QronikaPlus
გიორგი ყუფარაძე: ,,როცა ჩვენი დასაჭერი სიები მზადდებოდა, სადღობელაშვილი ეიფელის წინ სურათებს იღებდა!“

გიორგი ყუფარაძე: ,,როცა ჩვენი დასაჭერი სიები მზადდებოდა, სადღობელაშვილი ეიფელის წინ სურათებს იღებდა!“

2016-03-22 10:48:48

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“, რომელიც, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ შეიქმნა, ხმაურიანი განცხადებებით და აქციებით გამოირჩევა. თავიდან თაობელების სამიზნე ყოფილი ხელისუფლება და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები იყო, რის გამოც აღნიშნული ორგანიზაციის აქტივობებს „ქართულ ოცნებას“ მიაწერდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მათი ლიდერი „ნაცების“ კრიტიკას, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების ლანძღვასაც უთავსებს, რის გამოც ამ უკანასკნელის მიმართ მმართველი კოალიციის მხარდამჭერების ნაწილი განაწყენდა. ლადო სადღობელაშვილის მხილება უკვე ყოფილმა თანაგუნდელებაც დაიწყეს. რატომ შეიცვალა დროის მოკლე მონაკვეთში არაერთი თაობა „თავისუფალ თაობაში“? რატომ ესაუბრება მმართველ კოალიციას შანტაჟის ენით ლადო სადღობელაშვილი? ვინ იდგა და ვინ დგას მის უკან ახლა? „ქრონიკა+“ „თავისუფალი თაობის“ ყოფილ წევრს, ყოფილ სამართალდამცველს _ გიორგი ყუფარაძეს ესაუბრება: _ დავიწყოთ თავიდან: როდის და რა მიზნით გადაიკვეთა თქვენი და ლადო სადღობელაშვილის გზები? _ როდის შევხვდი პირველად ლადო სადღობელაშვილს, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ვინ დამაკავშირა და რა ვითარებაში გავიცანი, ამას კი მოგიყვებით: ჩემმა მეგობარმა, ანი დარსალიამ მთხოვა, რაღაც ჯგუფი იქმნება, შეიძლება შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციად გადაკეთდეს, წამოდი, შენც გაწევრიანდი, საინტერესო პროექტიაო. შეხვედრა ლადოს სახლში შედგა, თავიდან საუბარი წავიდა, რომ მხიარულთა და საზრიანთა გუნდისთვის საგულშემატკივროდ დიდი ჯგუფი უნდა შექმნილიყო. _ უკაცრავად, დასაწყისშივე რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დავიბენი, უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი მკითხველებისთვის, _ რა შუაშია ლადო სადღობელაშვილი მხიარულთა და საზრიანთა კლუბებთან? _ ახლავე აგიხსნით ყველაფერს: გაგებული გექნებათ _ პოლიტიკოსები და სხვადასხვა ტიპის რადიკალური ჯგუფები, ათას ხერხს მიმართავენ ახალგაზრდების მისაზიდად. იუმორისტების, სპორტული ფანატების და პოპულარული ადამიანების გადაბირება კი კარგად ნაცადი ხრიკია, ვინაიდან პარტიული დროშების ფრიალი ახალგაზრდების დიდ ნაწილს მაინც არ ხიბლავს. ჰოდა, გასართობ ღონისძიებებს ამოფარებულებს სურდათ კონკრეტული მიზნების განხორციელება. აქვე, არ დამავიწყდეს, იმ შეხვედრას აფიქსირებდა ფოტოგრაფი, რომელმაც სურათებიც გადაგვიღო „კავეენის“ ბანერის ფონზე. ალბათ, გამიმეორებთ კითხვას, _ სად სადღობელაშვილი და სად „კავეენი“? იმ შუაშია, რომ საუბარი იყო რუსულ ფულზე, ამ „კავეენის ფანატებს“ უნდა მოეწყოთ აქციები „ზონასთან“, „ნაცების“ ოფისებთან და ამ ყველაფრის უკან უნდა მდგარიყო რუსეთში მოღვაწე პიროვნება _ მიხეილ ხუბუტია. _ შემდეგ ეს გეგმა ჩაიშალა? ამ ეტაპზე მანსანკანთან და ხუბუტიასთან „თავისუფალ თაობას“ არ მგონია, რამე კავშირი ჰქონდეს. _ ეს გეგმა ჩაიშალა. ლადოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა, კარგად გავაანალიზე ყველაფერი და გადავწყვიტე, მსგავსი ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა არ მიმეღო. არ მაწყობდა, ხუბუტიასთან, მის ფულთან და ასეთ ბლეფთან რამენაირი შეხება მქონოდა. ერთი სიტყვით, სიტუაციას გამოვერიდე. _ თუმცა ლადო სადღობელაშვილის გვერდით კარგა ხანს იყავით... _ ეს ორგანიზაცია მხოლოდ ლადო სადღობელაშვილის არ იყო. „თაობა“ ერთი ადამიანის პირადი ამბიციებისთვის არ შექმნილა, ერთი ადამიანის ხუშტურების დასაკმაყოფილებელ ორგანიზაციას დიდი მომავალი არ გააჩნია! _ და მაინც, რა გახდა თქვენსა და ლადო სადღობელაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი? აქვე გკითხავთ, _ გამოგიშვეს თუ წამოხვედით? _ დაპირისპირება არც ყოფილა, დიდი ხნის მანძილზე არ ვეთანხმებოდი რაღაც-რაღაცებში და ბოლოს მე თვითონ, ჩემი სურვილით წამოვედი. არა მარტო მე, ორგანიზაცია წევრების 90%-მა დატოვა. _ თუ ღია დაპირისპირება არ ყოფილა, რატომ აკრიტიკებთ ლადო სადღობელაშვილს ბოლო პერიოდში? სოციალურ ქსელ `ფეისბუქის” საშუალებით, თქვენივე პირადი გვერდიდან „თავისუფალი თაობის“ ლიდერს არაერთი პოსტი მიუძღვენით. _ თავად ორგანიზაციაში არანაირი გაწევ-გამოწევა არ მქონია, მშვიდად წამოვედი. მიზეზი იყო ის, რომ ლადო სადღობელაშვილმა ორგანიზაციის ცენტრალურ მიმართულებას გადაუხვია. ჩვენ თავიდან შევთანხმდით, რომ ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე უნდა გვესაუბრა. თუ გინდა, იდეოლოგია დაარქვით ამას, რეალურად სამოქმედო გეგმა სულ სხვა იყო. ის ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი კოალიციის დისკრედიტაციით დაკავდა. _ იმის გამო გაიყარა თქვენი გზები, რომ სადღობელაშვილმა ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო? ჩემი აზრით, ამ განცხადებით თქვენ მას მომგებიან პოზიციაში აყენებთ, ვინაიდან ლადოს და მის მიერ მართულ ორგანიზაციას, როგორც წესი, ხელისუფლების სატელიტად მოიაზრებენ. _ ამ ხელისუფლებას მეც ვაკრიტიკებ. ვფიქრობ, მაქვს ამის მორალური უფლება, რადგანაც მმართველი კოალიციისთვის ერთი აგური მეც დავდე. ზოგადად კი არ დავუშვებ იმას, რომ ისეთმა ადამიანმა აკრიტიკოს „ქართული ოცნება“, რომელსაც არანაირი ღვაწლი არ აქვს პარტიაში. როდესაც ჩვენს დასაკავებლად სიები გამზადებული იყო, ეს პიროვნება ეიფელის კოშკის წინ იღებდა სურათებს და საფრანგეთიდან ივანიშვილს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები გვდევნიდნენ, სადღობელაშვილი ტურისტულ მოგზაურობაში გაემართა, თუმცა თავად ამბობდა, რომ პოლიტდევნილი იყო. მაგრამ ამ თემას არ ჩავუღრმავდები. მეორე საკითხი კი ისაა, რომ სადღობელაშვილს გეგმები ჩაუვარდა. მას ჰპირდებოდნენ, რომ მთავრობის ხაზით დააწინაურებდნენ. ეგონა, დეპუტატობას გამოჰკრავდა ხელს. რადგანაც ეს ასე არ მოხდა, გაბოროტდა და თავის ყოფილ პატრონებს ფურთხება დაუწყო. _ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ ჰპირდებოდა მას სამთავრობო დონეზე დაწინაურებას? _ შენც იცი მათი ვინაობა, შენც იცი, თუ როგორ აგულიანებდნენ კონკრეტული ადამიანები სადღობელაშვილს, არარეალურ რამეებს ჰპირდებოდნენ, თუმცა კი ფულს აძლევდნენ. _ მე ვიცი, რომ სანდრო ბრეგაძე იდგა მის უკან, ამის შესახებ „ქრონიკა+“-შიც დავწერეთ. რას იტყვით ბრეგაძეზე? რამდენად ერეოდა ის ორგანიზაციის შიდა სამზარეულოში? _ ამ ეტაპზე არ მინდა დაკონკრეტება, სხვა პიროვნებებს, თუ მე არ შემეხებიან, ცეცხლს არ გავუხსნი. სადღობელაშვილთანაც იგივეს გავაკეთებდი, თავად რომ არ გადმოეკვეთა წითელი ხაზები! _ თუ კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს იკავებთ, იქნებ, ის მაინც გვითხრათ, ხელისუფლებისგან იყო ფინანსური მხარდაჭერა? და რამდენს უხდიდნენ ყოველთვიურად? _ მხარდაჭერა ხელისუფლებისგან იყო, უფრო სწორად, ამ მთავრობის პირობებში დაწინაურებული პირების მიერ. მათ სჭირდებოდათ ლადო. გარდა ფინანსური ინტერესებისა იყო სხვა ინტერესებიც. მავანსა და მავანს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის უნდოდა „თავისუფალი თაობა“: გამაბრაზებ? მოგიქსევ სადღობელაშვილს. თავისიანებთან კი იტყოდნენ, _ „ნაცები“ გვებრძვიან? აგერ, ლადოს მოვაგერიებინებთ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ინფორმაციით, თვეში 20 000 ლარი იყო გამოყოფილი ამ საქმისთვის _ ნაწილი გზაში ტყდებოდა. _ ამჟამად რა ვითარება აქვთ? შეუწყდათ დაფინანსება? _ წინანდელთან შედარებით საგრძნობლად შეუმცირდათ დაფინანსება და ამიტომაც აჟღურტულდნენ ახლებურად! ფულის გამო მოხდა დაპირისპირება, ჯერ კიდევ, ახლად დაარსებულ ორგანიზაციაში. ორი-სამი თვის მოსული იყო ზურაბ გულორდავა, როცა ჩვენგან წავიდა. ეტაპობრივად სხვებიც წავიდნენ. საბოლოოდ კი არასამთავრობო ძირითადმა ბირთვმაც დატოვა. ახლა იქ პირველი თაობელებიდან მარიამ მინდორაძე და გიორგი ბაბუხადია დარჩნენ, სულ ორი აქტივისტი, დანარჩენს ლადო კონფლიქტით დასცილდა. ჭკვიანებმა იქიდან თავისი ფეხით გაასწრეს. _ ლადო სადღობელაშვილის ახალი სამიზნე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე _ იოსებ გოგაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი _ კახი კალაძე გახდა. როგორ ახსნით ამ ფაქტს? „ოცნება“ ფულს იხდის თავისიანების ლანძღვაში? _ ჩემი ვარაუდით, სადღობელაშვილი გოგაშვილს იმიტომ უტევს, რომ გოგაშვილმა და გომელაურმა დაფინანსება გადაუკეტეს. გომელაურს აგრესიულად ვერ ეხება, ივანიშვილის რჩეული კადრია, რის გამოც გოგაშვილს დაუწყო შეტევა. მან რეალური პოლიტიკური სურათი არ იცის. ყვირის იმას, რასაც სპონსორები ჩასძახებენ. სპონსორებთან არხი გადაეკეტა და შავ პიარზე გადავიდა. _ კალაძეს რაღას ერჩის? _ რაც ფინანსური რესურსი დაკარგა, მეორე გეგმას შეუდგა, ანუ რის იმედათაც იყო, მას ეგონა, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას ხელში ჩაიგდებდა, მაგრამ კახი კალაძეს „ოცნებაში“ სიტყვა ეთქმის და, სავარაუდოდ, ჩვენი ლადო მან დაბლოკა, რის შემდეგაც, ჩემი დაკვირვებით, სტრატეგია შეცვალა. განსხვავებით გოგაშვილისგან, კალაძეს ფრთხილად მოუსინჯა კბილი. პირველად კალაძეზე მინიშნებებით წერდა. ასეთმა გალაშქვრამ შედეგი ვერ გამოიღო. ეგონა, რომ კალაძეს შეეშინდება და „ოცნებაში“ არ დამბლოკავსო, მაგრამ ასე არ მოხდა, _ კალაძემ ლადო არ გაიკარა. შესაბამისად, ენერგეტიკის მინისტრის მიმართ გაჩაღებულმა კამპანიამაც არ დააყოვნა. _ ამჟამად ეს ორგანიზაცია ვისზე მუშაობს? _ მე თვეების წამოსული ვარ და რაც არ ვიცი რეალური ვერსიის დონეზე, იმის შესახებ დეტალურად არ ვისაუბრებ, თუმცა დადასტურებით გეტყვით: ამ ეტაპზე მას სუს-ის ფული არ აქვს, განსხვავებით წინა პერიოდისგან მისი ოფისი ბევრად მოკრძალებულია. ჩემი ინფორმაციით, ის რუსულ არხზეა გასული. _ ინტერვიუს დასაწყისში თქვენ თქვით: პირველივე შეხვედრის შემდეგ, როდესაც გავიგე, ხუბუტიასგან ფული უნდა წამოსულიყო, გადავწყვიტე, სიტუაციას გავრიდებოდიო. რეალურად, თვეების განმავლობაში იყავით ამ ორგანიზაციაში და ფულის წარმომავლობაზე გუნდის შიგნით კითხვები არ დაგისვამთ? _ ყოველ შემთხვევაში, ის ნამდვილად ვიცოდი, რომ ფული, რომელიც მოდიოდა, რუსული არ იყო. ჩვენგან არ ყოფილა ისეთი აქცია, ან განცხადება, რომელიც რუსეთის ინტერესებზე დაასხამდა წყალს. ყველაფერი, რაც ადრე დაუწერია თუ უთქვამს, მთლიანად თუ არა, დიდწილად, ჩემი მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იყო. ასევე ფაქტები გურიის პოლიციის შესახებაც. სამწუხაროდ, ყურადღება არავინ მიაქცია და უკვე სამი წელია, გურიის პოლიციაში ისევ ისეთი განუკითხაობაა, როგორც ადრე იყო. _ „თავისუფალი თაობა“ თქვენთვის სამსახური იყო, თუ შინაგანი პროტესტის გამოთქმის ასპარეზი? _ ჩემი მიზანი იყო „ნაცრეჟიმის“ დამარცხება, რაც გავაკეთე კიდეც სხვებთან ერთად 2012 წელს. მერე მე ვერ მოვახერხე მეპოვა სამსახური იქ, სადაც მინდოდა. ისევ „ნაცების“ ბოგინს რომ ვხედავდი, მაგიტომ ჩავერთე მაგ ორგანიზაციაში. ჩემი მეუღლე ხელფასს თავის შრომაში იღებდა. მას დიდი გამოცდილება აქვს ხალხთან მუშაობის და საორგანიზაციო საკითხებში. იმასაც არ დავმალავ, რომ ჩემი მეუღლე, ყოველთვიურად, 200 ლარს იღებდა ხელფასის სახით. _ ლადო სადღობელაშვილი დღეს აგენტს გიწოდებთ. ეს ორგანიზაციული დაპირისპირება პირად მტრობაში ხომ არ გადაიზარდა? _ მე არ ვაპირებდი მასთან პიროვნულად დაპირისპირებას, მაგრამ თვითონ დაიწყო. დიდი ხანია ვატარებდი მის გამოხტომებს, მაგრამ რახან ამდენი შეტოპა, უპასუხოდ ვერ დავტოვებ. აგენტის იარლიყის მოკერებას რაც შეეხება, ერთს ვიტყვი: აგენტს ყველა აგენტი ჰგონია, ალბათ! კიდევ ბევრ რამეს არ ვამბობ მის შესახებ, საკუთარ თავს ვცემ პატივს და არ მოვყვები იმ მეთოდებზე, რასაც ეგ იყენებს ადამიანებთან ურთიერთობისას. _ ძალოვან უწყებებთან რა შეხება გაქვთ? _ რა მაქვს დასამალი? 2007 წელს სახლში ვიჯექი, უმუშევარი ვიყავი და მაშინდელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე გავდიოდი. პოლიციიდან არავის არ გამოვუგდივარ, წლების წინათ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც ვიცოდი, რომ ნორმატივებს ვერ ჩავაბარებდი და არც შემიტანია განცხადება შსს-ში, რადგანაც ნორმატივების ჩაბარება განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებასთან იყო დაკავშირებული. შსს-სთან არც ახლა მაქვს შეხება. _ რა ტიპის კადრების შევსებით აინაზღაურა ლადომ ის დანაკლისი, რაც მის ორგანიზაციას ახალგაზრდების წამოსვლით მიადგა? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა მის გვერდზე დგანან? _ მუხიგულაშვილს პირადად ვიცნობ, მასთან დაპირისპირება არ მქონია, ნაუმი გაფრინდაშვილი კი ლადოს გვერდით მოგვიანებით გამოჩნდა. ახლა ვინც არის, ძირითადად, ხელფასზე არიან. მე არც გავაკრიტიკებ მათ, ბიჭებს ორი კაპიკი სჭირდებათ და ელემენტარულ ფულს იღებენ, თან პროტესტი აქვთ. მათ ჩემს პირად მტერთა სიაში არ განვიხილავ, თუმცა ზოგიერთის მხრიდან მუქარის შემცველი ტექსტები და გარჩევის მცდელობები იყო. _ რა თემასთან დაკავშირებით და ვისგან მოდიოდა მუქარის შემცველი გზავნილები? _ ვინმე ნაუმისგან, რომელთანაც გასაყოფი არაფერი მაქვს. მე ასე მიმაჩნია, მაგრამ თავად სხვაგვარად ფიქრობს, რაზედაც მეღიმება. ლადო სადღობელაშვილის კაბადონზე ის ახალი ვარსკვლავია, ვვარაუდობ, ორ-სამთვიანი. გამოილევა ფული და გამოილევა ნაუმისთან საურთიერთობო რესურსებიც. ახლა კი კონკრეტულ ამბავს მოგიყვებით: ამ ნაუმის „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ყოფილი აქტივისტი, ბექა შენგელია ქუჩაში შემთხვევით გადაეყარა. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შეეფეთნენ ერთმანეთს. შეუყვანია ძველი მორგის შენობაში და ბიჭს აწვებოდა, _ შენ ყუფარაძესთან ახლობლობო და ინფორმაციები მოგვაწოდეო. ფაქტობრივად, ზეწოლა იყო. ამ შეხვედრის დროს ხელით შეხება არ ყოფილა. შენგელია შემდეგ დამიკავშირდა. მე შესაბამისი რეაგირება მოვახდინე. _ ე. ი. „თავისუფალი თაობის“ ყოფილი და ახალი წევრები ერთმანეთს პოლიციაში უჩივით? შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? _ მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. შემდეგ კი განცხადება შევიტანე, რადგანაც სიტუაცია მწვავდებოდა. ნაუმი გაფრინდაშვილი, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, ბექა შენგელიას დახვდა და უარესი სცენები გაუმართა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბიჭს ხელითაც შეეხენ. ვერ გავიგე, რატომ ამოიჩემეს ეს ახალგაზრდა კაცი?! იმედია, ნერვებს დაიწყნარებენ. არ ვიცი, ზუსტად ამის უკან დგას თუ არა ლადო, არ ვიცი, ეს ქმედებები ნაუმის ნერვების ბრალია თუ არა, მაგრამ ერთს ვიტყვი დაზუსტებით: არავის მივცემ უფლებას, ჩირქი მომცხონ და უდანაშაულო ადამიანები უმიზეზოდ დაჩაგრონ! _ დასასრულისკენ გკითხავთ: ამჟამად რას საქმიანობთ და ხომ არ აპირებთ „თავისუფალი თაობის“ კონკურენტი ორგანიზაციის შექმნას? _ დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანობა“, რომელსაც ოფიციალურად მალევე დავარეგისტრირებ. ცალკე მყავს ყოფილი პოლიციელებისა და გამომძიებლების ჯგუფი, რომლებთან ერთადაც ვიმუშავებ _ დამოუკიდებელ გამოძიებებს ჩავატარებთ მთელ რიგ კანონდარღვევებზე და გადაცდენებზე. მოკვლეულ მასალებს დავდებთ. სადღობელაშვილივით კამერებს არ შევრყით ჭორების გასავრცელებლად. მოკვლეულ მასალებს პროკურატურას მივაწვდით და რაზედაც საჭიროდ მივიჩნევთ, იმას გავასაჯაროებთ. თბილისის მერიის თემაზე ცალკე ჯგუფი იმუშავებს, რეგიონებზე _ ცალკე ჯგუფი. ბუნებრივია, სამართალდამცველების ინტერესების დაცვაზეც გავამახვილებთ ყურადღებას. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე არასამთავრობოსთან კოალიციის შექმნას. წინ დიდი გეგმებია. სულაც არ ვაპირებ, ვინმეს ლანძღვა-გინებით მიცნობდეს საზოგადოება. ამ ინტერვიუზე თქვენი დიდი ძალისხმევისა და თხოვნის შემდეგ დაგთანხმდით, ვინაიდან არ მსურს იმათ დავემსგავსო, ვინც კარიერას სხვისი ლანძღვით იკეთებს. კომპრომატების ქექვა, სხვისი რუპორობა და ისტერიული სტატუსები ხალხის სამსახურში ყოფნა არ არის.   გიორგი ყუფარაძის ინტერვიუს საპასუხოდ, მეორე მხარის _ „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის კომენტარის მოპოვებას შევეცადეთ, თუმცა მან „ქრონიკა+“-თან კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.  

                                                                                                                         ზაზა სვანაძე

     

გაზიარება