QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,ამ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რომ ევროსასამართლოს სახელი გატყდომოდა!“

მამუკა ნოზაძე: ,,ამ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რომ ევროსასამართლოს სახელი გატყდომოდა!“

2016-04-14 10:36:06

ევროსასამართლო ქართველებისთვის დღეს ისეთივე სტრუქტურაა, ორი საუკუნის წინათ ოთარაანთ ქვრივს ხელმწიფის კარი რომ ეგონა, სადაც რკინის ქალამნებითა და ჯოხით აპირებდა მისვლას სამართლიანობის აღსადგენად. თუმცა როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე გვიმტკიცებს, ევროსასამართლოსადმი ნდობა საზოგადოებას უსამართლო მოსამართლეებმა უკვე დაუკარგეს, თუმცა მათ საქართველოს ხელისუფლება განგებ არჩევს. მამუკა ნოზაძე: _ თითოეული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში. ახლა ჩვენ ამ პროცესში ვართ _ ევროსასამართლოში ახალ მოსამართლეებს ვირჩევთ. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომისია შექმნა, სადაც პროცესები გამჭვირვალედ ნამდვილად არ წარმართულა. კომისიის უმრავლესობა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან დაკომპლექტდა, რადგან კომისია პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შეიქმნა. მხოლოდ ორი ადამიანი იყო იქ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ერთიც _ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან. ამ კონკურსში ყველას ჰქონდა მონაწილეობისა და ბარიერის გავლის უფლება. პირველად საბუთებს არჩევენ, შემდგომ გასაუბრება მიმდინარეობს, თუმცა გასაუბრებაზე ყველა კანდიდატი არ გაიყვანეს, არმედ მხოლოდ ისინი, რომლებიც მეორე ეტაპზე მოხვდნენ. შემდგომ მათ წერითი გამოცდა ჩაუტარდათ იმის დასადგენად, რამდენად კვალიფიციურად ფლობდნენ ენას. საბოლოოდ, ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატები შეარჩიეს. ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ საზოგადოება არ მონაწილეობდა, კომისიის მუშაობა ღია არ იყო და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვისაც ბევრი რამ არ გახლდათ ცნობილი. მოკლედ, ყველაფერი ისე მოკვარახჭინდა, რომ საზოგადოება არაფრის საქმის კურსში არ ჩააყენეს და ინფორმაცია არ მიაწოდეს. _ ასე განგებ მოიქცნენ? _ მოგეხსენებათ, საზოგადოება პრემიერ-მინისტრის განკარგულებებს არ ეცნობა, თუმცა რატომ არ დაინტერესდა მედია ამ საკითხებით, არ ვიცი. ვფიქრობ, როცა ასეთი მაღალი რანგისა და ავტორიტეტის მქონე სასამართლოში ქვეყნა მოსამართლეობის კანდიდატებს წარადგენს, ეს ყველასთვის მგრძნობიარე საკითხია, ამიტომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა იქ მაღალი რეპუტაციისა და ზნეობრივ-ეთიკური თვისებების პიროვნება წარადგინონ. სხვათა შორის, ამას ითხოვს თვით ევროპული კონვენციის 21-ე მუხლიც: მოსამართლეები, რომელთაც ევროპის ასამბლეა აირჩევს, უნდა იყვნენ მაღალი ზნეობრივი ღირებულებებისა და ფლობდნენ სამოსამართლეო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ კვალიფიკაციას. უნდა იყვნენ აღიარებული სამართალმცოდნეები და ა. შ. როცა ევროპული კონვენცია ასეთ კრიტერიუმებს აწესებს, მხოლოდ ერთი ჯგუფის ექსკლუზიურ უფლებას არ უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის სახელით ამ ადამიანების შერჩევა. მასში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ფართო წრე. _ შერჩევაში არასამთავრობოები და საზოგადოება რომ ყოფილიყო ჩართული, ამით რა შეიცვლებოდა? _ ასეთ დროს იმ კანდიდატებს ვერ შეარჩევდნენ, ვისაც ახლა გზავნიან. მაშინ მართლაც ღირსეული კანდიდატები წარდგებოდნენ და არა ის ხალხი, ვინც მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს. ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იმ 5 კანდიდატს ჩამოვთვლი და თავადაც მიხვდებით, რა ხდება. ესენი გახლავთ:  ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც თეა წულუკიანის პირველი მოადგილე ბრძანდება, ანა დოლიძე და გიორგი ბადაშვილი, რომელიც ევროპული სასამართლოს რეგისტრატურაში მუშაობს, თუმცა ქართული საზოგადოება მას საერთოდ არ იცნობს. აღიარებული სპეციალისტი თუ არის, ამის თაობაზე საზოგადოებამ არაფერი იცის. მოსახლეობის უმრავლესობას ეს ადამიანი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ჰგონია, რაც ასე არ გახლავთ. ქართველი საზოგადოება ამ საკითხში გაუთვითცნობიერებელია. მხოლოდ უცხო ენის კარგად ცოდნაც არ ნიშნავს კომპეტენტურობას და მაღალზნეობრივ თვისებებს. მეხუთე კანდიდატი არის ნანა მჭედლიძე. ჟურნალისტები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ყველა კანდიდატის ბიოგრაფიით. თუმცა აქედან რამდენიმეს შესახებ, მეტ-ნაკლებად, ცნობილია. მაგალითად, ანა დოლიძეზე ვიცით ის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო სფეროებში მუშაობდა და ის მართლაც ორინტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. სწორედ ასეთი ადამიანები უნდა წარადგინონ ევროპულ სასამართლოში და არა ისეთები, სხვები რომ არიან. სამწუხაროდ, აქამდე ვინც იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები, მათი მიმართულებაც არ ყოფილა ადამიანთა დაცვა. _ ამჯერად ვისზე საუბრობთ? _ ერთ-ერთი ასეთი იყო მინდია უგრეხელიძე, რომელიც მანამდე საქართველოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლდათ. ის ევროპულ სასამართლოში ასევე გაუმჭვირვალედ წარადგინეს. შევარდნაძეს ვინც აწყობდა, სწორედ ის კანდიდატი წარადგინა. ცხადია, ხელისუფლებას ყოველთვის უნდა, რომ სასურველი კანდიდატი ჰყავდეს ევროსასამართლოში, რათა შემდგომ მათი ინტერესები გატარდეს. მოგეხსენებათ, ევროპულ სასამართლოში ხშირად პოლიტიკური საქმეები იგზავნება, ამიტომაც ისეთი ადამიანი სჭირდებათ, რომელიც ხელისუფლებას ადვოკატირებას გაუწევს. ეს მისია ჰქონდა მინდია უგრეხელიძესაც და ამ მიზნით შეარჩიეს ახლანდელი კანდიდატებიც. სხვათა შორის, უგრეხელიძემ ეს ფუნქციაც ბოლომდე ვერ აღასრულა, რადგან ევროსასამართლოში მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეები იყვნენ. როცა უფლებამოსილება ამოეწურა, ხელისუფლებამ ფარულად კვლავ სხვა კანდიდატი წარადგინა, რომელიც იყო უჩინარი პიროვნება და მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამის მერე ნონა წოწორია არის ევროსასამართლოს მოსამართლე საქართველოდან. იგი იყო პროკურატურის კადრი და სხვა არაფრით გამორჩეული _ არც პრაქტიკოსი ყოფილა და არც თეორეტიკოსი, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ პერიოდში ზურაბ ადეიშვილის დაჯგუფების წარმომადგენელი გახლდათ და მისი ხელის გოგო. გენერალურ პროკურატურაში სამეურნეო ნაწილს კურირიებდა, მაგრამ ისე წარადგინეს, რომ კონკურენტი თითქმის არ ჰყოლია და არც გამჭვირვალედ წარმართულა შერჩევის პროცედურა. მაშინაც ის გაიყვანა ხელისუფლებამ  ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლედ, ვინც თავად სურდა. ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება ცდილობს, ევროსასამართლოში თავისი წარმომადგენელი დასვას, რომელიც მხოლოდ იმით დაკავდება, რომ ხელისუფლების პოლიტიკა გაათეთროს. ნონა წოწორია ნამდვილად იყო ის მოსამართლე, რომელიც ხშირად იქცეოდა არაეთიკურად, ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა სხვა მოსამართლეებზე, რათა მომჩივნის წინააღმდეგ მიეღოთ გადაწყვეტილებები. პირველად ამას ვერ ახერხებდა, რადგან ევროსასამართლოს რეგლამენტით საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამი მოსამართლე იხილავდა და ბუნებრივია, ყველასთან კომუნიკაციის დამყარება და საკუთარ ნებაზე ტარება არ შეეძლო. შემდგომ კი რეგლამენტში ცვლილება შევიდა და საჩივრის დასაშვებობას მოსამართლეები უკვე ერთპიროვნულად იხილავდნენ. მან თავისი გავლენები გამოიყენა და ახერხებდა, რომ საქართველოს სახელით შესული ძალიან ბევრი საქმე დაუშვებლად გამოცხადებულიყო. _ შეგიძლიათ, მაგალითი მოიყვანოთ? _ ბოლო პერიოდში ევროსასამართლოში წასული საქმეების დიდი ნაწილი დაუშვებლად გამოცხადდა. როცა ასეთი რამ ხდება, ევროპული სასამართლო მომჩივანს ან მის წარმომადგენელს პირდაპირ სწერს, რატომ არ დაუშვეს და რომ აღარ უნდა მოითხოვოს პასუხი, რადგან ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ მიაწვდიან. ეს კი ზეგავლენის შედეგად ხდება. უამრავი საქმე შემიძლია დავასახელო, სადაც პირების ფუნდამენტური უფლებებია დარღვეული, მაგრამ ევროსასამართლოში მათი საჩივარი მაინც დაუშვებლად ცნეს. პოლიტიკური საქმეების გარდა, ასევე არის არაპოლიტიკური საქმეებიც. მათი განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან შეეხებოდა როგორც ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს _ სიცოცხლის უფლების მოსპობას, ასევე მე-3 მუხლს _ არაადამიანურ და ღირსებისშემლახველ ქმედებებს, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების მოსპობას და ა. შ. ამ საქმეებზე ისეთი გადაწყვეტილებები იყო გამოტანილი, რომლითაც, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პირის უფლებები დაირღვა. ამ ფაქტებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია როგორც ადვოკატებში, ასევე მოსახლეობაშიც. საქმე ის არის, რომ, ძირითადად, ორი მოსამართლე იღებდა ასეთ გადაწყვეტილებას: ეს იყო საბერძნეთის წარმომადგენელი _ სიცილიანო და სომხეთიდან წარგზავნილი მოსამართლე _ ბულემიანი. ამ მოსამართლეების მიერ სისტემატურად მიღებული გადაწყვეტილებები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სწორედ ნონა წოწორიას ზეგავლენის შედეგდ ხდებოდა ეს ყველაფერი. ასევე შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ქალბატონი ამ მოსამართლეებთან ახლო ურთიერთობაში იყო და მან მიაღებინა გადაწყვეტილებები, რომ ბევრ საქმეზე საქართველოდან წასული საჩივრები დაუშვებლად გამოცხადებულიყო. ამ ყველაფერმა გამოწვია ის, რომ ევროსასამართლოს მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება გაჩნდა და მას სახელი გაუტყდა. მოგეხსენებათ, ამ სასამართლოში პროცესები დროშია გაწელილი, თუმცა როცა მათ სურთ, პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ. ამჟამად ევროსასამართლოში საჩივრები აღარ იგზავნება და ყველა ცდილობს, აქვე მიაღწიოს სამართალს. ცხადია, ეს იმიტომ არ ხდება, რომ თეა წულუკიანი ამბობს, აქ უნდა შევქმნათ ევროპული სასამართლო და საქართველოში უნდა იყოს სამართლიანობაო. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს აღარ აქვთ იმედი ევროსასამართლოში სამართლიანობის მიღწევისა და მცირე დროში შედეგის. ზოგჯერ საქმის შესწავლის პროცესები ისე იწელება, რომ ადამიანები იღუპებიან და პასუხს ვეღარ იღებენ. პირადად ჩემი საქმის განხილვა 2008 წელს დამთავრდა და დღემდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მოგვიანებით, სახელმწიფომ მოაღწია ევროსასამართლოსთან მორიგებას და ცალმხრივი დეკლარაციები დამტკიცდა, რომელიც სახელმწიფომ წარადგინა. ამ ადამიანებს მიზერული თანხები გადაეცათ, რაც სამართლიანობის აღდგენას და არსებული ხარვეზების გამოსწორებას არ ნიშნავს. ასეთი საქმეებია დენის ყვარელაშვილის, ნიკოლოზ მჭედლიშვილისა და სხვ. ამით სახელმწიფომ საკუთარ თავზე არ აიღო პოზიტიური ვალდებულება და თავისი ფუნქცია არ შეასრულა, რათა ბრალი გამოსწორებულიყო. ეს ადამიანები ისე გარდაიცვალნენ, რომ მათი საქმე გამოძიებული არ არის. პირიქით, დენის ყვარელაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ბიურო კიდევ ცდილობს დასკვნების გაყალბებას, მაშინ როცა ჯანდაცვის სამინისტროს შექმნილმა კომისიამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას სამკურნალო დაწესებულებაში მედიკამენტები არასწორად მიეწოდებოდა. ექსპერტი ანზორ მელია მუდმივად გაიძახოდა, რომ ის არ იყო მძიმე ავადმყოფი, საბოლოოდ კი მძიმე შედეგი დადგა. ექსპერტებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დასკვნა დაწერა, რომ დენის ყვარელაშვილს არალიცენზირებული ექიმები მკურნალობდნენ, ამავდროულად, მას მედიკამენტები მიეწოდებოდა დიდი დოზით, ამასთანავე, ექიმები არ ასაბუთებდნენ, რამდენად სწორი იყო ეს მკურნალობა. როცა პაციენტს არალიცენზირებული ექიმი მკურნალობს, მედიკამენტები დაუსაბუთებლად მიეწოდება, ეს აისახება თუ არა მის ჯანმრთელობაზე?!! _ ბუნებრივია, რომ აისახება! მთელი 2 წლის განმავლობაში სასამართლო ექსპერტიზას ნიშნავდა, მაგრამ ეროვნული ბიუროს ექსპერტები არ ატარებდნენ. ამ ექსპერტების შესახებაც ბევრი რამ ვიცით, თუ როგორ აყალბებდნენ წარსულში დასკვნებს და ერთ-ერთი მათგანი  ზურაბ ჟვანიას გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის გამო პასუხისგებაშიც კი მიეცა. მათ ავტორიტეტი დიდი ხანია, შეელახათ, რადგან სწორ დასკვნებს არ წერდნენ და აყალბებდნენ. როგორც შეიძლება, ექსპერტმა დაწეროს, რომ არალიცენზირებული ექიმის ჩატრებული მკურნალობა და მედიკამენტების დიდი ოდენობით მიწოდება არ არის განმაპირობებელი ფაქტორი იმ ლეტალური შედეგისა, რომელიც დადგა?! როცა ასეთ დროს დაზარალებულები ევროპის სასამართლოს მიმართავდნენ, მათთვის მნიშვნელოვანი გახლდათ, სახელმწიფოში მათი უფლებები დაცული ყოფილიყო. ევროპულ სასამართლოს უნდა დაედგინა სახელმწიფოში არსებული ხარვეზები, რათა სამომავლოდ ის აღარ განმეორებულიყო, მაგრამ თეა წულუკიანმა ამ საქმეზე მორიგება უზრუნველყო და გამოტანილ განჩინებაში არსებული მდგომარეობა არ დაუსაბუთებია. ახლაც ფორმალურად შეიქმნა კომისია და ევროსასამართლოში გასაგზავნი პიროვნებები დასახელდნენ. ფორმალური იყო გასაუბრებაც და ყველაფერი, თუმცა ფაქტია, რომ ის პიროვნებები, რომლებიც იქ წარსადგენად ამოარჩიეს, ერთი-ორის გამოკლებით, ყველა  ოდიოზურია. _ რატომ აფასებთ მათ ასე? _ ევა გოცირიძე ტელევიზიით პირდაპირ აღიარებს დანაშაულებრივ ქმედებებს იმ კუთხით, რომ გარიგებაში შევიდა იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლე წევრებთან, რომლებიც ცერცვაძე-მურუსიძის კლანის წარმომადგენლები არიან და ერთად დანიშნეს მურუსიძე შანტაჟით. მოსამართლე წევრები ბოიკოტირებას ახდენდნენ და სასამართლო პროცესებს შლიდნენ. გიცირიძემ დიახაც რომ გაამყარა ეს ალიანსი. ახლაც კი ეს ქალბატონი სიანჩხლით გამოირჩევა. საზოგადოებას ლამისაა, თითი ატაკოს თვალებში და ურცხვად საუბრობს ისეთ ფაქტებზე, რაშიც არაკომპეტენტურია. მაგალითად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დებატებისას მან არ დაასახელა გვარი ადვოკატისა, მაგრამ ყველა მიხვდა, ვისზეც საუბრობდა. მან ხატიაშვილს უთხრა, _ როცა ჩვენს ეთიკურ და მორალურ სახეზე საუბრობთ, ადვოკატთა ასოციაციაში, აღმასრულებელ საბჭოში, ერთ-ერთი ადვოკატი გყავთ, რომელიც ევროპულმა სასამართლომ მკაცრად შეაფასაო. მან ისე გააყალბა მონაცემები, არ იცის, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი ამ საქმეზე, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ევროსასამართლოს შეცდომაში შეყვანისთვის და ცხადია, იქ არ ყოფილა საუბარი მორალზე, ეთიკასა და ზნეობაზე. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ კანდიდატმა სასამართლოს კლიენტთან შეუთანხმებლად მიაწოდა ინფორმაცია. თუმცა ამის თაობაზე ადვოკატი გამართლდა. _ რომელ ადვოკატზე საუბრობთ? _ საუბარია ჩემზე, მამუკა ნოზაძეზე! ამიტომ მომდევნო ნომერში აუცილებლად დეტალურად მოგიყვებით, სინამდვილეში რა როგორ მოხდა და ვინ არის ევა გოცირიძე, რომელსაც საზოგადოება შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში. ვინ არიან ამ საქმეში მისი თანამზრახველები და, საერთოდაც, როგორი ადამიანი სურთ, ევროსასამართლოში შეიყვანონ! ახლა მითხარით, ის ადამიანის უფლებებს იქ დაიცავს?!  

                                                                                                     ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება