არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ლეგიონი _ ფენიქსის“ ხელმძღვანელი, ბესიკ წერედიანი, „ქრონიკა+“-თან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მუშაობას აკრიტიკებს. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და მინისტრად დავით დარახველიძე მოვიდა, ისეთი ქმედებები განახორციელა, რამაც ეს უწყება კატასტროფამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სოზარ სუბარის მინისტრობის პერიოდში გარკვეული სახის ნაკლოვანებები გამოსწორდა, ის მაინც აგრძელებს იმ მახინჯ პრაქტიკას, რომელიც სამინისტროში დარახველიძემ დანერგა.
„ქრონიკა+“-ს ბესიკ წერედიანი ესაუბრება:
_ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ვიყავი, აქედან გამომდინარე, ეს თემა ჩემთვის ძალიან ნაცნობია. რაც ხელისუფლება შეიცვალა, მოგეხსენებათ, ამ სამინისტროში მინისტრად მოვიდა დავით დარახველიძე, რომელმაც ერთ კვირაში დევნილებისთვის გასაღებების ჩამორიგება დაიწყო. თავისთავად ცხადია, ეს ის შენობები იყო, რომლის რეაბილიტაცია ჩვენს დროს დაიწყო, ზოგიც გრძელდებოდა. იმის გარდა, რაც ჩვენს დროს იყო დაწყებული, სამინისტროს თავისი ბიუჯეტი ჰქონდა, რომლითაც ახორცილებდა ახალი შენობების რეაბილიტაციას, მშენებლობასა და დაუმთავრებელი კარკასების დასრულებას. ჩვენი ყურადღების ცენტრში მოხვდა 9 ასეთი შენობა. ყველა ტენდერში, რომელიც გამოცხადებულია, ძირითადად, გამარჯვებულია 3 კომაპნია. ესენი არიან: „ნიუკონტრაქშენი“, „ემბიჯი“ და „ტრანშელი“. ტენდერები, ძირითადად, ამ კომპანიების გამარჯვებით სრულდებოდა. საინტერესო ის არის, რომ ამ 9 შენობიდან არც ერთი არ დამთავრებულა ვადაში, ყველა თანხა მიცემულია 100%-ით პირველ თვეებში და ავანსად. საუბარია 10 მილიონ ლარზე და აბსოლუტურად ყველაფერზე არის მინისტრის ხელმოწერა, ყველა სატენდერო კომისიის თავმჯდომარე კი იყო მინისტრის პირველი მოადგილე ფაცაცია. ჩვენი ორგანიზაციის დაინტერესება მას შემდეგ დაიწყო, რაც გორში ერთ-ერთი რეაბილიტირებული 65-ბინიანი შენობა, რომელიც 2014 წლის 21 დეკემბერს უნდა დამთავრებულიყო, უბრალოდ, ჩამოინგრა. ჩამონგრევიდან ერთი თვით ადრე, ბატონი მინისტრი იყო მიბრძანებული, გააპიარა და თქვა, რომ სამუშაოების წარმოების ხარისხით კმაყოფილია. დაახლოებით ერთი თვე იყო დარჩენილი, დევნილები უნდა შეესახლებინათ, შენობა კი დაინგრა. დავინტერესდით და ამ ჯაჭვს გავყევით. გამოჩნდა ძალიან საინტერესო რამე: სულ 9 შენობაა, აქედან 1 გორში, 2 ქუთაისში და 6 ვაზიანში. რაც შეეხება ქუთაისის შენობებს, ერთი არის ყოფილი „აისის“ ქარხანა, რომელიც უზარმაზარი შენობაა, მის რეაბილიტაციაზე ასევე მილიონებია დახარჯული და დღემდე დაუმთავრებელია. 2 მილიონ 712 ათასი მიცემულია მთლიანად და შენობა დღემდე დაუმთავრებელია, ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია. თანხა წაიღო „ნიუკონტრაქშენმა“, ავანსად გადაუხადეს, შენობა დაუმთავრებელია. ეს კომპანია კიდევ ხშირად შეგვხვდება. ვვარაუდობ, რომ მთლიანი თანხის 60-70% გაფლანგულია. მეორე შენობაც ქუთაისშია, ავტომშენებლის ქუჩაზე, ძალიან საინტერესო ობიექტია. აქაც სატენდერო ღირებულება იყო მილიონ 700 000. გამარჯვებული კომპანიის ფასი იყო მილიონ 174 000. ყურადღებაა მისაქცევი იმაზე, რომ ტენდერებში ვაჭრობა არ მიმდინარეობს, კომპანია შემოდის ე. წ. დემპინგური ფასით, პირდაპირ უდაბლესი ფასით და თავისთავად, ეს კომპანია იგებს. სხვაობას გვაძლევს თითქმის 600 000-ს და ძალიან დიდი პროცენტია შეფასებასა და ფასს შორის. ეს შენობა ასევე მიტოვებულია. ეს არის შპს „ემბიჯი“ რომელსაც ვაზიანში ასევე მიტოვებული აქვს შენობები. შემდეგ უკვე იმდენად გაუსაძლისი იყო მდგომარეობა, რომ სამინისტრომ წარმოუდგენელი რამე ჩაიდინა: ობიექტზე ერთხელ დახარჯული, 100%-ით გადახდილი თანხების შემდეგ, მეორედ გამოაცხადა ნახევარმილიონიანი ტენდერი, რომ ეს შენობა დაემთავრებინათ. ვაზიანში საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა. აქ არის 6 კორპუსი, აქედან 3, მეტ-ნაკლებად, ისეთ მდგომარეობაშია, რომელსაც დახარჯული თანხების კიდევ 20% რომ დაახარჯო, შენობები საცხოვრებლად 2 წლის წინათ გამოდგებოდა, იმის შემდეგ უკვე ცვეთას და ამირტიზაციას განიცდის. მშენებლობა გაყინულია, მიტოვებულია, შიგნით საქონელი შედის. იყო შემთხვევა, როდესაც დევნილები შეიჭრნენ, მაგრამ გამოასახლეს, ჩვენ დავამთავრებთო. ერთი სიტყვით, კომუნიკაციის გარდა, ყველაფერი გაკეთებულია. ამ 3 კორპუსიდან ერთი ავარიულია და ამაზე სამინისტროში ასე მიპასუხეს, _ სამხარაულის ბიუროს დასკვნას ველოდებით, ვარგისია თუ არა ეს შენობაო. საუბარია, დაახლოებით, 2 მილიონ ნახევარზე და 4 წლის შემდეგ ირკვევა, ვარგისია თუ არა შენობა იმისათვის, რომ იქ დევნილები შეასახლონ. რაც შეეხება დანარჩენ 3 შენობას, იქ საერთოდ კატასტროფაა, რადგან საძირკვლიდან დაიწყეს ამოშენება, ბლოკითაა ამოყვანილი, ფანჯრებია ჩაყენებული და ასეა მიტოვებული. შენობები იშლება, ადგილობრივ მოსახლეობას რომ დაველაპარაკეთ, ამბობდნენ, აიღეთ, დაშალეთ, ბავშვები შედიან შიგნით, თამაშობენ და საშიშიაო. ამ 9 შენობაში, დაახლოებით, 10 მილიონი ლარია გადაყრილია.
_ ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია ახსენეთ. ვინ არიან ამ კომპანიების მესვეურები? ასე რატომ მოხდა, ან რატომ არ აგეს პასუხი?
_ აგიხსნით: ამ 9 შენობაში, დაახლოებით, 500-მდე ბინაა. შედარებისთვის რომ გავაკეთოთ, რითიც ამაყობს სამინისტრო ამ წლების განმავლობაში, ეს არის ე. წ. ჩინურ ქალაქში მიცემული 200 ბინა. სამინისტროს მთელი პიარი ამაზეა აგებული, მაგრამ შევადაროთ, 200 გადაცემული ბინა და 500, უბრალოდ, მიგდებული. გორში შენობა რომ ჩამოინგრა, იძულებულები გახდნენ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ და საშუალო რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაიჭირეს, 3 ადამიანი, მათ შორის, ერთი ტექნიკური თანამშრომელი, რატი სვანიძე, რომელიც, თუ არ ვცდები, დღემდე დაჭერილია. ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ინფორმაცია მოგვეპოვებინა ამ კომპანიებთან დაკავშირებით. როგორც სამინისტრო ამბობს, გარკვეული თანხები ამ კომპანიებისგან უკან ამოიღეს. არის ასეთი კომპანია „ტრანსმშენი“, მას ორი კორპუსი აქვს მიტოვებული. „ტრანსმშენის“ ხელშკრულება ელექტრონულ სატენდერო სისტემაში რამდენიმე თვის წინათ იყო დაუმთავრებლის სტატუსით, ერთი თვის შემდეგ შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დამთავრებული არ არის და როცა გაუგებრობაში ჩავვარდი, რატომ იყო შენობა დაუმთარებელი, უცებ ხელშეკრულება გამწვანდა, რომ სამუშაო შესრულებულია. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც ვიგებ, რომ „ტრანსმშენი“ ზუგდიდში იგებს 7 მილიონიან ტენდერს ისევ დევნილებისთვის კორპუსების ასაშენებლად, ანუ ამ დაუმთავრებელი ხელეშკრულებების პირობებში, ისინი, უბრალოდ, ვერ მიიღებდნენ ტენდერში მონაწილეობას. შესაბამისი ინფორმაციის გარეშე ვერ ვიტყვი, რომელ კომპანიას რა პრივილეგია აქვს, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, როგორც ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება სამინისტროს უმაღლეს მენეჯმენტსა და პირადად მინისტრს! მსგავსი შეკითხვა საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრის მოადგილეს დავუსვი, _ თუ თქვენ ამბობთ იმას, ეს გამართლებულია იმიტომ, რომ ვიღაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა და თანხების ამოღება მიმდინარეობს, მაშინ მითხარით, აგრძელებთ თუ არა დღეს იმავე პრაქტიკას-მეთქი? მან თქვა, რომ კატეგორიულად არა, რადგან ავანსებს არ ვიძლევით შესრულების გარეშეო, მაგრამ მაშინ რატომ ამართლებთ, როდესაც თანხების 100%, მილიონებია მიცემული ავანსად? რა უნდა ვთქვა მინისტრზე, რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს გადარიცხვას შესრულებული სამუშაოს გარეშე და კითხვა არ უჩნდება, რატომ აძლევ ამხელა თანხას კომპანიას გარანტიის გარეშე, რომელიც ვერ შეასრულებს ამ სამუშაოს?! მით უმეტეს, როცა რამდენიმე ობიექტია და ყველგან პრობლემებია.
_ ეს არის დარახველიძის პერიოდი, ამისთვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მინისტრს?
_ დღევანდელი სამინისტროს პასუხისმგებლობაა, ყველა შემთხევვაში დაამთავროს ის შენობები, რომლებიც ინგრევა. ბიუჯეტის თანხები ამ მიმართულებით დახარჯულია. იცით, რატომ ვერ იღებს სამინისტრო დღეს ბალანსზე ამ შენობებს? იმიტომ, რომ თანხები უკვე დახარჯულია და მეორედ მასზე თანხების დახარჯვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ წინა თანხების გამო ვიღაც დაისჯება. ორჯერ და სამჯერ თანხების დახარჯვა ერთი და იგივე ობიექტზე, პასუხისმგებლობის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია! ეს საქმე უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, იმის პარალელურად, რასაც სამინისტრო ამ ობიექტების მიმართ განახორციელებს, იმიტომ, რომ 500 ბინა პარტახდება და ის ფული ნადგურდება. წესი ასეთია, როცა დამთავრდება შენობები, ეკონომიკის სამინისტრო ბალანსზე დევნილთა სამინისტროს გადასცემს. ჩაბარებასაც ვერ ახორციელებს, რომ შემდეგ დევნილები შეასახლოს. ამ პასუხისმგებლობის ქვეშ არის დღეს სუბარის სამინისტრო, რომელიც ვერ წყვეტს, რა უყოს, უბრალოდ, ამ შენობებს. თუ 10 მილიონი დახარჯე და ვიღაცამ დააშავა, სჯობია, დღეს კიდევ დახარჯო მილიონი, რომ 10 მილიონიც არ გაგინადგურდეს, რაც დახარჯულია! ამ საქმეს სასწრაფოდ შველა უნდა! 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ეს საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრას და ამ შენობებს რაღაც საშველი დაადგეს. მესმის, შეიძლება ტექნიკურმა თანამშრომელმა შეცდომაში შეიყვანოს ხელმძღვანელობა, ანუ მან ხელი მოაწეროს დეფექტურ აქტს, ეს შეიძლება იყოს ფარული სამუშაოები, შეიძლება ქრთამი აიღოს, მაგრამ როდესაც ამხელა თანხების გადარიცხვა ხდება ავანსებად და პირდაპირ მინისტრთან შეაქვთ დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მან 2 მილიონი უნდა გადაურიცხოს კონკრეტულ კომპანიას 3 თვის მერე, რაც ტენდერი მოიგო კომპანიამ, ამ შემთხევვაში, მინიმუმ სამოხელეო დანაშაულია და გულგრილობა, რამაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და ამ თანხების გაფლანგვა გამოიწვია! შემდეგ უკვე როგორ გაგრძელდება, ეს სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივაა!
_ ე. ი. სუბარი ხელს აფარებს დარახველიძეს და ამიტომ იყრება წყალში მილიონები...
_ რა თქმა უნდა, ეს სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხიც არის, იმიტომ, რომ მან კატეგორიულად უნდა დააყენოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მის დონეზე წყვეტდნენ მსგავს საკითხებს! დღეს ხომ თვითონაც მინისტრია, ელემენტარულად, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, მსგავს სიტუაციაში თვითონ ამას გააკეთებდა თუ არა? თუ არ გააკეთებდა, მაშინ იმ ადამიანს უნდა ჰკითხონ, რატომ აკეთებდა? საკომიტეტო მოსმენაზე პირდაპირ ვუთხარი მინისტრის მოადგილეს, რომ ეს იყო სრული მავნებლობა, რაც ხდებოდა, მაგრამ ამას გამოსწორება სჭირდება. იქ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეც იყო და ვკითხე, _ ამ საქმეზე რა ხდება-მეთქი? მიპასუხა, _ საქმის კურსში არ ვარო. შემდეგ მინისტრის მოადგილემ პირდაპირ გაიშვირა თითი, _ კი ბატონო, ასეთი რაღაცები ხდებოდაო.
_ თქვენი ორგანიზაცია დევნილთა საკითხებზე მუშაობს. ამ ფაქტების გარდა, კიდევ რა პრობლემები გვხვდება?
_ ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა აბაშაში. ჩვენს დროს სამინისტროში დაიწყო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ დევნილებისთვის, ვისაც სოფლად განსახლება უნდოდა, გარკვეული თანხების ფარგლებში, სახლების შესყიდვა. ეს ხდებოდა როგორც ნებაყოფლობით, ასევე იმ ობიექტებიდან, საიდანაც ადამიანის გამოსახლება გვიხდებოდა. აბაშაში იყო დევნილი ღურწკაიას შემთხვევა, რომელმაც ობიექტი დაცალა, სახელმწიფომ გამოასახლა და მას აბაშის რაიონში, სოფელ წყემში სახლი უყიდეს. დიდის ამბით ჩაბრძანდა ბატონი მინისტრი, გააპიარეს, მეპატრონეს უთხრეს, ეს სახლი შენგან ჩვენ ვიყიდეთო, დევნილს უთხრეს, გიყიდეთო. 2 წელი სიჩუმე იყო, შემდეგ, დევნილები ჩვენს ორგანიზაციას დაუკავშირდნენ, ჩავედით და რა ხდება, _ სახლის მეპატრონეს რეალურად თანხა არ მიუღია, ამ დროს მის ბინაში დევნილები უკვე ცხოვრობენ. როდესაც მან საკუთარი სახლის უკან დაბრუნება დააპირა, საჯარო რეესტრში აღმოაჩინა, რომ მისი სახლი უკვე დევნილთა სამინისტროს ბალანსზე იყო. ფიზიკურმა პირმა მსგავსი რამე რომ ჩაიდინოს, ეს კლასიკური თაღლითობაა. საკუთრებაში ისე აიყვანა, რომ ფული არ გადაუხადა და არც იმას მისცა, ვისაც ეკუთვნოდა. ავტეხეთ ერთი ამბავი და ბოლოს, როგორც იქნა, დიდი ჭიდაობისა და დავიდარაბის შემდეგ, მეპატრონეს ფული გადაუხადეს. როგორც ვიცი, სახლი ამ დევნილზე ისევ არ არის გადაფორმებული. ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, ამ საქმეს ბოლომდე ვეღარ ჩავყევით. ამ სახლების შესყდვა ხდებოდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, შეიძლება ასეთი სხვა შემთხვევებიც იყოს.
დარახველიძის დროინდელი სამინისტროს მუშაობა არის კატასტროფა, ეს არის აბსოლუტური აბსურდის თეატრი, სადაც გაგნებაც კი ჭირს, რატომ იღებდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ის რითაც, ბატონმა დარახველიძემ საქართველოს თავი დაამახსოვრა, ეს იყო პირველივე კვირას გახსნილი საწყობები, სადაც ვითომ ჩვენი გადამალული პროდუქტი ინახებოდა, თვითონ მინისტრი დადიოდა და ტომრებს ამოწმებდა, იქამდეც დაეცა ეს ადამიანი. კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო საკითხია დარახველიძის „გმირობებს“ შორის, რომელიც გახლავთ კანონში შეტანილი ცვლილებები და დევნილების დახმარებას ეხება. საკომიტეტო მოსმენაზეც მქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ მიკროფონი გამორთეს, როგორც კი ლაპარაკი დავიწყე. „ოცნების“ ხელისუფლება დღემდე ამბობს, ჩვენს დროს დევნილის დახმარება 22 ლარი იყო, მაგრამ ამ თანხასთან ერთად, დევნილს 100 კვტ ელექტროენერგიის გადასახადს უხდიდა სახელმწიფო, იქ იყო წყლის გადასახადი და კიდევ სხვა კომპონენტები. როგორც კი დარახველიძე მობრძანდა, სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა და ეს კომუნალური გადასახადები მთლიანად ჩამოაჭრეს. ამ თანხის სანაცვლოდ დახმარება გაზარდეს 45 ლარამდე, ანუ, რეალურად, ბიუჯეტს არანაირი დამატებითი თანხები არ გაუცია. ეს თბილისში მცხოვრები დევნილებისთვის კატასტროფული არ არის იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქში ყველა ობიექტი გამრიცხველიანებულია და შეგიძლია ამ ადამიანს უთხრა, _ 45 ლარს გაძლევ, შენი მრიცხველის მიხედვით გადაიხადეო. რეგიონებში ძალიან ბევრი ობიეტი არ არის გამრიცხველიანებული და ეს ადამიანები ბატონმა დავითმა 90-იან წლებში დააბრუნა, როდესაც მეზობლებს ერთი მრიცხველიდან უწევდათ იმ თანხების განსაზღვრა, ვინ რამდენი დაწვა და ა. შ. ჩვენ გვქონდა ამ თანხებზე თავისებური ბერკეტი. ენერგოკომპანიებს იმიტომ ვუხდიდით, რომ მერე გარკვეულ მოლაპარაკებაზე წამოგვეყვანა. დღეს ეს მექანიზმი ენერგოკომპანიებს არაფერს აძლევს, დევნილი მარტოა შერჩენილი. ერთი თვის წინათ რუსთავში იყო შემთხვევა, როდესაც დევნილს გაზი გადაუკეტეს. წეროვანში რა ამბები იყო, გახსოვთ. სამეგრელოსკენ სერიოზული ამბებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ეს ერთი პრობლემა, რაც ამ ადამიანმა გააკეთა და ლარის დევალვაციის მიხედვით თუ გადავიანგარიშებთ, რამდენი გამოდის 45 ლარი, ყველაფერი გასაგებია. მეორე მავნებლობა იყო, რომ კანონში პირდაპირ ჩაწერეს, თუ დევნილის შემოსავალი აღემატება 1250 ლარს, მას ავტომატურად უწყდება დახმარებაო. საქმე ის არის, რომ დევნილთა სამინისტრო პირდაპირ დაკავშირებულია შემოსავლების სამსახურთან, თუ ხართ პენსიონერი დევნილი, მიბრძანდით ბანკში, 5 თვის სესხი აიღეთ, პროგრამა აჩვენებს, რომ ამ პენსიონერის შემოსავალმა 1250 ლარს გადააჭარბა და დახმარება ავტომატურად უწყდება. არ მქონია შემთხევვა, რომ 3 თვეზე ნაკლები ამ დახმარების აღდგენას მოხმარებოდა. მეორე თვეს, იდეაში, პროგრამამ ავტომატურად უნდა აღუდგინოს დახმარება, მაგრამ სამინისტროში მისვლა გიწევს, განცხადების დაწერა, რაღაცების მტკიცება და ეს პროცედურა 3 თვე იწელება. ამ ხნის განმავლობაში დევნილი დახმარების გარეშე რჩება. ასევე უანგარიშებენ გზავნილებს, თუ რამე თანხამ მის საბანკო ანგარშზე გაიჭაჭანა, მნიშვნელობა არ აქვს, სესხი იქნება, საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ერთჯერადი თანხა, შვილის მიცემული ფული თუ სხვა, დამთავრებული ამბავია, თუკი 1250 ლარს გადააჭარბებ. მაშინაც ვეკითხებოდი, როდესაც ეს ინიციატივა გავიდა, „ოცნების“ ხელისუფლებას, რადგან მე დარახველიძესთან კომუნიკაცია არ მქონია და ეს ადამიანი, რატომღაც, ჩემზე ყოველთვის აჭრილი იყო, ალბათ, იმიტომ, რომ მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად მასახელებდნენ, სანამ მას დანიშნავდნენ. სულ ამაზე მქონდა საუბარი, 1250 ლარი საიდან მოიტანეთ და მაგალითად, რატომ არ არის 1300? მპასუხობდნენ, ჩვენმა სოციალურმა სამსახურმა დაითვალაო. რის მიხედვით დაითვალა, პასუხი არ არის. უბრალოდ, დაჯდა კაბინეტში ეს ადამიანი, თავში მოუვიდა ეს რიცხვი და შეიტანეს კანონში. დღევანდელი სამინისტრო მეუბნება, რომ ეს კანონში გვიწერია და ვერ დავარღვევთო. ვეუბნები, როგორც ბატონი დარახველიძე შევიდა ინიციატივით, ისე შედით და ეს მავნებლობა გააუქმეთ, რასაც პრობლემები მოჰყვება, ზედმეტი ხარჯები-მეთქი, ლაპარაკია, სულ რაღაც, 45 ლარზე. ცალკე საუბრის თემაა საერთაშორისო დახმარებები, რომლებიც ამჟამად აბსოლუტურად შეწყვეტილია. გამოვიდეს სამინისტროს ნებისმიერი ჩინოვნიკი და მითხრას, 2012 წლის შემდეგ რა საერთაშორისო დახმარებები მიიღო სამინისტრომ?
_ რატომ შეწყდა?
_ იმიტომ, რომ ამათთან არ თანამშრომლობენ! კონკრეტულად ჩემს მაგალითს გეტყვით: 2009 წლიდან 2013 წლის მარტამდე ვხელმძღვანელობდი სამინისტროსთან არსებულ სიპს, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტი იყო. მსოფლიო ბანკი იშვიათად იძლევა გრანტად თანხას. ჩვენთვის მოცემული თანხა იყო 2 მილიონ 400 000, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდა 47 მიკროპროექტი და მსოფლიო ბანკმა ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიიჩნია. დაახლოებით ერთი წელიწადი გვქონდა მოლაპარაკება მსოფლიო ბანკსა და ევროკომისიას შორის ერთობლივად, 5 მილიონის დამატებით ჩადებაზე, რომ სიპს მუშაობა გაეგრძელებინა ამ მიმართულებით. ის, რაც დღეს შექმნა სამინისტრომ და საარსებო პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი სიპი ჩამოაყალიბა, ჩვენ ეს სამუშაო დაწყებული გვქონდა 4 წლის წინათ. 5 მილიონი უნდა ჩადებულიყო და ერთი წელიწადი მოლაპარაკებები გრძელდებოდა იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკს და ევროკომისიას საკმაოდ რთული შესყიდვების პროცედურები აქვს, _ საკუთარი, დამოუკიდებელი და ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა ამ პროცედურების ერთმანეთთან შეხამება, ეს ფული ისე გვეხარჯა, რომ მისაღები ყოფილიყო ევროკომისიისთვისაც და მსოფლიო ბანკისთვისაც. ესენი დავითანხმეთ ამ ფულის ჩადებაზე და სხვა მიზეზი რომ ვერ აღმოჩნდა სამსახურიდან ჩემი განთავისუფლებისა, სამინისტრომ თავისი სიპი გააუქმა. ეს იმ დროს მოხდა, როცა მე თვითონ ვეუბნებოდი, წავალ, განცხადება დაწერილი მაქვს-მეთქი. უბრალოდ, ამათი მოსვლა საანგარიშო პერიოდს დაემთხვა და ამ პერიოდში, ჯერ ერთი, ვერ მივატოვებდი სამსახურს იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა მქონდა და მსოფლო ბანკისთვის ანგარიში უნდა დამეწერა, როგორ დავხარჯე 2 მილიონი. ანგარიშის გარეშე რომ წავსულიყავი, ღმერთმა იცის, ესენი რას დაწერდნენ და მერე დამიჭერდნენ. ამიტომ ამ ხელისუფლების პერიოდში სამსახურში ყოფნამ 5 თვე მომიწია. თუმცა 2012 წლის ნოემბერში წასვლაზე განცხადება უკვე დაწერილი მქონდა, რადგან მე ამათთან თანამშრომლობას არ ვაპირებდი. ძალიან კარგად ვიცოდი და ვხედავდი, რა მდგომარეობაც იყო. ვეხვეწებოდი, სიპს ნუ გააუქმებთ, ხელს შეგიწყობთ, ახალი ადამიანი ვინც მოვა, ის 5 მილიონი მას დახვდეს, თორემ თქვენ ამ თანხას ვერ მიიღებთ-მეთქი. სიპი გააუქმეს, ღმერთმა ისე კარგად აგიხდინოთ ყველაფერი, როგორც აქ მოხდა და ის 5 მილიონი ამათ არ მისცეს! 5 თანამშრომლით ადმინისტრირებას ვუწევდი 2-მილიონნახევრიან პროექტს და იმ სიპში, რომელიც ამათ შექმნეს, საშტატო ერთეული 15-მდე გაზარდეს, ბიუჯეტი განისაზღვრა 150 000 ლარით, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ჩემს სატელეფონო ხარჯებსაც კი მსოფლიო ბანკი იხდიდა, ბიუჯეტიდან არაფერი მიმქონდა, აქეთ შემომქონდა ფული და ამათ 150 000 განუსაზღვრეს, 15 კაცი დაასაქმეს და 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ! ამ ყველაფერში, ლოგიკას ვერ ვხედავ! ეს ხდება იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლები მუშაობდნენ ამ პრობლემებზე და პროფესიონალები არიან, რეალურად სამინისტროში თითქმის აღარ არიან. ორი ადამიანია, რომელიც სამინისტროდან გაუშვეს და მერე საერთაშრისო ორგანიზაციებმა მოაბრუნა, როგორც თავიანთი ექსპერტები. ახლა უწევთ ამ ადამიანების ატანა, რადგან ძალიან რთულია ევროკომისიას უთხრა, შენ რატომ მოგყავს ეს ადამიანიო. ყბადაღბული თემაა იმ 4 მილიარდის ამბავი, რომელიც საქართველომ 2008 წლის მერე მიიღო და დღეს ბატონი სუბარიც ამბობს, ამ თანხებიდან დევნილთა განსახლებას მილიარდი რომ მოხმარებოდა, დღეს ჩვენ ეს პრობლემა არ გვექნებოდაო. ეს არის აბსოლუტური დემაგოგია და არაპროფესიონალიზმი! თუ იცი, რა ხდება და მაინც ამას ამბობ, ე. ი. დემაგოგი ხარ, თუ არ იცი, მაშინ _ არაპროფესიონალი! ეს 4 მილიარდი განკუთვნილი იყო მთლიანად სახელმწიფოზე იმისთვის, რომ ეკონომიკა არ ჩამოშლილიყო და, რაღაცნაირად, ამ ქვეყანას თავი შეენახა. თან ეს 4 მილიარდი ჩემოდანში არ ჩაუდევს ვინმეს და ისე არ ჩამოუტანია, ეს იყო წლების განმავლობაში გაწერილი თანხა, რომელსაც შარშანდლამდე ხარჯავდა ეს ქვეყანა!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს, მურად აბლოთიას დაუკავშირდა:
_ შენობებთან დაკავშირებით განსხვავებული სიტუაციაა. ქალაქ გორში შპს „ემბიჯი“ ასრულებდა სამუშაოებს და დასრულებამდე შენობის რაღაც ნაწილი ჩამოინგრა. ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ შენობის რეაბილიტაციის გაგრძელებაზე, ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდა და სასამართლოს მივმართეთ კომპანიის მხრიდან თანხის დაბრუნებაზე. ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება ამავე კომპანიის მიერ ვაზიანში განხორციელებულ საქმეებს, სამუშაო ნაწილობრივ შესრულდა. ჩავატარეთ ექსპერტიზა, რა სამუშაოები ჩატარდა, რა დარჩა, ამასთან დაკავშირებითაც საქმე, შესაბამისად, გადაგზავნილია სამართალდამცველ ორგანოებში. სამუშაოების გაგრძელებაზე პროექტი შემუშავებულია და ამ კორპუსების რეაბილიტაცია გაგრძელდება. რაც შეეხება „ნიუკონტრაქშენს“, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე შენობა, რომელიც ვერ დაასრულა, აქაც ანალოგიურად ჩავატარეთ ექსპერტიზები, საქმე აღძრულია პროკურატურაში, დარჩენილ სამუშაოებთან დაკავშირებით ახალი პროექტი მომზადდა, გამოცხადდა ტენდერი, ახლა სამუშაოს ასრულებს სხვა კომპანია და უახლოეს მომავალში მაისში, ოჯახებს ამ კორპუსში შევასახლებთ. ამ ეტაპზე სამუშაოების ხარჯებს სამინისტრო დაფარავს, ხოლო ის თანხები, რომელსაც კომპანიებიდან ამოვიღებთ, ბიუჯეტში შევა. რაც შეეხება „ნიუკონტრაქშენის“ კიდევ ორ ობიექტს, რომელიც იყო ვაზიანში, აქ „ნიუკონტრაქშენმა“ სრულად შეასრულა თავისი სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ ჩავიბარეთ, რადგან მდგრადობასთან დაკავშირებით სამინისტროს დასკვნა არ ჰქონდა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დავუკვეთეთ ამ ობიექტებზე დასკვნის მომზადება. მათ მიიჩნიეს, რომ ობიექტების შემდგომში ექსპლუატაცია მიზანშეუწონელია და ამიტომ, იქ დევნილების შესახლებაზე უარი განვაცხადეთ. აღნიშნულ საქმეზეც სასამართლოში და პროკურატურაში მასალები გადაგზავნილია. ვაზიანში „ტრანსმშენის“ ობიექტიც იყო, ექსპერტიზა ჩავატარეთ, დადებითი დასკვნა მოგვცეს და ამ 2 კორპუსში დევნილების შესახლება დაგეგმილია.
თამარ ბატიაშვილი