გარდაბნის რაიონის სოფელ ნაგების მკვიდრი, ვაჩე ოჩიაური, ამბობს, რომ დედასთან ერთად უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებების მსხვერპლია. მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში პროკურატურამ ოჯახს მუქარითა და შანტაჟით უძრავი ქონება გააჩუქებინა, ხოლო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი საჯარო რეესტრის ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოიტანა. ჩვენი რესპონდენტი პროკურატურისგან საქმის გადახედვას და კუთვნილი ქონების დაბრუნებას მოითხოვს.
„ქრონიკა+“ ვაჩე ოჩიაურს ესაუბრება:
_ 2012 წლის 11 იანვარს დედაჩემისა და ჩემ წინააღმდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ორივე თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავეებად გვცნო.
სასამართლო განაჩენამდე, ჯერ კიდევ, 2011 წლის დეკემბერში, პროკურატურამ მუქარითა და შანტაჟით ჩვენს ოჯახს უძრავი ქონება გააჩუქებინა. ეს იყო დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში მდებარე მიწის ნაკვეთი. ამ საქმეში მთავარი ის არის, რომ პროკურატურამ დედაჩემისა და ჩემ წინააღმდეგ ყალბი მტკიცებულება გამოიყენა. კერძოდ, საჯარო რეესტრის ყოფილი მოხელის, დავით ბიგვავას მიერ დამზადებული, საკუთრების უფლების დამდგენი ყალბი დოკუმენტი. სწორედ ამ დოკუმენტით პროკურორმა შოთა კვაჭანტირაძემ მე და დედაჩემი დაგვაშანტაჟა, რითაც იმას მიაღწია, რომ ჩვენი, კანონიერად დარეგისტრირებული უძრავი ქონება ვინმე ციალა კოკაიაზე გაგვაჩუქებინა.
მოსამართლისთვის სრულიად უცნობი იყო ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ყოფილი მოხელის, დავით ბიგვავას მიერ გაცემული დოკუმენტი ყალბ ინფორმაციას შეიცავს. მოგვიანებით, უკვე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, მე არაერთხელ მივმართე შეკითხვით საჯარო რეესტრს. რეესტრმაც არაერთხელ ოფიციალურად დამიდასტურა, რომ ბიგვავას გაცემული ინფორმაცია ყალბია. საჯარო რეესტრის ეს პასუხები ბევრჯერ წარვადგინე საქართველოს პროკურატურის არაერთ ინსტანციაში, მაგრამ შედეგად ის მივიღე, რომ პროკურატურამ დამნაშავისთვის ხელის დაფარება დაიწყო. ანუ ოფიციალური პასუხები მაქვს, სადაც წერია, რომ პროკურატურა დავით ბიგვავას დამნაშავედ არ მიიჩნევს, რომ მის მიერ გაცემული დოკუმენტი ყალბია. მაგრამ პროკურატურა ბიგვავას იმიტომ აფარებს ხელს, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი აუცილებლად გამოიწვევს დედაჩემისა და ჩემ მიმართ გამამართლებელ განაჩენს, რაც, საბოლოო ჯამში, იმას მოიტანს, რომ პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე, რომელიც დღეს თანამდებობრივად დაწინაურებულია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა უკანონო ბრალდების, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევისთვის.
საქართველოს პროკურატურა სწორედ შოთა კვაჭანტირაძეს იცავს მართლმსაჯულებისგან, როცა დავით ბიგვავას ხელს აფარებს. უწყება ყველანაირად ხელს შეუშლის, რომ უბრალო მოქალაქემ მოქმედი პროკურორი ციხეში გაგზავნოს. აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება მაქვს, რომელიც ადასტურებს, როგორც დავით ბიგვავას მიერ გაცემული დოკუმენტის სიყალბეს, ასევე პროკურორ შოთა კვაჭანტირაძის ბრალეულობას. მინდა, რომ მედიამ, „ქრონიკა+“-მა, უსამართლობისა და უკანონობის ეს ფაქტი საჯარო გახადოს.
_ რამდენიმე კითხვა ჩნდება: განაცხადეთ, რომ თქვენ მიმართ თაღლითობის მუხლით იყო დევნა, რა მოხდა?
_ განგიმარტავთ: საქმე ისაა, რომ დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში დედაჩემი, 1986 წლიდან მოყოლებული, კერძო საკუთრებაში უძრავ ქონებას ფლობდა, _ 3 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთს. 2010 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ქონებრივი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, დედაჩემის სახელზე დავარეგისტრირეთ. ეს დოკუმენტი საარქივო ცნობა იყო, რომელშიც წერია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის დედაჩემი, მზია ოჩიაური. ყველაფერი სავსებით კანონიერად განხორციელდა. მაგრამ ჩემი დაუდევრობიდან გამომდინარე, საკადასტრო აზომვის ნახაზზე დედაჩემის ნაცვლად მოვაწერე ხელი. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტი, მაგრამ პროკურატურამ ხელი ჩაავლო, _ ეს დოკუმენტი გააყალბე და სხვისი ქონება მიითვისეო. ფაქტობრივად, თაღლითობაში ბრალდების საფუძველი აქედან წარმოიშვა. მე მოვაწერდი ხელს თუ დედაჩემი, რეალურად, ყველა შემთხვევაში ჩვენი ქონება იყო და არავითარი თაღლითობა აქ არ ჩადენილა.
_ მაშინ ქონებას ვისღა წაართმევდით, ეს როგორ შეფასდა?
_ აი, რა ხდება: ვინმე ციალა კოკაიამ პროკურატურას 2011 წელს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ე.ი. საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, დავით ბიგვავას მიერ დამზადებული დოკუმენტი წარუდგინა. მასში წერია, რომ, თურმე, კოკაიას სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულებით სოფელ მლაშეში, საკუთრების უფლებით, აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 35 კვ.მ. და მასზე დამაგრებული 3 ათასი კვადრატული მეტრის სასოფლო-საემეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. აღნიშნული უძრავი ქონება არ არის დაყადაღებული და დატვირთული რაიმე ვალდებულებით. თითქოს ეს უძრავი ქონება (რომელსაც დედაჩემი ფლობდა), თურმე, ჩვენ უკვე გაყიდული გვქონდა და თითქოს სხვისი ქონება დავარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში. აი, კოკაიებმა ასე შეიყვანეს შეცდომაში პროკურატურა დავით ბიგვავას გაცემული დოკუმენტით.
_ კოკაიებს აღნიშნულ საკუთრებასთან მანამდე არანაირი კავშირი არ ჰქონიათ?
_ აბსოლუტურად არანაირი, რადგან ყველა დოკუმენტი მაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ მათი საკუთრება ეს მიწა არასოდეს ყოფილა. მაქვს დუშეთის არქივის გაცემული ინფორმაცია, სადაც წერია, რომ კოკაიებს სოფელ მლაშეში არავითარი მიწა არ ეკუთვნოდათ. ასევე მაქვს საჯარო რეესტრის გაცემული ინფორმაცია, სადაც დადასტურებულია, რომ კოკაიები სოფელ მლაშეში არასოდეს არანაირ ქონებას არ ფლობდნენ. ეს იყო სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნა. ალბათ, დავით ბიგვავამ ანგარებით დაუმზადა კოკაიებს უფლების დამდგენი ყალბი დოკუმენტი, რომ ამით უკვე პროკურატურისთვის მიემართათ და ჩვენთვის მიწა წაერთმიათ. მაშინ ასეც ხდებოდა, მოგეხსენებათ, 2011 წელია.
_ რატომ ფიქრობთ, რომ აქ მაინც ანგარება იყო წინა პლანზე?
_ ამას სხვა ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი, დავით ბიგვავას სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, როცა ყალბ დოკუმენტს უმზადებდა? რადგან საჯარო რეესტრი მიდასტურებს, რომ ჩვენთან სართოდ არ არსებობს მსგავსი მონაცემი კოკაიების ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებითო, ბიგვავამ კონკრეტულად ეს 3 ათასი კვადრატული მეტრი საიდან მოიტანა? შეუძლებელია, მას ამგვარი ინფორმაცია ჰქონოდა, რომ ციალა კოკაია 3 ათას მეტრ მიწას ფლობს დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში. ვიმეორებ: ნაკვეთი სინამდვილეში დედაჩემის საკუთრება იყო. ეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა და ამის შემდეგ წარმოიშვა მერე ის ყველაფერი, _ უკანონო ბრალდება, უკანონო განაჩენი და ყველანაირი ზიანი, რაც მე და დადაჩემმა მივიღეთ.
_ ბიგვავა სისტემაში ახლაც მუშაობს?
_ როგორც ვიცი, მსგავსი დარღვევების გამო პასუხისგებაში მისცეს და 2012 წელსვე განთავისუფლდა სამსახურიდან.
_ მაგრამ პროკურატურა რატომ დაეყრდნო აღნიშნულ ყალბ დოკუმენტაციას, რომელზედაც თქვენ საუბრობთ?
_ ეს უკვე პროკურატურის დაუდევრობის გამო მოხდა _ პროკურატურისა და, კონკრეტულად, დუშეთის პოლიციის უპასუხისმგებლობით. მე აქ ბიგვავას გაცემულ ყალბ დოკუმენტზე ვაკეთებ აქცენტს, მაგრამ როდესაც გამოძიება ჩემ წინააღმდეგ მიდიოდა, სხვა უამრავი დარღვევა მოხდა. მაგალითად, დუშეთის პოლიციაში გამომძიებელმა გიორგი ფრიდონაშვილმა ჩემი დაკითხვის ოქმი გააყალბა _ ტექსტი შეცვალა, რასაც ხელი მოვაწერე და ჩემი ხელმოწერა გაყალბებულ ტექსტზე სკანერის საშუალებით დაიტანა. ამის შემდეგ ისევ პროკურატურას მივმართე. მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე არჩილ ბედუკაძემ მიპასუხა, რომ ეს გაყალბებად არ მიიჩნევა, თუ სკანერის საშუალებით დაიტანეს ხელმოწერაო. რატომღაც, პროკურატურას, მაინცდამაინც, იმაზე ჰქონდა აღებული სწორება, რომ მე ბრალდებული ვყოფილიყავი; ჩემთვის ქონება წაერთმიათ და ასე მუქარით და შანტაჟით კოკაიებისთვის გადაეცათ. საუბარია ოჯახის კუთვნილი ქონებაზე, რომელიც რეალურად არ გაგვისხვისებია.
ერთ რამეზე მსურს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, რომ ჩვენ გვედავებიან, თითქოს, 1995 წლის 30 ივნისს გავყიდეთ ეს მიწის ნაკვეთი და ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადავეცით კოკაიებს. მაგრამ 1995 წელს საქართველოში მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში არ იყო. როგორ შეიძლება, მე გამეყიდა ის, რაც ჩემი არ იყო? ამიტომ ეს სრული აბსურდია. მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დღიდან, ანუ 1997 წლიდან შევიდა. 1995 წელს მიწის ნაკვეთები სარგებლობაში იყო და შემდეგ ეს ნაკვეთები სახელმწიფომ მოსარგებლე პირებს საკუთრებაში გადასცა. ე. ი. დედაჩემი მოსარგებლე პირი იყო და 1997 წელს უკვე ეს მიწა საკუთრებაში მიიღო, ხოლო 2010 წელს უკვე ამ მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა, ყველანაირი კანონიერი დოკუმენტაციის საფუძველზე. ის უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც ქონება საჯარო რეესტრში გატარდა, დღესაც ძალაშია. და ვისთვისაც იძულებით გვაჩუქებინეს მათივე მუქარითა და შანტაჟით (ბიგვავას მიერ გაცემული ყალბი დიკუმენტის საფუძველზე), ისინი სწორედ იმ საარქივო ცნობის საფუძველზე ფლობენ ჩემთვის წართმეულ მიწას, სადაც წერია, რომ ეს 3 ათასი კვ.მ. მიწა მზია ოჩიაურის საკუთრებას წარმოადგენს.
_ თავის დროზე რა განაჩენი დადგა თქვენ წინააღმდეგ?
_ როგორ ჩემი, ასევე დადაჩემის წინააღმდეგ დადგა განაჩენი: 180-ე მუხლი, თაღლითობა და დოკუმენტის გაყალბება; და მე რომ დედაჩემის ნაცვლად ხელი მოვაწერე საკადასტრო აზომვის ნახაზზე, ეს მიჩნეულია ცალკე, როგოც თაღლითობად, ასევე დოკუმენტის გაყალბებად. მინდა, კიდევ ერთ საინტერესო ამბავზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.
_ მანამდე ის მითხარით, სასჯელი რა დაგეკისრათ?
_ 6 წელი პირობითი და დამატებითი სასჯელი ათი ათასი ლარის ჯარიმა, როგორც ჩემი, ასევე დედაჩემის მიმართ.
_ გადაიხადეთ ეს ჯარიმა?
_ მე გადავიხადე, ხოლო დედაჩემს არ გადაუხდია, რადგან ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალება შეეხო.
_ პირობითი სასჯელიც მარტო თქვენ შეგეხოთ?
_ პირობითი ორივეს შეგვეხო, ექვს-ექვსი წელი.
_ კიდევ ერთი ფაქტი დავაზუსტოთ: დედათქვენის დოკუმენტზე როგორ მოაწერეთ ხელი, იქნებ, განგვიმარტოთ?
_ ჩვენი ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. დედაჩემი ასაკოვანია, უკვე 74 წლისაა. მაშინ 70 წლის იყო და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობდა. საკადასტრო ნახაზი ქალაქ დუშეთში უნდა დამტკიცებულიყო, რადგან იქ არსებულ ნაკვეთებზე ფლეშკარტები მხოლოდ დუშეთშია, გარდაბანში მაშინ ეს არ იყო. წავედი დუშეთში. ვიდრე იმ მზომელმა ხელი არ მომაწერინა, ფლეშკარტა არ გამომატანა. ამ ნახაზზე ხელმოწერა ასე გაყალბდა, ეს იყო და ეს. ასევე იმ განაჩენში ერთი წელი, იცით, რისთვის მომისაჯეს? _ საჯარო რეესტრში ამონაწერი რომ ავიღეთ (ეს მიწა რომ დედაჩემზეა რეგისტრირებულია), _ შენ საჯარო რეესტრიდან გაყალბებული ამონაწერი აიღეო და ერთი წელი ამისთვის მომისაჯეს. ე. ი. საჯარო რეესტრს არაფერს ედავებიან, თუ ის გაყალბებულ ამონაწერს გასცემს და მე მისჯიან ერთ წელს იმისთვის, რომ მიწა დავარეგისტრირე და იქიდან ამონაწერი ავიღე.
_ როდის აიღეთ საჯარო რეესტრიდან წერილი, რომ აღნიშნული საბუთი გაყალბებულია?
_ პასუხი აქვე მაქვს: ეს არის 2014 წლის 21 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირაკლი გოგოლაძის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი, რომელიც მიწერილია სახალხო დამცველის აპარატისთვის, მხოლოდ ბოლო აბზაცს წაგიკითხავთ: „ამასთანავე გაცნობებთ, რომ საჯარო რეესტრის 2009 წლის 2 სექტემბრის ნომერი _ 186880 წერილის მეორე აბზაცში მითითებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს“. საუბარია დავით ბიგვავას მიერ 2009 წლის 2 სექტემბერს გაცემულ წერილზე და ნათქვამია, რომ მან რა მონაცემებიც მიუთითა, ის საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს არ შეესაბამებაო, დოკუმენტი ყალბიაო.
_ ამ დოკუმენტაციით როდის მიმართეთ პროკურატურას და რა პასუხი მიიღეთ?
_ ამ დოკუმენტაციით პროკურატურას არაერთხელ მივმართე. არა მხოლოდ პროკურატურას, მივმართე სახალხო დამცველს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და სხვ. როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მცხეთის პროკურატურაში გადაგზავნა ჩემი განცხადება, მცხეთის პროკურორმა გიორგი ცერცვაძემ ასეთი ოფიციალური პასუხი გასცა: „ვაჩე ოჩიაურისა და მისი დედის, მზია ოჩიაურის ბრალდების, სისხლის სამართლის ნომერ 025110065 საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზით, არ დგინდება დავით ბიგვავას მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს დავით ბიგვავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების სამართლებრივი საფუძველი“.
აი, ეს მიპასუხა გიორგი ცერცვაძემ. ყურადღება მიაქციეთ, რომ საჯარო რეესტრი, სადაც დავით ბიგვავა მუშაობდა, ოფიციალურად ადასტურებს, რომ მის მიერ გაცემული ინფორმაცია არ შეესაბამება რეესტრში არსებულ ინფორმაციას. პროკურატურა საჯარო რეესტრში გაცემულ ინფორმაციაზე თვალებს იბრმავებს და ამბობს, რომ ბიგვავა არ არის დამნაშავე. რეალურად, დანაშაულს სრულიად აშკარად ფარვს.
_ მთავარმა პროკურატურამ რა გიპასუხათ?
_ მთავარ პროკურატურაში არაერთი განცხადება შევიტანე. მაგალითად, ბოლო განცხადებაზე პასუხიც კი არ გამცეს, რადგან პასუხი არც აქვთ.
_ ამ ეტაპზე რა ითხოვთ?
_ მედიას იმიტომ მოგმართავთ, რომ ეს ყველაფერი საჯარო გახდეს; მოსახლეობამ გაიგოს, როგორ მუშაობს პროკურატურა. რეალურად, ეს არის ერთი დიდი კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც პროკურატურა ჰქვია და ჩვენივე ჯიბეებიდან იმისთვის იღებს ხელფასს, ისევ ჩვენ რომ ვიყოთ დამცირებული, შეურაცხყოფილი, განადგურებული, ქონებაჩამორთმეული და ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგეს. მოვითხოვ საქმის რეალურად გადახედვას და ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებას. პროკურატურაში ერთი კანონმორჩილი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ხელახლა გაუშვას ეს საქმე განხილვაში, დამნაშვე პირების მიმარ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და ჩემი ქონება დამიბრუნდეს!
,,ქრონიკა+“ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, კითხვებიც გააცნო, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
გელა მამულაშილი