QronikaPlus
,,სინდისის ვაჭარი“ - გოგა ხაინდრავა!

,,სინდისის ვაჭარი“ - გოგა ხაინდრავა!

2016-03-22 10:31:05

გადავწყვიტე, აუცილებლად დამეწერა ის სიმართლე ბოლომდე, რომელიც აქამდე არასდროს მითქვამს მხოლოდ ერთი ფაქტორის გამო, უბრალოდ, არ მინდოდა, გოგა ხაინდრავას ისედაც ძალიან გაფუჭებულ სახელს კიდევ მეტი აუგი დამატებოდა. ვფიქრობდი, ეს კაცი უკვე ჭარმაგ ასაკში შედის და იმედია, წლები მაინც დააჭკვიანებს-მეთქი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაინც ვცდებოდი. გოგა ხაინდრავას ეთიკის ჩარჩოებში გადასვლაზე უკვე ყველანაირი იმედი დავკარგე და ამიტომაც გადავწყვიტე, მხოლოდ ფაქტები დავდო ამ ადამიანის შესახებ, რომელსაც მიჭირს, რომ პიროვნება ვუწოდო, რადგან ის სწორედაც რომ წარმოადგენს ჩვენი დროის მთავარ უბედურებას _ ძალიან წარუმატებელ და გამოუსვლელ პიროვნებას _ მაგრამ ძალიან წარმატებულ და გაიძვერა ,,სინდისის ვაჭარს“ (მომიტევონ ბიზნესის პატიოსანმა წარმომადგენლებმა, სიტყვა ვაჭრობა უარყოფით კონტექსტში მომყავს _ ბატონი ხაინდრავა სხვა გზას არ ტოვებს, სამწუხაროდ). გოგა ხაინდრავამ თავისი ,,სინდისის ვაჭრუკანული“ საქმიანობა, ჯერ კიდევ, ეროვნული მოძრაობის პერიოდში დაიწყო, როდესაც როგორც ოპერატორი (თუ არ ვცდები, ეს არის მისი ნამდვილი პროფესია) ჯერ მიტინგებს, მერე ლიდერების შეხვედრებს, საუბრებს, შეხლა-შემოხლებს, დარბევებსა და ბევრ სხვა მასალას იღებდა. ამ მასალათაგან ზოგიერთი უცნაურად ,,ჟონავდა“ ხოლმე მაშინდელი, 1980-იანი წლების ბოლოს _ უშიშროების კომიტეტის დახმარებით ზოგი სატელევიზიო ეკრანებზე და ზოგიც უფრო დახშულ ეკრანებზე. თუმცა მაშინ ყოველთვის ამბობდნენ: გოგა ხაინდრავას გარდა ამ მასალას ,,კიდევ ერთი ოპერატორი“ იღებდაო და უეჭველად ამ ,,გაჟონვებს“ მას აბრალებდნენ. ჩემთვის დღესაც უცნაური უბრალოდ ისაა, თუ რატომ ვერ მოინახა ეს ,,კიდევ ერთი ოპერატორი“ 1989 წლიდან დღემდე, ანუ გასული 27 წლის განმავლობაში, როცა უკვე საბჭოთა უშიშროების კომიტეტიც თითქოს ისტორიას ჩაბარდა და მისი სამართალმემკვიდრეებიც?   მაგრამ, მოდით, ამას ხაინდრავას ნუ დავაბრალებთ _ დასაბრალებელი ამ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კარიერისტ-ბიზნესმენს ისედაც ეყოფა და ამ ,,კიდევ ერთი ოპერატორის“ დაკარგვა და უსახელგვაროდ გაუჩინარება, ალბათ, მთლიანად ჩვენი საზოგადოების მოკლე მახსოვრობის ბრალიცაა. რას იზამ?! _ რაც მოხდა, მოხდა! 1991 წელს გოგა ხაინდარავა, ,,სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან“ ერთად, აქტიურად ებმევა საქართველოს ისტორიაში პირველი და ერთადერთი დემოკრატიულად არჩეული მთავრობისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ახლაც ,,იღებს“ და ამ გადაღებულ მასალებს მოსკოვისკენ აფრენს. მე ამ დროს უკვე დასავლეთში ვარ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ მრავლად მოდის ფოტო და ვიდეო მასალები, რომელთა მიზანია ზვიად გამსახურდიას მთავრობის დისკრედიტაცია დასავლეთში. ამასთან დაკავშირებით 1991 გაზაფხულზე მახსოვს, მე და ერთ-ერთი ჩემი ქართველი მეგობარი შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტოს (USIA) დეზინფორმაციასთან ბრძოლის განყოფილებაში მიგვიწვიეს, სადაც გვაჩვენეს გოგა ხაინდრავას რამდენიმე გადაღებული ფირი და გვკითხეს, _ რამდენად ტენდენციური შეიძლება იყოს ეს ფირებიო? ჩვენ ვეცადეთ, კორექტულები ვყოფილიყავით, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ დავმალეთ, რომ, რა თქმა უნდა, ეს ფირები ტენდენციური იყო. ბოლოს, გოგა ხაინდრავა თვითონ მიფრინავს მოსკოვში _ საბჭოთა იმპერიის ცენტრში, კრემლისა და ლუბიანკის ტერიტორიაზე, რომ ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო მასალა პირდაპირ მტერს აჩვენოს და ამ დროს მას აპატიმრებენ.  სამწუხაროდ, მაშინდელმა დეზინფორმაციის კამპანიამ საქართველოს აქამდე ერთადერთი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის (თუ არ ჩავთვლით 1918-21 წლის პატარა მონაკვეთის მთავრობას, რომელმაც ძალიან ცოტა ხანს იარსება არჩეული ფორმით) წინააღმდეგ, 1992 წლის იანვრის 6-ში, გოგა ხაინდრავა და მისი მეგობრები ხელისუფლების შეიარაღებულ გადატრიალებას ახდენენ და ამ გადატრიალების პროცესში და შემდეგ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ. მეტიც, 1992 წლის გადატრალების შემდეგ ხაინდრავა ხდება ე. წ. აფხაზეთის მინისტრი და შევარდნაძესთან ერთად აფხაზეთს აბარებს რუსეთის იმპერიას _ თვითონ კი იწყებს ,,წარმატებულ ბიზნესს“. 90-იან წლებში გამართული ძალიან საეჭვო პრი(ხ)ვატიზაციის პროცესის შედეგად ხაინდრავა მაშინდელი ნომენკლატურის სხვა წევრებთან ერთად ძალიან მდიდრდება. მის ხელში აღმოჩნდება არა მარტო დიდძალი ფული, არამედ უძრავი ქონების დიდი ნაწილიც: კინოსტუდიის ერთი საკმაოდ დიდი ფრთა, ძალიან სარფიანი კერძო ფართები რუსთაველის გამზირზე და სხვაგან. ეს სიმდიდრე ხაინდრავამ და მისმა მაშინდელმა თანამებრძოლებმა ქართველი ხალხის ხარჯზე მიიღეს. და ამ ბენეფიტების გამცემი იმ წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ შევარდნაძესთან ერთად სწორედაც რომ რუსეთის იმპერია იყო. დიახ, 90-იანი წლების პრივატიზაციის ბენეფიციარები ზუსტადაც რომ საბჭოთა იმპერიის ყველაზე ერთგული და გაქნილი მსახურები იყვნენ. მაგრამ ამაზეც შეიძლება ბევრმა თქვას, _ რაღა დროს საბჭოთა კავშირია და რატომ არის აუცილებელი, რომ ეს ხალხი ისევ იქ მუშაობდეს, სადაც მაშინო? და აქედან გამომდინარე მე გავაგრძელებ ჩემს თხრობას ჩვენი მთავარი ჭკუის მასწავლებლისა და ,,მორალის მეტრის“ შემდგომ გმირულ საქციელებზე: 2003 წელს მედროვეობაში და კარიერისტულ პრი(ხ)ვატიაზაციაში კარგად გაწაფული ხაინდრავა ,,ვარდების რევოლუციის“ სულ უკანასკნელ ვაგონს ახტება, როდესაც გრძნობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ხელში გადადის და ,,კონფლიქტების მოგვარების სამინისტროს“ იბარებს. ის ისევ მინისტრად ინიშნება _ ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი ჩამოგდების შემდეგ მეორე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ისევ და ისევ, მინისტრად. 1990-იანი წლებიდან ყველას კარგად მოეხსენება, რომ რუსი ოლიგარქი, ბორის ბერეზოვსკი, საქართველოს მიმართ ინტერესს იჩენს. რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა მილიარდერ რუს ოლიგარქს რესურსების არმქონე ღატაკ ქვეყანაში, რომელიც წლიდან წლამდე საჭმელს ჰუმანიტარული დახმარების ხარჯზე იღებდა? ეს კითხვა ძალიან რთული საპასუხოა, რომ არა ის ფაქტი, რომ საქართველო სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, ისევე როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, სახმელეთო-სავაჭრო კვანძს წარმოადგენს არალეგალური ვაჭრობისთვის, _ განსაკუთრებით კი იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესისთვის. ჩეჩნეთის ომის დაწყებასთან ერთად 1994 წელს საქართველოსკენ მოემართება მთელ ვაჰაბიტურ სამყაროში აკრეფილი უზარმაზარი თანხა, რომელმაც იქ აჯანყებული შეიარაღებული იჩკერიისთვის (და მერე უკვე კავკასიის ემირატის წარმომადგენლებისთვის) არა მარტო იარაღი, არამედ პროდუქტებიც უნდა შეიტანოს. პანკისის ხეობა, რაღა თქმა უნდა, ერთადერთი გზა არ იყო ჩეჩნეთისკენ, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომ იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბორის ბერეზოვსკი, ჯერ კიდევ, რუსეთში _ უმაღლეს სამთავრობო თანამდებობაზე ყოფნისას ელცინის ადმინისტრაციაში, იწყებს არალეგალური იარაღისა და პროდუქტის მიწოდებას აჯანყებული ჩეჩნებისთვის, რისთვისაც საკმაოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს ვაჰაბიტურ და ფუნდამენტურ წრეებში. ებრაული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ფუნდამენტალისტებს ეხმარება _ ეს უკვე, თავისთავად, ძალიან საინტერესო კომბინაციაა. უკანონო იარაღის შემოტანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი სწორედ პანკისის ხეობაზე გავიდა. ბერეზოვსკიმაც მაშინვე მოძებნა დასაყრდენი მინისტრი შევარდნაძის მთავრობაში _ ეს იყო ,,რკინის კაცი“ კახა თარგამაძე. საინტერესოა, რომ ბერეზოვსკის აშკარა სიმპათიები ჰქონდა თარგამაძეების მიმართ _ რადგან შევარდნაძის მთავრობაში მისი ნდობით აღჭურვილი ნომენკლატურა კახა თარგამაძე იყო, სააკაშვილის მთავრობასთან ურთიერთობების დალაგების შემდეგ კი _ გივი თარგამაძე. ეტყობა, ბერეზოვსკის და ბევრ სხვა მის კოლეგას გარკვეული ცრურწმენებიც ჰქონდათ სახელებთან, ან გვარებთან დაკავშირებით. 1990 წლებიდან ის საქართველოში, ერთი მხრივ, ოფიციალურ ბიზნესებსაც იწყებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მართავს არალეგალურ მარშრუტს, რომლითაც ვაჰაბიტი მეომრები იწყებენ სარგებლობას, პანკისის ხეობაში კი საწვრთნელი ბაზები ჩნდება _ ამ ბაზების აშენებაშიც ბერეზოვსკი დებს ფულს. აღსანიშნავია, რომ 1999 წელს მუჰამედ ატას და 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის კიდევ რამდენიმე ავტორს პანკისში ჩასვლამდე სულ ცოტა დააკლდათ. ისინი ახალციხესთან საქართველოს საზღვარსაც მოადგნენ ვაჰაბიტების კოლონასთან ერთად და მხოლოდ იმის გამო ვერ შემოვიდნენ ჩვენთან, რომ მესაზღვრეს ქრთამი ვერ ან არ გადაუხადეს. ამის მერე ისინი ანკარაში გაბრუნდნენ და სწორედ იქ მოახდინა მათი რეკრუტირება უსამა ბინ ლადენმა. ბერეზოვსკისა და მის გუნდს საქართველოში შემოაქვს მთელი ვაჰაბიტური ,,ობშიაკის“ მიერ შეგროვილი თანხა და მასზე შეძენილი იარაღ-აღჭურვილობა და გააქვს დანიშნული მიმართულებით. ამის გამო ბერეზოვსკისთან კორპორაციულ პარტნიორად საკმაოდ საეჭვო პირი ჩნდება, აბუ დაბის კრონ-პრინცი, შეიხ სულთან ბინ ხალიფა ალ ნაჰიანი _  Sheikh Sultan bin Khalifa al Nahyan, რომელიც აგრეთვე შემჩნეული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში და თალიბებთან თანამშრომლობაში და რომელსაც, აგრეთვე, აკრძალული ჰქონდა (ისევე როგორც თავად ბერეზოვსკის) ამერიკის ტერიტორიაზე მგზავრობა. ძალიან საინტერესო ის არის, რომ ამ პატივცემულ შეიხს არა მარტო კახა თარგამაძემ გაუღო საქართველოს კარი, არამედ მისმა მოგვარე გივი თარგამაძემაც, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ, როდესაც მას და ბერეზოვსკის ზღვის პირას რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი ჩააბარეს. თუმცა ახლა, ჯერჯერობით, უცნობია, სად წავიდა ეს აქტივები თვით ბერეზოვსკის სიკვდილის შემდეგ 2013 წლის დასაწყისში? ამერიკელები ბორის აბრამის ძე ბერეზოვსკის საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებდნენ არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი იარაღით ვაჭრობაში იყო შემჩნეული, არამედ იმის გამოც, რომ ამერიკის დაზვერვას არ გამოეპარა ის ფაქტი, რომ ბერეზოვსკი სწორედაც რომ პუტინის იარაღით ვაჭრობდა და ნავაჭრის საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ პუტინის ქვეყანაში ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერეზოვსკი პუტინის საწინააღმდეგო რადიკალურ განცხადებებს აკეთებდა, დასავლეთში არ ავიწყდებოდათ, რომ ,,ვალოდიას“ ხელისუფლებაში მოყვანა სწორედაც რომ ბორის აბრამის ძის დამსახურება იყო 1999 წელს. რუსი ოლიგარქების ასეთი აქტივობა რომ არა, რუსეთის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, ისევ და ისევ, თბილისელი აღმოსავლეთმცოდნე, ევგენი პრიმაკოვი გახდებოდა _ ასევე ,,კგბ“-ს კადრი, თუმცა პუტინისგან ფრიად განსხვავებული. რუსული კაპიტალიზმის ძალიან საინტერესო დამახასიათებელი ნიშანთვისებაა, რომ ადგილობრივი ოლიგარქებისა და მთავრობის კორუმპირებული ჩინოვნიკების გასამდიდრებელი ფულის მოპოვებისთვის ხშირად მათი გენერლები თუ ბიზნესმენები მტერსაც კი აიარაღებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ომი ხომ ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ბიზნესია!  სწორედ ასე იყო საქმე. 1990-იანი წლებიდან ბორის აბრამოვიჩ ბერეზოვსკი საქართველოს ტერიტორიას იყენებდა თავისი ლეგალური და, რაც მთავარია, არალეგალური ბიზნეს-ტრანზაქციებისთვის, რისთვისაც სხვადასხვა ქართველსაც იყენებდა. 2003 წლის რევოლუციის შემდეგ მას ამ ტერიტორიაზე სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა. ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახთან დაახლოებული ,,გრუ“-ს გენერალი, ერიკ გუდისი, რომელიც, აგრეთვე, რუსული იარაღის მსხვილი მოვაჭრე იყო და როგორც ამბობდნენ, ვიქტორ ბუტის ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი. გუდისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და იქიდან ეწეოდა თავის ძალიან სარფიან ბიზნესს. ის ქართულადაც ლაპარაკობდა და 2003 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში გადაწყვიტა თავისი ბიზნესის ერთ-ერთი დიდი ცენტრის გაკეთება. მით უმეტეს, იქ მისი ახლო მეგობრისა და ბიზნეს-პარტნიორ თემურ ალასანიას დისშვილი გახდა პრეზიდენტი. საქართველო ხომ საუკეთესო ტერიტორია იყო იარაღისა და ნარკოტიკის ტრანზიტისთვის. ეს ძალიან კარგად იცოდნენ გუდისმაც და ბერეზოვსკიმაც და ისინიც, დროებით მაინც, ერთმანეთს დაეტაკნენ. ერთ წელიწადში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თაფლობის თვე ჩაივლის. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ძალიან საეჭვო სიტუაციაში კლავენ _ ბევრი ამ მკვლელობას გუდისის კლანს უკავშირებს _ საფუძვლიანადაც და ბერეზოვსკისთვის საქართველოსა და პანკისში დაბრუნების ახალი შესაძლებლობა იხსნება. სააკაშვილის რეჟიმი იწყებს რყევას და ბერეზოვსკი ემისარს ემისარზე აგზავნის საქართველოში. 2007 წლის შემოდგომაზე დგება კრიზისული მომენტი: ოპოზიცია, რომელშიც მაინც კახა თარგამაძის მეგობარი მოძველბიჭო ელემენტები დომინირებენ, შედარებით უფრო პატიოსან და სუფთა პოლიტიკოსებთან ერთად, სერიოზულ დარტყმას აყენებს სააკაშვილის ხელისუფლებას. აი, აქ ჩნდება საჭიროება, რომ ბერეზოვსკიმ სერიოზული თანხა ჩადოს იმაში, რომ მთავრობაში ,,საკუთარი ხალხი“ მოიყვანოს და ისევ გააკონტროლოს პანკისის გზები. აი, აქ იწყებს გადაკვეთას ქართველი `წარმატებული ბიზნესმენისა“ და მისი რუსი კოლეგის გზები.   იარაღის მაფია საქართველოში ჩეჩნეთის ომის ხელახლა დაწყებასთან ერთად მთელი მსოფლიოს ვაჰაბიტურმა და ექსტრემისტულმა წრეებმა გაზარდეს ჩეჩენი აჯანყებულების როგორც ფინანსური, ასევე იარაღით დახმარება საქართველოსა და, კერძოდ, პანკისის ხეობის გავლით. ამ სქემაში თავიდან საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული კახა თარგამაძე და მისი უწყება. გილაევის ცნობილი ამბების შემდეგ ეს მაფია ფარულად აფინანსებს ვაჰაბიტური მედრესეების მშენებლობას არა მარტო პანკისში, არამედ ზემო გურიის სოფლებშიც და სხვა ტერიტორიებზეც. 2003 წლისთვის უკვე ბევრი მონაცემით საკმაოდ დიდი შეიარაღება შემოდის საქართველოს გავლით და კავკასიონის ქედზე გადადის. ის ძირითადად ხმარდება ჩეჩნეთში არასეკულარული და რელიგიური სამხედრო დაჯგუფებების გაძლიერებას. მას მერე, რაც იჩქერიის სეკულარული ლიდერები, დუდაევი და მასხადოვი, მოკლეს, იარაღის მაფიის მთავარი აქცენტი გადადის ე. წ. ,,იმარატის“ (კავკასიის ემირატი) რელიგიურ-სამხედრო დაჯგუფების ფინანსირებაზე. და საინტერესო ისაა, რომ ვაჰაბიტების მიერ შეკრებილი ,,ობშიაკი“, რომელიც მილიარდობით ამერიკულ დოლარს შეადგენს, ბერეზოვსკის მაგვარ არამუსლიმ ტიპებს გადააქვთ სხვადასხვა გზით. არა მხოლოდ პანკისის ხეობის საშუალებით, ცხადია, აზერბაიჯანიდანაც რამდენიმე პუნქტია გახსნილი, საიდანაც ხდება მეომრების შეგზავნა და იარაღის გადატანა, მაგრამ საქართველოში, ამ დროს, ,,ვარდების რევოლუცია“ ხდება.  ბერეზოვსკის კონკურენტები გამოუჩნდა იარაღით ვაჭრობის ბიზნესში, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და მისი მეგობარი, ასევე ,,გრუ“-ს წარმომადგენელი, არიელ გუდისი. გუდისი თბილისში გაზრდილი კაცია, რომლის მამაც სამხრეთ კავკასიის (მაშინდელი ტერმინოლოგიით ,,ამიერკავკასიის“) სამხედრო ოლქში, რომელიც მთლიანად მოიცავდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიას, იარაღის ვაჭრობის ქსელის უფროსი იყო. გუდისის მამა ზვიად გამსახურდიას მმართველობის დასაწყისში საბჭოთა ჯარებმა გაძლიერებული დაცვის ქვეშ რუსეთში გადაიყვანეს _ შემდეგ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის ემიგრაციაში. თუმცა გუდისი მამამისის კონტაქტებს ინარჩუნებს და რუსული იარაღის ვაჭრობით ძალიან წარმატებულ ბიზნესს იწყებს ამერიკაში. ამბობენ, გუდისი ვიქტორ ბუტის დაჯგუფების ერთ-ერთი წამყვანი წევრია. როგორც ბევრი სხვადასხვა ექსპერტი აღნიშნავდა, თავიდან ამ ჯგუფში მოიაზრებოდა ტარიელ ონიანიც. ისინი რუსულ იარაღს ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში ყიდიან, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა აკ-47-ის ტიპისა და სხვა იაფ და გამძლე რუსულ შეიარაღებაზე. ამ ვაჭრობის შედეგად გუდისის კლანი საკმაოდ ძლიერდება. 2004 წლიდან ერთმანეთს უპირისპირდება იარაღის მაფიის ორი დაჯგუფების _ გუდისისა და ბერეზოვსკის ინტერესები. 2005-06 წლებიდან გუდისი ახერხებს მისი პოზიციების მოძლიერებას. პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ გუდისის დაჯგუფება ბერეზოვსკის ჯგუფის მიერ კონტროლირებად სტრატეგიულ ობიექტებს ნელ-ნელა იღებს და დიდ ვაჭრობას იწყებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ბერეზოვსკისა და გუდისის დაჯგუფებები ერთი და იგივე ტრასით სარგებლობდნენ და ამიტომაც მათ შორის კონკურენცია იყო. ბერეზოვსკის დაჯგუფებას შეიხი ნაჰიანის წყალობით ნაყიდი მილიარდობით დოლარის იარაღი და არა მარტო იარაღი სამხრეთიდან ჩრდილოეთში მიჰქონდა და გუდისის დაჯგუფებას კი პირიქით, ჩრდილოეთიდან სამხრეთში გაჰქონდა. 2007 წლისთვის ბერეზოვსკიმ საქართველოში პოზიციები დაკარგა. სწორედ ამ დროს, 2007 წლის ნოემბერში, საქართველოში დიდი საპროტესტო ტალღა გორდება, რომლის გამოყენებაც გადაწყვიტა ბერეზოვსკიმ. თუმცა ამ დროს ბერეზოვსკის გზაზე გადაუდგა მისივე მეგობარი და ყოფილი პარტნიორი, ბადრი პატარკაციშვილი.  ბადრიმ 2007 წლის ნოემბერში ბერეზოვსკის საშუალება არ მისცა, რომ ხალხი დაეხოცა და ეს გამოეყენებინა სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების საბაბად. პატარკაციშვილმა დიდი როლი შეასრულა, რომ ბერეზოვსკის ავანტიურისტული გეგმები საქართველოში არ განხორციელდა 2007 წლის მთელი შემოდგომის მანძილზე. ბერეზოვსკის არაერთი ავანტიურისტული გეგმა ჰქონდა, რომელსაც სხვადასხვა ადგილას განიხილავდა და ამაში ბადრი პატარკაციშვილის მიერ ამ გეგმების ჩაშლა რომ არა, დღეს საქართველო სრულიად სხვა მდგომარეობაში იქნებოდა. რუსეთთან შეთანხმებით ბერეზოვსკის 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში განზრახული ჰქონდა თბილისში რამდენიმე დემონსტრანტის მოკვლა და ამის მერე შეიარაღებული არეულობის დაწყება. შედეგად, საქართველოში რუსის ჯარი შემოვიდოდა, როგორც კეთილშობილი გამშველებელი, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილმა ეს გეგმა ჩაშალა თავისი პირადი ვაჟკაცობით _ ის თვითონ ჩავიდა აქციაზე და ამით მოსალოდნელი პროვოკაცია ჩაშალა. გარდა ამისა, მან პირადად უთხრა ბერეზოვსკის, რომ როგორც კი ბორის აბრამის ძე საქართველოში იგივეს გააკეთებდა, რასაც ის ჩვეული იყო რუსეთში, მაშინ ის პირდაპირ დაუპირისპირდებოდა მას. მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი ბადრი პატარკაციშვილს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ბოლოს 2007 წლის მიწურულს შევხვდით. აქ მან პირდაპირ გვითხრა, თუ რა საფრთხეების ქვეშ იყო საქართველო ორი იარაღის მაფიის ასეთი მწარე დაპირისპირების შედეგად. ის პირადად ყველაფერს აკეთებდა, რომ ცუდი ფინალი თავიდან აგვეცილებინა. 2008 წლის თებერვლის დასაწყისში ბადრი პატარკაციშვილის დახმარებით მოვახერხეთ, რომ სენატში მოგვეწყო მოსმენა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. ვაშინგტონში იყო ჩამოსული სალომე ზურაბიშვილი და მანაც სენატს მოახსენა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. ამ სენატში გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ბადრი პატარკაციშვილი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ასევე ძალიან საეჭვო იყო ბერეზოვსკის პირველი კომენტარი ბადრის სიკვდილის შემდგომ. მან თქვა: დანამდვილებით იცოდა, რომ მისი მეგობარი და თანამებრძოლი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ძალიან ჰგავდა ვანო მერაბიშვილის ცნობილ გამოსვლას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. ამ ტრაგიკული ფაქტის მერე ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს ეჭვებს, რომ ავანტიურისტი ბერეზოვსკის ხელი ხომ არ ერია პატარკაციშვილის გარდაცვალებაში? ფაქტი ისაა, რომ ბერეზოვსკის ბადრი აღარ უნდოდა 2008 წლის დასაწყისში და მოვლენებიც ისე წარამართა, როგორც ეს მას სურდა. ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ ბერეზოვსკის ორი წარმომადგენელი _ ალექს გოლდფარბი და ვინმე მოტკინი საქართველოს მიმართულებით აქტიურდებიან. ჩვენთან კონტაქტზე გამოდის გოლდფარბი, რომელიც გვთავაზობს თანამშრომლობას მიშა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ის პირდაპირ ასახელებს თანხას, რომლის მოცემაზეც ავტორიზაცია აქვს ბორის ბერეზოვსკისგან _ 5 მილიონი აშშ დოლარი. ეს ხდება 2008 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით. მოლაპარაკებები ამდენ ხანს გრძელდება.  თავიდან გოლდფარბი ამბობს, რომ ეს არის ბერეზოვსკის შემოწირულობა საქართველოში და, საერთოდ, ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიის მშენებლობისთვის. თუმცა ამბობს, რომ ეს თანხა მხოლოდ ქეშის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ან ოპოზიციისთვის. ჩვენს კითხვაზე, _ რატომ უნდა იყოს ოპერაციები მაინცდამაინც ქეშით? ის პასუხობს, რომ დამკვეთს კონკრეტული ინტერესიც აქვს. და ამ დროს უკვე პირდაპირ მისგან ვიგებთ, რომ იარაღის ,,გადაცემა“ გარკვეული ჯგუფებისთვის არის ის მეორე მიზანი, რომელიც ბერეზოვსკის აქვს, ,,დემოკრატიის მშენებლობის“ გარდა. ამის მერე ჩვენ უკვე უარს ვამბობთ ამ თანამშრომლობაზე და საკმაოდ დიპლომატიური ენით ვცდილობთ, რომ ,,თანასწორობის ინსტიტუტს“ ეს საფრთხე ავაცილოთ. თუმცა გოლდფარბი და მერე უკვე მოტკინიც დაჟინებულად მოითხოვენ, რომ საქართველოში ოპოზიციურ მოძრაობას სწორედ ,,თანასწორობის ინსტიტუტი“ წარუძღვეს წინ. მათი აზრით, ეს სამოქალაქო და არა პოლიტიკური ჯგუფია, რომელსაც ყველაზე კარგი რეპუტაცია აქვს და სწორედ ამიტომ გააჩერეს საკუთარი არჩევანი ამ ორგანიზაციაზე. ამ დროს მე უკვე ამერიკაში ვარ და 2008 წლის აპრილში ჩავდივარ თბილისში, სადაც ინსტიტუტის ყველა დამფუძნებელსა და წევრს მოსალოდნელ საფრთხეზე მივუთითებ. პრაქტიკულად, ყველა იგივე პოზიციას იზიარებს. თუმცა, მოგვიანებით, ვიგებ, რომ გოგა ხაინდრავა მაინც აგრძელებს ურთიერთობას მოტკინთანაც და გოლდფარბთანაც _ მათ ხვდება ლონდონში, პარიზსა თუ ისრაელში. ვიგებთ იმასაც, რომ გოლდფარბმა უარი მიიღო გოგლა ჟვანიასგან და ოპოზიციის ბევრი სხვა ლიდერისგან და თანხები სწორედ მისი საშუალებით შედის საქართველოში. თუმცა საჭირო იყო ამ ხმების გადამოწმება. და ამიტომაც ამის თაობაზე არც საჯარო განცხადებებს ვავრცელებთ და არც კერძოდ ვსაუბრობთ მაინცდამაინც ბევრს. 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ის, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს _ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ალექს გოლდფარბი რეკავს ჩემთან ნიუ-იორკის ტელეფონზე _ ეს აღარავინ იცის. გოლდფარბი აღელვებულია და ის მომიწოდებს, რომ ,,მოქმედება დავიწყო“. მე ვერ მივუხვდი, რას გულისხმობდა. ,,ეს ყველაფერი ხომ შეთანხმებულია თქვენი ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და ბერეზოვსკის შორის?“, _ მეკითხება გოლდფარბი. ,,მე ბერეზოვსკისთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს და არც არანაირი შეთანხმების შესახებ ვიცი რამე“, _ ვპასუხობ მე. ამის შემდეგ გოლდფარბი ნერვიულად თიშავს ტელეფონს და რამდენიმე საათში `ინტერპრესნიუსსა~ და სხვა სააგენტოების საიტებზე ვაწყდები ,,თანასწორობის ინსტიტუტის" განცხადებას, რომ მთელ პასუხისმგებლობას რუსეთ-საქართველოს ომზე ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას და ეს ყველაფერი სააკაშვილის ბრალია. მე ვურეკავ ინსტიტუტის ბორდის წევრებს: ზვიად ბოკუჩავას, ლაშა ჩხარტიშვილს, მიშა კაჭკაჭიშვილსა და სხვებს და, პრაქტიკულად, არავინ არაფერი იცის, თუ როგორ დაიწერა ეს განცხადება. მერე ლაშა ჩხარტიშვილი მწერს, რომ მან ხელი არ მოაწერა განცხადებას, რომელიც ხაინდრავამ გააცნო და ის არასდროს იყო თანახმა ასეთი განცხადების გავრცელებაზე. ცოტა ხანში ,,თანასწორობის ინსტიტუტის“ გამგეობა იკრიბება და გოგა ხაინდარავა ინსტიტუტიდან ირიცხება. ეს ხდება სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მან ბორდის წევრების უმრავლესობის დაუკითხავად გამოაქვეყნა განცხადება, რომლის პოზიციასაც ბორდის უმრავლესობა არ იზიარებდა. ცხადია, ამ განცხადების უკან ისევ ბერეზოვსკი იდგა. მის ინტერესებში ისევ და ისევ შედიოდა სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობა, რაც თავისთავად დაეხმარებოდა საოკუპაციო ჯარებს საქართველოს დაკავებაში. ამის სანაცვლოდ, ის რუსეთიდან ახალ სარფიან კონტრაქტებს მიიღებდა. ამის შემდეგ ბერეზოვსკი, გოლდფარბი და მოტკინი უკანასკნელ შტურმზე გადადიან. 2008 წლის შემოდგომიდან 2009 წლის გაზაფხულამდე ისინი უკვე ,,კარვების ქალაქის“ დაფინანსებით არიან დაკავებული სხვადასხვა შუამავლის საშუალებით. ბერეზოვსკი ამ პროტესტების ორგანიზატორებს აძლევს ვადას: 2009 წლის 26 მაისამდე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და იარაღის ტრასა ისევ მის ხელში გადავიდეს. მისი დაპირისპირება გუდისის მაფიოზურ ჯგუფთან შიდა კონკურენციაც არის _ მათთვის სასურველია, რომ პუტინისგან რესურსები მოიპოვონ და ამიტომაც საქართველოს ,,გზის გახსნა“ მნიშვნელოვანია. და ამაში აქტიურად არის ჩართული გოგა ხაინდრავა და მას გარდა კიდევ რამდენიმე ქართველი ოპოზიციონერი. ისინი არიან მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ბორის აბრამის ძე ბერეზოვსკისა და ქართულ აჯანყებულ საზოგადოებას შორის, მაგრამ, რაც მთავარია, სიმართლე თითქმის არავინ იცის. ამ პერიოდში დაახლოებით 25 მილიონამდე თანხა დაიხარჯა პროტესტების ორგანიზებისთვის, მაგრამ პროტესტის მთავარ ორგანიზატორებს ,,მიშას გადმოგდების“ გარდა არანაირი იდეა, ან იდეოლოგია არ ჰქონიათ. ეს გაერთიანება იყო მხოლოდ იმისთვის, რომ მიშა გადმოეგდოთ _ და სცენის მიღმა _ რაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და არა პატიოსანმა, პროტესტზე გამოსულმა ხალხმა _ იმალებოდა ის, რომ ეს ბრძოლა გახლდათ იარაღისა და ნარკოტიკების ტრასის დასასაკუთრებლად. ამ დროისთვის ჯერ ზავი არ გაფორმებულა გუდისისა და ბერეზოვსკის დაჯგუფებებს შორის. 2009 წლის 26 მაისს გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების ხელში აღების ბოლო შანსსაც ხელიდან უშვებს და ბერეზოვსკი იწყებს მოლაპარაკებებს გივი თარგამაძესთან. ამ დროს ეყრება საფუძველი იმ ზავს, რომელმაც 3 წელი იარსება 2 მაფიოზურ დაჯგუფებას შორის, რომელიც საქართველოს, როგორც იარაღის გაყიდვის პოლიგონს, ისე უყურებდა.  

                                                                                                                ირაკლი კაკაბაძე

     

გაზიარება