QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,სასამართლო სისტემაში გარდა უსამართლობისა და არაკომპეტენტურობისა,  გაუნათლებლობის პრობლემაც გვაქვს!”

მამუკა ნოზაძე: ,,სასამართლო სისტემაში გარდა უსამართლობისა და არაკომპეტენტურობისა, გაუნათლებლობის პრობლემაც გვაქვს!”

2016-03-27 10:11:47

ადვოკატი მამუკა ნოზაძე მოსამართლეთა უწიგნურობაზეც ალაპარაკდა. მან „ქრონიკა+“-ს წიგნიერი და უწიგნური მოსამართლეების პორტრეტები შეუქმნა. მამუკა ნოზაძე: _ საქართველოს სასამართლოში უბედურება ტრიალებს იმ მხრივაც, რომ მოსამართლეები კვალიფიციურები არ არიან. ხშირ შემთხვევაში ისინი არაეთიკურობას იჩენენ და მაღალ ზნეობრივ ღირებულებებსაც არ ატარებენ. მოაზროვნე მოსამართლეთა რიცხვიც ძალიან მცირეა. ფაქტობრივად, მათი 80% გაუნათლებელი და არაწიგნიერია. გარკვეულმა მათგანმა სამართლებრივი ნორმები დაიზეპირა, რაც არასაკმარისია იმისთვის, რომ მოსამართლე გერქვას. ამ საქმიანობის ადამიანი უნდა იყოს ფართო თვალსაწიერისა და განათლების მქონე, რომელსაც განათლება შესაძლებლობას მისცემს, გადაწყვეტილებების დროს საკუთარი ცოდნა ფართო ჭრილში წარმოადგინოს. თითზე ჩამოსათვლელი მოსამართლეები გვყავს, რომელთაც ასე მოქცევა შეუძლიათ. _ მოსამართლეს, რომელმაც იცის კანონმდებლობა და კონკრეტულ საქმეზე ანალიზის გაკეთება შეუძლია, თქვენი აზრით, კიდევ რა უნდა მოვთხოვოთ? _ ხშირად მოსამართლეებს კანონის წაკითხვაც ეზარებათ, ამიტომაც ადვოკატებს გვთხოვენ ხოლმე, სამართლოებრივი ნორმის თაობაზე მივუთითოთ, თუ რის საფუძველზე აყენებენ მხარეები ამა თუ იმ მოთხოვნას. მოსამართლეს არ უნდა, რომ შემთხვევაზე, კაზუსზე, რომელიც დავის საგანია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმ მხრივ, რომ დააკვალიფიციროს ქმედება და გარემოების მიხედვით, სამართლებრივი ნორმა შეუფარდოს. მას უნდა, მზა გადაწყვეტილება დაუწეროს ადვოკატმა, ან მხარემ და არანაირი შრომა არ გასწიოს საქმეზე. ხშირია მოსამართლეებისგან ადვოკატების, ან მხარის მიმართ ასეთი მოთხოვნები:  ამა და ამ ჭრილში დაგვისაბუთეთ, თუ როგორ გესახებათ სამართლებრივი ნორმაო. ასეთი რამ მოსამართლემ არ უნდა მოითხოვოს. მხარემ რომც არ მიუთითოს კანონის ნორმის თაობაზე, მოსამართლე ვალდებულია, რომ საქმე განიხილოს და თავადვე მიიღოს გადაწყვეტილება, შეუფარდოს მას სამართლებრივი ნორმა, რომელიც მიესადაგება და ის სადავო საკითხი განსაზღვროს, რომელიც სასამართლოში განიხილება. ასევე, თუნდაც არ ეწეროს საქმეში სამართლებრივი ნორმა, მოსამართლეს უფლება არ გააჩნია, საქმის განხილვაზე იმის გამო თქვას უარი, რომ ნორმა არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში არსებობს კანონისა და სამართლის ანალოგია. კანონის ანალოგია ნიშნავს სადავო საკითხთან მიახლოებული კანონის ნორმას, ხოლო თუ ასეთიც არ არის, სამართლებრივი ანალოგია უნდა გამოიყენოს. სამართლის ანალოგია არის ის შემთხვევა, როცა მოსამართლემ ზოგადი, სამართლებრივი ცოდნის საფუძველზე უნდა მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე მეგულება, რომელიც მხარეებისგან ასეთ რამეს არ ითხოვს და კვალიფიციურად ახორციელებს საქმიანობას. მოსამართლეს, კანონის გარდა, სხვა ზოგადი განათლება იმიტომ სჭირდება, რომ გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი არის მშრალი, მასში კანონის მხოლოდ მუხლებია ჩაყრილი. ვფიქრობ, მუხლის მითითება გადაწყვტილებაში არ ნიშნავს მის დასაბუთებას. მოსამართლეს იმიტომ სჭირდება განათლება, რომ მან გააკეთოს ანალიზი, რატომ გამოიყენა ეს კანონი სადავო საკითხის გადაწყვეტის ჭრილში, ანუ უნდა ჩანდეს მოსამართლის აზროვნება, მისი სტილი და ა. შ. როგორც აღვნიშნე, ასეთი რამ გადაწყვეტილებების უმეტესობაში არ ჩანს. კანონის ზეპირად ცოდნა არ არის იურისტებისთვის სავალდებულო, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ მისი გამოყენება და ის, თუ რა საკითხს დაარეგულირებს კონკრეტული კანონი და ა. შ. განათლება მას სასამართლო სხდომის წაყვანისთვის გარკვეული ნიშან-თვისებების ჩამოყალიბებაში გამოადგება. ნებისმიერ სასამართლო სხდომაზე რომ დაჯდეს პირი, რომელიც არ არის მიკერძოებული, უმალ შეატყობს, მოსამართლე არის თუ არა განათლებული, რადგან ეს მათ ქცევებზე, აზროვნებაზე ემჩნევათ. _ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ გამოიყურება სხდომაზე განათლებული მოსამართლე და როგორ გამოიყურება გაუნათლებელი? მათი პორტრეტები დაგვიხატეთ... _ განათლებული მოსამართლე გამოიყურება ამგვარად: იგი პროცესის დროს მხარეებთან არის კომუნიკაბელური. მისი ინტელექტი ჩანს მის მიერ დასმულ შეკითხვებშიც, ასევე საქმის სიღრმეების წვდომაში და ა. შ. გაუნათლებელი მოსამართლე კი შემოიფარგლება მხოლოდ კანონებით. უამრავი ლიტერატურა არსებობს, რომელიც საჭიროა, რომ იცოდნენ თემიდას მსახურებმა და მას საქმის წარმოების პროცესშიც იყენებდნენ. მოსამართლის მთავარი ვალდებულებაა, ვიწრო ჩარჩოში კი არ ჩაჯდეს და, მხოლოდ და მხოლოდ, კანონის ნორმებით არ შემოიფარგლოს, არამედ აამოქმედოს ის სამართლებრივი პრინციპები, რომელიც ადამიანს სამართლებრივად უფრო მეტად იცავს. ასეთია განათლებული მოამართლის ქმედება. გაუნათლებელი მოსამართლე კი არის საკმაოდ აგრესიული. ისინი პროცესზე სხედან გამწარებულები, დაბოღმილები, არ შემოდიან მხარეებთან კონტაქტში და მხოლოდ იმუქრებიან, რომ რომელიმეს დააპატიმრებს, დასჯის და ა. შ. კითხვის დასმის საშუალებასაც კი არ აძლევს ზოგჯერ არავის და არ უწყობს ხელს მხარეების შეჯიბრებითობას და დარბაზში პოლემიკის გამართვას. რა თქმა უნდა, პროცესი აურზაურსა და ანარქიაში არ უნდა გადაიზარდოს, მაგრამ მოსამართლეებს იმიტომ უხდიან ხელფასს, რომ მათ ტრაფარეტულად კი არ გამოიყენონ კანონის ნორმა, არამედ იაზროვნონ და ამგვარად მივიდნენ ობიექტურ ჭეშმარიტებამდე. სასამართლო სისტემაც ასე ვერ განვითარდება და ამიტომ ვამბობ: სასამართლო სისტემაში აუცილებელია, მეტი განათლებული, განვითარებული და წიგნიერი ადამიანი იყოს. სამწუხაროდ, მე ამას ვერ ვხედავ და ეს არის ჩვენი სასამართლო ხელისუფლების აქილევსის ქუსლი. საკუთარი ტყავის დაცვის გარდა მოსამართლეები არაფერს ცდილობენ და განვითარებისთვის თავს არ იწუხებენ. ასევე პრობლემაა ის, რომ მოსამართლეებს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა პროცესს ისე ნიშნავენ, რომ საქმე წაკითხულიც არ აქვთ და მომზადებულები არ არიან. სხდომის დაწყებამდე მათ საქმე ბოლომდე უნდა ჰონდეთ შესწავლილი და საკუთარი წარმოდგენებიც უნდა გააჩნდეთ ამასთან დაკავშირებით. _ ამბობთ, რომ რა საქმეს იხილავენ, არ იციან და ისე იწყება საჯარო განხილვა? მე რომ წავიდე ინტერვიუზე და არ ვიცოდე, რაზე უნდა ვესაუბრო, დაახლოებით ასეა, ხომ? _ დიახ, ასეა. პროცესზე გამოსვლამდე ის დეტალურად უნდა იცნობდეს საქმეს და ჩამოყალიბებულიც უნდა იყოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით, თუ შემდგომ მხარეებმა განსაკუთრებული მტკიცებულებები არ წარმოადგინეს. ისინი ითხოვენ, ნორმა მიუთითეთ და თქვენი პოზიცია წარმოადგინეთო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები სასამართლოს სხდომაზე ეცნობიან საქმეს და ცდილობენ, მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება. ელემენტარული სადავო საკითხის გადაწყვეტისასაც კი ხშირად მოითხოვენ ერთთვიან ვადას, როცა ეს არ არის საჭირო. არსებობს ლიტერატურა, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რათა სარეზოლუციო ნაწილი იმავე დღეს გამოცხადდეს, ანდაც ერთი კვირის შემდგომ და სულაც არ არის ამისთვის საჭირო 20-30 დღე. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ დასაბუთებასაც ერთ თვეს ანდომებენ და ხშირად ამ დროშიც ვერ ეტევიან, მხარეებს რომ გადასცენ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამის გამო მხარე წლების განმავლობაში დადის სასამართლოში და მისი საქმის განხილვას ითხოვს. როცა ვინმეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, მას გასაჩივრების ერთთვიანი ვადა აქვს. ამ დროში თუ ვერ ჩაეტევა, სასამართლო მას უარს ეუბნება საქმის განხილვაზე იმიტომ, რომ ხანდაზმულობის ვადა დარღვეულია. თუ ობიექტური მიზეზები არსებობს, რომ ავად არის და ვერ შეძლო გასაჩივრება, ესეც არ ეთვლება საპატიოდ და ამის ფონზე, მოსამართლეს რატომ უნდა ეპატიოს 30-40-დღიანი ვადის დარღვევა? რატომ უნდა აისახოს მოსამართლის არაპუნქტუალურობა, არაკეთილსინდისიერება კლიენტის საწინააღმდეგოდ და რატომ უნდა ჰქონდეს მას ზედმეტი ხარჯი? ასეთი პრეტენზიები აქვს საზოგადოებას, თუმცა მოსამართლეები მას უპირისპირებენ იმას, რომ თითქოს დრო არ აქვთ. მოსამართლეს, რომელსაც ელემენტარული საკითხის დასასაბუთებლად უმცირესი დრო სჭირდება და იმასაც ვერ წერს, თანაც როცა საკმაოდ დიდი აპარატი ეხმარება, რაზე უნდა ველაპარაკოთ? ან რატომ უნდა დავიჯეროთ მისგან ტყუილად თავის მართლება? _ საინტერესოა ისიც, როგორ აისახება გადაწყვეტილებებზე მოსამართლეების ასეთი საქციელი: როცა ისინი ისე იწყებენ სხდომას, რომ განსახილველი საქმის შესახებ არაფერი იციან? _ მოსამართლე თუ სხდომაზეც ვერ გაერკვა სიტუაციაში, პროცესს სხვა დროისთვის გადადებს. თუმცა შეიძლება, მეორედაც ისე მოვიდეს სხდომაზე, რომ კვლავ არ იყოს საქმის არსში გაცნობიერებული. კიდევ გადადებს პროცესს და სისტემატურ ხასიათს აძლევს პროცესების გადადებას, სანამ 5 წუთს არ გამონახავს, საქმეში რომ ჩაიხედოს და გაერკვეს, რა ხდება. 5 წუთში მიღებული გადაწყვეტილება კი ცხადია, განაჩენსა და გადაწყვეტილებაზე აისახება. პროცესებიდან ამოგლეჯილი დეტალებით დასკვნის გამოტანა სამართლიანი სასამართლოს პრინციპსაც ეწინააღმდეგება და მოსამართლის მორალსაც. ამის შედეგია ისიც, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებში მხოლოდ კანონის ნორმებს ყრიან და მშრალად წერენ, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა. რამდენიმე მოსამართლე სხვანაირად იქცევა, რომელთა გადაწყვეტილებებში მათი აზროვნებაც ჩანს. დანარჩენი გადაწყვეტილებები არის მშრალი და გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. დღეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, მიუხედევად ამისა, მათ სასამართლოში ხშირი სიარული უწევთ, რათა შედეგი მიიღონ. უსაფუძვლოდ ჭიანურდება სასამართლო სხდომები. ყოფილა შემთხვევები, როცა მოსამართლემ სხდომა იმის გამო ჩაშალა, რომ მისი კოლეგის დედის ორმოცზე წავიდა, ან სახლში სტუმარი ელოდებოდა, რესტორანში დაპატიჟეს და ა. შ. გაუგებარია, კონკრეტული მოსამართლის სეირნობა რატომ უნდა ხდებოდეს საზოგადოების დროისა და ფინანსების ხარჯზე? ზოგი ადამიანი რაიონიდან ჩამოდის, გზის ფულს სესხულობს და მისთვის მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ეს დავა, სარჩელსაც ხომ არ შეიტანდა სასამართლოში? ახლა კონკრეტულად მინდა ვისაუბრო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოსო ღურწკაიაზე. მან განიხილა თინა კამოევას საქმე, რომელსაც ვალი ჰქონდა აღებული და აღნიშნულის გამო ქონება იპოთეკით დატვირთა. მოვალეს, ფაქტობრივად, სამმაგი თანხა გადაუხადა, მაგრამ გამოუცდელობის გამო, ვინმე დავითაშვილმა მას ხელი მოაწერინა ხელშეკრულებაზე, თითქოს მათ ახალი სესხის ხელშეკრულება დადეს და კამოევამ კვლავ აიღო გარკვეული თანხა დავითაშვილისგან. რეალურად, მას თანხა არ აუღია და მხარემ თქვა, რომ ეს იყო წინა ხელშეკრულების გაგრძელება. კამოევამ დაასაბუთა, რომ 4 ათასი დოლარის ნაცვლად გადახდილია 12 ათასი ამერიკული დოლარი. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება, რომელიც მეორედ დაიდო, ეწინააღმდეგება საჯარო წესის კანონს და ქვეყანაში დამკვიდრებულ ადათ-წესებს. ასეთ დროს მოსამართლის მოვალეობა არის ის, რომ სწორად განიხილოს საკითხი, შეაფასოს ყველა გარემოება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. როგორ შეიძლება, რომ მოსამართლემ ეს ფაქტი ცივად და გაუაზრებლად განიხილოს? ადამიანმა 4 ათასი დოლარი ისესხა და, ფაქტობრივად, 12 ათასი დოლარი აქვს გადახდილი, ეს სასამართლოზე დადასტურებულია, იმ მხარემ აღიარა, რომელიც პრეტენზიას უყენებდა კამოევას იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა სესხის ხელშეკრულების გაგრძელებას, მაგრამ რელურად ფული არ გადასცემია. სამოქალაქო კოდექსში მოქმედებს კეთილსინდისიერების პრინციპი. 115-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მათ მიერ და მხარეები უნდა იყვნენ კეთილსინდისიერები ურთიერთობის დამყარების დროს. მოსამართლემ კი სწორად უნდა შეაფასოს მხარის ქმედება და გადაწყვეტილება ცივად არ უნდა მიიღოს. შეიძლება, ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ გარიგებას მოაწეროს ხელი, მაგრამ ის ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგსა და კანონს; ამ შემთხვევაში მოსამართლე იმიტომ ხარ, რომ იხელმძღვანელო კანონით და არა მხოლოდ და მხოლოდ იმით, თუ რა ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი პირმა. მოსამართლე სოსო ღურწკაია ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილებებს. იგი ამჟამად იხილავს ერთ-ერთი დაზარალებულის, ფატიმა ხურცილავას საკითხს. ამ საქმის განხილვის დროს სხვა გარემოებებიც გამოიკვეთა: საცხოვრებელი ბინა, რომლის მესაკუთრეც ის იყო, დანაშაულებრივად ჩაიგდო ხელში სხვა პირმა. როდესაც ეს საკითხი გამოიკვეთა, მხარემ უფლება მოითხოვა, რომ მას შესაძლებლობა ჰქონოდა, დაეზუსტებინა სარჩელი. კანონის თანახმად, პირს აქვს უფლება, საქმის მომზადების სტადიაზე, ნებისმიერ დროს, გაზარდოს მოთხოვნა, დააზუსტოს, შეცვალოს ის და ა. შ., მაგრამ მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს არ არის მოთხოვნის დაზუსტება და ამ სარჩელს წარმოებაში აღარ მივიღებო. ასეთი რამის უფლება მას არ გააჩნია, რადგან კონსტიტუციურად გარანტირებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება და ევროპული კონვენციის სამართლიანი სასამართლოს უფლება. როგორ შეიძლება, მოსამართლემ აზრი წინასწარ გამოხატოს და თქვას, მე ამას არ მივიღებ და სადაც გინდათ, გაასაჩივრეთო?! ეს მოსამართლის თავხედობაა. ხშირია შემთხვევები, როცა მოსამართლეებს უნდათ, რომ მხარეები შეცდომაში შეიყვანონ და ყველა სახის მაქინაციას ახორციელებენ, რათა მხარემ დავა გაითხოვოს და ყველაფერი მორიგებით დასრულდეს. კი ბატონო, მორიგებისთვის მხარეს საშუალება უნდა მიეცეს, მაგრამ ამის გამო მან შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ისეთი პირები, რომელთაც კვალიფიციური ადვოკატები არ ჰყავთ. იმიტომ, რომ მათ ათქმევინონ, საქმის შესწავლა აღარ გაგრძელდესო, დაუსრულებლად დებენ და დებენ საქმეებს. როცა მოსამართლე პირდაპირ გამოხატავს პოზიციას და არ სურს სადავო საკითხის გადაწყვეტა, როცა ცდილობს, საქმე მოიცილოს და მხარე იმიტომ აწვალოს, რომ საქმე სასამართლოდან გაითხოვოს, ეს უკვე სასამართლოს შეურაცხყოფაა, არაგონივრული ქმედებაა. საილიუსტრაციოდ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, მაგრამ უამრავი მოსამართლე ასე იქცევა. _ ჩვენ ვამხელთ მოსამართლეებს. ვინ არის კიდევ ასეთი? _ დიანა გოგატიშვილს რამდენიმე დღის წინათ უფლებამოსილება შეუწყდა, მაგრამ გამორიცხული არ არის, კიდევ გაუჩნდეს მოსამართლეობის ამბიცია. მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა პიროვნებას საკუთრება წაართვა. გაგიკვირდათ, ხომ? ახლავე მოგიყვებით: თამუნა ღლონტსა და ჭაგაშვილს შორის დავაზე გადაწყვეტილება წლების წინათ იყო გამოტანილი. ღლონტის პრობლემაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც კანინიერ ძალაშია შესული და მხარეს არ გაუსაჩივრებია. ამის თანახმად მან მოითხოვა, რომ გამოთავისუფლებულიყო  ქონება, რომელსაც კონკრეტული პირი უკნონოდ ფლობდა და მას ჩაბარებოდა. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია, მაგრამ, ფაქტობრივად, დიანა გოგატიშვილმა ის უგულებელყო და ამ კანონიერ ფართზე მოსამართლემ, ახალი გადაწყვეტილებით, ქონება ჭაგაშვილს დაუსაკუთრა. ეს არის აბსურდი, რადგან როცა სადავო საკითხი უკვე დარეგულირებულია, მოსამართლეს არ შეუძლია, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს. მოსამართლე, რომელიც შელახავს კონვენციით და კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს, ამას რა უნდა დავარქვათ? გარდა იმისა, რომ მოსამართლე არის უცოდინარი და უვიცი, ის სჩადის დანაშაულს და სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს. ასეთი მოსამართლეები, რომელთაც არ იციან, რომ მესაკუთრის უფლებები არის შეუზღუდავი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვა მათ არ შეუძლიათ, რადგან გასაჩივრების მექანიზმს ადგენს კანონმდებლობა, არ უნდა იყვნენ მოსამართლეებად. ასეთები რომ გვყავს სასამართლოში, ამიტომ გვაქვს ცუდად საქმე.  

                                                                                                ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება