QronikaPlus
ტორტი _ 300 ლარი, კონცერტი და წამყვანი _ 1.500 ლარი და...

ტორტი _ 300 ლარი, კონცერტი და წამყვანი _ 1.500 ლარი და...

2016-03-23 07:13:26

თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ ნათლად დაადასტურა, რომ ყველა მილოცვა მართლა მილოცვა არ არის და ზოგი მილოცვა, უბრალოდ, დაცინვის ტოლფასია. ისნის რაიონის გამგეობამ, არც მეტი, არც ნაკლები, დედის დღეს რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დასცინა, როცა თითქოსდა მათთვის მოწყობილ ღონისძიებაში 7.000 ლარამდე დახარჯა და აქედან თავად დედებს ერთი კონა ყოჩივარდა, ბრენდირებული ჭიქა და ერთი ნაჭერი ტორტი ერგოთ. მთელ ამ ისტორიაში, რომელიც „ქრონიკა+“-ს „მედიატორის“ დამფუძნებელმა თეონა ჭალიძემ უამბო და მასალებიც მიაწოდა, განსაკუთრებით ამაზრზენი ის არის, რომ ღონისძიების სტუმრებად გამგეობის მიერ არჩეული 150 მრავალშვილიანი დედიდან უკლებლივ ყველა გააფრთხილეს, რომ ღონისძიება-კონცერტზე შვილების გარეშე მოსულიყვნენ, რასაც მათი ნაწილის მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება და, სულაც, პროტესტის ნიშნად შინ დარჩენა მოჰყვა. აბა, როგორი საქმეა, როცა მრავალშვილიანი დედების უმრავლესობა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა და ისინი შვილებს იმ სადილით კვებავენ, 1 ლარი და 18 თეთრი რომ ჯდება დღეში და, თურმე, საკმარისიც კია... სწორედ ამიტომ გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ დედების უმრავლესობა ამ ღონისძიებაზე, უბრალოდ, არ მივიდა, რადგან გაუძნელდა შვილების დატოვება მწირ ულუფაზე მაშინ, როცა თვითონ სუფრასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მწვადი ეჭამათ და ტორტი დესერტად დაეყოლებინათ. ვინც მივიდა, იმათაც ბევრი ვერაფერი იხეირეს: სუფრა, სიმღერები და ყველასთვის საჩუქრად გამზადებული ერთი ყოჩივარდების კონა და ერთი ბრენდირებული ჭიქა წარწერით „ისნის რაიონის გამგეობა“ _ როგორია? ხარჯი? კი ბატონო, აი, ხარჯი: ღონისძიებისთვის 7 ათასი ლარი გამოიყო. ყოჩივარდების კონა, რომელიც თბილისში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება და მაქსიმუმ 1 ლარი, მინიმუმ 50 თეთრი ღირს, თბილისის ისნის რაიონის გამგეობას მეტად ძვირად _ 4 ლარად აქვს ნაყიდი _ აბა, თავიანთი გამგეობის სასიქადულო დედებს ერთლარიან კონას ხომ არ აკადრებდნენ? ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, მგონი, გამგეობის ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა ძალიან მოინდომეს, რადგან ისეთ გაქუცულ კონას, როგორებიც მათ მრავალშვილიან დედებს აჩუქეს, ვერ იშოვიდი, თუ ერთ სამ-ოთხ ადგილს არ მიაკითხავდი და, ეტყობა, ყოჩივარდების კონის ძებნაშიც საკმაოდ დაშვრენ. დამაშვრალობა ღონისძიების დამამშვენებელ სხვა აქსესუარებსაც ეტყობოდა: მაგალითად, ორგანიზატორებმა, ბევრი იარეს თუ ცოტა, პირდაპირ 300-ლარიან ტორტს მიადგნენ და დედების გულის გასახარად ხელგაშლილად შეიძინეს... ვერაფერს იტყვი, პირდაპირ გულისამაჩუყებელია ასეთი ხელგაშლილობა და მიკვირს, მრავალშვილიან დედებს, ამდენი ზრუნვის შემყურეთ, გული როგორ არ აუჩუყდათ?.. კონცერტის წამყვანის ჰონორარი ამ ღონისძიებაზე გამგეობას 500 ლარი დაუჯდა, 1000 ლარი გადაუხადა მან მომღერლებს, რომლებმაც დედები თავიანთი მხურვალე ჰანგებით დააფასეს... ღონისძიების მთავარი აქსესუარი იყო არაფრისმაქნისი და გამოუსადეგარი სუვენირი _ ჭიქა, რომელიც 150 ცალი დამზადდა და გამგეობას სულ 780 ლარი დაუჯდა, ანუ თითო ასეთ ჭიქაში მან 5.20 ლარი გადაიხადა... კი მაგრამ, თქვე ნარმანიაცხონებულებო, იქნებ, დედებისთვისაც გეკითხათ, რა ერჩივნათ: იქ მომღერლებისთვის ესმინათ და ყოჩივარდების კონა და ეს ჭიქა წაეღოთ სახლში, თუ გადაგენაწილებინათ მაგ ღონისძიებაში დახარჯული თანხა ისე, რომ თითოეულს 50 ლარი მაინც შეხვედროდა და სახლში პროდუქტები მიეტანათ? გავაგრძელოთ, ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი: ღონისძიება 4 საათის განმავლობაში გაგრძელებულა, ამ დროის განმავლობაში რესტორან „ლევილში“ ინვენტარისა და დარბაზის იჯარა გამგეობას 214 ლარი დაუჯდა. ლანჩ-პაკეტი თითო დედაზე 17 ლარით შემოიფარგლა, 150 ერთეულის ფასმა კი 2.550 ლარი შეადგინა. სუფრაზე იყო შვიდლარიანი ღვინო, სულ 70 ერთეული, რაც დამატებით, 490 ლარის ხარჯი გახლდათ. ხომ საინტერესო ფასებია? ტორტი _ 300 ლარი, ღვინო _ 490. „კიდევ ერთი დეტალი: ღონისძიება უზრუნველყოფილი იყო ფოტოგადაღებითაც. სულ 30 ფოტო გადაუღიათ და ერთის ფასი 5,5 ლარია. საინტერესოა, 150 დედისთვის 30 ფოტო როგორ, რა პრინციპით გადაიღეს და, საერთოდ, რატომ ხარჯავს დამატებით თანხას ფოტოგადაღებისთვის ბიუჯეტიდან გამგეობა, როცა პრესსამსახურიც ჰყავს, კულტურის განყოფილებაც აქვს, თანამშრომლებს კი ფოტოაპარატიც აქვთ და ფოტოგრაფიც ჰყავთ?“ _ კითხულობს თეონა ჭალიძე. მოკლედ, ისნის რაიონში მცხოვრებ 150 მრავალშვილიან დედას დედის დღე ნანინანატრად გაუთენდა _ 4 საათის განმავლობაში მათ ტროლავდნენ, რათა ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაახლოებით 7 ათასი ლარი კარგად გათეთრებულიყო და მავანთა და მავანთა ჯიბეებში დალექილიყო. ღონისძიებიდან წამოსულ მართლაც საამაყო და ღირსეულ ქალბატონებს ხელთ შერჩათ ყოჩივარდების გაქუცული კონა, ბრენდირებული ჭიქა ისნის რაიონის გამგეობის ხსენებით და დიდი, მაგრამ უგემოვნო ტორტის გემო... თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ კი აქტივში კიდევ ერთი „ღონისძიება“ ჩაიწერა...  

                                                                                                                        ლაშა ბერულავა

       

გაზიარება