ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ჯაყელმა, რამდენიმე წლის წინათ საქართველოში ბამბუკის ინდუსტრიას დაუდო სათავე. მისმა საწარმომ 2 წლის მანძილზე იმდენი შეძლო, რასაც ევროპამ და ჩინეთმა 5 წელიწადშიც კი ვერ მიაღწია. ყოფილმა ხელისუფლებამ წარმატებული ბიზნესის ხელში ჩაგდება მოინდომა და ჯაყელი სახელმწიფოს მიერ გაცემული კრედიტის არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დააპატიმრა. მოქმედ ხელისუფლებასთან მეცნიერებათა დოქტორი ყველანაირ დათმობაზე წავიდა, უამრავჯერ სცადა მოლაპარაკება საწარმოს ამუშავების მიზნით, მაგრამ ამაოდ. ჯაყელი ამბობს, რომ ბამბუკის წარმოებით საქართველო თავის სიტყვას იტყვის და მსოფლიოში ამ კუთხით მონოპოლისტის ადგილს დაიმკვიდრებს.
რატომ არ არის დაინტერესებული საქართველო ბამბუკის ინდუსტრიის განვითარებით? რატომ თქვა უარი სასამართლომ ამ საქმის განხილვაზე და რას ითხოვს სახელმწიფოსგან სერგო ჯაყელი? ამას ჩვენი მასალიდან შეიტყობთ.
სერგო ჯაყელი:
_ 2008 წელს სახელმწიფომ იაფი კრედიტის პროგრამა გამოაცხადა. შევიტანეთ საბუთები, კახა ბენდუქიძესთან შეხვედრაც გაიმართა, ვიმსჯელეთ და ბოლოს იაფი კრედიტი დაგვიმტკიცეს. ამ თანხით ვაპირებდით, საქართველოში ბამბუკის ინდუსტრია შეგვექმნა. საინტერესო პროექტია, საქართველოში ბამბუკი ძალიან დიდი რაოდენობით არის და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მონოპოლისტია. ჩვენი დაინტერესება იმით იყო გამოწვეული, რომ 2000 წელს შვიდეულის თათბირზე მისი თავმჯდომარე გამოვიდა და XXI საუკუნის ერთ-ერთ ძირითად მიმართულრებად გამოაცხადა, მიეღოთ ცერველოზა ერთწლიანი ნარგავებით, ანუ ხე კი არ მოიხმარონ ცერველოზის მისაღებად, რომლის გადამუშავების შედეგადაც იღებენ ქაღალდს, აკეთებენ ქსოვილს და ა. შ., არამედ ისეთი მასალა გამოიყენონ, რომელიც ერთწლიანია. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა ბამბუკის ინდუსტრია და შესაძლებელია, სხვადასხვა მიმართულებით დაიწყოს სამუშაოები. თავიდან ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ გაანგარიშება რომ წარვადგინეთ, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და ეს ის ბამბუკი არ იყო, პროექტი მოეწონათ და სესხი დაგვიმტკიცეს. დავიწყეთ მუშაობა, 2 წლის მანძილზე დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები. ჩინეთშიც ვიყავი, მათი მიმართულებები შევისწავლე, რაც ჩვენ გვქონდა, იმათაც გავაცანი. ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო ექსპორტზე პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, კვიპროსიდან და სხვა ქვეყნებიდან. კრედიტის თანხით შევიძინეთ ტერიტორია შენობა-ნაგებობებით, სადაც დანადგარები შემოვიტანეთ და წარმოება გავხსენით. წარმოებაში დასაქმებული იყო 30-დან 50 კაცამდე, მოთხოვნების შესაბამისად. დავამუშავეთ ორი რამ _ ბამბუკის პარკეტი, რომელიც ახალი მიმართულებაა და ასაწყობი კოტეჯები, რომელიც დაფუძნებული იყო ჩვენ მიერ შექმნილ ტექნოლოგიაზე და ძალიან იაფი ჯდებოდა. იმდროინდელი დოლარის კურსით როცა ვითვლიდით, საექსპორტო ვარიანტს 10 000 დოლარს ვაფასებდით. ამით ძალიან ბევრი იყო დაინტერესებული, მაგრამ არ დაგვაცადეს.
_ რას გულისხმობთ?
_ 2011 წლის თებერვალში ამ იაფი კრედიტის შემოწმება დაიწყეს. როგორ მერე გავიგეთ, ვიღაცამ ითავა და პროკურატურაში თქვა, თითქოს თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და ამის გამოძიება დაიწყეს. მანამდე ფინანსთა სამინისტროსთან მქონდა მოლაპარაკება, ზამთრის თვეებში რადგან 13%-დან 15%-მდე ინფლაცია იყო, ან ხალხი უნდა გამეშვა ზამთარში და ამ ფულით გადასახადები მეხადა, ან ამ ფულით გამეკეთებინა მარაგი და როცა სეზონი მოვიდოდა, პროდუქციას გავყიდდით და შემოსავალი იქნებოდა. ხაზინაში მეტობა მქონდა და ვუთხარი, აქედან გადავიხდი თანხას, მერე დანარჩენსაც გადავიხდი-მეთქი. ჯერ თანახმანი იყვნენ, მერე აღმოჩნდა, რომ პროკურატურის დაინტერესებაზე გაიგეს და უარი გამომიცხადეს. გამომიძახეს პროკურატურაში, საბუთები წაიღეს და ექსპერტიზა დანიშნეს. მთელი დღე ექსპერტთან ვიჯექი, ყველაფერი გავიარეთ 2 წლის საბუთებში. ბოლოს ექსპერტმა გამომძიებელს უთხრა, _ ამ კაცთან კითხვები არ მაქვსო. ყველაზე მეტად საინტერესო ის იყო, რომ ჯერ პირდაპირ მითხრეს, თანხა გადაიხადეო, თავიდან ლაპარაკი იყო 250 000-დან 300 000 ლარამდე. როცა დამაპატიმრეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით შემოვიდნენ, ვუთხარი, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს თანხა კრედიტის გადახდაში ჩამეთვლება, მაშინ ამაზე შეიძლება ლაპარაკი-მეთქი. _ არა, ეს სხვა არის და კრედიტი _ სხვაო. ამაზე უარი ვუთხარი. მერე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, საპროცესო გარიგება არ შემოუთავაზებიათ. 7 წელი მომისაჯეს და თაღლითობა რომ ვერ ნახეს, კრედიტის არამიზნობრივად დახარჯვა დამაბრალეს. აუდიტი მოიყვანეს, მანამდე მე თვითონ მქონდა შემოწმება ჩატარებული და 3 დასკვნა არსებობს სამხარაულის ბიუროდან გაცემული ღირებულებასთან დაკავშირებით, რა თანხაც გადავრიცხე ბიუჯეტში. 330 000 ლარი გადავრიცხე, ვიღაც მოიყვანეს და იმათ დათვალეს, რომ ეს თანხა 170 000 ყოფილა. კარგი, ვთქვათ, მეტი გადავიხადე, ეს ხომ კრედიტია, მე ხომ ჩემს თავს ვავნე და არა სახელმწიფოს?! თან გირაოში ქონება იყო ჩადებული, რომლის ღირებულება ორჯერ მეტი გახლდათ. სააპელაციო სასამართლოში 250 000-დან ჩამოვიდნენ 50 000 ათასზე და საპროცესო გარიგება შემომთავაზეს. ჩემმა ადვოკატმა მითხრა, _ ეს ერთადერთი შანსია, თორემ 7 წელი აქ იქნებიო. ამ დროს ინფორმაცია მოვიდა, რომ „პირველი“ წინააღმდეგია, აღიაროს დანაშაულიო. არ ვაღიარე და ამით დამთავრდა, 2 წელიწადი ვიჯექი.
_ ხელისუფლება რომ შეიცვალა, როგორ გაგრძელდა ეს ამბავი?
_ ახალი მთავრობა რომ მოვიდა და ამნისტია გამოიცა, რადგან მე სულელური მიზეზით ვიყავი დაპატიმრებული, ნახევრად შემიმცირდა სასჯელი, მაინც უნდა ვმჯდარიყავი. მითხრეს, რომ შეწყალება მეთხოვა, მაგრამ არ დავწერე განცხადება. „საიას“ ადვოკატი მიცავდა, გიგა მოსიაშვილი და მან დააწერინა ჩემს მეუღლეს განცხადება, საპატრიარქოში შეატანინა და მათი თხოვნით შემიწყალეს. როგორც კი გამომიშვეს, მაშინვე მივედი ხელისუფლებასთან და ვითხოვე, ჩემი საქმე ამოეღოთ. ჩემი საწარმო გაძარცული დამხვდა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას შევთავაზე, აღვადგენ, მუშაობას დავიწყებ და კრედიტსაც გავისტუმრებ-მეთქი. არაფრით არ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე და მერე პრივატულ საუბარში მითხრეს, _ თუ სასამართლოთი მოიგებ, მოიგებ, თუ არადა, ამას ხელს არავინ ახლებსო. საინტერესო ის იყო, რომ 2 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროში ჩემი საქმე განიხილებოდა. ასეთი წესია, თუ კრედიტი არ გადაიხდება, სანამ საქმე შეწყდება, უნდა გამოგიძახონ და განიხილონ. საკანში შეტყობიბება გამომიგზავნეს, რომ თქვენი საქმის განხილვას დაესწარითო, მაგრამ რადგან ვერ დავესწარი და ციხის ადმინისტრაციამ არ გადამიყვანა, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღსრულებაზე გადასცეს. 2 წლის განმავლობაში აღსრულება არ მომხდარა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, ამ პერიოდში ქონება ვერც სახელმწიფომ წაიღო, ვერც გაყიდა და დღემდე ჩემს სახელზე ირიცხება. ამიტომ ვუთხარი ამ ხელისუფლებას, _ დღემდე ჩემზე ირიცხება, მიწის გადასახადს მახდევინებთ და მამუშავეთ-მეთქი. პასუხია, _ არა, ყადაღაა დადებულიო. თან ყადაღა დადებულია არა მხოლოდ ჩემს ქონებაზე, არამედ იმის ქონებაზეც, ვინც ჩემი გარანტორი იყო. სასამართლოში ვიჩივლე, წინა ფინანსთა მინისტრმა რა გადაწყვეტილებაც მიიღო დაყადაღების თაობაზე, მოხსნან, ან როგორმე ისე მოილაპარაკონ, რომ ყადაღა დარჩეს და მუშაობის უფლება მომცენ-მეთქი. იყოს ყადაღა, არ დავეძებ, ვეუბნები მამუშავეთ, საწარმოს აღვადგენ-მეთქი, მაგრამ არც ამაზე წამოვიდნენ. სამი მოსამართლე გამოგვიცვალეს და ბოლოს თქვეს, _ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, რადგან ეს მოთხოვნა თუ დავაკმაყოფილეთ, პრეცედენტი შეიქმნებაო. ახლა ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული!
_ ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მიმართეთ?
_ სახალხო დამცველთან მივედი, მაგრამ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ასეთი საკითხები, ჩემი მიმართვა უკან გამომიგზავნეს, ასეთ საკითხებს არ ვიხილავთო. ბიზნესომბუდსმენი კარგად მიუდგა ამ საკითხს. ამათ ეშინიათ იმის, რომ მოვიდა სესხის ხანდაზმულობის პერიოდი და დაწერ განცხადებას არგადახდის თაობაზეო. ვეუბნები, _ არ ვწერ მაგას, არსებობს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კრედიტების თაობაზე, იქ წერია, როდესაც ასეთი განსაკუთრებული მდგომარეობაა, შესაძლებელია აღსრულება შეჩერდეს 2 წლით. ვეუბნები, 2 წელი არ მინდა, ერთ წელიწადში ამასაც ავამუშავებ და ფულის გადახდასაც დავიწყებ-მეთქი. ეს არის ჩემი თხოვნა ხელისუფლების მიმართ, რომ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, იქნებ, რას ვაკეთებ. ისეთ ადგილას მდებარეობს საწარმო, შემიძლია კარგ ფასად გავყიდო, გადავიხდი კრედიტის თანხას და ფულიც დამრჩება ბიზნესის საკეთებლად, არ მოდიან მოლაპარაკებაზე! როცა იწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ არ შეიძლება გაჩერდეს ეს საქმე, რადგან ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2 წელიწადში იმდენი რამე გავაკეთეთ, 5 წლის მანძილზე ევროპაში და თუნდაც ჩინეთში არ გადადგმულა ამხელა ნაბიჯები, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ მიმართულებით. 70 წელს უკვე გადავაბიჯე, არ მაინტერესებს არც ბიზნესი, არც არაფერი, წაიღეთ, თქვენი იყოს, გამაკეთებინეთ, ეს, უბრალოდ, ცხოვრების ინტერესია, ხვალ-ზეგ რა დამემართება, არავინ იცის და რაც წამოვიწყე, ბოლომდე მინდა მივიყვანო. ძალიან დიდი გზა მაქვს გავლილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ვარ. დიდი ხანი ვიმუშავე ფიზიკის ინსტიტუტში, კათედრის გამგე ვიყავი, სომხეთში ვიყავი საქართველოს რწმუნებული, მერე სადაზღვევო ბიზნესს მოვკიდე ხელი და ბოლოს როცა უკვე ხანში შევედი, კარგი ექსპერიმენტატორი ვარ და ამ იდეის განხორციელებას შევუდექი, რადგან ვნახე, რომ აქედან შეიძლება ძალიან ბევრი რამ გაკეთდეს. წინა ხელისუფლებას ეგონა, ამ სფეროთი ასეთი დაინტერესება რომ იყო უცხოეთიდან, წამართმევდნენ და ფულს იშოვიდნენ, ბოლოს ნახეს, რომ საწარმოდან წასაღები არაფერია და მისი ღირებულება ის არის, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ!
სერგო ჯაყელის ინტერესებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ იცავს. როგორც ორგანიზაციის მესვეურები „ქრონიკა+“-თან აცხადებენ, ხელისუფლების შერცხვენის მიზნით, ისინი გამოფენა-აქციის გამართვას აპირებენ.
ლაშა ჩხარტიშვილი _ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი:
_ ჩვენი ქვეყანა მაინცდამაინც სამართლიანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ უსამართლობის პიკმა განსაკუთრებით სააკაშვილის პერიოდში მიაღწია. ამ ხელისუფლების პირობებში ე. წ. სამართლიანობის აღდგენა უკვე ტრაგიკომიკურ სიტუაციად იქცა. არის ცალკეული და იშვიათი ფაქტები, როდესაც ადამიანები სამართლიანობის აღდგენას ახერხებენ და ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე მანქანის დაბრუნებით შემოიფარგლება. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები დავიდა მხოლოდ ხელისუფლების უმაღესი თანამდებობის პირების _ ბიძინა ივანიშვილისა და თამაზ თამაზაშვილის ოჯახებთან მიმართებით. პროკურატურა და მათი ნაქები დეპარტამენტი, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა, მხოლოდ ამით შემოიფარგლა. შეიძლება ამ დეპარტამენტში შედარებით უკეთესი ხალხი მუშაობდეს, მაგრამ მათი მასშტაბები აშკარად არასერიოზულია. თუმცა მატერიალური რესურსი არ სჭირდება იმ საქმეს, რომ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები, მორალურად გაამართლონ. თუნდაც როგორც სერგო ჯაყელის შემთხვევაშია. ჩვენ გავეცანით ბატონი სერგოს საქმეს, დარწმუნებული ვართ, ეს ადამიანი ნამდვილად იყო წინა ხელისუფლების რეპრესიების მსხვერპლი. ერთი მხრივ, ის იმსახურებს სამართალს და მეორე მხრივ, როდესაც ბიზნესის განვითარებაზე საუბრობენ, არ შეიძლება, ამგვარი ბიზნესმენები ბიუროკრატიის მსხერპლი იყვნენ. სხვა რა შეიძლება დაერქვას იმას, რომ ეს ადამიანი, პრაქტიკულად, არაფერს ითხოვს, საბოლოო ჯამში, მხოლოდ მის გამართლებას და მეორე _ საკუთარ ქონებაში, რომელიც დაყადაღებულია წინამორბედი რეჟიმის დროს, დროებით მისცენ რამდენიმე დანადგარის გამოყენების უფლება. გამოისყიდის სახელმწიფოსგან ხელახლა ერთხელ უკვე ნაყიდ ქონებას, თუკი მას მუშაობის საშუალება მიეცემა და ძალიან საინტერესო ბიზნესიდეას განავითარებს, რომელიც ექსკლუზივია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოში ერთ-ერთი გამონაკლისი იქნება და ნოუ ჰაუს წარმოადენს. ჩვენ ვაპირებთ, ამ ადამიანს დავეხმაროთ, როგორც სამართლებრივი კუთხით სხვადასხვა ორგანიზაციის თანამონაწილეობით, ასევე თუკი ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური, გვინდა საჯაროდ მოვაწყოთ ამ ყველაფრის დემონსტრირება აქცია-გამოფენის სახით. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის არა მხოლოდ სერგო ჯაყელის დახმარება, არამედ ბევრი სხვა ადამიანის, რადგან იკარგება პოტენციური სამუშაო ადგილები, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლების მწვავე კრიტიკა, რაც ისედაც არ აკლია. თქვენს გაზეთსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, რომ სიმართლის თქმის საშუალებას გვაძლევთ. კრიტიკაზე მეტად გვინდა, რომ სინდისზე შევაგდოთ ხელისუფლება და დავანახვოთ, რომ რეალური ნაწარმია, რომელზედაც მოთხოვნა არსებობს, კეთილი ინებოს და ყველაფერი გააკეთოს. ეს არ საჭიროებს არც საკონსტიტუციო ცვლილებას და არც იურიდიულ ბარიერებს. კიდევ ვიმეორებ: თუ ამან არ გაჭრა, მაშინ გამოვფენთ მასალებს, საზოგადოებას ვანახვებთ და იქნებ, მერე შერცხვეს და გონს მოვიდეს ხელისუფლება!
თამარ ბატიაშვილი