QronikaPlus
ახალი მსოფლიო უწესრიგობა

ახალი მსოფლიო უწესრიგობა

2016-04-14 10:19:36

ევროპაში უკვე იმდენად გახშირდა ტერორისტული აქტები, რომ ბევრი XX საუკუნის დასაწყისსა და მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს იხსენებს. მაშინაც არსებულ მსოფლიო წესრიგს საფუძველი მოერყა და რევოლუციონერი ტერორისტები ბევრ ადგილს აფეთქებდნენ. ბარსელონა ცნობილი იყო, როგორც ,,ბომბების ქალაქი“, სადაც რევოლუციური ჯგუფები ბურჟუაზიას აფეთქებდნენ და, ამავე დროს, ანტონიო გაუდი თავის არაჩვეულებრივ არქიტექტურულ ნიმუშებს ქმნიდა. საინტერესოა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება მაშინდელსა და დღევანდელ ტერორს შორის _ XX საუკუნის დასაწყისში ტერორისტები, ძირითადად, სეკულარისტი და ლაიცისტი რევოლუციონერები იყვნენ _ ან მემარცხენე, ანაც ნაციონალისტური ჯგუფები, ანტონიო გაუდი და მშვიდობიანი საზოგადოება კი მორწმუნე იყო. დღეს სიტუაცია ამ მხრივ ნამდვილად შეცვლილია _ ახლა ტერორისტები ,,ღმერთის სახელით“ მოქმედებენ და პირიქით _ ლაიცისტები და სეკულარისტები თავდაცვით პოზიციაში არიან. ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ თვითონ ევროპას არ ჰქონდა უსაფრთხოების სისტემა საკმარისად მომზადებული ამ ტერორისტული აქტებისთვის. ამაში, რაღა თქმა უნდა, არის ჭეშმარიტების დიდი მარცვალი. ძველი კონტინენტის უსაფრთხოების სისტემა არ იყო მზად ასეთი მასშტაბური თავდასხმებისთვის, რომელთაც ,,დაეში“, ,,ალ ყაიდა“ და სხვა ჯგუფები აწარმოებენ უკანასკნელი უკვე 15 წლის განმავლობაში. მაგრამ ბრიუსელის ტერორისტული აქტების შეფასებისას ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არ უნდა გამოგვეპაროს:   როგორც პარიზის, ასევე ბრიუსელის ტერორისტული აქტების დაგეგმვისა და შესრულების ავტორები, უხშირეს შემთხვევაში, არ არიან იმიგრანტები, არამედ დასავლეთ ევროპაშივე დაბადებული დასავლეთის მოქალაქეები, რომლებიც ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა ქალაქებში იზრდებიან. პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესლამი, ისევე როგორც ბრიუსელის ორი თვითმკვლელი ტერორისტი _ ბრაჰიმ და ხალიდ ბაქრაუი _ ევროპის ,,კეთილდღეობის სახელმწიფოებში“ იყვნენ დაბადებულ-გაზრდილები. ისინი ,,ისლამური სახელმწიფოს“ (იგივე დაეში) იდეოლოგიას საკუთარი თავისუფალი არჩევანის საფუძველზე შეუერთდნენ. მეტიც, მათ დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფოში სიცოცხლეს სიკვდილი არჩიეს, რომელიც უეჭველად შეიყვანს მათ მიერ წარმოდგენილ სამოთხეში. ძალიან საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების მონაწილეებმა ამერიკის სეკულარულ საზოგადოებას წერილი დაუტოვეს, სადაც ისინი წერდნენ: ,,ჩვენ უეჭველად დაგამარცხებთ თქვენ, რადგან ჩვენ სიკვდილი ბევრად უფრო გვიყვარს, ვიდრე თქვენ სიცოცხლე“. ეს ფრაზა საკმაოდ ბევრი რამის მანიშნებელია _ მას მერე ისლამისტი ტერორისტების რიცხვი იზრდება _ და ისინი სიცოცხლეს წირავენ იდეის გამო. ცხადია, ეს იდეა არ არის სიცოცხლის იდეა და მათი მოქმედების ფორმებიც საკმაოდ ბარბაროსულია, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო გულდასაწყვეტი ის არის, რომ განმანათლებლობის სამშობლომ, ევროპამ, ვერ მონახა იდეა, რომელიც ადამიანებს ,,სიცოცხლეს სიკვდილზე მეტად“ შეაყვარებდა. თავის დროზე, სწორედ ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი გალილეველი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის სიყვარული იმხელა აღმოჩნდა, რომ ის მილიარდობით ადამიანზე გავრცელდა. როდესაც ის ჯვარს აცვეს, ,,სიკვდილითა სიკვდილისა დათრგუნვით“ სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა და ამით სიცოცხლისა და სიყვარულის დღესასწაული მოუწყო მთელ კაცობრიობას. სწორედ ქრისტიანული და, მასთან ერთად, აღმოსავლური სწავლებებიდან წამოვიდა თანამედროვე ,,ილუმინატის“ ფილოსოფია, რომელმაც უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში დიდი მეცნიერული და კულტურული პროგრესი მოიტანა. მაგრამ ამ პროგრესთან ერთად, ცხადია, იყო ერთი რამ: უკვე XX საუკუნის შუაგულში დასავლურ ფილოსოფიაში გაჩნდა ძალიან ბევრი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა, დასავლურ ცივილიზაციას მაცოცხლებელი იდეა _ ანრი ბერგსონის ენით რომ ვთქვათ, ,,ელან ვიტალი“ _ კრეატიული სულიერების მარაგი _ სულ უფრო ელეოდა და ის სულ უფრო და უფრო ექცეოდა მარტივი, ბანალური დიქოტომიების და დომინაციის არენად.  ალბერ კამიუს ,,უცხოს“ მოქმედება დღევანდელი მსოფლიოს ძალიან წინასწარმეტყველური გადმოცემაა. მთავარი გმირი, ევროპელი პიედ-ნუარი მერსო ცხოვრობს უბრალოდ საკუთარი კომფორტისთვის _ ის დღევანდელი ტექნოკრატის ნათლად დანახული სახეა. ყველაფერს აკეთებს ამ კომფორტის შესანარჩუნებლად და ერთ მშვენიერ დღეს მას ძალიან მოსწყურდება და წყლის დალევისაკენ გზაზე არაბ მუსლიმი გადაეფარება. მერსო მას მაშინვე მოკლავს იმისთვის, რომ წყურვილი დაიკმაყოფილოს. ეს ,,სხვა“,  ანუ არაბი, მისთვის იმ მომენტში ადამიანი კი არ არის, ეს არის არსება _ აგამბენის ენით რომ ვთქვათ, ,,ჰომო საკერი“, რომელიც მას თავისი მატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში ხელს უშლის და ამას გულწრფელად ამბობს კიდეც. კამიუ, თავის დროზე, მართებულად გრძნობდა იმას, რაც დღეს მსოფლიოში მოხდა:  იმის მაგივრად, რომ ადამიანების სიყვარულისა და თანასწორობის იდეალები დაეცვა, განმანათლებლობის წარმომადგენლობამ, ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, გზას გადაუხვია და ახალი ტიპის ელიტიზმსა და დისკრიმინაციას ჩაუყარა საფუძველი, სადაც თეთრკანიანი, მერსოს მაგვარი გარეგნობის ადამიანები გახდნენ ,,რჩეული ერი“ (ბიბლიური ფრაზის აგრეთვე დამახინჯებული გაგება) და დანარჩენები გახდნენ ,,ბნელი, გოიმი“ მასა, ანუ ,,ჰომო საკერები“, რომელთა მოკვლაც დიდი პრობლემა არ არის. მართლაც, დღევანდელ ნიუსებს რომ გადავხედოთ, კარგად დავინახავთ, რომ როდესაც ე. წ. მესამე მსოფლიოში უამრავი ადამიანი კვდება პირდაპირი ძალადობით, ტერორიზმით, შიმშილით, ეპიდემიებითა და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ მეორეხარისხოვანი ამბავია, ან, ხშირ შემთხვევაში, საერთოდაც არ შუქდება, მაშინ, როდესაც ლაპარაკი გვაქვს მსოფლიოს მოსახლეობის ექვს მეშვიდედზე. ,,ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა და ბევრის უკვე სტატისტიკა ხდება“, _ ეს ფრაზა XX საუკუნის ერთ-ერთ მოღვაწეს ეკუთვნის.  საუბედუროდ, ასეთმა მიდგომამ ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო. უამრავი ადამიანი იღუპება ამ სისტემის მეშვეობით. თავის დროზე განმანათლებლებს ნამდვილად კარგი უნდოდათ _ მათ სურდათ ადამიანების თავისუფლება და თანასწორობა. ნაწილმა ამას ნამდვილად მიაღწია, მაგრამ მთელი პრობლემა ის არის, რომ ეს თანასწორობა მხოლოდ ადამიანთა პატარა ნაწილს ერგო წილად.  დღევანდელი მსოფლიოს მოქალაქეების უმეტესობა, დაახლოებით 6 მილიარდი, საშინელ, დამცირებულ, შეურაცხყოფილ და ღატაკ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ პროგრესს მათი მინიმალური ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც შეუძლია და ადამიანური ღირსების დაცვაც. მაგრამ ეს დღევანდელი ტექნოკრატიული კონიუნქტურის კანონების გათვალისწინებით შეგნებულად არ კეთდება. კამიუს მერსოს ცხოვრების სტილი, ანუ განუსაზღვრელი მატერიალისტური ეგოცენტრიზმი, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ტრანსნაციონალური ფინანსური ინსტიტუციების შეგნებულ დოქტრინად იქცა. შედეგად მოხდა ის, რომ ადამიანებისა და მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ პატარა ნაწილი ცხოვრობს კარგად, 6 მილიარდი ადამიანი კი შიმშილობს და მუდმივად დამცირებულია. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ფანატიკური ფუნდამენტალიზმისა და ტერორიზმის გავრცელებას. როდესაც 6 მილიარდი ადამიანი მუდმივად ასეთ საშინელ მდგომარეობაშია, გასაკვირი ის კი არ არის, რაც ხდება, არამედ ის _ მეტი ასეთი საშინელება რატომ არ ხდება და, საერთოდ, კაცობრიობამ აქამდე როგორ მოაღწია? დასავლურ სოციალურ მეცნიერულ წრეებში დიდი ხანია, ამ ფენომენზე საუბრობენ. დამშეული და დამცირებული 6 მილიარდიდან ნახევარი მაინც რატომ არ იღებს იარაღს ხელში? ალბერ კამიუ დღევანდელ მდგომარეობას კარგად გრძნობდა. ის, ისევე როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, ჟაკ დერიდა, ალჟირელი ფრანგი იყო და იმ დროისათვის ჯერ კიდევ მომავალ დიდ დაპირისპირებას ხედავდა _ დიდ უთანასწორობას კოლონიზატორებსა და კოლონილიზებულებს შორის. ცხოვრების ბოლოს კამიუს საკმაოდ კონტრევერსიული პოზიციაცა ჰქონდა ალჟირის განთავისუფლების საკითხში. მიუხედავად თავისი პროგრესული პოზიციისა, მან ალჟირის განმათავისუფლებელი ბრძოლის ბოლო ეტაპზე კონსერვატიული და, შეიძლება ითქვას, რეაქციული პოზიცია არჩია. როდესაც მას ჰკითხეს, _ რატომ დგახარ იმ პოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც შენი ყოფილი თანამებრძოლები, სარტრი, სიმონა დე ბოვუა, ბერტრან რასელი და სხვები მხარს უჭერენო? მან მოკლედ უპასუხა, _ როდესაც არჩევანი არის საკუთარ დედასა და სოციალურ სამართლიანობას შორის, შეიძლება საკუთარი დედა აირჩიო. ეს იყო ძალიან პატიოსანი პასუხი იმის გათვალისწინებით, რომ კამიუს დედა ისევ ალჟირში ჰყავდა, როგორ პიედ ნუარების ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი და მისი გმირი მერსოსგან განსხვავებით, მას საკუთარი დედა ფეხზე არ ეკიდა. ალბერ კამიუს კიდევ ერთი ნაწარმოებიც აქვს, რომელიც ასევე ძალიან კარგად ეხმიანება დღევანდელობას. ეს არის ,,ჭირი“. კაცობრიობას დღეს ახალი ჭირი უახლოვდება _ ეს არის ექსტრემისტული ნაციონალიზმი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც არანაირად არ არის შუა საუკუნეებში დაბრუნება. ეს არის თვისობრივად ახალი პოსტ-პოსტმოდერნული ფენომენი, რომელიც სეკულარული რელიგიის _ ევროპული განმანათლებლობის კრიზისით არის განპირობებული. ევროპულ განმანათლებლობას აღარ აქვს მაცოცხლებელი იდეა _ იდეა, რომელიც ,,სხვასაც“ აიყოლიებს. მან მიაღწია მატერიალურ კეთილდღეობას და შედარებით თანასწორობას საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ ვერ მოახერხა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის იდეების ხორცშესხმა დანარჩენ მსოფლიოში. მსოფლიოს 6 მილიარდი ადამიანი დღეს საშინელ სიღატაკესა და კორპორაციული დომინაციის ქვეშ ცხოვრობს, რაზედაც ცნობილი ავსტრალიელი სოციალური მეცნიერი, ჯონ ბარტონი, ამბობდა, რომ აუცილებელია ,,ნამცხვრის ზომის გაზრდა“, რომ კაცობრიობის დიდი ნაწილი ისეთი დამცირებული არ იყოს, რომ სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინოს. დიახ, დღეს გავრცელებული ტერორიზმი სწორედ კამიუს მიერ ნაწინასწარმეტყველები ,,ჭირია“ (La Peste) _ საკაცობრიო ცნობიერების ჭირი, სადაც სიცოცხლის ღირებულებაზე ზემოთ უკვე სიკვდილის ღირებულება დადგა. ტყუილად არ არის, რომ ,,დაეშის“ რიგები 2001 წლის მერე იზრდება და იზრდება _ დღეს მათ უკვე არა მარტო ტერორისტული ჯგუფები აქვთ, არამედ 242-მილიარდბიუჯეტიანი სახელმწიფოს მაგვარი ორგანიზებული ტერიტორია, რომელსაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები ეომებიან და ომს ვერ უგებენ. ეს ,,ჭირი“ არ არის ისლამური ტერორიზმი _ ამ დაავადების ძირშია განმანათლებლობის ფილოსოფიის გაკოტრება დღევანდელი დღისათვის. რას სთავაზობს ,,განვითარებული სამყარო“ (ესეც თავისთავად ძალიან რასისტული ტერმინოლოგიაა, რომელსაც დღეს დასავლური მეინსტრიმი თითქმოს ვეღარც ამჩნევს _ როგორ შეიძლება, ლუქსემბურგს უწოდო ეგვიპტის უძველეს ცივილიზაციაზე ,,განვითარებული“, მაგრამ ამას თავი დავანებოთ) დანარჩენ შეურაცხყოფილ, დამცირებულ და სიღატაკეში ჩაფლულ 6 მილიარდს, რომელსაც დასავლური ფინანსური ინსტიტუტები დღესაც ყოველდღე ძარცვავენ? ამ ,,ჭირისგან“ განთავისუფლებისთვის არ არის საკმარისი მარტო მატერიალური რესურსების უფრო სამართლიანი გადანაწილება. ეს ძალიან პრიმიტიული გამოსავალია. არა _ იდეას მხოლოდ იდეა ამარცხებს. დღეს მთელ მსოფლიოს სჭირდება იდეა, რომელიც ,,სიკვდილის დამთრგუნველი“ იქნება. დღეს საჭიროა ახალი სიყვარულისა და შემოქმედების დოქტრინა _ ახალი ,,ელან ვიტალი“, რომელიც მოქმედებისა და ქმედების ენერგიას შთაბერავს ახალ თაობებს და რომელიც კაცობრიობას `სიცოცხლეს უფრო შეაყვარებს, ვიდრე სიკვდილს“. მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც იდეისგან განყენებულია, ამას ვერ მოიტანს. კარგად ვიცით, რომ თვითმკვლელობების ციფრით ყველაზე მდიდარი ქვეყნები ღატაკ ქვეყნებს ბევრად უსწრებენ. არა იმისათვის, რომ დღევანდელი დღის ,,ჭირი“ გადავძლიოთ, საჭიროა ახალი მაცოცხლებელი და მრავალხმიანი იდეა _ ისტორიამ და დღევანდელობამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს იდეა ცხოვრების საზრისს აძლევს. იდეა არის მარადიული საწყისი _ ამ იდეაზე არის შესაძლებელი, რომ აღმოცენდეს ,,სიკვდილის დამთრგუნველი“ ფილოსოფია. თუმცა დღევანდელი რელიგიური ინსტიტუტების უმრავლესობა თანამედროვე ნეოლიბერალურ კაპიტალიზმთან შეხმატკბილებულები არიან და სწორედ ამიტომ ადამიანები ექსტრემისტულ დაჯგუფებებში მიდიან, რადგან ლიბერალურ კორუფციას და რელიგიური ლიდერების გა-ლიბერალებას და გა-კაპიტალისტებას არჩევენ გამოქვაბულში მცხოვრებ, მაგრამ ასკეტ ბინ ლადენებს, ალ შიშანებს და სხვებს. ადამიანები ასკეტობას აფასებენ. სხვათა შორის, ასკეტობაც იმის გამოვლინებაა, რომ იდეა მატერიაზე ზემოთ დგას. ადამიანის სულიერი თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლინება სწორედაც რომ საკუთარ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე უარის თქმაა: ადამიანებს უყვართ გრიგოლ ხანძთელი, ან ფრანჩესკო ასიზელი, ან კიდევ მაჰათმა განდი და ბევრი სხვა, ვინც იდეას არჩევს მატერიას. ადამიანებს უყვართ იდეა, რომელიც მათ ,,მარადიულ ცხოვრებას“ მოუტანს. რა თქმა უნდა, ბევრი სკეპტიკოსი იტყვის, რომ ეს ილუზიაა და არაფერია სამყაროში მატერიალურის გარდა, თუმცა თანამედროვე დასავლური ფიზიკის ბევრი აღმოჩენა კვანტურ ფიზიკაში იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს მრავალი განზომილება, რომელზე წვდომაც ახლა არ გვაქვს და სამყაროს ბოლომდე მატერიალურად ვერასდროს შევიმეცნებთ. მაგრამ ერთი რამის შემეცნება ნამდვილად შეგვიძლია: ადამიანი ღმერთის გაჩენილი არსებაა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, რომ სხვა ადამიანებთან თანასწორ არსებად ცნონ. ისიც, რომ ყველა ადამიანში შემოქმედმა შემოქმედის ნიჭი ჩადო და ყველა ადამიანს შეუძლია იყოს ფართო გაგებით ხელოვანი და ისიც, რომ დღევანდელი მსოფლიო გაცილებით პატარაა და მასში ერთ ხმაში სიმღერა აღარ გამოვა. მსოფლიოს მრავალხმიანი, ახალი სიმფონია სჭირდება, თუ გვინდა, ამ სიბნელეში პატარა სინათლე მაინც ბჟუტავდეს.  

                                                                                                     ირაკლი კაკაბაძე

გაზიარება