QronikaPlus
ირაკლი ფირცხალავა: „ბიძინა კუჭავას მკვლელობის იარაღი კახა მისირელმა ვალში გაუქვითა“

ირაკლი ფირცხალავა: „ბიძინა კუჭავას მკვლელობის იარაღი კახა მისირელმა ვალში გაუქვითა“

2016-03-19 09:15:03

_ ბატონო ირაკლი, თქვენ ბიძინა კუჭავასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებები გააკეთეთ. დაგკითხათ თუ არა ამ ფაქტზე პროკურატურამ? _ 2007-2009 წლებში ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბიძინა კუჭავას შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას ვფლობდი. დეტალებზე უკვე ბევრი ვისაუბრე და თავს აღარ შეგაწყენთ. ერთს ვიტყვი: იგი იყო ცნობილი მოთამაშე, ასევე „ხელზე გამაზვის“ მოტრფიალე. ამ წლებში მას უკვე ჰქონდა დიდი ვალები. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ მას ჰქონდა 100 000 $-მდე მაღალდაძის ვალი, ამასთან ის იყო ცოლ-ქმარ ნინუების მეზობელი (მათ ბინაში არაერთხელაა ნამყოფი), ხოლო მაღალდაძეც და ნინუებიც მოკლულები არიან ერთი და იგივე იარაღიდან, ერთნაირი ხელწერით, თბილისის სხვადასხვა უბანში, მხოლოდ ეს დეტალები საკმარისია იმისათვის, რომ გაჩნდეს ლეგიტიმური ეჭვი, _ კუჭავა უშუალოდ იყო დაკავშირებული ამ მკვლელობებთან. მას მკვლელობის იარაღი ვალში გაუქვითა კოდუას ყოფილმა მოადგილემ, კახა მისირელმა. ეს ეჭვი კიდევ უფრო მყარდება. პროცესზე გაკეთებული განცხადების გამო მე უკვე დავიკითხე და დეტალური ინფორმაცია მივაწოდე გამომძიებელს. ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩემმა განცხადებამ, გაჩნდა ეჭვი, რომ თითქოს მე სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ პროკურატურას გავურიგდი, რაც სრული აბსურდია. მე კრიმინალებთან, ბუღალტერ შოთაძესთან და მის დამქირავებელ „ბრძენ კაცთან“ გარიგებებს არ ვდებ. ერთადერთი, რაც მინდა, ეს არის სრულიად უდანაშაულო ადამიანის, ვინმე გოგიას უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლება, ვინაიდან, მაშინაც და ახლაც, მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში. იმედი მაქვს, ჩემი ჩვენება დაეხმარება მას. _ გაქვთ თუ არა ინფორმაცია ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარებაზე? _ არანაირ ინფორმაციას კუჭავას დის გაუჩინარებაზე არ ვფლობ, მხოლოდ ერთს ვიტყვი: ძალიან სასაცილოდ გამოიყურება საქართველოს პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით. ასე ბრმად დაათრევდე ძვირადღირებულ აპარატურას ჟურნალისტების თანდასწრებით და თხრიდე ორმოებს, სადაც ბიძინას ფეხი დაუდგამს, ლახავს პროკურატურის რეპუტაციას და გამოძიებას დაცინვის საგნად აქცევს!!! _ გჯერათ თუ არა ვერსიის _ პროკურორის მკვლელმა თავი მოიკლა? _ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ როცა შს მინისტრის ახალგაზრდა მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, მკვლელობიდან ორ დღეში გამოვიდა და ქირიას მკვლელობა მაღალდაძისა და ნინუას მკვლელობებს დაუკავშირა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, _ თალაკვაძეს არც შესაბამისი განათლება, არც პროფესიული წარსული ზურგს არ უმაგრებს, საიდან უნდა სცოდნოდა ამ ადამიანს ადრინდელი მკვლელობის დეტალები, ან რის საფუძველზე აკეთებდა მსგავს განცხადებას? მხოლოდ ერთი ლოგიკური კავშირი შეიძლება იყოს და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული _ ქირიაც იმავე იარაღიდან არის მოკლული, რომლითაც მაღალდაძე და ნინუები, სხვა ახსნა თალაკვაძის განცხადებას არ აქვს, სხვა ვერც ერთი დეტალით ეს საქმეები ერთმანეთს ვერ დაუკავშირდებოდა. ახლა რაც შეეხება კუჭავას თვითმკვლელობის ვერსიას: სანამ არ გასაჯაროვდება საპატრულო ეკიპაჟების, საპატრულო მანქანაში დამაგრებული კამერების, იუსტიციის სახლთან განლაგებული კამერების ჩანაწერები, სანამ გამოძიება არ ახსნის შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში შემთხვევის ადგილიდან რატომ გადაჰყავთ ევაკუატორებით 2 საპატრულო მანქანა (ერთი ვერცხლისფერი დისკებით, მეორე _ შავით), მანამდე გამოძიების მტკიცება, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას, ღიმილის მომგვრელია. ამას თუ დავუმატებთ ერთ-ერთი ჩემთან შემოსული პროკურორის პასუხს ჩემს ანალოგიურ კითხვაზე, რომ პატრულ-ინსპექტორებს კამერები არ ეკეთათ იმიტომ, რომ ისინი გადაცმული იყვნენ, უფრო ძლიერდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ადგილას სხვა მოვლენები განვითარდა. ღიმილს იწვევს კუჭავას ჯიბეში აღმოჩენილი სისხლიანი საბუთიც, ასევე პროკურატურის პოზიცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს შერჩევით სამართალზე. იმ დროს, როდესაც „კორტების საქმეზე“ ბრალს გვიყენებენ იმიტომ, _ თუ ინფორმაცია გქონდათ, რატომ მანამდე არ დააკავეთ და რატომ უთვალთვალებდითო? აქაც ანალოგიურად განაცხადეს, რომ ხდებოდა ოპერატიული თვალთვალი და მანქანა შეაჩერეს იუსტიციის სახლთან, ოღონდ დღევანდელი პროკურატურისთვის, როგორც ჩანს, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ოპერატიული თვალთვალი დანაშაულის ტოლფასია, ხოლო არჩევნების მერე _ პოლიციის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი. ამაყად განაცხადეს, ბიძინა კუჭავა აეროპორტში მიდიოდაო. თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება,  თუ ბიძინა კუჭავა ნამდვილად აეროპორტში მიდიოდა, ვინ უშლიდა საპასპორტო კონტროლისას მის დაკავებას? თან, რა თქმა უნდა, კუჭავა იარაღს თვითმფრინავში ვერ შეიტანდა. აქედან გამომდინარე, მისი დაკავება აეროპორტში არავითარ საფრთხეს არ შეიცავდა, არც მისთვის, არც პოლიციის თანამშრომლებისთვის და არც მოქალაქეებისთვის. მაგრამ საქმე ის არის, რომ პროკურატურა ან ტყუის, ან პროფესიონალიზმის არარსებობასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, იმ მომენტისთვის მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, საით მიდიოდა კუჭავა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბიძინა კუჭავა ოპერატიულად შესწავლილიც არ ჰყავდათ, თორემ ნამდვილად ეცოდინებოდათ, რომ მას შესაძლებელი იყო, თან ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. პოლ.გე-შიც არ ჩაუხედავთ, სადაც პირდაპირ გამოჩნდებოდა, რა იარაღს ფლობდა კუჭავა, ხოლო თუ ეს ინფორმაცია იცოდნენ, საერთოდ გაკვირვებას იწვევს, რატომ შეაჩერეს მანქანა, როდესაც მასში უიარაღო მოქალაქეები ისხდნენ, მათ შორის,  ერთი მანდილოსანი?! ამით ხომ მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, რადგან არსებობდა რეალური საშიშროება იმისა, რომ მკვლელს ან მძევლად აეყვანა ისინი, ან, უბრალოდ, დაეხოცა. თქვენც დამეთანხმებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ამ საქმეს და სანამ ყველა არ მოიხსნება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი, თან „მატროსოვის“ ციხის საკნიდან. _ რას უპასუხებთ ნათია კორკოტაძეს? _ რა უნდა ვუპასუხო ამ ქალბატონს, გარდა იმისა, რომ შეეცადოს, გამოძიებისგან იმ კითხვებზე მიიღოს პასუხი, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ვინ, ვინ და მან ძალიან კარგად იცის, რომ მაია ნიკოლაიშვილი _ ე. წ. ექსპერტი _ მთლიანად დამოკიდებულია პროკურატურაზე. მათ საწინააღმდეგო დასკვნას, უბრალოდ, არ დადებს. ის ცნობილია, როგორც პროკურატურის „ხელის გოგო“. სხვანაირად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ „კორტების საქმეზე“ სურათებით დაადგინა სროლის მანძილი, ხოლო კუჭავას გვამის შეხებისასაც ვერ თქვა მანძილი და რაღაც მიკროსკოპული გამოკვლევების შედეგებზე აკეთებდა აპელირებას, რაც ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ეს ქალბატონი ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის და მისი ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებით არაერთმა ადამიანმა მოიხადა სასჯელი. აქვე მინდა, დავაწყნარო ქალბატონი ნათია და ვუთხრა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე  გამოძიებასთან ვითანამშრომლე,  გამოძიებას მოვუპოვე უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, ფირი, რომელიც მთლიანად ასახავს იმ ღამით განვითარებულ მოვლენებს. _ ბატონო ირაკლი, იურა ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი დნმ არ დაემთხვა არც თქვენს და არც ცააძის დნმ-. რას ფიქრობთ სასაფლაოს მომვლელის უცნაურ გარდაცვალებაზე? _ რაც შეეხება სასაფლაოს დამლაგებლის გარდაცვალებას, მართლაც შეშფოთებას იწვევს, რადგან, როგორც მე ვიცი, გია სოსანაშვილის ადვოკატი იმ ქალბატონისგან ელოდებოდა მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ ვინ დაინახა საფლავზე შემთხვევის დილას, ხოლო ამ ფაქტის დამალვას ხსნიდა იმ ადამიანის წინაშე უდიდესი შიშით. დიდი ვარაუდით, დამლაგებელი სწორედ ამ ინფორმაციის ფლობას შეეწირა. რა თქმა უნდა, ეს საქმეც მომავალში ობიექტურად გამოიძიება და ნათელი მოეფინება, თუ რა მოხდა რეალურად სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე. _ ბატონო ირაკლი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იცით ბექა პაპუაშვილის მკვლელობის დეტალები. _ ბექა პაპუაშვილი 2000 წელს მოკლეს წითელი პარტიზანების ქუჩაზე, ბებიამისის სადარბაზოში, სადაც ცხოვრობს პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი. ამ მკვლელობას წინ უძღოდა ჩხუბი კაფე „ვილა ძარაში“, რა დროსაც პაპუაშვილმა ვაზაგაშვილი დანით დაჭრა დუნდულის არეში, ამის მერე ზურა ვაზაგაშვილმა თავის ძმაკაცებთან ერთად, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნადირობა გამოაცხადა ბექა პაპუაშვილზე. როდესაც ბექამ ეს შეიტყო, თავის მეგობრებს სთხოვა, მათ შორის გია გაბუნიას, სააკაძის მოედნიდან მიეცილებინათ სახლში. სადარბაზოსთან ბნელოდა და ჩასაფრებულები ვერ ხედავდნენ, თუ ვინ მოდიოდა, ამიტომ იმ გოგოს ტელეფონით, ვინც ახლდა კაფე „ვილა ძარაში“, ბექას მობილურ ტელეფონზე განხორციელდა ზარი (ეს მტკიცებულება არის სისხლის სამართლის საქმეში), დარწმუნდნენ, რომ მათ წინაშე ბექა პაპუაშვილი იყო. ზურა ვაზაგაშვილმა და იმდროინდელი შსს-ს გენინსპექციის უფროსის, ფელიქს ძიმისტარაშვილის შვილმა 2 იარაღით ცეცხლი გახსნეს ბიჭების მიმართულებით. გაბუნია და პაპუაშვილი სადარბაზოში შევარდნენ, მესამე ბიჭი ქუჩაში გაიქცა. გაბუნიამ მოასწრო, ტყვიებს გაჰქცეოდა, ხოლო ბექა პაპუაშვილი ბებიის ბინის კართან დაცხრილეს. პაპუაშვილი დიღომში ცხოვრობდა და ვაზაგაშვილის შიშით ბებიამისთან ათევდა ღამეებს, თუმცა აქაც მიაგნეს. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, საქმის მასალების მიხედვით, ბებიამისის კარზე ზარიც გაისმა და ბექა იკითხა ახალგაზრდამ, რომელსაც ოჯახი არ იცნობდა. მკვლელობის მერე ადგილზე დარჩა ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანა, რომელიც დაილუქა და პოლიციამ ამოიღო, თან დააკავა ვაზაგაშვილიც და ძიმისტარაშვილიც, მაგრამ იმ დროისათვის აპრობირებული მეთოდით იური ვაზაგაშვილმა, თავისუფლების სანაცვლოდ, პროკურატურას მიუტანა იმდროინდელი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის  სარეკომენდაციო წერილი ზურა ვაზაგაშვილზე და 70 000 ქრთამის სახით. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა არასასურველი მოწმის, გიორგი გაბუნიას თავიდან მოშორების საკითხი. თვითონ გიორგი პაპუაშვილების ოჯახს და გამოძიებას უდასტურებდა მზადყოფნას, რომ ამოიცნობდა ზურა ვაზაგაშვილს, მაგრამ მას მერე, რაც მის თვალწინ ამოცნობის გარეშე გაათავისუფლეს ვაზაგაშვილი, იცოდა, რა სასტიკ კრიმინალთან ჰქონდა საქმე, გადაწყვიტა, გაჩუმებულიყო. მხოლოდ ბექა პაპუაშვილის გარდაცვალების ერთი წლის თავზე პაპუაშვილების სახლში ყოფნისას რამდენიმე ახალგაზრდის თანდასწრებით განაცხადა, რომ პირობას დებდა, გამოძიებას ამომწურავ ჩვენებას მისცემდა ზურაბ ვაზაგაშვილზე. როგორც ეტყობა, იმ ახალგაზრდებიდან რომელიღაცამ ვაზაგაშვილებს ეს ინფორმაცია შეატყობინა და მათაც იმოქმედეს, მოტყუებით, მესამე პირის მეშვეობით (ოპერატიულად ეს პირი დადგენილია), გაბუნია შეიტყუეს მისი ყოფილი საცხოვრებელი კორპუსის (სააკაძის მოედანზე) მე-16 სართულზე არსებულ ბინაში, ხოლო შემდეგ ნაცემი და ნაწამები გადმოაგდეს სახურავიდან. თავიდან პოლიციამ თვითმკვლელობით აღძრა საქმე, თან „მოწმეც“ მოძებნეს, რომელიც მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრიდან „ხედავდა“, როგორ გადახტა გიორგი სახურავიდან, მაგრამ გაბუნიას მშობლების დაუღალავი ძალისხმევის შედეგად გაირკვა, რომ მოწმე იტყუებოდა და საგამომძიებლო ექსპერიმენტის შემდეგ დადგინდა, რომ მისი ფანჯრიდან არ ჩანდა მოპირდაპირე კორპუსის სახურავზე განვითარებული მოვლენები. პროკურატურა იძულებული გახდა, საქმე გადაეკვალიფიცირებინა მკვლელობის მუხლით. ჩემი ინფორმაციით, მაშინაც და ახლაც ვაზაგაშვილებს ვიღაც მფარველობდა პროკურატურაში და ეს საქმეები თაროზეა შემოწყობილი. მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, ამ საქმეებს სპეციალურად არ იძიებენ, რადგან სახელმწიფომ 40 000 ლარად ძეგლი დაუდგა ზურა ვაზაგაშვილს. ამ ფონზე არ აწყობს ამ საქმეების ბოლომდე მიყვანა, რადგან უკვე ოფიციალურად აღმოჩნდება, რომ იუსტიციის სახლთან წულუკიანმა ძეგლი დაუდგა კრიმინალებს და მკვლელებს, ხოლო ეს ქვა ხელისუფლების ისეთივე სიმბოლოა, როგორც მექაში მუსლიმებისთვის შავი ქვა. _ -ნო ირაკლი, შეხვდით თუ არა გრიგოლ კელენჯერიძეს ნანა კაკაბაძის ოფისთან და რა მასალები ანახეთ მას პაპუაშვილის მკვლელობის საქმეზე? _ ვადასტურებ გია კელენჯერიძესთან შეხვედრას. მას მე და გიორგი ცააძე შევხვდით ბაგებში სალაპარაკოდ. ნამდვილად არ ვიცოდით, თუ ამ ადამიანს ჩვენთან შეხვედრის გამო პროკურატურა გააწამებდა და აიძულებდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ამიტომ ბოდიშს ვუხდი ჩემი წინდაუხედაობისთვის. მას გაუსწორდნენ იმიტომ, რომ არ ჩერდებოდა თავისი უახლოესი ნათესავის, ბექა პაპუაშვილის მკვლელობის გამოუძიებლობის გამო. მას პირადად დევნიდნენ იური ვაზაგაშვილის მეგობრები პროკურატურიდან შოთაძე და ძმანი მისი. აიძულეს, პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა ევროპაში. გია კელენჯერიძეს ყველა ის მტკიცებულება ვანახეთ, რომელიც ბექა პაპუაშვილის სისხლის სამართლის საქმეში დევს და რის საფუძველზეც მისი მკვლელი არის ზურაბ ვაზაგაშვილი. კელენჯერიძემ განაცხადა, რომ პირველად ხედავდა ამ მტკიცებულებებს და უკმაყოფილება გამოთქვა ახალი ხელისუფლების მიმართ. ასევე აპროტესტებდა თეა წულუკიანის მიერ გახსნილი მემორიალის არსებობას. იმის გამო, რომ ვარ თქვენი გაზეთის მკითხველი, აქაც, „მატროსოვზე“, თვალს ვადევნებ, რამდენჯერ დაუძვერით ხელისუფლების მიერ დაგებულ მახეებს სამართლებრივი მეთოდებით, გიდასტურებთ პატივისცემას, როგორც ჟურნალისტს და ექსკლუზიურად გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში, თქვენი გაზეთის მეშვეობით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა რაოდენობის თანხა აიღო ე. წ. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა 2015 წლის განმავლობაში პრემიებისა და დანამატების სახით უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების სანაცვლოდ „კორტების საქმეზე“. ასევე მოგაწვდით იმ პროკურორების სიას, რომლებიც ანალოგიურად დაჯილდოვდნენ საქმის მასალების, მტკიცებულების გაყალბებისთვის. მერწმუნეთ, ციფრები გამაოგნებელი იქნება!!!  

                                                                                                                   ელისო კილაძე

 

გაზიარება