„ივანიშვილს ერთ კახურ ანეკდოტს შევახსენებ: მიხოს ბიჭმა ცოლი მოიყვანა. პირველ ღამეს „რაღაც“ გაუჭირდა. გამოვიდა, მამას დაუძახა, – მიშველე რამეო. მიხომ გაიღვიძა და გაბრაზებით ჩაილაპარაკა, _ კაცოო, ამ სახლში ყველა საქმე ჩემი გასაკეთებელი როგორ არისო? ბატონო ბიძინა, ხომ გაგიგიათ, _ ძაღლი ვინც მოკლა, იმანვე გადაათრიოსო. სანამ ცოცხალი ხართ, ამ ქვეყანაში თქვენც კახელი მიხოს როლი გაქვთ მორგებული. გამოუცდელ თეა წულუკიანსაც ისევე უნდა შველა, როგორც მიხოს ბიჭს. ისე უშველეთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს „დაეხმარეთ“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში არმაზ ბაკურაძე. ჩვენი რესპონდენტი იუსტიციის სისტემაში (მათ შორის, საჯარო რეესტრში) არსებულ პრობლემებსა და გამოსწორების გზებზე ამახვილებს ყურადღებას.
არმაზ ბაკურაძე:
_ მე ვსვამ კითხვას, _ ვინ დაიხსნის მოქალაქეებს საჯარო რეესტრის შენობებში გამეფებული განუკითხაობისგან? წააკითხეთ საქართველოს „უგვირგვინო მეფეს“, ბიძინა ივანიშვილს. მინისტრი თეა წულუკიანი მამა აბრამის უცოდველი ბატკნის როლს თამაშობს, ფარულად შეეკრა დღევანდელ პრეზიდენტსა და ირაკლი ალასანიას „ქართული ოცნების“ გასანადგურებლად.ვინ მოუწყო ქვეყნის გაჭირვებულ მოქალაქეებს ლაბირინთი? შედიხარ შენობაში და იქიდან თვეობითა და წლობით ვეღარ გამოდიხარ. ვინ და რატომ დაუგო ერს ფულის მახე? არადა, ამას იუსტიციის სახლში დასაქმებული წესიერი ადამიანები აღიარებენ. ვინ ასრულებს ადრე მიღებულ მახინჯ კანონებს? იუსტიციის სამინისტროში მოკალათებული ყოფილი „ნაციონალები“, თუ იუსტიციის მინისტრი?
_ რა ხდება იუსტიციის სისტემაში?
_ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას საბუთებში, მათ შორის, დაბადების მოწმობაში მშობლების სხვადასხვა სახელი უწერია. მაგალითად, ერთ საბუთში მამის სახელია რეზო, მეორეში _ რევაზი; დედის სახელი თამარი, მეორეში _ თამრიკო. ამას ემატება კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა. ეს არის და-ძმების დაბადების მოწმობებში მშობლების შეცვლილი სახელები. მაგალითად, ერთ და-ძმას უწერია დედის სახელი მარიამი, მეორე და-ძმას _ მარო.
პრობლემები არსებობს გარდაცვლილ მოქალაქეთა საბუთებშიც. ეს კი მათ ცოცხლად დარჩენილ ნათესავებს ძალიან ურთულებს საქმეს.პრობლემები ამით არ მთავრდება. არსებობს რეესტრის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი უფრო მძიმე შეცდომები.
_ მაინც, რომელი?
_ მაგალითად, სამ ძმას საბუთებში სამი სხვადასხვა გვარი უწერია. ზოგიერთი მოქალაქის საცხოვრებელი მისამართი მითითებულია სამი განსხვავებული რიცხვით: 14, 15, 16. ასეთ ქმედებას სპეციალურად სჩადიან საჯარო რეესტრის თანამშრომლები, რათა მეტი თანხა წაგლიჯონ ხალხს საბუთების მოწესრიგების დროს. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს გადაუჭრელ პრობლემად ექცევათ, როდესაც დააპირებენ, თავის სახელზე გაიფორმონ ის სახლი, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. პრობლემა უფრო მეტად იზრდება ახლობელი ადამიანის გარდაცვალების დროს. მაგალითად ძმის, მამის, ბებიის, დედის, ვის სახელზეც საცხოვრებელი სახლი, ან მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. ვისაც ეს პრობლემა უჩნდება, სასამართლომდე რომ მიაღწიოს, 400-500 ლარზე მეტი უჯდება. გარდა ამისა, რაიონებსა და სოფლებში დაბადებულ ადამიანებს, რომლებმაც 30-40 წელი იცხოვრეს იქ, შემდეგ თბილისში ჩაეწერნენ, უფლება არ აქვთ, ზემოაღნიშნული პრობლემების დროს, თავისი მშობლიური რაიონის სასამართლოში შეიტანონ საბუთები, თუმცა რეგიონული შეზღუდვები არ არსებობს. მახინჯი კანონები 82-85 წლის მოხუცი ადამიანების თბილისში ჩამოყვანას ითხოვს.
_ რას გეუბნებიან ამ დროს?
_ საჯარო რეესტრის თანამშრომლები ირონიულად და ურცხვად გეუბნებიან, რომ მოხუცი ადამიანების დასწრებაა საჭირო, რომლებიც შენს ნათესავს იცნობდნენ. ამ ასაკის ადამიანების უმრავლესობა კი ლოგინადაა ჩავარდნილი. ეს პრობლემა არ იარსებებს, თუკი სოფლის გამგებლებს ბეჭედი და უფლება ექნებათ, რომელიც დაადასტურებს, ვინ არის ესა და ეს პიროვნება, რა გვარის იყო მისი პაპა და ბებია, მამა, დედა, ძმა, რა სახელი ერქვათ მათ. ეს წამების საქმეა და არა წლების!
ამ სტრიქონების ავტორს, მახინჯი კანონებით, უფლება არ მაქვს, დედაჩემის გვერდით დავიმარხო, რადგან ჩემს დაბადების მოწმობაში ჩაწერილია დედის სახელი ანი, მისი გარდაცვალების მოწმობაში _ ანა. არსად ფიგურირებს დედის გვარი ბექაური, რადგან დედა გათხოვების შემდეგ ატარებდა მეუღლის გვარს _ წიკლაურს. ამის გამო ვერ ვახერხებ დავიმტკიცო სოფელში მიტოვებული სახლი. ჩემნაირი პრობლემები აქვს საქართველოს მრავალ მოქალაქეს. გასულ წელს, მოწმეთა ზეპირი მოსმენის დროს, რეესტრის თანამშრომელმა, ქალბატონმა ხუხუამ, უარი მითხრა საჭირო ცნობის მოცემაზე, _ რა ვქნა, მოვიდეს ვინმე ქალი და თქვას, _ მე ვარ თამარ ბექაურიო. შევახსენე, რომ დედა გარდაცვლილია, მისი გაცოცხლება ხომ შეუძლებელია-მეთქი?
ადვოკატებს ველაპარაკე, ამ ქალბატონის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შედეგი ვაჩვენე. მითხრეს, რომ მას ჩემ სასარგებლოდ ცნობა უნდა გაეცა. ხუმრობა იქით იყოს და გარდა ზემოაღნიშნული პრობლემისა, მჭირდება ცნობა და იმის მტკიცებაც, რომ ჩემს გარდაცვლილ მშობლებს ვყავდით 4 შვილი, რომელთაგან ცოცხალი მარტო მე დავრჩი. ასეთ ცნობას რაიონის გამგებელი გასცემს. იმ რაიონის, რომლის სახელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდი _ ვიყავი რესპუბლიკის ნაკრები გუნდის წევრი, მრავალგზის ჩემპიონი, ვარ საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებების როგორც პრიზიორი, ასევე გამარჯვებულიც.
ჩემს ოჯახს რაიონში უამრავი ადამიანი იცნობდა და დღესაც ცნობს. აღნიშნული პრობლემა არ იქნებოდა, რომ ყოფილ პრემიერს, მექრთამე ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისიდან გოდრით არ ჩამოეყვანა გამგებელი, თან 20-კაციანი ამალით; ხოლო თეა წულუკიანს 400 კილომეტრიდან, თავისივე რაიონიდან გამოგდებული მოსამართლე არ მოეყვანა.
,,ქრონიკა“ ცდილობდა დაკავშირებოდა იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარებს უწყებაში არ უპასუხეს.
გიორგი მეფარიძე