არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, „ქართული ოცნების“ საოცნებო კომფორტებზე გვესაუბრა. მან გვითხრა და დოკუმენტაციითაც დაგვიმტკიცა, რომ სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა 2016 წელი საკუთარი კომფორტის შექმნით დაიწყო და რბილ, გორგოლაჭებიან სავარძლებთან ერთად, ყავის მაგიდები და სხვა ავეჯი მოიმარაგა. შენგელია ამბობს, რომ ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
ბესო შენგელია:
_ 2016 წლის თებერვალი და მარტი სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ ავეჯის შეძენის მიზნით ჩატარებული ტენდერებით გამოირჩევა. ზოგი ტენდერი ამჟამადაც მიმდინარეობს და ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ფაქტია, თითქმის ყველა თვითმმართველი ერთეული ავეჯს ყიდულობს. დავიწყებ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან:
როგორც ცნობილია, 28 იანვარს იქ გამგებლის არჩევნები ჩატარდა და `ქართული ოცნების~ კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ფაქტია, 10 თებერვლამდე ის ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩაერთვებოდა სხვადასხვა ფორმალობის გამო, მაგრამ მივიდა თუ არა სამსახურში, პირველი ის გააკეთა, რომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ავეჯის შესყიდვის თაობაზე. ეტყობა, ახალ სკამზე თუ არ დაჯდებოდა, ისე უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდა.
_ ტენდერით მხოლოდ საკუთარი სავარძელი შეიძინა?
_ 29 თებერვალს დასრულდა ტენდერი. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ გამგეობისთვის, ეს გახლდათ ძალიან რბილი, გორგოლაჭებიანი სკამი. გარდაბნის გამგეობამ ტენდერი 26 800 ლარზე გამოაცხადა, რომელშიც შედიოდა: ერთი სათათბირო მაგიდა, ორი საოფისე მაგიდა, ვიზიტორის 12 განსხვავებული სკამი და კიდევ 12 სკამი, ორი რბილი სკამი ერთმანეთისგან განსხვავებული, ერთი კარადა, საოფისე სამეული და ყავის მაგიდა. ამ დრომდე, რადგან ყავის მაგიდა არ ჰქონდათ, გარდაბანში ეტყობა, ამიტომ ვერ მუშაობდნენ სათანადოდ. წესით, ახლა, ამ მუნიციპალიტეტს უნდა ეშველოს, რადგან სპეციალურ მაგიდასთან მირთმეული ყავა უფრო ეფექტურს გახდის გამგეობის მუშაობას.
ტენდერით ვაჭრობის მესამე ეტაპზე გაიმარჯვა „აიდეა გრუპმა“ და ეს ყველაფერი მას 16 760 ლარად უნდა შეესრულებინა, მაგრამ დოკუმენტებიდანაც ჩანს, რომ მისი დისკვალიფიკაცია მოახდინეს, ახლა კი ფიქრობენ, ეს ტენდერი ინდივიდუალურ პირს გაუფორმონ, რომელიც ამბობს, რომ ამ ტენდერის პირობებს 19 400 ლარად შეასულებს, თუ კომპანია „ბელუქსს“, რომელსაც სატენდერო პირობების საწყის თანხად, 26 800 ლარად აქვს შეთავაზება გაკეთებული. საინტერესო ფაქტი გახლავთ ისიც, რომ ინდმეწარმე ოთარ მაჭარაშვილი ადიგენშია დარეგისტრირებული და გაუგებარია, რა წვდომა აქვთ ერთმანეთთან?
ჩვენს მკითხველს უკვე გავაცანით ფაქტები, როცა „ოცნების“ მთავრობამ, კონკრეტულად კი ერთ-ერთმა სამინისტრომ, ტენდერის პირობებში კონკრეტულად „ბელუქსის“ ავეჯი და ყავის მაგიდა მოითხოვა, ამიტომ ამჯერადაც არ გაგვიკვირდება, თუ გარდაბანშიც „ბელუქსს“ მიანიჭებენ უპირატესობას. ვერ გეტყვით, ეს რატომ ხდება, შეიძლება იმიტომ, რომ ეს ფირმა მოდურია და ქართველებს პომპეზურობა უყვართ, ანდაც სხვა რამ ხდება. ყველამ კარგად იცის, რომ გოჩა ჯამარაული, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, თავის დროზე, სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობდა. ფეხბურთელების კომპანიების _ „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ და „კია ცენტრის“ ერთ-ერთი მოწილე იყო სწორედ ჯამარაული და ამიტომ არ გაგვიკვირდება, სხვა კომპანიასთანაც რომ აღმოჩნდეს კავშირში.
_ რბილი სავარძელი კიდევ ვინ ისურვა?
_ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერიც ძალიან საინტერესოა. ეტყობა, საქართველოს გზებსაც იმიტომ არ შველიან, რომ არ აქვთ 15 საოფისე სავარძელი, 50 გორგოლაჭებიანი საოფისე სავარძელი და 12 საკონფერენციო სკამი. მათ ამ ტენდერით მოითხოვეს ეს ნივთები, სულ 23 ათასი ლარი და 77 სკამს ყიდულობენ. როცა ვიანგარიშეთ, თითო სკამის ღირებულება 298 ლარი გამოვიდა. გზები ვერ გაუკეთებიათ და გორგოლაჭებიანი სკამები მაინც ხომ უნდა იყიდონ და ოფისში ამით იგორაონ, ორმო იქ არ არის და არაფერი. საქმე ის არის, რომ ეს დეპარტამენტი დიდი ხანია არსებობს და დაუჯერებელია, რომ აქამდე ოფისში სკამი არ ჰქონდათ, ან ყველა ერთად გაუფუჭდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა თანამშრომელს გორგოლაჭებიან სკამზე მოუნდა წამოსკუპება და უარიც არ უთხრეს.
ასევე საინტერესო ტენდერი ეკუთვნის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს, რომლის უფროსიც არის გია შიხიაშვილი. ვეტერანები ხომ ააყვავეს და ახლა, ეტყობა, ოფისის აყვავებას აპირებენ. 182 425 ლარად 20 დასახელების 300-ზე მეტ ნივთზე აქვთ ტენდერი გამოცხადებული. მე ვარ მათ ოფისში ნამყოფი და როგორც მახსოვს, ყველა ავეჯი ჰქონდათ. ახლა, ამდენი რამე რისთვის სჭირდებათ, არ ვიცი. ეტყობა, ვიღაცამ აქაც კომფორტში ყოფნა გადაწყვიტა და ყველას კაბინეტებს უწყობენ. ყველაფერი ზომებით აქვთ მითითებული _ მაგიდა, მის უკან ბაინბდერები, კარადები, წიგნების თაროები და ა. შ. ცალკე აღნიშვნის ღირსია სასადილო, რომლის მოწყობაც იდეალურად უნდათ. რა თქმა უნდა, ამ ტენდერშიც წერია ყავის მაგიდა, რადგან მის გარეშე მუშაობა და ვეტერანების დახმარება წარმოუდგენელია. სინამდვილეში კი ეს არის მარაზმი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოცხადებული აქვს ტენდერი 18 770 ლარზე და აქედან 15 ათას ლარად ისიც ყიდულობს ავეჯს. რეალურად, მათ ავეჯზე რამდენიმე ტენდერი აქვთ. ერთ-ერთში უწერიათ, რომ ყიდულობენ გორგოლაჭებიან სკამებს და მაგიდებს, 10-ათასლარიან ტენდერში კი მითითებული აქვთ, რომ ყიდულობენ სამზარეულოს და ა. შ.
მარტვილის მუნიციპალიტეტს აქვს 24 ათას ლარზე ტენდერი გამოცხადებული ავეჯის შესაძენად. ეს ორი მუნიციპალიტეტი იმიტომ გამოვყავი, რომ ორივემ ტენდერი თებერვალში დაასრულა, მაგრამ ტენდერებზე ხელშეკრულებების გაფორმება ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ. არადა, დოკუმენტაციის იქით-აქეთ გადაგზავნ-გადმოგზავნას და გაფორმებას ერთი კვირაზე მეტი არ უნდა.
_ ეს ყველაფერი რაზე მიგვანიშნებს?
_ კარგ შემთხვევაში მიგვანიშნებს მასზედ, რომ მუნიციპალიტეტები ვერ ფუნქციონირებენ ეფექტიანად და ჩქარ ტემპებსა და ვადებში არ შეუძლიათ ფუნქციონირება, ცუდ შემთხვევაში კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან „ალაგებენ“ ფასების ბიჯს, რომ მერე „ატკატები“გააკეთონ. ასეთია ჩემი ვარაუდი, რადგან არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა კომპანია 15-ათასლარიან ტენდერში იმარჯვებს და შემდეგ, რატომღაც, თანხას 2-3 ათასი ლარით უზრდიან. გამარჯვების შემდგომ ბიჯის აწევა არის უკანონობა, მაგრამ ეს მაინც ხდება ხოლმე. ამიტომაც ეჭვი, რომ შეიძლება აქაც ასეთი რამის გაკეთება უნდათ, ცხადია, არსებობს.
იანვარში, სანამ გარდაბანში არჩევნები ჩატარდებოდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც შეიძინა კიდევ საოფისე ავეჯი 10 710 ლარად. ეტყობა, უნდოდათ, რომ მოახლოებულ არჩევნებს რბილად დამსხდარნი შეხვედროდნენ. ავეჯომანიის სამთავრობო კამპანიას არ ჩამორჩნენ სიიპ-ები და ააიპ-ებიც. საქართველოს ბოტანიკურმა ბაღმაც კი იყიდა ამ წელს ავეჯი. თავიდან მეგონა, რომ ბაღში დასადგმელ სკამებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ტენდერი გამოაცხადეს სამ მაგიდაზე, ექვს კარადაზე, 32 საოფისე და 6 გორგოლაჭებიან სავარძელზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტი 5900 ლარად ყიდულობს ავეჯს. ასევე ავეჯი უნდა თბილისის საკრებულოს აპარატსაც.
_ აზიური ოთახის შემდგომ რას აკეთებენ?
_ აზიური ოთახის მერე მათგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ახლა 98 კვ.მ. საარქივო თაროების გაკეთება უნდათ და თანხად 9800 ლარი ჩაწერეს, 2400 ლარად კი მოლბერტებს ყიდულობენ.
შს სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის სამმართველო 31 000 ლარად 100 ცალ ნაჭრის გორგოლაჭებიან სავარძელზე აცხადებს ტენდერს, ხოლო ცალკე პუნქტად აქვთ _ 10 ცალი ხელმძღვანელის სავარძელი ბადით. იქნებ, თქვენ მაინც მითხრათ, რადგან მე ვერ ვხვდები, ავეჯის მაღაზიაში როგორ უნდა გავიგო, რომელია ხელმძღვანელის სკამი? მათ ესკიზებიც კი აქვთ მითითებული.
ამ ყველაფერს არც საჩხერის მუნიციპალიტეტი ჩამორჩა და 18220 ლარად ისიც ყიდულობს ავეჯს. საარჩევნო წელია და ეტყობა, უნდათ, ამ წელს სრულ კომფორტში იყვნენ, ანდაც ჰგონიათ, რომ მომავალი 4 წელიც ეს ადგილები გარანტირებული აქვთ და ცდილობენ, რბილად ისხდნენ და ასე სვან ყავა. საჩხერის თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს ოფისის 30 ცალ მაგიდაზე, ასევე რამდენიმე ოფისის მაგიდაზე მისადგმელით, ოფისის სკამებზე ნახევრად რბილსა და საშუალო ზომის 43 ცალზე, მოსაბრუნებელ, ჰიდრავლიკურ სკამზე. სახელებს ისე სასაცილოდ წერენ, ტირილი მოგინდება. ჩამოთვლილი აქვთ: ოფისის კარადა _ 14 კაცი, პატარა მაგიდა 1, სამზარეულოს კარადა, 3 ცალი კედლის თარო, კედლის თარო _ 8. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება ამის წაკითხვის შემდეგ, რომ ამ მთავრობას დასაჯდომი არ ჰქონია და რას ვერჩით? ფეხზე დგომით დაღლილებს კი რა საქმის გაკეთებას ვთხოვთ? ვერც კი წარმოვიდგენდი, საჩხერეში სკამის პრობლემა თუ ექნებოდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ავეჯზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. ახლად შექმნილი სამსახურია და შეიძლება, ავეჯი სჭირდებოდეს, მაგრამ აქ რა თანხაც არის წამოდგენილი, შეუძლებელია, ამდენი სჭირდებოდეს.
_ რა არის ასეთი წარმოდგენილი, რას ითხოვენ?
_ ტენდერი #39100000 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 202 900 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ ავეჯის ყველა სახეობას. სამუშაო მაგიდას 20 მისადგმელით, მაგიდა 15 ცალი, მაგიდა 4 ადამიანზემ მაგიდა 20 ცალი, თარო 40 ცალი, ხელმძღვანელის მაგიდა 20 ცალი, სამუშაო მაგიდა 20 ცალი, ხელმძღვანელის მაგიდა კიდევ 10 ცალი, ხელმღვანელის მაგიდა კიდევ 2 ცალი, სათათბირო მაგიდა 2 ცალი, სხვანაირი სათათბირო მაგიდა 2 ცალი, ტანსაცმლის კარადა 40 ცალი, კარადა 80 ცალი. ხუთი დესაო... კარგია, რომ „გორკაც“ არ უწერიათ და ბაროკოსა და როკოკოს ჭურჭელი. ასევე ყიდულობენ კომბინირებულ კედელ კარადას, სამზარეულოს ნაკრებს და ა. შ. სახლებში რომ ვაკეთებთ ჩაშენებებს, აქაც ისეთივე სამზარეულოს მოწყობილობებს ითხოვენ. ფოტოებიც არის ამ ყველაფრის, კი არ ვხუმრობ. რეგიონული განვითარების სამინისტრომ 4 500 ლარად ტენდერი გამოაცხადა ავეჯზე. საინტერესო აღწერილობებია: ზედაპირი მაღალი, ხარისხიანი ტყავის შემცველი, ორშრიანი, პოლიურათენი, ფეხი ქრომირებული, მეტალის სისქე 1,8, ფეხი შავი, დასაჯდომის სიმაღლე, ტყავის, საზურგის სიგანე და ა.შ. კარგად ირგებენ, რა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს ტენდერს და უნდა საოფისე კარადა, მისადგმელი, კუთხის და მაგიდის მისადგმელები, ტუმბო უჯრებით, ტანსაცმლის კარადა, მოძრავი ტუმბო... 30 ათას ლარზეა საუბარი. რუსთავის მერიას უნდა შეიძინოს სათათბირო მაგიდა 4 ათას ლარად. რა ხდება, ვერ აგიხსნით. ეს სხვა არაფერია, თუ არა არამიზნობრივი ხარჯვა.
_ ძველი ავეჯი სად მიაქვთ, ისიც საინტერესოა, თუმცა არა მგონია, ისე იყოს დაძველებული, რომ აღარ გამოდგეს. ამ კუთხით რა ხდება, ხომ არ იცით?
_ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებას აქვს თავისი საწყობები. ეს საწყობები რომ საჯარო გახადონ და იქ შეხვიდეთ, გულზე შემოგვეყრება, ისეთი რამ ხდება. ათასობით და ათიათასობით ნივთი ფუჭდება. ძირს უყრიათ კომპიუტერები. ზუსტად ვიცი, რომ დევნილთა სამინისტროში უამრავი ტელევიზორი და მაცივარია საწყობში ჩაყრილი. თქვენ თბილისის მერიის საწყობი უნდა ნახოთ!!! საწყობში, რომელიც არის „პეპელას“ ტერიტორიაზეა, ზუსტად ვიცი, რომ ძველი მონიტორები და კომპიუტერებია, რომლებიც საცოდავად ყრია, თუმცა მასზე ძველს ვერ ვიტყვით. 5-6 წლის წინათ შეძენილი კომპიუტერებია. ტექნიკა განაახლეს და ის ჩამოწერეს და დაყარეს. იქ ეს ყველაფერი ცხადია, ფუჭდება. ეს მაშინ, როცა უამრავ ადამიანს ენატრება ასეთი ნივთები, ესენი აფუჭებენ და მათ მაინც არ აძლევენ. მერიის საწყობი ნაგავს მიაქვს. სხვა თუ არაფერი, ადგნენ და ეს კომპიუტერები ბავშვებს დაურიგონ...
„ქრონიკა+“ იმ მუნიციპალიტეტებს, სამინისტროებსა და სიპებს დაუკავშირდა, ვისზედაც რესპონდენტი ვრცლად საუბრობს:
გარდაბნის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი, მარი ქარდავა: „ახალი ავეჯის შესყიდვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ გამგეობისთვის 2015 წელს რეაბილიტირებული იქნა ახალი შენობა. ძველ შენობაში საკრებულოს და გამგეობას ოთახები არ ჰყოფნიდათ და სივიწროვეში უხდებოდათ მუშაობა, ახალ შენობაში კი ავეჯი არ იდგა და ცარიელ ოთახებში ხომ არ ვიმუშავებდით? ეს ტენდერი ბატონი გოჩა ჯამარაულის დავალებით არ გამოუცხადებიათ და რადგან ყოფილი გამგებელი 2015 წლის ბოლოს გარდაიცვალა, იმ დროს ტენდერი ვერ გამოცხადდებოდა. ეს უნდა მომხდარიყო წლის დასაწყისში“.
რაც შეხება გამარჯვებული კომპანიისთვის დისკვალიფიკაციის მიცემას, მათი თქმით ამ კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, ფასები ვერ დააზუსტა და ამიტომ მას დისკვალიფიკაცია სამი დღის გასვლის შემდგომ მიეცა. „ახლა მეორე რიგში მდგომმა ინდმეწარმემ უნდა წარმოადგინოს სამ დღეში ეს ყველაფერი და მას ველოდებით. ჩვენთან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით არაფერი ხდება და აქედან გამომდინარე, „ბელუქსთანაც“ არავითარი ახლო ურთიერთობები არ გვაქვს“, _ დასძინა მარი ქარდავამ.
მარტვილის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ ტენდერი მართლაც გამოცხადდა და მოიგო კომპანიამ, რომელიც 19 393 ლარად შეისყიდის მითითებულ ავეჯს: „დღეს გაფორმდა ეს ხელშეკრულება და ამ კუთხით შეფერხება არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაგვჭირდა ახალი ავეჯი, წინათ საკრებულო და გამგეობა ერთ შენობაში იყო განთავსებული, საკრებულო ახალ შენობაში გადავიდა და ამიტომ გახდა საჭირო ახალი ავეჯის შეძენა“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი გვითხრეს, რომ ეს ტენდერები მათ არ გამოუცხადებიათ. აღმოჩნდა, რომ არსებობს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. მათმა პრესამსახურმა ასეთი კომენტარი გამოგვიგზავნა: „მოგახსენებთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მერია ახლად შექმნილი სტრუქტურული ერთეულია და ბუნებრივია, მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვას საჭიროებს“.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო:
„საავტომობილო გზებში არსებული სკამების უმეტესობა დაზიანებულია, გამოსულია მწყობრიდან და გამოუსადეგარია, რის გამოც აუცილებელი გახდა სკამების შესყიდვა. იმ ოთახებში, სადაც ხშირად უწევთ სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ გარეშე პირების მიღება დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, არ არის დამატებითი სკამები სტუმრების მისაღებად. თუმცა ტენდერი გამოცხადდა არა სრულ საჭიროებაზე, არამედ სკამების მინიმალურ რაოდენობაზე. დაზიანებული სკამების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით“.
ფოტო
ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ჟანა ასანიძე:
„მოგახსენებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2014 წლის 23 იანვარს შეიქმნა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამსახურის ბალანსზე ამ ეტაპისთვის არანაირი სახის ავეჯი არ არის. ის ავეჯი, რომლითაც ახლა ვსარგებლობთ, არის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილება, ხოლო მეორადი ავეჯი მიღებული გვაქვს შსს-დან. სამსახური განთავსებულია გორგასლის 89-ში ეროვნული გვარდიის შენობის პირველ სართულზე. 106 საშტატო ერთეულისთვის საჭირო ავეჯი ამ ეტაპისთვის არსებულ შენობაშიც არ მოიპოვება, რადგან ორი თანამშრომელი ზის ერთ მაგიდასთან, ხოლო ერთ ოთახში ზის 8-10 თანამშრომელი. ამის ამსახველ ფოტოსურათებსაც წარმოგიდგენთ. როცა ვეტერანი პრობლემის მოსაგვარებლად მოდის, ხშირად თანამშრომლებს მათი დახმარებისთვის ზრუნვა დერეფანში უხდებათ, რადგან ოთახში საუბრისთვის შესაბამისი გარემოც კი არაა. ვინც ერთხელ არის ნამყოფი ჩვენს შენობაში, ამაში ადვილად დაგვეთანხმება. უახლოეს პერიოდში სამსახური გადადის ახალ შენობაში, სადაც მუშაობის ნორმალური პირობებისთვის და ვეტერანებისთვის კარგი გარემოს შესაქმნელად საჭიროა პირობები, მათ შორის, ავეჯი. ამ მიზნით გამოვაცხადეთ ტენდერი, რომლის მიზანიც სწორედ ხარჯების დაზოგვა და მინიმალურ ფასად ავეჯის შეძენაა კანონის სრული დაცვით. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ტენდერის ჩამონათვალში ყავის მაგიდა შეტანილი საერთოდ არ არის. შენობა, რომელშიც განთავსდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, იქნება ვეტერანების სახლი და ის, ვისაც უნდა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა გახდეს მეორეხარისხოვანი, მინდა იცოდეს, რომ ასე არ იქნება, ვეტერანებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ყველაფერი საუკეთესო: ოფისიც, მზრუნველობაც და დაფასებაც“.
საჩხერის მუნიციპალიტეტში შესყიდვების განყოფილების უფროსს, გიორგი ციხიშვილს ვესაუბრეთ. მან დაგვიდასტირა, რომ ტენდერი მართლაც გამოაცხადეს, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე: „რა ავეჯიც გვაქვს, უკვე დაძველებულია და დაზიანებული, მაგიდების უჯრები არ იხსნება, ტყავი ძვრება, კარი ვარდება და ამიტომ გადაწყდა ამის გაკეთება“.
ცხადია, „ქრონიკა+“ შს სამინისტროსაც და უშიშროების სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა მათგან კომენტარები ვერ მიიღო.
ნელი ვარდიაშვილი