\
ასპინძის მკვიდრი, ლეილა ხმალაძე, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლევან ცაბაძეს მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. როგორც ხმალაძე აცხადებს, იმის გამო, რომ ცაბაძეს არჩევნებზე ხმა არ მისცა, მისი სამუშაო შტატი გააუქმა და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვა. ამ ფაქტის შესახებ ქალბატონმა ყოფილ პრემიერებს _ ივანიშვილსა და ღარიბაშვილსაც აცნობა, მაგრამ საქმე რეაგირების გარეშე დარჩა.
„ქრონიკა+“-ს ლეილა ხმალაძე ესაუბრება:
_ ორ წელიწადზე მეტია, რაც ასპინძის მუნიციპალიტეტს ვითომ ხალხის მიერ არჩეული გამგებელი, ლევან ცაბაძე მართავს. დავიწყებ იქიდან, რომ ცაბაძე ცენზის გარეშეა. მან მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა და ყალბი დიპლომი აიღო, რის გამოც 3 ინსტანციის სასამართლო წააგო. 8 წლის გაუქმებული იყო ის სასწავლებელი, რომელშიც, თავის დროზე, „ჩაირიცხა“ და ამ საქმემ პროკურატურა-სასამართლო უკვე მოიარა. ვითომ უმაღლესი მოსკოვში დაამთავრა, დიპლომში გვარი და მამის სახელი სულ სხვა უწერია და რუსულ ენაზე წარმოდგენაც არ აქვს. ამის შესაბამისი სასამართლო დასკვნაც არსებობს. მან ასევე გააყალბა საჯარო სამსახურში მუშაობის სტაჟი, სინამდვილეში, 3 წლამდეც კი არ ჰქონდა ნამუშევარი.
_ ვითომ არჩეულს რატომ უწოდებთ, ხალხმა ხმა არ მისცა?
_ ხმები იყიდა და ასე გახდა გამგებელი! არჩევნების პერიოდში, როდესაც ცაბაძე დარწმუნებული იყო „ნაცების“ გამარჯვებაში, მათ კანდიდატს საკუთარ ფერმაში ცხვრის ხორცით გაუმასპინძლდა. აკი, დიდი ძალისხმევით ებრძოდა ეს ხელისუფლება „ნაცებს“?! მათმა სანაქებო გამგებელმა, ირგვლივ, მოადგილეებიდან დაწყებული, საკრებულოს თანამდებობის პირებით დამთავრებული, მწარე `ნაციონალები~ დანიშნა. ჩვენთან სპეცდანიშნულების ობიექტია და მის გახსნამდე ეს შენობა ბავშვთა სახლს ეკუთვნოდა. არჩევნების დროს ბატონი ცაბაძე მოსახლეობას დაჰპირდა, ოღონდ ხმა მომეცით, ობიექტს როცა დავშლით, მეორად სამშენებლო მასალებს თქვენ გაგატანთო. შიფერი 1000 ცალზე მეტი იყო და ეზო რკინის მასალით შემოღობილი, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 600 მეტრს შეადგენდა. არჩევნების შემდეგ ხალხს კი არ მისცა, თვითონ საკუთარ ფერმაში გაზიდა. ამ ადამიანში არანაირი ზნეობა და მორალი არ არსებობს! ასეთი კაცი ჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშნული! დიახ, დანიშნული და არა არჩეული, რადგან, კიდევ ვიმეორებ, არჩევნები რამდენიმე ნაყიდი ხმით მოიგო! ხელიც არ აუკანკალდა, ისე მოაწერა ხელი და ოჯახიდან ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი გაათავისუფლა სამსახურიდან, მათ უკან შვილები დგანან და წელს მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს იმის გამო, რომ მშობლებმა სწავლის გადასახადი ვერ გადაუხადეს!
_ თქვენ რატომ გაგათავისუფლათ სამსახურიდან?
_ დაახლოებით 3 წელი ვმუშაობდი ააიპ სპორტულ ცენტრში საქმეთა მწარმოებლად. შემდეგ ცენტრს სახელი გადაერქვა და სპორტული კლუბი ეწოდა. მე და გამგებელი სიტყვიერად შეთანხმებულები ვიყავით, როცა კლუბები ჩამოყალიბდებოდა, ოპერატორად ვიმუშავებდი. თვითონვე მითხრა, ჩვეულებრივ იმუშავებ, მხოლოდ სახელი იცვლებაო. ასეთი ფაქტი მოხდა: ჩემი ბიძაშვილის შვილი, 33 წლის ბიჭი, 2 წლის წინათ, აღდგომის წინა დღეს, მტკვარში დაიხრჩო. ამის გამო ცაბაძეს ვთხოვე, მაშველები მარტო ვერ ძებნიან და იქნებ, საჯარო მოხელე მამაკაცები მოგვაშველოთ, შეიძლება ვერც იპოვონ, მაგრამ ერთი დღით ოჯახს ეცით პატივი-მეთქი. ერთი სიტყვით, დახმარება ვითხოვე. არანაირი დახმარება არ გაგვიწია, სწორედ იმ დღეს შაბათობა მოაწყო და საჯარო მოხელეებს ნაგავი აკრეფინა ახალციხე-ვარძიის ტრასაზე. ადრე იყო შემთხვევები, როდესაც მტკვარში დამხრჩვლებს ვერ პოულობდნენ, ეხმარებოდნენ და მეც ანალოგიური ვთხოვე. დახმარებაზე უარი რომ თქვა, გაბრაზებულმა ვუთხარი, არჩევნები მოდის-მეთქი... ავდექი და პარტიის პირველ ნომერს, რომელიც დღეს საკრებულოში მუშაობს, იმას მივეცი ხმა. ცაბაძეს ხმა არ მივეცი, ყურადღება რომ არ მოგვაქცია, ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი... მაქინაციები რომ არ გაეკეთებინა, ვერ გაიმარჯვებდა, თვალში ისედაც არავის მოსდიოდა. ჩემს სამსახურს სახელი რომ შეეცვალა, შტატი გამიუქმა. მერე ოპერატორის შტატი აღარ დაუშვა, მისი მოვალეობა ბუღალტერს შეუთავსა და როგორც შემდეგ გაირკვა, 50 ლარამდე ხელფასი დაუმატა, მაგრამ კლუბები რომ შეიქმნა, საერთო ჯამში, ჩემი განთავისუფლების შემდგომ, 28 შტატი დაუმატა. ახლობლებმა მითხრეს, გაუგებრობაში რომ არ დარჩე, შედი და ჰკითხე, ასე რატომ გააკეთაო. ვკითხე და მითხრა, _ ბიუჯეტი დავზოგე 4000 ლარითო. წელიწადში ჯამაგირი 4000 ლარი გამომდიოდა, ხელფასს ყოველთვიურად 375 ლარს ვიღებდი და ის იგულისხმა. ასე დამტოვა... როცა ვკითხე, _ რატომ არ დაგვახმარეთ საჯარო მოხელეები დამხრჩვალი ბიჭის მოსაძებნად-მეთქი?! მიპასუხა, _ არ ვიცოდი, შენი ბიძაშვილის შვილი თუ იყოო... დავუშვათ, არ იცოდა და სხვა იყო, არ უნდა დახმარებოდა? ამ დროს იმ წყალში დამხრჩვალი ბიჭის მამა და ცაბაძის დეიდა თანაკლასელები იყვნენ... თავის დახმარებაში იცით, რა მიიწერა? ადგილობრივი მაშველები რომ ეძებდნენ თავიანთი სამსახურის ხარჯით!
_ ამბობთ, რომ თქვენი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო?
_ დიახ! ეს იყო ანგარიშსწორება, რადგან არჩევნებზე ხმა არ მივეცი! მანამდე ვმეგობრობდით, ყავას ერთად ვსვამდით და ხილს ერთად მივირთმევდით. დეიდამისი წლების განმავლობაში ჩემი მეგობარი იყო, გამგეობაში ერთად ვმუშაობდით და ერთ ოთახში ვისხედით, ვიდრე სპორტულ ცენტრში გადამიყვანდნენ. ასეთი მეგობრობის შემდეგ, საბოლოოდ, ასე გამიკეთეს... ეს რა არის?! მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, მერი გიორგაძე, სამსახურიდან უკანონოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ გამგებლის დეიდა, ქეთევან მამუკაშვილი, ყოფილი „ნაციონალი“ დაენიშნა მის ადგილას. ეს ქალბატონი გაათავისუფლა, მის ადგილზე თავისი დეიდა დასვა და დღემდე ამ ადგილზე მუშაობს. მერი გიორგაძემ ყველა სასამართლო ინსტანცია მოიგო, მაგრამ უშედეგოდ. სამართლის აღსრულების მოთხოვნა მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.
_ ეს ხომ ნეპოტიზმია!
_ მარტო ნეპოტიზმი რომ იყოს, რაღა გვიჭირს...
_ კიდევ რა ხდება?
_ ქრთამის აღების ფაქტზე განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ (მისი მოადგილის, ლევან ხოზრევანიძის დაკავება-გამოშვებას ვგულისხმობ), მარტო ხოზრევანიძე გახდა „განტევების ვაცი“ მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. ამ ფაქტზე ტელევიზიიდან გავიგე, რომ ხოზრევანიძე ქრთამის აღებასთან დაკავშირებით დააკავეს. ნაქალაქევთან ახლოს, ჩვენს მუნიციპალიტეტში, არის ტბა, რომლის ტერიტორიაზეა მიწა, რომელზეც გარიგება შედგა, უნდა აეღო 50 000. აუღია ნახევარი, ამაზე დააკავა პოლიციამ. როგორც შემდეგ გავიგე, ეს კაცი გამოუშვიათ, არ ვიცი, რის საფუძველზე გაათავისუფლეს. გამორიცხულია, გამგებელს არ სცოდნოდა, მისი მოადგილე ფულს რისთვის იღებდა. არ არსებობს, მოადგილემ ქრთამი აიღოს უფროსის გარეშე, ეს ჩემი საფუძვლიანი ეჭვია. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბრძანა, საჯარო სამსახურის ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩედენილ დანაშაულზე პასუხს აგებს მუნიციპალიტეტის გამგებელიო. რატომ არ აგო?!
მხოლოდ ეს არ ხდება. მუნიციპალიტეტმა ტრაქტორი შეიძინა, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხაა ჩადებული. ყიდვის დღიდან გამგებელი ცაბაძე საკუთარი მშენებარე სახლის საქმეებს ახმარს, სრულიად უსასყიდლოდ. მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ისმის კითხვა, _ აქამდე სად ეძინა ცაბაძეს, ახლა რა ნახა ასეთი, რომ ასეთი გამწარებული აშენებს? თანაც იმ დროს, როცა რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას პურის ფული არ გააჩნია! ამ მშენებლობა-რემონტზე თავგამოდებით მუშაობენ რაიონის საჯარო სამსახურის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ცოცხლად გატყავებით დაემუქრა. ერთი ადამიანი ისე სცემა, სახის ძვლები ჩაუმტვრია და მხედველობის 80% დააკარგვინა. გააჩუმა თავისი ზონდერებით. ადამიანებთან ურთიერთობაში ზრდილობის ელემენტარული ნორმები არ გააჩნია. ამ ყველა ფაქტს მოწმე ჰყავს. ყბის ძვალი ჩაუმტვრია კაცს, მაგრამ ახლა ისე ჰყავს დაშინებული, ხმას ვერ იღებს, არადა, ყველამ ვიცით, იქ რაც მოხდა. იმ ბიჭს უთქვამს, _ ქვა შენახული მაქვს და მერე მაგაზე გამოვიყენებო. ახლა შეიძლება ამ ბიჭმა უარი თქვას ამ ფაქტზე, მაგრამ მას თბილისში ნამდვილად გაუკეთდა ოპერაცია.
რაიონის ტერიტორიაზე მოღვაწე ერთ-ერთ მცირე მეწარმეს, რომელსაც 5 ოჯახი ჰყავს დასაქმებული, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ესაჭიროება ცნობა, რაზედაც გამგებელი უარს ეუბნება. ცნობის არქონის შემთხვევაში, ეს 5 ოჯახი შესაძლებელია, უმუშევარი დარჩეს. გამგებლის პასუხია, _ ეგ 5 ოჯახი ფეხებზე მკიდიაო...
_ ქალბატონო ლეილა, საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე საუბრობთ. რით დაამტკიცებთ?
_ ყველა ფაქტს მოწმეები ჰყავს. ყბა რომ ჩაუმტვრია, იმ ბიჭის მეზობელია ალექსი ნადიბაიძე, მას ჰკითხეთ. მცირე მეწარმეზე რომ გითხარით, ალექსი კაპანაძე გახლავთ და თვითონ მოგიყვებათ...
_ პირად საუბარში მითხარით, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ხართ. თქვენს პარტიას, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ან უფლებადამცველ ორგანიზაციებს თუ მიმართეთ? რატომ გადაწყვიტეთ, რომ 2 წლის შემდეგ პრესით გესაუბრათ ამ საკითხებზე?
_ სიმართლეს ვერ მივაღწიე, ვისაც ვთხოვე, არავინ დამეხმარა... მივმართე ლალი მოროშკინას ორგანიზაციას _ „ძლიერი ქალი საქართველოსთვის“, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მივწერე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ღარიბაშვილი ასპინძაში იყო ჩამოსული სამხედრო ნაწილის გახსნაზე, დაცვამ ახლოს არ მიმიშვა. სასულიერო პირები დაასწრეს ღონისძიებას და ერთ-ერთ მღვდელს ვთხოვე, მისთვის წერილი გადაეცა. ეს წერილი ღარიბაშვილის ხელში მოხვდა, მაგრამ დღემდე არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ! ჩემი მოთხოვნაა სამართლიანობის დამკვიდრება, რომ ჩემნაირად სხვაც არ გახდეს ჩინოვნიკის მსხვერპლი. მოქმედმა და მომავალმა მთავრობამ გაითვალისწინოს, რომ ასეთი სისულელეებისა და უყურადღებობის გამო, ადამიანები არ უნდა დავზარალდეთ! ახლა 90 წლის მამის პენსიით ვცხოვრობ და რამდენია, რომელთაც ოჯახში არც მამა ჰყავთ და არც არავინ... მეც რომ არ მყავდეს მამა, რა უნდა მექნა, ვისთვის მიმემართა, მათხოვრად უნდა მევლო?! ყოველგვარი შემოსავლისა და 2 კრედიტის თანხლებით დავრჩი...
„ქრონიკა+“ ალექსი კაპანაძეს დაუკავშირდა:
_ მეწარმე ვარ და ბუნებრივ წყალს ვიყენებ. ლიცენზია მესაჭიროება, წყალი რომ მოვიპოვო. ამით ბიუჯეტში ფულიც შევა და ყველანაირ მოსაკრებელს გადავიხდი. როცა შესაბამის უწყებას მივაკითხე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობიდან თანხმობა მოითხოვეს, შეესაბამება თუ არა ეს ადგილმდებარეობა, რომ წყლის მოპოვება განხორციელდეს. გარემოს ეროვნული სააგენტოდანაც იყვნენ ჩამოსულები, შეამოწმეს და ყველაფერი რიგზეა. ცაბაძე კიდევ მეუბნება, არ შეესაბამება და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია წყლის მოპოვებაო. გამგებელი დახმარების მიუხედევად ასეთ პრობლემას რომ შეგიქმნის, რა უნდა ელაპარაკო?!
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ გეუბნებათ უარს, რაიმე პირადი ინტერესი აქვს?
_ პირადად არის დაპირისპირებული ჩემთან სხვა საკითხზე და უნდა, რომ ბოლომდე ყველაფერში ხელი შემიშალოს. ეს არის... ახალგაზრდა კაცია, ჩემთან შედარებით ძალიან პატარაა და ვუთხარი, _ ბიჭო, 5 ოჯახი მყავს დასაქმებული ამ ბიზნესში, ეს ოჯახები ხომ ისე რჩებიან-მეთქი?! და მიპასუხა, _ სულ არ მაინტერესებს ეს ოჯახებიო. _ ბიუჯეტში კაპიკები ხომ შემოდის-მეთქი? _ რაში მაინტერესებს, რა ჩემი საქმეა ბიუჯეტიო?! ასე საუბრობს... დავანებე თავი, რა აზრი აქვს, სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ასე ვარ გაჩერებული ჩემთვის...
„ქრონიკა+“ ალექსი ნადიბაიძეს დაუკავშირდა:
_ გიდასტურებთ, რომ ჩემ მეზობელს ყბები ჩაუმტვრია და ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მერე ეს ბიჭი შეაშინეს. ამბობს, არ მინდა ახლა რამის თქმა, მერე ჩემებურად გავუსწორდებიო. მხოლოდ ეს ფაქტი კი არ არის, მე და ჩემი მეუღლე ერთ დღეს გაგვათავისუფლა სამსახურიდან არაფრის გამო, ენების მიტან-მოტანა იყო... მე საკრებულოში ვიყავი და ჩემი მეუღლე _ ეკონომიკურ სამსახურში. წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი; ათასნაირი სერტიფიკატი აქვს აღებული; მისი ძმა, 20 წლის ბიჭი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა გორში; სტუდენტი შვილი გვყავს, აკადემიური ავაღებინეთ, რომ გადასახადი ვერ გადავიხადეთ, სამაგიეროდ, არჩევნები რომ დამთავრდა (თუმცა, რომელ არჩევნებზეა საუბარი, მაგ თემაზე არ გვინდა ახლა საუბარი), ხალხი მყავს, რომელიც დაადასტურებს, ცენტრში, ბირჟაზე მოვიდა და მითხრა, _ ცოცხლად გაგატყავებო. ორი ბიჭია მოწმე, ვის მანქანაშიც ვისხედით, მანქანა ფანჯარასთან მოაყენა და სიტყვა სიტყვით ასე მითხრა. ეს კი შემიძლია დავადასტურო, მაგრამ ვინ არის პატრონი?! მან და გუბერნატორმა ყველა მოქრთამა. ამბობს, _ ჩვენი შიშით ბუზი არ უნდა დაფრინავდესო, ასეთი თავხედი და უზრდელია, განათლება მაგას არ აქვს და არაფერი... დიპლომზე სასამართლოები წააგო, დაუმტკიცდა, მაგრამ სიმართლე ვერსად ვიპოვეთ. იმდენი ფაქტია... როგორც კი მოვიდა, პირველი ის გააკეთა, რომ სახლი აიშენა, საჯარო მოხელეები ვინც იყვნენ, იქ ამუშავა, ვინც ისე დაეხმარა, ყველა თანამდებობაზე დანიშნა, თან ისეთები, ორი კლასის განათლება რომ არ აქვთ, შემოავლო გალავანი, თავისი ცხოვრება მოიწყო, ახლა შვებულებაშია და სამსახურის მანქანებით დაქრის. რამდენი გავიხსენო... აბუჩად იგდებს ხალხს. გლეხი რომ შედის მის კაბინეტში და შეშას სთხოვს, პასუხობს, _ მე რა, მეტყევეს ვგავარ?.. სოფლის მეურნეობის მინისტრი გგონივარ?.. წყალკანალის დირექტორი ვარ?.. ასე იგდებს ხალხს სასაცილოდ. რა გითხრათ, თავხედი კაცია, ერთი წიგნი არ აქვს წაკითხული, შეიძლება სპორტში რამე მიღწევა ჰქონდა, მაგრამ კაცს გული უნდა შესტკიოდეს მოსახლეობაზე, რაიონზე... აშკარად ამბობს, აქ ფულის საკეთებლად ვარო, ბოდიში მომითხოვია და ისეთ სიტყვებს ხმარობდა, ვერაფერს მიზამთო. ასეთია ზუსტად გუბერნატორი. აქ ის კაცი არავის უნახავს, თუ ამოდის, სახლში სტუმრობს გამგებელს, მერე რესტორნებში დადიან, ხალხი ამათ საერთოდ არ აინტერესებთ!
,,ქრონიკა+“ კომენტარისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლევან ცაბაძეს უკავშირდებოდა, მაგრამ მისი ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო.
თამარ ბატიაშვილი