პროფესორი გოდერძი ტყეშელაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. იანვარში ის ამ უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატი იყო, თუმცა დამარცხდა და რექტორი კვლავ არჩილ ფრანგიშვილი გახდა, რომელიც მრავალი წელია, უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს. ამის შემდგომ ტყეშელაშვილი უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე და რექტორის არჩევნების უკანონობაზე ალაპარაკდა, რაც სასამართლოშიც გაასაჩივრა. იგი ტექნიკური უნივერსიტეტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
გოდერძი ტყეშელაშვილი:
_ ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები იანვარში ჩატარდა, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი მეც ვიყავი. სულ ორნი ვიყავით რექტორობის კანდიდატი, მე და არჩილ ფრანგიშვილი, რაც ძალიან გასაკვირია.
_ რატომ არის გასაკვირი?
_ ამ უნივერსიტეტში 2500 ლექტორია და აქედან 2 ათასს მაინც ექნება სურვილი, რომ რექტორი გახდეს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ იქ მუშაობს მაფიოზური კლანი, რომელიც არ აპატიებს არავის მის წინააღმდეგ წასვლას. თუ ვინმემ ამ კლანის წევრებთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა რექტორობა და კანდიდატი გახდა, ცხადია, ამას მათ წინააღმდეგ წასვლად ჩაუთვლიან და, სულ მცირე, სამსახურს დაატოვებინებენ.
_ თუ ასეა, თქვენ როგორ გაბედეთ ეს, სამსახურიდან განთავისუფლების არ გეშინიათ?
_ ტექნიკურ უნივერსიტეტში 1979 წლიდან ვმუშაობ. რაც ბოლო წლებში აქ ხდება, მომწყინდა ამის ყურება. მოთმინებასაც ხომ ზღვარი აქვს? ქვეყანა თავზე დაგვექცა და ხმას არავინ იღებს. თუ კვალიფიციური ინჟინერი, ტექნიკური მუშაკი არ მოვამზადეთ, ჩვენი საქმე წასული იქნება. ტექნიკური უნივერსიტეტის მდგომარეობა უკან-უკან მიდის. ხალხმა, რომელიც დიდი ხანი არის ამ უნივერსიტეტის მმართველობაში, ვერაფერი შეცვალა უნივერსიტეტში დადებითი კუთხით. ფრანგიშვილი 8 წელია რექტორია და ამ პერიოდში კარგი არაფერი გაკეთებულა, უნივერსიტეტი ხელიდან გვეცლება. არც მის რექტორობამდე იყო ამ უმაღლეს სასწავლებელში კარგი მდგომარეობა, მაგრამ უკვე ორი ვადით იყო რექტორი ეს ადამიანი და ხომ შეიძლებოდა, რაიმე გაეკეთებინა? მესამე ვადითაც ეგ აირჩიეს, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
კანონი უმაღლესი განათლების შესახებ ითვალისწინებს, რომ რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი და დეკანი არჩეული უნდა იყვნენ, მხოლოდ და მხოლოდ, ორი ვადით. ამავე კანონში ისიც წერია, რომ აკადემიური საბჭო, რომელიც შედგება ფაკულტეტების წარმომადგენლებისგან, ირჩევს რექტორს განათლების საფეხურის უმაღლესი ხანგრძლივობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს ამ საბჭოს უფლებამოსილების ვადისა. ანუ აკადემიური საბჭო თავმჯდომარეს, რექტორს ირჩევს იმ ვადით, რა ვადითაც არჩეულია თავად საბჭო. აკადემიურ საბჭოს 13 დღეში გასდიოდა მოქმედების ვადა და ახალი საბჭო უნდა შეკრებილიყო. ასეთ შემთხვევაში, წესით და რიგით, რექტორი უნდა არჩეულიყო 13 დღით, მაგრამ ამათ რექტორი აირჩიეს სრული ვადით, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. თავად ეს საბჭოც არალეგიტიმური გახლდათ, რადგან რამდენიმე წევრს უფლებამოსილების ვადა ამ დროს უკვე გასული ჰქონდა.
_ იქნებ, კონკრეტული ფაქტებით გვესაუბროთ? ვის ჰქონდა უფლებამოსილების ვადა გასული, თუმცა მაინც მონაწილეობდა რექტორის არჩევნებში?
_ რექტორატს ოფიციალურად მივწერე და მოვითხოვე, მოეწოდებინა ამ ადამიანების სია, მაგრამ იქიდან მიპასუხეს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა მერე ჩემს მეგობარს მისწერეს წერილი და იქ გაეპარათ ეს გვარები: პროფესორი გიორგი სალუქვაძე, საბა ნაჭყებია, ოთარ ზუმბირიძე, პროფესორი გიორგი აბრამიშვილი და ლევან იმნაიშვილი. ისინი დღევანდელ საბჭოში აღარ უნდა იყვნენ.
2015 წლის იანვარში აკადემიურმა საბჭომ მიიღო #1333-ე დადგენილება და ერთი წლით გაიგრძელა უფლებამოსილება. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ აკადემიური საბჭო ირჩევა 4 წლის ვადით, მაგრამ ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ ის ექვემდებარება განახლებას. იქ ასევე წერია, რომ აკადემიური საბჭოს წევრების ნახევარი უნდა განახლდეს ნახევარი ვადის შემდგომ, ანუ 2 წელიწადში, მაგრამ ამათ თავიდანვე დაუშვეს შეცდომა და სამი წლით აირჩიეს აკადემიური საბჭოს მესამედი, შემდეგ კი ამ ადამიანებს გაუგრძელეს უფლებამოსილება. ეს ცხადია, უკანონობა იყო.
_ ამბობთ, ერთი წლის წინათ მოხდა ეს უკანონობაო და ამის შესახებ ახლა რატომ საუბრობთ, აქამდე სად იყავით?
_ მაშინ ამ ფაქტებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ბოლომდე არ ვიცოდი, რა ხდებოდა შიგნით. რადგან გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა, ცხადია, დავინტერესდი. თუმცა არიან თანამშრომლები, რომელთაც ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. ჩეკისტებით და ოდეერებით არის უნივერსიტეტი გავსებული. ფაქტობრივად, ამ ხალხის მეშვეობით აკონტროლებს რექტორი და ხელისუფლება ამ სასწავლებელს. ამ ადამიანებიდან ბევრი სააკაშვილის დროს მოიყვანეს აქ, თუმცა ხელისუფლება შეიცვალა და ისინი კვლავ კომფორტულად გრძნობენ თავს უნივერსიტეტში. ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა კანონი, განმკითხავი კი არავინ არის.
ახლა კანონდარღვევის მაგალითებსაც მოგიყვანთ:
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, რექტორის ხელფასი 1,35-ჯერ მეტი არ უნდა იყოს პროფესორის ხელფასზე, მაგრამ ესენი მაქინაციურად მიუდგნენ ამ საკითხს და თავად იწერენ საოცარ ხელფასებს.
_ მაინც, როგორ მიუდგნენ?
_ ახლა გეტყვით, რა ფორმითაც გაიზარდეს ხელფასები: იმ პედაგოგებს, რომლებიც ინგლისურად კითხულობენ ლექციას, საათში უხდიან სამჯერ მეტს, ვიდრე იმათ, ვინც ლექციებს ქართულად კითხულობს. ადმინისტრაციის ხელფასების ათვლას კი ინგლისურენოვანი პროფესორების ხელფასების მიხედვით აწარმოებენ. პროფესორების ხელფასებს შორის ასეთი სახის განსხვავება, წესით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს და ადმინისტრაციასაც არ მიეცემოდა საშუალება, მაქინაციურად გამოეწერა კოლოსალური ხელფასები. მთელ უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი 5 ჯგუფზე მეტი არ იქნება და აქცენტი ამ ჯგუფებში მომუშავე ლექტორებზე რატომ უნდა გაკეთებულიყო? თუ არ ვამბობ სიმართლეს, მაშინ ის გვითხრან, რამდენი ლექტორი კითხულობს უცხო ენაზე ლექციას უნივერსიტეტში და მათი ხელფასებიდან რამდენ თანამშრომელს გამოუყვანეს მაღალი ხელფასი?
უნივერსიტეტის რექტორატში ამჟამად მუშაობს 373 ადამიანი. ამას თუ დავუმატებთ დეკანატების, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს, მენეჯერებს, 600 ადამიანამდე გაიზრდება. მთავრობისა და პრეზიდენტის კანცელარიაშიც კი არ მუშაობს ამდენი ადამიანი, მაგრამ შტატები ხელოვნურად აქვთ გაბერილი. ფრანგიშვილს ტექნიკურ უნივერსიტეტში თავშეფარებული ჰყავს ის ადამიანები, რომლებიც სამსახურებიდან დაითხოვეს. უმეტესობა არის ყოფილი `ნაციონალი~, თანამდებობის პირი, ასევე არიან მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. სტუდენტების მიერ შემოტანილი თანხები იხარჯება უსაფუძვლოდ და, ფაქტობრივად, ნიავდება. 600 ადამიანი აქ მართლაც რომ აკეთებდეს რამეს, უნივერსიტეტი უნდა ბრწყინავდეს, სტუდენტების რიცხვი კი გაზრდილი იყოს, რაც ასე არ არის.
_ რა შუაშია უნივერსიტეტის თანამშრომლთა მრავალრიცხოვნება სტუდენტების რაოდენობასთან?
_ უნივერსიტეტის თანამშრომლები დაუღალავი მუშაობით უნდა ქმნიდნენ სხვადასხვა სიკეთეს უნივერსიტეტში, რომელიც მომავალი სტუდენტებისთვის ამ სასწავლებელს მიმზიდველსა და სასურველს გახდის. კომუნისტების დროს ამჟამინდელ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორი იყო ძიძიგური. მაშინ ადმინისტრაციაში მუშაობდა მხოლოდ 50 ადამიანი, მაგრამ ამ ინსტიტუტის სახელი ქუხდა. პოლიტექნიკურ ინსტიტუტდამთავრებულმა ინჟინრებმა ააშენეს არა მარტო სსრ კავშირის მასშტაბით, არამედ ევროპაშიც და სხვა ქვეყნებში მრავალი ნაგებობა. სასწაულს ახდენდნენ გპი-ს გამოშვებული ინჟინრები. დღეს კი ამ უნივერსიტეტში რექტორატი კანონსაც არ იცავს და სხვა რაღა უნდა მოვთხოვოთ? თუ ხელმძღვანელი თავისი მოქმედებით, ქცევით, ცოდნის დონით არ არის მაგალითის მიმცემი, ის თანამშრომლების მაგალითად ვერ გამოდგება და მათი მეცნიერული დონეც ეცემა. აქედან გამომდინარე, სწავლის პროცესიც ზარალდება. ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიტომ არის სტუდენტების სწავლის დონე დაბალი. თანხების ასეთი გაფლანგვა კი იწვევს იმას, რომ არ რჩებათ ფინანსები ლაბორატორიების მოსაწყობად. ლაბორატორიები თუ არ იქნება უნივერსიტეტში, ინჟინერს როგორ მოამზადებს? არ გვაქვს ტექნიკური ბაზა, რათა მომავალ ინჟინერს შევასწავლოთ ის, რაც მან შემდგომ უნდა გააკეთოს. ლაბორატორიების უმეტესობა ტექნიკურ უნივერსიტეტში სავალალო მდგომარეობაშია. საავტომობილო ტრანსპორტის კათედრაზე, მომავალ ავტომობილისტებს, „კამაზისა“ და „ზილის“ ძრავებით ასწავლიან აღმძრავ სისტემებს. რაღა დროს ეს ტრანსპორტია?! კომპიუტერულ მართვაზეა უკვე აღმძრავი სისტემები! მომავალი რკინიგზელებიც გადიან ლაბორატორიულ სწავლებებს, მაგრამ მოძველებული ტექნიკით, რომელსაც 80-იან წლებში იყენებდნენ. იმ პერიოდის, ვთქვათ, სასიგნალო სისტემები, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ამჟამინდელი სისტემებისგან. როგორ შეიძლება, ვასწავლიდეთ იმას, რაც იყო წლების წინათ და დღეს პრაქტიკაში აღარ არსებობს? ეს ხომ სტუდენტის, მათი ოჯახების მოტყუებაა? თუ ასე გაგრძელდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლება იქნება სრულიად ფუჭი და არაფრისმომცემი. მხოლოდ ფარატინა ფურცლის გულისთვის დაიხარჯებიან სტუდენტებიც და მათი ოჯახებიც მატერიალურად და ფიზიკურად, ამ სასწავლებლის კედლებიდან კი სასიკეთოს ვერაფერს წაიღებენ. თანამედროვე სტანდარტების სასწავლებელმა აქცენტი მომავლის ტექნოლოგიებზე უნდა გააკეთოს და არა წინანდელზე. ასეთი მდგომარეობაა სხვა ფაკულტეტებზეც. მხოლოდ რამდენიმე ფაკულტეტზეა ნორმალური ლაბორატორია. მაგალითად, ენერგეტიკის ფაკულტეტს აქვს თანამედროვე ლაბორატორია, ასევე ბიზნესინჟინერიის ფაკულტეტს, მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიათა 90% მოძველებულია და არ აახლებენ, რადგან ფინანსები თურმე არ ჰყოფნით. როცა სტუდენტის გადახდილი თანხა ასე იფლანგება, ის არამიზნობრივად იხარჯება და, ცხადია, აღარ დარჩება ლაბორატორიის დანადგარებისთვის შესაძენი ფული.
_ მხოლოდ ეს არის დარღვევების ნუსხა?
_ ცხადია, მხოლოდ ეს არ არის. კორპუსების უმეტესობაში ყოველწლიურად აკეთებენ რემონტს, თუმცა ამის გამკეთებელი სამშენებლო ორგანიზაციები გასულები არ არიან შენობებიდან, რომ ისევ გასაკეთებელია. ეს ეხება სველ წერტილებს, დერეფნებს, აუდიტორიებს და ა. შ. მთელი ფული მიდის ადმინისტრაციის ხელფასებზე და არ ჰყოფნით იმაში, რომ ნორმალური სარემონტო სამუშაოები ჩაატარონ, ანდაც ლაბორატორიული დანადგარები და ტექნიკა შეიძინონ. მე პირადად მგონია, რომ ფრანგიშვილი ძალიან ბევრი ადამიანისგან არის დავალებული ამ 8 წლის განმავლობაში და სტუდენტებისგან შესული თანხებით მათ იმადლიერებს.
2005-06 წლებში კანონი იძლეოდა ამის შესაძლებლობას და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ერთობლივად დააფუძნა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც დღეს ჰქვია _ საქართველოს უნივერსიტეტი. მისი პრეზიდენტი არის გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა. ამ სასწავლებელში 92%-იანი წილი იყო ტექნიკური იუნივერსიტეტის, თითო პროცენტი იყო გიული ალასანიასი და მანანა სანაძის. 2005 წელს ცვლილება მოხდა წესდებაში და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს უნივერსიტეტიდან მიიღო 0% წილი, გიული ალასანიამ კი _ 99%. ეს ინფორმაცია, თავის დროზე, საქართველოს უნივერსიტეტს თავის საიტზე ჰქონდა განთავსებული. დღეს კი, როგორც მე ვიცი, ალასანიას წილი გადაფორმებულია ამერიკის მოქალაქეზე, მაგრამ როცა შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ხმა არ ამოუღია იმის თაობაზე, რომ ასე უსამართლოდ წაართვეს წილი. სრულიად უსასყიდლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსიც წაიღო ამ კერძო უნივერსიტეტმა, მაგრამ ფრანგიშვილს არც ამაზე დასცდენია სიტყვა. შემდგომ, 2007-08 წლებში, ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა გასაყიდად ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსი, სპორტული მოედანი და სპორტული დარბაზი. სამივე გავიდა ერთ პაკეტად აუქციონზე და ყველაში ერთად გადაიხადეს კვ.მ-ზე, დაახლოებით, 10 დოლარი. ეს ის პერიოდია, მინიმუმ, 300 დოლარი რომ ღირდა კვადრატული მეტრი თავისუფალი მიწა საბურთალოზე და, მოგეხსენებათ, ტექნიკური უნივერსიტეტი რა პრესტიჟულ ადგილზეც არის. ფრანგიშვილს მე იმას ვუჩივი, რომ მას ხმა უნდა ამოეღო და რაიმე გაეკეთებინა, მცდელობა მაინც უნდა ჰქონოდა, რომ შემდგომ ეს ქონება პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს დაბრუნებოდა, რაც არ გაუკეთებია.
გარდა ამისა, ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა საცურაო აუზი. უგულავას დროს ის გადაეცა მერიას და დღემდე მერიის ბალანსზეა და ამ მხრივაც არაფერი უთქვამს. სხვათა შორის, იურისპრუდენციაში უმოქმედობაც ზოგჯერ დანაშაულია. ისიც უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთი ლექტორი ცდილობს, სტუდენტებს შეღავათი გაუკეთოს _ თანხები სრულად არ გადაახდევინოს, ნიშნები დაუმსახურებლად დაიწეროს, პრივილეგიებით ასარგებლოს, სამაგიეროდ ამ ახალგაზრდებს ისინი იყენებენ, როგორც ხმებს აკადემიური საბჭოს წევრების, დეკანის არჩევნების დროს, რადგან ხმების მეოთხედი, ანუ 25% სტუდენტებს ეკუთვნის. მანიპულაციებში მონაწილე სტუდენტები შეღავათებითა და დახმარებებით სარგებლობენ. არის საგნები, რომელსაც ზოგი სტუდენტი ვერ ძლევს და ეს ხალხიც ამით სარგებლობს _ ნიშნის საფასურად იღებენ მათ ხმებს. თავად სტუდენტი ასეთ დროს ცოდნას ვერ იღებს, თუმცა ღებულობს შეღავათს, რაც საკმაოდ ცუდი ფაქტია როგორც იქ მყოფი სხვა სტუდენტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
_ რატომ იქცევა ასე რექტორი, თქვენი აზრით, მას ტექნიკური უნივერსიტეტის დანგრევა აქვს გადაწყვეტილი, თუ რა ხდება?
_ ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ეს აქვს გულში, მაგრამ რაღაც ვალდებულებები რომ გააჩნია ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, ეს ცხადია. ამ ხალხის ახლობლები და ნათესავები ყველანი ამ უნივერსიტეტში არიან თავშეფარებულნი. წინათ განათლების მინისტრის მოადგილე იყო ვინმე სეფერთელაძე, მისი მამა კი ჩვენთან გახლდათ რექტორის მრჩეველი და დღესაც აქ მუშაობს. ის მომღერალია და მე არ ვიცი, სიმღერაში აძლევს რჩევას ფრანგიშვილის თუ რა ხდება? ერთ-ერთი განყოფილების წარმომადგენელმა ამას წინათ მითხრა: მეგონა, რომ ჩემს განყოფილებაში მხოლოდ ორი თანამშრომელი ვმუშაობდით, მაგრამ კომისია იყო მოსული და როცა დაგვიბარეს, აღმოჩნდა, რომ, თურმე, 9 ადამიანი ვმუშაობთო. რეალურად ორი დადიოდა, თუმცა 9 იღებდა ხელფასს.
_ ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს ერთდროულად როგორ ემსახურება, ეს ხომ წარმოუდგენელია?
_ არ არის წარმოუდგენელი. დიახ, ასეა და ეს ადამიანი ამას ახერხებს, თუმცა რექტორი არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა ემსახურებოდეს, არც ერთ პარტიას და ხელისუფლებას ბრმად არ უნდა ემორჩილებოდეს. ამ მხრივ ეტყობა მხოლოდ პოლიტიზება ჩვენს უნივერსიტეტს, თორემ ვისაც უნდა გამოვიდეს და თუ უნდა, ლანძღოს ხელისუფლება, ხმას არავინ გასცემს, სანამ კონკრეტულად მათ დანაშაულობებზე არ იტყვის არაფერს.
უნივერსიტეტის მაღალ თანამდებობებზე მყოფი თანამშრომლები ძვირადღირებული მივლინებებით არიან განებივრებულნი, უცხოეთში კონფერენციებზე კი მხოლოდ რექტორატის რჩეული პროფესურა დადის. წელიწადში 4-5-ჯერ და მეტჯერაც მიდიან ასეთი ვიზიტებით, ზოგი პროფესორი კი 10-15 წელია, საერთოდ არ ყოფილა მივლინებაში. აქაც შერჩევით ხდება პრივილეგიების მიღება. 31 იანვარს იყო აკადემიური საბჭოს არჩევნები და რა თქმა უნდა, ის ხალხი გაიყვანეს, ვინც თავად ფრანგიშვილმა და მისი გუნდის წევრებმა მოინდომეს. საიტზეც იყო, რომ ერთ-ერთი აკადემიური საბჭოს წევრს, სიჭინავას, დაუკმაყოფილეს განცხადება და ერთი თვის ხელფასი მისცეს, როგორც დახმარება. მეორე აკადემიური საბჭოს წევრს მისცეს თანხა იმიტომ, რომ წიგნი უნდა დაწეროსო... ასეთ შეღავათებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავიანთ ხალხს უკეთებენ. ყველა პროფესორი წერს წიგნს, მაგრამ დაბეჭდვას ყველა ვერ ახერხებს. ვინც მათთან არის კი მათ უფასოდაც უბეჭდავენ წიგნებს და თანხებს ტექნიკური უნივერსიტეტი ფარავს. პირადად ერთხელ ძლივს მოვახერხე უნივერსიტეტის დახმარებით წიგნის დაბეჭდვა, მაგრამ ბევრია ისეთიც, რომლებმაც ვერასდროს ვერ შეძლო, მათი წიგნის გამოცემა უნივერსიტეტიდან რომ დაფინანსებულიყო. ისინი საკუთარი ხარჯებით აკეთებენ ამას, ან ვერ აკეთებენ.
ისევ არჩევნების საკითხს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, მესამე ვადით, უმაღლეს სასწავლებელში დეკანი ან რექტორი აერჩიოთ. კანონიც ასე ამბობს, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი და თუ ესეც გაუვიდათ, დიდი დომხალი იქნება. ყველას მოუნდება კენჭისყრა მესამე ვადით და შეიქმნება უკანონობების დიდი `ბუკეტი~.
არჩეული რექტორი რეგისტრაციას გადის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში. თავდაპირველად, ამ ცენტრმა მესამედ რექტორად არჩეული ფრანგიშვილი არ გაატარა რეგისტრაციაში, მაგრამ ბოლოს, ეტყობა, ჩააწყო და მაინც გაატარეს. ასე რომ, საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებული მაფიის წევრებთან და ამ მაფიის წევრები არიან როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
_ როგორც გვითხარით, სასამართლოშიც შეიტანეთ სარჩელი და რას სთხოვთ სასამართლოს?
_ დიახ, სასამართლოში შევიტანე სარჩელი და უნივერსიტეტის შესაგებელი სარჩელიც მივიღე, რომელიც ძალიან უსუსურია. კანონის მოთხოვნას ამართლებენ დადგენილებით და წესდებით. კანონში კი ასეა, მაგრამ წესდებაში სხვანაირად გვიწერიაო. კანონის უპირატესობაზე ქვემდებარე აქტებთან მიმართებით ახლა აღარ ვილაპარაკებ, რადგან ეს ძალიან მარტივი რამ გახლავთ. სასამართლოსგან ვითხოვთ რექტორის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას, რადგან ის ჩატარდა კანონის მოთხოვნების დარღვევით. იმედი მაქვს, რომ სასამართლოში ვიპოვი სამართალს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, გავასაჩივრებ და რაც ხდება, ამასთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას გავგზავნი საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვა ქვეყნების განათლების სამინისტროებში, ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში. ყოველმხრივ შევეცდები, რომ არ გახდეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ გამოთქმული ჩემი აზრი „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
,,ქრონიკა+“ კომენტარისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა:
,,მადლობას მოგახსენებთ, რომ კკომენტარის გაკეთების საშუალება მოგვეცით. გაცნობებთ, რომ ინტერვიუ, რომელიც ბატონმა ტყეშელაშვილმა გაზეთ „ქრონიკა+“-ს მისცა, არის ბოლო პერიოდში მის მიერ მასმედიის სხვადასხვა საშუალებისთვის მიცემული ინტერვიუების გადამღერება!
ტყეშელაშვილის ინტერვიუებიდან, რომლებიც პრესის საშუალებით უკვე გავრცელებულია, ჩანს, რომ ამ ბატონის ინფორმირებულობის „მარაგი“ იმდენად მწირია, რომ ყველა მედიაგამოცემაში ერთსა და იმავეს იმეორებს და რაც მთავარია, მის მიერ მოყვანილი ყველა „ფაქტი“ არის მტკნარი სიცრუე, სიყალბე და ემსახურება ჟურნალისტების, მათი მეშვეობით კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა რამდენჯერმე გასცა პასუხი იმ სიყალბეებს, რაზედაც ბატონი ტყეშელაშვილი საუბრობს, ამიტომ ამჯერად აღარ დავკონკრეტდებით! ბატონ ტყეშელაშვილს კი შევახსენებთ, რექტორის არჩევნების წინა პერიოდში, სამოქმედო გეგმის წარდგენისას, აკადემიური საბჭოსა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის სერიოზული წინსვლა, მაგრამ ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს! ე. ი. რაკი ტყეშელაშვილი არაინფორმირებულია, იმიტომ რომ მას არ შეუძლია (საინტერესოა, რატომ? არ იცის, თუ სურვილი არ აქვს, ან „პრინციპულად“ არ უნდა?!), ისარგებლოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდით და მიიღოს ინფორმაცია, დამნაშავეა ყველა, გარდა თავად ბატონი ტყეშელაშვილისა?
ალბათ, საინტერესოა, რატომ არ განაცხადა იმ „დარღვევების“ შესახებ ბატონმა ტყეშელაშვილმა თავისი სამოქმედო გეგმის წარდგენისას (სხდომას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, ჟურნალისტები და მიდიოდა ჩაწერა), რის შესახებაც ჟურნალისტებთან საუბრობს ასე დაუღალავად? პასუხი მარტივია: მას პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური საბჭო კვალიფიციურ პასუხს გასცემდნენ, რაც კიდევ ერთხელ დააკნინებდა მის „ამოუწურავ, უკიდეგანო შესაძლებლობებს“! ამავე შეხვედრაზე ბატონმა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მეგობრებმა სთხოვეს, კენჭი ეყარა და ამიტომ ჩაერთო არჩევნებში. სწორედ ეს და მის მიერ წარმოდგენილი უსუსური „სამოქმედო გეგმა“ გახდა მიზეზი საბოლოო შედეგისა _ 16 მოწინააღმდეგე, არც ერთი მომხრე! ვფიქრობთ, ბატონ ტყეშელაშვილს არ უნდა გაჰკვირვებოდა შედეგი. „მეგობრების რჩევის“ გამო რექტორობამონდომებული ხელმძღვამელი, ვფიქრობთ, უნივერსიტეტის იმიჯზე დადებითად არ აისახებოდა!
ერთადერთი საკითხი, რომელსაც ბატონი ტყეშელაშვილი ჟურნალისტებთან და პროფესურასთან არ ცვლის, არის რექტორის და აკადემიური საბჭოს არჩევნები და აქაც ამჟღავნებს, რომ ერთმანეთისგან ვერ არჩევს საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს. ამით შეცდომაში შეჰყავს ჟურნალისტები და საზოგადოება! აქვე დავძენთ, რომ ბატონმა ტყეშელაშვილმა საჩივრით მიმართა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს. სამინისტრომ, თავის მხრივ, შეისწავლა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და ტყეშელაშვილის ყველა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია!
ბატონი ტყეშელაშვილი საუბრობს ხელფასის კოეფიციენტზე და „მოწმედ“ მოჰყავს კანონი. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გარკვეულია, თუმცა არის „უმნიშვნელო“ დეტალი, რომელზედაც, რატომღაც, ბატონი ტყეშელაშვილი დუმილს ამჯობინებს, ან, უბრალოდ, არ იცის და კვალიფიციურ ადამიანს რომ ჰკითხოს, არ უნდა: ვიდრე პარლამენტი მიიღებდა შესაბამის კანონს, გაცილებით ადრე, სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ და სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოეღოთ ხელფასის განსაკუთრებული ნიხრი, უცხოენოვან პროგრამაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ეს პირდაპირ იყო დაკავშირებული უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან, ინტერნაციონალიზაციის გაუმჯობესებასთან.
ბატონი ტყეშელაშვილი საუბრობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაკარგულ ქონებაზე და აცხადებს, რომ ეს 2005 წელს დაიწყო. დიახ, ასე იყო, მაგრამ რა შუაშია რექტორი? ამ დროს ბატონი ფრანგიშვილი რექტორი არ ყოფილა და თუ „ხმის ამოღებაზე“ ვსაუბრობთ, როგორც ფრანგიშვილს, ისე ტყეშელაშვილსაც (ასევე, დანარჩენ პროფესურას) შეეძლო, მომხდარი გაეპროტესტებინა. ინფორმაციის სიმწირეს რომ არ განიცდიდეს ბატონი ტყეშელაშვილი, ეცოდინებოდა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან წაღებული ქონების კანონიერების შესახებ შესაბამის ორგანოებში გამოძიება მიმდინარეობს! ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია! აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არასდროს არავინ დაუსაქმებიათ პარტიული ნიშნით და არც პარტიული ნიშნით გაუთავისუფლებიათ არავინ. ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ტყეშელაშვილმა! ისიც იცის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ იმ ადამიანების მცირე ჯგუფი (ან ჯგუფიდან თუნდაც ერთი პირი), რომლებიც რედაქციებში დადიან და მსგავსი აბსურდული ინფორმაციების შემცველ ინტერვიუებს აძლევენ მედიასაშუალებებს.
ბატონი ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ მან მიმართა სასამართლოს და თურმე სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს და რომ სასამართლო თუ არ დააკმაყოფილებს მის სარჩელს, ის საქმის კურსში ჩააყენებს ყველას „შინ და გარეთ“. ბატონმა ტყეშელაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მსგავსი განცხადება არის სასამართლოზე ზეწოლისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მუქარის მცდელობაც. კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: ბატონი ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ თურმე სამინისტროში ფრანგიშვილმა „ჩააწყო“ საქმე და ამიტომ დაამტკიცეს ის რექტორის თანამდებობაზე. აკადემიურმა საბჭომ არჩილ ფრანგიშვილი აირჩია 18 იანვარს. რეგისტრაციაში გატარების ბოლო ვადა იყო 22 თებერვალი, 15 თებერვალს ბატონმა არჩილ ფრანგიშვილმა მიიღო ოფიციალური დოკუმენტი რექტორის თანამდებობაზე რეგისტრაციის შესახებ. ვსვამთ კითხვას: რატომ ავრცელებს ბატონი ტყეშელაშვილი ცრუ ინფორმაციას და იცის თუ არა მან, რომ მსგავსი ცრუ განცხადებები კანონით დასჯადია?! კარგი იქნება, თუ ბატონი ტყეშელაშვილი გაითვალისწინებს ყოველივეს და სხვა დროს, როცა ჟურნალისტთან საუბარს გადაწყვეტს, კონსულტაციას გაივლის კომპეტენტურ პირებთან. დარწმუნებული ვართ, ამის შემდეგ რედაქციების კარს სამუდამოდ დაივიწყებს.“
ნელი ვარდიაშვილი