან არასასურველი შედეგები დადგება _ მთელი სამეცნიერო და განათლების სისტემის მუშაკები ძირეულ ძვრებს ელოდებიან; როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა ზოგადად განათლებაში და, მათ შორის, პროფესიულ განათლებაში ძალიან დიდი რეფორმებია ჩასატარებელი. ეს მინისტრი და მისი გუნდი ამის განმხორციელებელი არ არიან, რადგან ელემენტარული ხედვები არ გააჩნიათ.  

                                                                                                                              გელა მამულაშვილი

გაზიარება