QronikaPlus
თავდაპირველად იყო პინგვინი, მერე ხე ზღვასა ზედა და რა იქნება ხვალ ბიძინასა შინა?!

თავდაპირველად იყო პინგვინი, მერე ხე ზღვასა ზედა და რა იქნება ხვალ ბიძინასა შინა?!

2016-04-14 10:48:54

  თავის უცნაურ ახირებებზე ქართულ პოლიტიკაში თავით გადაშვებულ ბიძინას პირველსავე ბრიფინგზე დაუსვეს შეკითხვა. შეკითხვამდე კიდევ ერთი, მილიარდერისეული ახირება იყო, რომელიც დღეს ბევრს არც ახსოვს: ბახილები ოლიგარქის სასახლეში მისული ჟურნალისტებისთვის. და სანამ ფეხბახილებიანი ჟურნალისტები დავალებულ, მოფიქრებულ, სახელდახელოდ შეთხზულ შეკითხვებს სვამდნენ, სანამ ოლიგარქი ვოლსკის ეხვეწებოდა, ე, ბიჯო, შენ მაინც გაჩუმდიო, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჭორვილაში ჩამობინადრებული პინგვინების შესახებ დაუსვა შეკითხვა და სწორედ მაშინ ახსენა ბიძინამ თავისი უმნიშვნელოვანესი ახირება: „პინგვინების ტბა“. ჟურნალისტს აინტერესებდა, მართალი იყო თუ არა, რომ ბიძინას პინგვინმა ბეღურა გადაყლაპა და მოკვდა, ხოლო ამ შეკითხვამ ივანიშვილს გული აუჩუყა და დაუკონკრეტა, _ ეგ ბეღურა კი არა, მერცხალი იყოო, მერე კი დაამატა, _ ეგ მერცხლები პინგვინების ტბასთან ძალიან სწრაფად ტრიალებდნენ და პინგვინის სიკვდილის მიზეზი ეს გახდაო. ამ დაკონკრეტებით ბიძინამ თითქმის დაადასტურა მანამდე ზეპირად გავრცელებული ამბავი: პინგვინის სიკვდილის მიზეზად მერცხლის გადაყლაპვის დასახელების შემდეგ მილიარდერი რომ აღშფოთებულა და წამოუძახია, _ იქ მერცხალს რა უნდოდაო?! ამის გამგონე მოხუც პინგვინების მომვლელს კი ვერ მოუთმენია და შეპასუხებია, _ ბატონო ბიძინა, მერცხალს რა უნდოდა იქ, თუ პინგვინს რა უნდოდაო?.. რასაკვირველია, ეს არ იყო და ვერც იქნებოდა ივანიშვილის პირველი და უკანასკნელი ახირება. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ასტროლოგიური ქვებიც აინტერესებდა და ზებრებიც, აინტერესებდა ზვიგენებიც და ბოლოს, დიდრონი ხეებიც... ეტყობა, მილიონერებსა და მილიარდერებს მხოლოდ ფულის დაგროვების უნარი კი არა, უცნაური ჰობის გაჩენის უნარიც აქვთ. აბა, ბიძინა გამონაკლისი ხომ ვერ იქნებოდა და მისი ახირება ცხოველებით დაიწყო. ალბათ, გეხსომებათ: „ზვიგენი მართლა გყავთ?“, _ „პირველი არხის“ გადაცემაა „მშვიდობით იარაღოს!“ ავტორისა და წამყვანის, ოლგა ბაბლუანის ამ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა დადებითად უპასუხა. „ზვიგენი ერთი არ არის, რამდენიმეა, სხვადასხვა ჯიშისაა, ძირითადად, პატარა ზვიგენები მყავს, მეტრნახევარი არიან სიგრძით, ძალიან ლამაზი აკვარიუმი მაქვს, მილიონ ლიტრ წყალზე ნაკლებით არ შეიძლება ცხოველი რომ ამყოფო, ახლა ურეკში ვაშენებ სასტუმროს, იქ დიდი აკვარიუმი მექნება და დიდი ზვიგენები მეყოლება, მარტო ზვიგენი არა, კიდევ ექნება სხვა შარმი, ძალიან ლამაზი აკვარიუმი იქნება...“ ხედავთ? ჯერ კიდევ როდის „ჩაგვინამიოკა“, სხვა შარმიც ექნებაო... ეტყობა, სწორედ იმას გულისხმობდა, რაც ახლა ხდება, ოღონდ, ეტყობა, მაშინ ის სამი ხე არ ჰქონდა შეგულებულ-მოძიებული. ან, კიდევ, ჰქონდა და არ ამბობდა, რას გაუგებ მილიარდერებს? ზვიგენი და ზებრა იქით იყოს, ბიძინას ჭორვილაში ლემურებიც ჰყავდა, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ შემოსწყრა, რომ მეზობლებს ერჩოდნენ: „ბევრი ცხოველი მყავდა, მაგრამ ისინი, როგორც ბუნებაში, ისე გავუშვი, მაგალითად, ლემურები ეზოში ჩემთან ჩვეულებრივად დადიოდნენ, მერე მეზობლებს ერჩოდნენ და იმიტომ გადავამისამართე, თორემ ეზოში დადიოდნენ, ვერაფერს შეჭამდი ხილს, ესენი ასწრებდნენ“, _ ამბობდა ბიძინა ივანიშვილი. ალბათ, ისიც გახსოვთ, იშვიათი ჯიშის თეთრ ზვიგენზე სრულიად ერი რომ წუხდა, _ შეუძლოდ გახდა და ბიძინამ მთელი დუნიის აქიმები დაახვიაო. საბოლოოდ, იმ თეთრმა ზვიგენმა თქვენი ჭირი კი წაიღო, მაგრამ ახირებებს რა დალევს... დღეს, როცა წარსულის გადახედვა კრიტიკული და ჩაკირკიტებული მზერით შეიძლება, უკვე გასაგებია, რატომ მოჰყვა ბიძინას გაღიზიანება წვერმაღალის ტყეში მიმდინარე ამბების შესახებ „ქრონიკა+“-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. ოღონდ, ბიძინას ისე დაემართა, როგორც ერთ კახურ ანეკდოტშია: მიხომ რომ მეზობლის ატამი უჩუმრად დაკრიფა და მიირთვა, მეორე დილით კი იმ მეზობლის სალამზე გაგულისებულმა წამოიძახა: „რა ატამი, რის ატამი?!.“ ეტყობა, იცოდა, რომ დიდრონი ხეებისადმი მისი ლტოლვა, ადრე თუ გვიან, გამჟღავნდებოდა და განგაშის ზარებიც ადრიდანვე შემოსცხო _ თადარიგი დაიჭირა. ოლიგარქები უცნაური ხალხია. ისინი არც საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს ექვემდებარებიან და ხშირად უკვე არსებული ნორმის შეცვლას თავად, ინდივიდუალურად ცდილობენ. თავის დამკვიდრების ეს მეთოდი მათ, ხშირად, სასაცილო მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ მოტყუებული ქმრებისა არ იყოს, ამასაც ყველაზე გვიან, ან, სულაც, ვერასდროს იგებენ: ირაკლი ალასანიასი არ იყოს, ზურგსუკან დასცინიან და არა პირში და ისეთები კი, ვინც დაიძახებს, მეფე შიშველიაო, მათ გარემოცვაში არ არიან... ახლავე მოგახსენებთ, რატომ ვამბობ ამას: ხომ საყოველთაოდ მიღებული ნორმაა, რომ მდინარესთან დაჯდე და ელოდო, როდის ჩამოატარებს შენი მტრების ცხედრებს. არ მახსოვს, მაფიოზმა თქვა ეს პირველად, თუ რომელიმე მწერალმა, მე თუ მკითხავ, ორივე შემთხვევაში საკმაოდ ბრიყვული გამოთქმაა, მაგრამ მოდაშიცაა და, სავარაუდოდ, ბიძინასაც ექნება წაკითხული, _ 90-იანების რუს ოლიგარქებს უყვართ მსგავსი აფორიზმები. მოკლედ, ბიძინამ ამ ნორმის შეცვლაც გადაწყვიტა და მდინარესთან კი არ დაჯდა, ზღვის ნაპირზე დაჯდა და დაელოდა, როდის ჩამოატარებდა ზღვა მისი მტრის ცხედარს კი არა, მის საყვარელ ხეს... არა, ეს რა იყო მაინც: „მირტყამს, ე. ი. ვუყვარვარ“ საბჭოთა პრინციპით, ბიძინამ საწყალ ტიტის ხეს იმდენი ტანჯვა მიაყენა, ნებისმიერ ტირანს შეშურდებოდა: რას იფიქრებდა ერთ დროს ქოთანში ჩარგულ ჩითილად, მე-19 საუკუნეში საქართველოში ჩამოტანილი ლირიოდენდრონის ნერგი, რომ ციხისძირში დავანებული, გაუძლებდა ოტომანების, რუსებისა და სხვა დამპყრობლების შემოსევებს, გადაურჩებოდა ათას ბრაკონიერს, უამრავ ცივ ზამთარს და უკვე ხანდაზმულს, მარტის ცივ ამინდში ზღვის გადაცურვა მოუწევდა და მერე როგორ? კარჭაპზე ტროსებით დამაგრებულს, მიწის მასით დამძიმებულს... და მაინც, რა არის ბიძინას უცნაურ ლტოლვათა საიდუმლო? რა იყო ის მაგიური მიზიდულობის მთავარი ძალა, რაც მას, როგორც თვითონ ამბობს, „ტანმაღალი ხეებისკენ“ ექაჩება? მაგალითად, ალვის ხე არანაკლებ „ტანმაღალია“ და რატომ მათ არ დაერია ოლიგარქი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მისი კიდევ ერთი ახირება გავიხსენოთ, დასაწყისში რომ გაკვრით ვახსენეთ და თავად მაშინვე შვილს (გოგონას) გადააბრალა, მისი გატაცებაა და მისთვის ჩამოვატანინეო: ასტროლოგიური ქვები... 2011 წლის 22 ოქტომბერს შსს-მ რუსეთის მოქალაქე ვალერი ლევინს თბილისის აეროპორტში უჩვეულო ნივთები _ მინერალები და ბეჭდური მასალა ჩამოართვა. შინაგან საქმეთა უწყებამ მაშინ ეს იმით ახსნა, რომ შიშობდა, მინერალები რადიოაქტიური ნივთიერებები არ ყოფილიყო და ისინი ექსპერტიზას გადასცა. თავად ლევინი აცხადებდა, რომ მინერალები და ლიტერატურა „ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისთვის გამოიყენებოდა“. ცნობილი იყო ისიც, რომ ლევინმა ეს და სხვა ნივთები მოსკოვიდან თბილისში ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩამოიტანა. მოგვიანებით, ლევინს (ივანიშვილი) ოკულტური, მაგიური ქვები დაუბრუნეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი არ წამოადგენდა საშიშროებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაშინდელ მედიაში ვრცელდებოდა ლევინის ადვოკატის განცხადებები, რომელიც უარყოფდა ქვების ოკულტურ დანიშნულებას და აცხადებდა, რომ ეს ქვები ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილს გვანცას ეკუთვნოდა. გვანცა იმ დროს 14 წლის იყო. ახლა გავიხსენოთ, რას ამბობდა მაშინ, ამ ამბებიდან ერთი თვის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერში ყველასთვის ცნობილი მიხეილ ცაგარელი, რომელიც, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე არც მაშინ იყო და არც მერე (არც ახლაა): „...ცოტა ხნის წინ ატყდა დიდი ამბავი წითელ იასპთან დაკავშირებით, მისთვის რომ მოჰქონდათ. თუ ის დაინტერესებულია მინერალებით, წითელი იასპი მისთვის არის საბედისწეროდ ცუდი ქვა, არასდროს არ უნდა გამოიყენოს. მისთვის ძალიან კარგია ბრილიანტი, სერდოლიკი, სარდონიქსი, ქარვა, მთის ბროლი. მინერალებს დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, მას რუსეთიდან ურალის ქვები ჩამოუტანეს, რომლებიც მსოფლიოშია განთქმული. კი გამოაცხადეს, რომ მისი შვილი აგროვებს, მაგრამ თუ პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის იყო, წითელი იასპისგან რაც შეიძლება შორს უნდა იყოს“. წითელი იასპი საქართველოშიც ბევრია და ის, ძირითადად, ფერწერასა და ხატწერაში გამოიყენება, თუმცა მისი ოკულტური დანიშნულების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. და თუ დავუშვებთ, რომ შესაძლოა, წითელი იასპი მართლაც საინტერესო იყოს 14 წლის მოზარდისთვის (ვის არ გვიგროვებია მაგ ასაკში ათასი ხარახურა?), იგივეს ვერ ვიტყვით ლევინის ტვირთში მაშინ აღმოჩენილ გობლიტზე _ მოთეთრო, დალაქულ ქვაზე, რომელიც არც ვიზუალურადაა დიდად მიმზიდველი, მაგრამ მისი ოკულტური დანიშნულება და აღწერილობა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას: „გობლიტი ეხმარება მის მფლობელს შემეცნებაში. მისი მეშვეობით ადამიანი ხდება მაქსიმალურად კონცენტრირებული იმ მეცნიერებაზე, რის ათვისებასაც ცდილობს. ქვა განაპირობებს შედეგს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს იმ ცოდნის ათვისება, რაც შესასწავლ მეცნიერებას უკავშირდება. ქვა ასრულებს ერთგვარი „შპარგალკის“ როლს, რადგან ეხმარება მფლობელს, მოახდინოს შთაბეჭდილება ციტატების მოხმობის, მსჯელობისა და ანალიზის დროს. შეიძლება ითქვას, რომ გობლიტის მფლობელი მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება სტუდენტად, რადგან ცდილობს აითვისოს ცოდნა არა მარტო იმ სფეროში, სადაც თავადაა, არამედ სხვა მეცნიერებათა და სწავლებათა კუთხითაც“. რაც შეეხება იასპს, მის აღწერაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქვას უძველეს დროში მაგიური რიტუალების დროს იყენებდნენ და მას უამრავ თვისებას აწერდნენ, მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის დაცვას არაკეთილმოსურნეთა თვალისაგან და სხვ. შესაძლოა, უკვე გაგიჩნდათ შეკითხვა: კი ბატონო, ნამდვილად ვხედავთ ახირებას, მაგრამ რატომ გახდა ამის ასე დაწვრილებით მიმოხილვა საჭირო ახლა, იმ ამბებიდან თითქმის 5 წლის შემდეგ? ნუ იჩქარებთ, ბატონებო და ქალბატონებო, პასუხმა, შესაძლოა, ნამდვილად დაგაფიქროთ: დიდი კვლევა-ძიება არ დაგვჭირვებია დაგვედგინა, რომ ლირიოდენდრონი, იგივე ტიტის ხე, იგივე Lირიოდენდრონ ტულიპიფერა და მისი ყვავილები გამოიყენება... მაგიური, სპირიტული აბაზანებისთვის! ცხადია, ეს ჯერ კიდევ არ ამტკიცებს იმას, რომ ოლიგარქის დაინტერესება ამ ხით სწორედ ამ ამბავს უკავშირდება, მაგრამ ლირიოდენდრონის ასე სასწრაფო წესით გადატანა მაინც ეჭვს იწვევს: ყოფილიყო ეს ხე ციხისძირში, სანამ ოზურგეთის დენდროლოგიური პარკი, ან ასეთივე პარკი ურეკში ამოქმედდებოდა და მერე გადაეტანათ (გავრცელებული ინფორმაციით, ხე ბიძინა ივანიშვილის პარკში კი არა, საჯარო პარკში უნდა გადაერგათ, სამივე), რა მოხდებოდა? მოიპარავდა ვინმე? ლირიოდენდრონის მაგიური დანიშნულების აღწერაში ამ შეკითხვის შესაძლო პასუხსაც ვაწყდებით: იმის მიუხედავად, რომ ამ ხის ყვავილობა კარგა ხანს გრძელდება, მაგიური რიტუალებისთვის საჭირო თვისებებს მისი ყვავილები, სულ რაღაც, 10-12 დღის განმავლობაში ინარჩუნებენ _ ამ ვადის გასვლამდე ყვავილები უნდა დაიკრიფოს, გაიწმინდოს და მხოლოდ ამის შემდეგაა მზად აბაზანაში გამოსაყენებლად... როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილი თავად ჩავიდა ციხისძირში და ხის გადატანის სამუშაოებიც დაათვალიერა. შესაძლოა, კამერების გარეშე მითითებებიც გასცა ხის სასწრაფოდ გადატანის შესახებ, რადგან აღწერილობაში მითითებული პერიოდი, როცა ტიტის ხის ყვავილები სპირიტული აბაზანებისთვის გამოიყენება, მარტის ბოლო ათ დღეს ემთხვევა... დადასტურება, ალბათ, გაჭირდება, მაგრამ აქ მაინც გაგახსენდება კაცს „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებლის, სხვათა შორის, ჟურნალისტის მიერ დაწერილი პოსტი, როგორ უყვებოდა ბაკურიანში ბიძინას აგარაკის მშენებელი კაცი ბიძინას კიდევ ერთი ახირების შესახებ: „...ეგ რა არის: ბაკურიანში სახლს რომ ვუშენებდით, ინჟინრების დიდი გუნდი მიგვიყვანა და ტყიდან საძინებლამდე 10-კილომეტრიანი მილის გაყვანა დაგვაპროექტებინა, _ უღრანი ტყიდან სუფთა ჟანგბადი უნდა ვისუნთქოო... უკვე სამუშაოებს ვიწყებდით, როცა ვიღაცამ „გადაგვარჩინა“, ეჭვის ჭია გაუღვიძესო: ამ 10-კილომეტრიან მილს ვინ დაიცავს, ხომ შეიძლება, რომელიმე მონაკვეთზე თქვენმა მტერმა გახვრიტოს და შხამიანი გაზი შემოგიშვათო?..“ ასე რომ, ამეების ფონზე, აბა, სპირიტული აბაზანების თემა რა მოსატანია _ ეს 2011 წელს იყო საღლიცინო ის მინერალები, _ აი, „ნაცები“ რაებს უგონებენ ამ პატიოსან კაცს, რომ ათეისტობა და თეთრი მაგობა გაუჩალიჩონო, თორემ მას შემდეგ ბიძინამ მის შესახებ სასაცილოდ მიჩნეული იმდენი ჭორი დაადასტურა თავად, რომ... რაც შეეხება ბიძინას ლირიოდენდრონულ ახირებას, აჰა, ეს ამბავიც გასრულდა, ვითარცა ღამის სიზმარი _ გიგანტური, 650 ტონიანი, გაოცებული ხე ზღვიდან ხმელეთზე, როგორც იქნა, გადმოიტანეს, ახლა ბეტონის ფილებს დააგებენ და დააყუდებენ ივანიშვილის პარკში, სადაც მის უნებართვოდ ჩიტიც ვერ შეფრინდება და მერე კი თავად ბიძინა გადაწყვეტს, ამ ნატანჯი ხის ყვავილებს სპირიტული აბაზანებით სულისა და სხეულის გასაჯანსაღებლად გამოიყენებს, თუ, დილით აივანზე გადმომდგარი, მისგან მონაბერი სურნელის შეყნოსვით დაკმაყოფილდება...  

                                                                                                                ლაშა ბერულავა

 

გაზიარება