QronikaPlus
ანი დარსალია: „მერია ჩინოვნიკების პირად ინტერესებს ხალხის კეთილდღეობას სწირავს!“

ანი დარსალია: „მერია ჩინოვნიკების პირად ინტერესებს ხალხის კეთილდღეობას სწირავს!“

2016-04-18 10:01:21

30 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „გაერთიანებულმა საზოგადოებამ“ დედაქალაქის მერიის შენობასთან აქცია დილიდანვე დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მერია ჩინოვნიკების პირად ინტერესებს ხალხის კეთილდღეობას სწირავს.   ქრონიკა+“- ესაუბრება  „გაერთიანებული საზოგადოებისხელმძღვანელი _ ანი დარსალია: _ აქცია დილის 10 საათიდან მიმდინარეობს. 2015 წლის მარტში გამოცხადდა ტენდერი მყარი ნარჩენების გადამუშავების ქარხნის აშენებაზე, სადაც სულ 13 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან საბოლოოდ ორი დარჩა. ერთია „გლობალ გრინ ენერჯი“, რომელიც გახლავთ 600 მილიონი ევროს ინვესტიციის მქონე კომპანია და მეორეა „კადევე“, რომელიც გახლავთ 78 მილიონი ევროს ინვესტიციის მქონე კომპანია. ჩვენს ორგანიზაციას მომართა კომპანია „გლობალ გრინ ენერჯიმ“, რომ დედაქალაქის მერია მათ უსამართლოდ ექცევა. საკითხს გავეცანით და გამოვარკვიეთ, რომ მერიაში არსებული კომისია, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია უნდა გამოევლინა და საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო, ხელოვნურად წელავს პროცესებს. აქციის მიზანიც ამ თემას უკავშირდება. _ რატომ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, რა ინტერესზე საუბრობთ? _ გადაწყვეტილება იმ მარტივი მიზეზით ვერ მიიღეს, რომ ვერ გაიაზრეს, 600 მილიონი რომ სჯობია 78 მილიონს! კომპანია „გლობალ გრინ ენერჯის“ შემოთავაზებით, დედაქალაქში შეიქმნება 1500-2000-მდე სამუშაო ადგილი, 35 მილიონი დოლარი დაიხარჯება კადრების გადამზადებისთვის. მერიამ მათ უთხრა, _ არ გვჯერა, 600 მილიონი რომ გაქვთ და ანგარიშზე თანხა ავანსად დაგვიდეთო. ამაზეც თანახმანი არიან და 12 მილიონ ევროს დებენ. შეასრულებენ სამუშაოს თუ ვერ, ეს 12 მილიონი ჩვენს ბიუჯეტში რჩება, მაგრამ, რეალურად, უფრო დაბალი მასშტაბების მქონე კომპანიას ენიჭება პრიორიტეტი, ვიდრე მაღალს! ჩვენი ინფორმაციით, აქ იკვეთება მაღალჩინოსნების დაინტერესება. ძალიან მარტივი კითხვაა, _ თუ ასე არ არის, რატომ იწელება ტენდერები და რატომ გვჭამს ამდენი ხანი ნაგავი?! „კადევე“ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კომპანია არ არის, ხოლო „გრინ ენერჯიმ“ ქარხნები ააშენა იაპონიაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. ეს არის დიდი კომპანიების გაერთიანება და უახლესი, პლაზმური მეთოდოლოგიით აწარმოებს ნაგვის გადამუშავებას. ამ კომპანიის ამუშავების შემთხვევაში ნაგავს 100%-ით აითვისებენ, ხოლო „კადევეს“ შემთხვევაში, ნაგვის 13%-ს ვერ გამოიყენებენ. ეს უკანასკნელი ნაგვის გადამუშავებით მხოლოდ დიზელს გამოიმუშავებს, ხოლო „გლობალ გრინ ენერჯი“ _ 10 სახის პროდუქციას, რომელიც საქართველოს ბაზარზე იტრიალებს: დიზელს, დენს, გაზს, ბლოკებს და ა. შ. _ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანი: თბილისის მერიამ კომპანიების შესაძლებლობების დასადგენად ექსპერტი ჩამოიყვანა. ჩვენი ინფორმაციით, ამისთვის ბიუჯეტიდან 6000 დოლარი გამოიყო. ექსპერტმა დასკვნა ვერ დაწერა, თანხა კი ბიუჯეტიდან მხოლოდ იმიტომ გადაიყარა წყალში, რომ ექსპერტს ეთქვა, _ მე არ ვარ უახლესი ტექნოლოგიების მცოდნე ექსპერტი, არ ვიცი, რა ხდება „გლობალ გრინ ენერჯიშიო“. ე. ი. ტყუილად ჩამოიყვანეს და 6000 დოლარი ამ გაჭირვებასა და ეკონომიკურ კრიზისში თბილისის მერიამ ჰაერში გაისროლა. მათი დაინტერესებები იმდენად ზღვარს გადასცდა, რომ 50 სამუშაო ადგილს ამჯობინებენ 1500 და 2000-ს. კულუარებიდან ინფორმაციამ გამოჟონა, რომ მერიაში შეკრება შედგა, კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ჩვენც ამ მიზნით მოვედით აქ. აღნიშნულ ინფორმაციაზე საზოგადოებამ არაფერი იცის და ვალდებულები ვართ, მათ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგებით! ვიღაცის ბედნიერებისთვის, ქრთამის აღებისთვის, ან არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების გამო ქალაქმა შეიძლება 2000 სამუშაო ადგილი დაკარგოს. ქარხნის აშენების შემთხვევაში ათასობით ადამიანი დასაქმდება და ყოველთვიურად 1000-ლარიანი ხელფასები ექნება. ჩვენ თვითონვე გამოვიტანოთ დასკვნა: 600-მილიონიანი პროექტის განხორციელება სჯობია, თუ 78-მილიონიანის?! _ კონკრეტული ადამიანების ინტერესებზე საუბრობთ. შეგიძლიათ, დაასახელოთ მათი ვინაობა? _ ჩვენი ინფორმაცით, სამწუხაროდ, ამ საქმეში ფიგურირებს ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე. მოვუწოდებთ მერიის მაღალჩინოსნებს, საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღონ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყველაფერს საჯაროს გავხდით! ვინ აგებს პასუხს ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში 2000 დაკარგულ სამუშაო ადგილზე?!   `ქრონიკა+” კომენტარისთვის თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს ნონა ყანდიაშვილს მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა, პირად ტელეფონზე შეტყობინებაც დავუტოვეთ, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია  

                                                                                                               თამარ ბატიაშვილი

                

გაზიარება