ცოტა ხნის წინათ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, ჟოზეფ დოლიმ, სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქართველოს გარკვეული გზა აქვს გასავლელი. მისი აზრით, მოსახლეობას არ უნდა მიეცეს ისეთი იმედი, რომელიც დროის გასვლის შემდეგ იმედგაცრუებით დასრულდება.
ამის შემდეგ დოლი საქართველოს ეწვია და ქართველ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წევრთა განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ივნისში მოხდება, ხმამაღალია. ის აქვე განმარტავს, რომ ევროპის სახალხო პარტიამ ყველაზე მეტი იმუშავა საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად და გასაწევრიანებლად.
„ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ამ თემაზე ბევრი იწერება _ ეს თქვენი სამუშაოა, მე მიყვარს პრესა და მესმის დამოუკიდებელი მედიის როლი, მაგრამ მსურს, ერთი რამ გითხრათ: სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისთვის. რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც მე ვთქვი, გულწრფელი ადამიანი ვარ. მართალია, ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპარლამენტის კენჭისყრა. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, _ ივნისი, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნები, ვინც ვიზალიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს პროცედურა გრძელდება, რაც ნორმალურია. ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. მანამდე კი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ვიმსჯელოთ, როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება დავაჩქაროთ პროცესები, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ, მეტი სარგებელი მიიღოს. სწორედ ესაა ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანიც“, _ განაცხადა ჟოზეფ დოლიმ.
ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გადაიწიოს? დასრულდება თუ არა ეს საქართველოს მოსახლეობისთვის იმედგაცრუებით, როგორც ამას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი აღნიშნავს?
„ქრონიკა+“-თან ექსპერტმა სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში, თამაზ იმნაიშვილმა ისაუბრა:
_ ჟოზეფ დოლი არის ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტი _ პიროვნება, რომელიც თვითონ პარტიაში არ არის წარმმართველი ძალა და არ გააჩნია ბერკეტები; მეორე _ სახალხო პარტია კი ყველაზე მრავალრიცხოვანია ევროპარლამენტში, მაგრამ ის შედგება 215 კაცისგან, სადაც შიგნით საკმაოდ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. მთელი ევროპარლამენტი 736 ადამიანისგან შედგება, სახალხო პარტიამ მთლიანადაც რომ თქვას უარი ვიზალიბერალიზაციისთვის ხმის მიცემაზე, ეს საკითხი მაინც დადებითად გადაწყდება, რადგან ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობა, ძალიან მარტივი გასაშიფრია. საქართველოს ყოფილი მოქალაქის, უკვე უკრაინის მოქალაქისა და ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ პატარა მცდელობებია, რომ, იქნებ, კიდევ რაღაც გამოიწვიოს, სხვა არაფერი... ჟოზეფ დოლიმ ილაპარაკა, თუ არჩევნებს ნორმალურად ჩაატარებთ, მაშინ გადავწყვეტთ, მიიღებთ თუ არა ვიზალიბერალიზაციასო. სახალხო პარტიას ამას არავინ ეკითხება. ევროპარლამენტთან რაც შეთანხმება იყო, ანუ მთავარი სტრატეგიული საკითხები, ყველაფერი მოვაგვარეთ. ახლა ბერძენი კომისარია ჩამოსული, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, _ საქართველომ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რომელიც გეგმით იყო გაწერილიო, ამას წინ არაფერი უდგას! ადრე ჩვენ სხვა ინტერვიუშიც აღვნიშნეთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის საპირწონე ნატოში ვერგაწევრიანებისა. თუ საქართველო ახლა ვერ მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, მოხდება ის, რაც 2015 წლის იანვარში გამოცემულ პენტაგონის დაზვერვის ანგარიშში წერია _ დროთა განმავლობაში საქართველო დაკარგავს ევროპისკენ სწრაფვის სტიმულს. როცა მეუბნები, რომ ყველაფერი შევასრულე; როცა მეუბნები, რომ მე სამხედრო თვალსაზრისით ნატოში იმაზე უფრო წინ ვარ, ვიდრე ნატოს წევრი ქვეყნები; როცა ამბობ, რომ კარი ღიაა, ამ დროს არც მაპს მაძლევ, არც ნატოს წევრობას და არც ევროპის ვიზალიბერალიზაციას, ანუ დასავლეთთან მიახლოების ყველა გზას მიკეტავ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ნიჰილიზმი და იმედგაცრუება გაიზრდება. ამიტომ არის, რომ ვიზალიბერალიზაცია საპირწონეა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება! რომც არ შეესრულებინა საქართველოს ყველა სტრატეგიული მიმართულება, ამას მაინც მიიღებდნენ! იმ ფონზეც კი, როცა შესაძლებელია, შენგენის ზონა, ასე ვთქვათ, აირ-დაირიოს, ითხოვენ, რომ საბერძნეთი გამოიყვანონ შენგენის ზონიდან, იქ ევროკავშირის არსებობის კითხვები ჩნდება და სხვ. ამ ფონზე საქართველოსთვის თითქოს არ უნდა მიეცათ ვიზალიბერალიზაცია, ზედმეტი თავის ტკივილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო არა მარტო ევროპარლამენტმა, არამედ ეს იყო ნატოსთან და აშშ-სთან შეთანხმებული ამბავი. ჟოზეფ დოლის ეს პატარა ეშმაკობები აბსოლუტურად არაფერია და არც ღირს ამ თემაზე სერიოზული დებატების გამართვა. „ნაცმოძრაობას“ ეს სჩვევია, პიარტექნოლოგიაა, ჭიანჭველის სპილოდ გადაქცევა და მერე ყვირილი, იქნებ, რამე არეულობა და სტრატეგიული საკითხების განხილვა გადაიტანონ სხვა პერიფერიულ საკითხებში. არანაირი ბერკეტი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჟოზეფ დოლის განცხადებას საქართველოსთვის ზაფხულში ვიზალიბერალიზაციის მიცემასთან დაკავშირებით. დოლი თავის ქვეყანაში და პარტიაშიც კი არ ახსოვთ წესიერად. საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა ეს ის არის, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდან მიდის, დამსახურებები ჰქონდა, ხელფასი დაუნიშნეს და გარკვეული სერვისი მისცეს.
_ ცნობილია, რომ ყოფილი ხელისუფლება ლობისტური კომპანიებისთვის ძალიან სოლიდურ თანხებს ხარჯავდა. ჟოზეფ დოლის მიერ გაკეთებეული ეს განცხადება, გარკვეულწილად, ამ ვალდებულებებზე ხომ არ მოდის?
_ რა თქმა უნდა, ვალდებულებებია! სახალხო პარტიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქმედ თუ ყოფილ ლიდერებთან, არა მარტო ლობისტური კომპანიების თანხების გადარიცხვებია, არამედ არსებობს ძალიან დიდი ეჭვები, რომ ქეშადაც მიდიოდა ეს ფული. ვალდებულებები მათი მხრიდან არსებობს და ეს არ არის პოლიტიკური თანამშრომლობა, მე მას დავარქმევდი წმინდა ფინანსურ თანამშრომლობას, თორემ დოლიმაც კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შანსი მინიმალურზე მინიმალურია. პოლიტიკაში არსებობს ასეთი გამოთქმა, _ არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არსებობენ მუდმივი ინტერესებიო. წაგებულ პოლიტიკურ ჯგუფთან წამყვანი და ძლიერი ევროპული პოლიტიკური მოძრაობა, ჯგუფი, ან პარტია არ დაიწყებს ჩამოკიდებას, მისთვის ეს წამგებიანია, თუკი პოლიტიკური თვალსაზრისით შევხედავთ. რადგან ეს წამგებიანია და მაინც ასე ხდება, ამ საკითხთან მიმართებით პარტიაში ყველა ერთ აზრზე რომ არ არის, ესეც მიანიშნებს. პოლიტიკური ურთიერთობები რომ ყოფილიყო, მაშინ მთელი პარტია გამოვიდოდა. რადგან ხელმძღვანელობაშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა, ე. ი. სხვა სახის ურთიერთობებთან გვაქვს საქმე და მე ამას, მხოლოდ და მხოლოდ, ფინანსურ ურთიერთობებს დავარქმევდი. ეს ძალიან მარტივი დასანახია!
_ დოლის განცხადების გარეშეც ქართველი პოლიტიკოსებისგან გაიჟღერა აზრმა, რომ ვიზალიბერალიზაცია ზაფხულში ვერ მოხდება, რადგან მას შემდგომ სხვადასხვა ქვეყნის რატიფიცირება სჭირდება და ეს დიდ დროს მოითხოვს...
_ აქ ცოტა სხვანაირად არის: ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას იღებს ევროპარლამენტი, შედის ძალაში და შემდგომში ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე, საკუთარ პარლამენტში, უკეთებს რატიფიცირებას, როგორც ევროპის ასოცირების ხელშეკრულების შემთხვევაში მოხდა. ეს არის ევროპის პოლიტიკური ანა-ბანა _ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და მე, როგორც შენგენის ზონის წევრმა ქვეყანამ, ამ გადაწყვეტილებას ჩემს პარლამენტში რატიფიცირება უნდა გავუკეთო. ინგლისმა განაცხადა, შენგენის ზონაში კი ვარ, მაგრამ საქართველოს არ მივცემ თავისუფალი მიმოსვლის უფლებასო. შეიძლება, სამმა ქვეყანამ კიდევ განაცხადოს და მეტი არაფერი. დანარჩენი ორ ათეულზე მეტი ქვეყანა, რა თქმა უნდა, თანხმობას მისცემს და რა თქმა უნდა, დროის პრობლემაა. შეიძლება, მაგალითად, არჩევნებამდე ათმა ქვეყანამ მიიღოს, მერე რატიფიცირება გაუკეთოს დანარჩენმა 14-მა ქვეყანამ, წლის ბოლომდე ეს დამთავრდება. ქვეყანაში, რომელიც რატიფიცირებას გაუკეთებს, უფლება გვექნება, უვიზოდ ჩავიდეთ. ეს პროცესი დროში გაწერილია, წმინდა იურიდიული კაზუისტიკაა. საშიშროება, საფრთხე და მცდელობა იმისა, რომ თურმე პუტინის მთავრობა, რომელიც საქართველოშია, ევროპა იმას ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებს, ეს არის ზღაპრები, „ნაცმოძრაობის“ პატარა თამაშები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ამ პარტიამ საკუთარი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა. ეს იგივეა, რაც პატარა დაბომბვები, რომელიც ხდება ვიდეოკადრებით და რაღაც მანიპულაციებით. ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ მიერაა გაკეთებული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, არეულობის მცდელობაა და რაც დრო გავა, არჩევნებამდე უფრო მეტი პატარ-პატარა დაბომბვები იქნება. ატვირთვა თანამედროვე ტექნოლოგიებით რთულ პრობლემას არ წარმოადგენს, პოვნაა ურთულესი. ატვირთვა ნებისმიერ ჰაკერს შეუძლია, მაგალითად, დაჯდეს ჰონდურასში და იქიდან ტვირთოს ავსტრალიის ხაზით. იმ სერვერებიდან და ბრაუზერებიდან, რომლითაც შედიან, მათ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობაა საჭირო, FBI უნდა დაგვეხმაროს. საბოლოო ჯამში, ეს კადრები შედეგს ვერ გამოიღებს, ერთხელ და ორჯერ ტრაგედიაა, მესამედ უკვე ფარსია _ თეატრალური ფრთიანი ფრაზაა. ამ შემთხვევაში ფარსი იქნება და შედეგს ვერ მიიღებს. ამ ყველაფრის პიკი ქართულმა საზოგადოებამ უკვე გადაიტანა. კიდევ განმეორდება, მაგრამ ამას აღარ ექნება ის რეზონანსი და შედეგები, რომელმაც ამ ცოტა ხნის განმავლობაში საზოგადოება კინაღამ გახლიჩა და დაანგრია!
თამარ ბატიაშვილი