ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამი მსხვილი საავადმყოფოს რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, დასასრულს მიუახლოვდა. ბოლო ეტაპზე გასულია ავსტრიული „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და ისეთ გამოცდილ კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ტენდერი შეეხება თბილისის სამ კლინიკას: რესპუბლიკურ საავადმყოფოს, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს _ ყოფილ ონკოლოგიურსა და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს.
პროექტის მოსალოდნელი შედეგებისა და, ზოგადად, არსებული პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ქირურგ-ონკოლოგს, მედიცინის დოქტორს, ილია გოცაძეს:
_ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სამ საავადმყოფოზე და მათგან ერთ-ერთი უნივერსალური სამედიცინო ცენტრია. თქვენ, როგორც ამ ცენტრის წარმომადგენელს, რა მოლოდინები გაქვთ?
_ ნებისმიერ ცვლილებას იმედიანად ველოდები. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და პაციენტამდე სამედიცინო მომსახურების მიწოდების ალგორითმი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან შეიცვალა. მედიცინა გახდა დეცენტრალიზებული და 95% გადასულია კერძო რელსებზე. ჩვენ შეგვიძლია, ბევრი ვიკამათოთ იმაზე, რამდენად სწორი და პრაგმატული იყო განხორციელებული რეფორმები.
ნებისმიერ ცვლილებას და რეფორმირებას კონკრეტული საფუძველი აქვს. სამი მსხვილი მრავალსაწოლიანი და მრავალპროფილური კლინიკის განვითარება და ამუშავება საქართველოსთვის მართლაც დიდი პროექტია. ჩემი აზრით, იგი დაფუძნებულია დღევანდელი სიტუაციის კრიტიკულ ანალიზსა და მომავალი განვითარების პოტენციაზე.
სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინათ საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებაზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს პროგრამა პოპულარულია და ამით საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა სარგებლობს. დღევანდელ რეალობაში სახელმწიფოს როლი პაციენტების მკურნალობაში, ძირითადად, შემოფარგლულია პაციენტის დაფინანსებით. პაციენტი თვითონ ირჩევს შესაბამის დაწესებულებას და ექიმს. ჩემი აზრით, დიდი რეფერალური კლინიკების ამუშავებით სახელმწიფო 2 სტრატეგიულ საქმეს გეგმავს: პირველი _ უფრო ღრმად ჩაერთოს პაციენტების მკურნალობის მენეჯმენტში, ანუ უფრო პრაგმატული გახადოს ჯანდაცვის სისტემის ფინანსური მართვა და მეორე _ გააუმჯობესოს მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხი.
პოტენციურად ამ სამი დაწესებულების განვითარება მნიშვნელოვნად შეცვლის სამედიცინო ბაზარს და გაამწვავებს კონკურენციას. ჩემი აზრით, პაციენტი მოგებული დარჩება, რადგან უფრო დიდი არჩევანი ექნება. ასევე, სახელმწიფომ შეიძლება განავითაროს ახალი სერვისები და მკურნალობის მეთოდები, რომლებიც არ არის რენტაბელური კერძო კლინიკებისთვის.
ამ ცვლილებებს აღვიქვამ, როგორც დაწყებული რეფორმების შემდეგ ნაბიჯს, რომელსაც იმის პოტენციალი აქვს, რომ წარმატებული იყოს. მე პირადად არ ვარ პროექტის უშუალო მონაწილე და შემიძლია, მხოლოდ ჩემი აზრი გაგიზიაროთ.
_ რა პრობლემებია დღეს თქვენს სფეროში, რომელთაც ეს პროექტი მოაგვარებს? პირველი კითხვის პასუხად, ძირითადად, ისაუბრეთ, რას მოუტანს პროექტი პაციენტებს, მაგრამ რა შეიცვლება ექიმებისთვის?
_ მე ვარ ონკოლოგი-ქირურგი და შემიძლია ვილაპარაკო, რა პრობლემებს ვხედავ ჩემს დარგში. ისეთ მსხვილ დაწესებულებაში, როგორიც უნივერსალური სამედიცინო ცენტრია, ონკოლოგიური სამსახური ერთ-ერთი წამყვანი დარგი უნდა იყოს. ეს არ არის საკითხი მარტო სამედიცინო სფეროდან. ონკოლოგია არის დიდი სოციალური პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ ავადმყოფთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში პირველად გამოვლენილი პაციენტების რიცხვი 7000-დან 10000-მდე გაიზარდა. პროცენტულად ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც 50%-იანი მატება იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა. ეჭვი არ მეპარება, ისეთ სოციალურ საკითხებში, როგორიც ონკოლოგია გახლავთ, სახელმწიფომ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს.
რეალობა არის უმძიმესი. პაციენტების, დაახლოებით, 75% მაშინ მიმართავს ექიმს, როცა მედიცინა უკვე უძლურია. სიკვდილიანობა კი არ იკლებს, პირიქით, მატულობს. ეს ორი ფაქტიც მეტყველებს, რომ დღევანდელი სიტუაცია არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროებს სასწრაფო გადახედვას და კრიტიკულ ანალიზს.
დღეს სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა კერძოა და ყველა კერძო დაწესებულება, რა თქმა უნდა, მოგებაზე მუშაობს. ეს ბიზნესის კანონია. ამ სისტემაში პროფესიონალ ექიმს შესაძლოა, მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ, ზოგჯერ, ძალიან უჭირს განვითარება და ახალი მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვა, თუ ის ფინანსურ მოგებას არ იძლევა.
ონკოლოგიური ცენტრის (უნივერსალური სამედიცინო ცენტრი) კედლებში გაკეთებულია და ახლაც კეთდება რთული ოპერაციები, ზოგი ექსკლუზიურიც, მაგრამ ახლანდელ პირობებში ფინანსურად ისინი არამომგებიანია და, სამწუხაროდ, კლინიკას აზარალებს. რა თქმა უნდა, ეს დიდ პრობლემას ქმნის. ვიმედოვნებ, რომ რთული დარგების სპეციალისტებს სახელმწიფო დაწესებულებაში მეტი საშუალება და თავისუფლება ექნებათ მსგავსი პაციენტების მკურნალობისთვის, როგორც ეს მსოფლიოს რეფერალურ ჰოსპიტლებში ხდება. ასევე, იმედი მაქვს, რომ ეს მსხვილი კლინიკები ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ძვირადღირებულ ტექნოლოგიებს დანერგავენ. სახელმწიფოს ჩართვა კლინიკურ სამედიცინო საქმიანობაში ბიძგს მისცემს, გამკაცრდეს არა მარტო ფინანსური, არამედ სამედიცინო ხარისხის კონტროლი, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმირებას საჭიროებს.
მსხვილი სახელმწიფო კლინიკები მთელ მსოფლიოში კურნავს რთულ პაციენტებს. ასეთ დიდ სამედიცინო დაწესებულებაში ასევე უნდა გაიზარდოს მომავალი ექიმების თაობაც. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი რეალობა გათვალისწინებული იქნება. ძალიან ბევრ პაციენტს სჭირდება ექსკლუზიური და ძვირადღირებული მკურნალობა, ბევრ ექიმს კი _ პოტენციალის რეალიზება, რაც ზოგ დარგში და სპეციალობების გარკვეულ ნაწილში შეუძლებელია კერძო მედიცინის პირობებში.
_ ბევრი პაციენტი მიდის უცხოეთში სამკურნალოდ, თუნდაც ონკოლოგიური ავადმყოფები. შეიძლება ითქვას, ამის გამო ყოველწლიურად მილიონობით ლარი გაედინება ქვეყნიდან. ჩვენ სამივე საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ, ვისაც ეს ტენდერი შეეხებოდა. მათ გვითხრეს, რომ პროექტის მხედვით, იმდენად მაღალტექნოლოგიური და მაღალკვალიფიციური საავადმყოფოები შეიქმნება, რომ დიდი შანსი გაჩნდება, ეს პაციენტები დარჩნენ და ადგილობრივად მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?
_ მე გახლავართ სამინისტროს ექსპერტი, რომელიც პაციენტებს საზღვარგარეთ უშვებს და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტებს. პაციენტი უნდა მოვიდეს ჯერ ჩემთან და მე უნდა შევაფასო, არის თუ არა მსგავსი მკურნალობის მეთოდი საქართველოში და თუ არ არსებობს, მაშინ სახელმწიფო პაციენტს საზღვარგარეთ წასვლაში ეხმარება. საქმე ის არის, რომ მკურნალობის მეთოდების 80-90%, რომელიც მსოფლიოში არსებობს, ჩვენთანაც არის. არსებობს ძალიან კარგი აპარატურა და ბევრი წამალი ჩვენც გვაქვს. კერძო კლინიკებს შორის კონკურენციამ კი ის განაპირობა, რომ არა მარტო დედაქალაქში, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, რეგიონებშიც შესანიშნავი სამედიცინო აპარატურა დგას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ მიდიან არა აპარატურის გამო, არამედ ეჭვი ეპარებათ, რომ შესაბამისი ხარისხის მკურნალობას მიიღებენ. ბევრ ქართულ კლინიკაში უკეთესი დანადგარიც კი უდგათ, ვიდრე, თუნდაც, რუსეთის, უკრაინისა თუ თურქეთის კლინიკებში.
დანადგარი, თავისთავად, კარგია, მაგრამ მასზე მუშაობს სპეციალისტი, ხოლო სპეციალისტი, დღევანდელ საქართველოში, მოტივირებულია, რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთოს. როდესაც მომსახურების ხარისხი არ კონტროლდება, სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი მოქალაქე სხვა ქვეყანაში მიდის. პაციენტს სჯერა, რომ თურქეთში იმაზე უკეთ გაუკეთებენ საქმეს, ვიდრე საქართველოში. საზღვარგარეთ მკურნალობა ძალიან ძვირია. სამწუხაროა, რომ ხშირად ჩვენი მოქალაქეები სერიოზული აფერული სქემის მსხვერპლი ხდებიან, რადგან სხვა სახელმწიფოში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მათ კანონი არ იცავს. ხშირად პაციენტები მიდიან და 10-15 ათას დოლარს იხდიან მხოლოდ დიაგნოსტიკაში, რადგან თურქული კლინიკები ჩვენს გამოკვლევებს არ აღიარებს. შემდეგ უკვე მკურნალობისთვის ფული აღარ ჰყოფნით.
საქართველოშიც არის რამდენიმე დარგი, იგივე ონკოლოგია, სადაც სწრაფი განვითარება აუცილებელი და საჭიროა. ახალ პროექტში ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია უნდა აისახოს. ვიმედოვნებ, რომ განახლებულ საავადმყოფოში გათვალისწინებული იქნება სამედიცინო მხარე, რომელიც კაპიტალიზმის პირობებში, ხშირად, უკანა პლანზეა გადაწეული. არის სამედიცინო პრობლემები, რომლებიც კლინიცისტებს ესმით, მაგრამ არ ესმით ეკონომისტებს. ექიმი მომართული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ფინანსურად კრიტიკულად შეზღუდული არ უნდა იყოს. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის და არა ბიზნესმენისთვის, ფინანსური მართვა მაშინ არის ხელსაყრელი, როდესაც შემიძლია პროფესიონალულად, თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, ვუმკურნალო პაციენტს და ბოლომდე შევასრულო ჩემი მოვალეობა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის სამედიცინო პროექტები, სადაც სახელმწიფო ჩაერთვება, ორიენტირებული იქნება სიცოცხლის მნიშვნელობის სერვისების განვითარებაზე. პრაქტიკულად, ეს ბევრი პაციენტისთვის ბოლო ინსტანციად უნდა იქცეს, სადაც უმაღლესი დონის სამედიცინო ხარისხი დახვდება. როცა პაციენტი შეხედავს, რომ მისი გადარჩენისთვის სხვაგან წასვლა არ არის საჭირო, ის, რა თქმა უნდა, სახლში დარჩება და საკუთარ სახსრებსაც საქართველოში დატოვებს.