ბიძინა ივანიშვილის ახალ გატაცებას „პანორამა თბილისი“ ჰქვია.
პროექტს თანაინვესტირების ფონდი განახორციელებს და მისი საერთო ღირებულება 500 მილიონი დოლარი იქნება. როგორც „თბილისი მერიოტში“ 2014 წელს გამართულ პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდება, საუბარია სოლოლაკის მაღლობზე, სოლოლაკის ბაღებზე, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედნებზე.
„ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი _ 300, ერეკლე მეორის მოედანი _ 500, სოლოლაკის ბაღები _ 500, სოლოლაკის მაღლობი _ 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას“, _ აღნიშნა პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.
„პანორამა თბილისის“ მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობასა და დატვირთვას შესძენს.
ბიძინა ივანიშვილის ამ ინიციატივას მომხრეებიც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს ახირება ისტორიული ქალაქის ხედებს დაამახინჯებს და პროექტი როგორც არქიტექტურულად, ისე ფინანსურად ხელსაყრელი არ არის.
„პანორამა თბილისის“ დაცვა თავად ყოფილმა პრემიერმა არაერთგზის სცადა. მისი თქმით, პროექტი ფინანსურად მეტად სარისკოა, თუმცა ეს რისკები პირველმა მან აიღო საკუთარ თავზე, ვინაიდან სურს თბილისში შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება და დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.
„მე ძალიან დიდ რისკზე მივდივარ, პროექტი თანაინვესტირების ფონდისაა და მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია.
პირველი რისკები ჩემს თავზე ავიღე და თუ პროექტი გაამართლებს და რენტაბელური გახდება, ნებისმიერს შეეძლება, თვითღირებულებით შეიძინოს ეს ყველაფერი.
ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ექსკლუზიური პროექტი შეიქმნას, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და თბილისი რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცეს“, _ განაცხადა ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
ივანიშვილი ამ თემაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციასაც პასუხობს და ამბობს, რომ „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ნეგატიურ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს.
„რუსთავი 2“ და „ნაცმოძრაობა“ ისეთ სურათს ქმნის, თითქოს ივანიშვილი საბოლოოდ ანადგურებს თბილისს. ამას აჰყვნენ ვითომ ექსპერტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, არადა რეალობა სხვაა.
ვხარჯავ ფულს, რომ თბილისში უნიკალური პროექტი განხორციელდეს, მთელ საზოგადოებაში დანერგეს აზრი, მოდის ივანიშვილი და ქალაქს ანგრევსო.
„ნაციონალებს“ უნდათ ნგრევა, სურთ ცეცხლში ნახონ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვერ გამაჩერებენ“, _ აცხადებს ამავე ინტერვიუში ყოფილი პრემიერი.
ბიზმესმენი „პანორამა თბილისის“ პროექტის დეტალებზეც საუბრობს. როგორც ივანიშვილი აცხადებს, „ცეკავშირის“ ყოფილი შენობის ნაცვლად აშენდება სასტუმრო, ასევე იგეგმება სასტუმროს მშენებლობა ერეკლეს მოედანზე და სოლოლაკის ბაღებში.
გათვალისწინებულია საბაგირო გზის გაყვანა, რომელიც ქალაქის ცენტრს, ძველ თბილისსა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, რაც, ყოფილი პრემიერის მოსაზრებით, უნიკალური და ექსკლუზიური პროექტი იქნება.
„პანორამა თბილისის“ გარშემო მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა ასე მარტივად არ დასრულდება. ივანიშვილის მიერ ინტერვიუში ნახსენები ცეკავშირის შენობის ირგვლივ კი რამდენიმე წელია, სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.
ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღებას იმ საჩივარზე შევაჩერებთ, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორი დღის წინათ შევიდა. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი, „ცეკავშირის“ ინტერესების დამცველი ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე, ირაკლი შოთაძეს სისხლის სამართლის საქმეზე #92060170 დანაშაულში მონაწილე შესაბამისი პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუყოვნებლივ მიცემას სთხოვს.
2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #92060170 საქმეზე, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის, „ცეკავშირის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ „ცეკავშირის“ კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
1995 წლის 30 მაისს „ცეკავშირის“ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაარსდა შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურება“, რომელსაც ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის მიზნით საწესდებო კაპიტალში გადაეცა თავისუფლების მოედანი #7-ში მდებარე 10 929 კვ.მ. საბალანსო, ნარჩენი ღირებულებით 530 891 ლარად შეფასებული არასაცხოვრებელი ფართი. ფართის ნაწილი 1996-1999 წლებში გაურკვეველ ვითარებაში გასხვისდა („ქალები მშვიდობისათვის“, „ევრომარკეტი“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „საინვესტიციო სავაჭრო ბანკი“). ასე გამოიყურება იმ ორგანიზაციათა არასრული ჩამონათვალი, რომელთაც სხვადასხვა დროს ფართის ნაწილი გადაეცა. ამავე ფართში განთავსდა დავით მუმლაძისა და მამუკა აბესაძის მიერ შექმნილი დაცვის სამსახური „ატლანტი“ (შემდგომში „იუნაიტედ სეკურიტი“). 540 კვ.მ. ფართი წარმოადგენდა იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, დავით მუმლაძის არაოფიციალურ საკუთრებას. ამ ცვლილებების შემდეგ შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ ბალანსზე რიცხულმა შენობის ფართმა შეადგინა 7443 კვ.მ.
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმის მაქინაციის შედეგად, ადვოკატ არჩილ ჩუბინიძის განცხადებით, ივანე ქელბაქიანმა, მამუკა აბესაძემ, დავით მუმლაძემ, გოჩა ნიკოლაძემ და სხვა პირებმა მიითვისეს და გაფლანგეს „ცეკავშირის“ ქონების უკანონოდ გასხვისების შედეგად მიღებული თანხები,
ხოლო „ცეკავშირის“ შენობა მიჰყიდეს ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ოლდ სითი დიველომპენტს“ პროექტ „პანორამა თბილისის“ განსახორციელებლად. ნასყიდობის გაფორმებამდე ადვოკატმა ორჯერ წერილობით მიმართა შპს „ოლდ სითი დიველომპენტის“ მაშინდელ დირექტორს და თბილისის ამჟამინდელ ვიცე-მერს, გიორგი ლილუაშვილს და გააფრთხილა, რომ შენობა დანაშაულებრივი გზითაა მითვისებული, მიმდინარეობს გამოძიება და არ შეეძინა სადავო ქონება, რომ ამ გაფრთხილების შემდეგ შპს „ოლდ სითი დიველომპენტი“ კეთილსინდისიერ მფლობელად ვერ ჩაითვლებოდა.
რა წერია წერილში, რომელიც ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ თბილისის მოქმედ ვიცე-მერს და შპს „ოლდ სითი დიველომპენტის“ მაშინდელ დირექტორს, გიორგი ლილუაშვილს გაუგზავნა?
#18 09/01 2014 წელი
შპს „ოლდ სითი დიველომპენტის“ დირექტორს, ბატონ გიორგი ლილუაშვილს.
როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ „საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი-ცეკავშირისათვის“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თქვენ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნასყიდობისა და გაცვლის წინარე ხელშეკრულების შესწავლიდან ცნობილი გახდა, შპს „ოლდ სითი დიველოპმენტი“ პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელების მიზნით აპირებს შეიძინოს უძრავი ქონება მდებარე თბილისი, თავისუფლების 7 (საკ.კოდი 01.15.04.026.003.01.503).
გამოვხატავთ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას და მივესალმებით ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და შპს „ოლდ სითი დიველოპმენტის“ მიერ წამოწყებულ უდიდეს საქმეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის საკითხებში, მაგრამ, ამასთანავე, არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება და თავს მივიჩნევთ ვალდებულად, გაცნობოთ პროექტ „პანორამა თბილისთან“ და ხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალი: კერძოდ, თბილისი, თავისუფლების მოედანი #7-ში მდებარე „ცეკავშირის“ შენობა ააშენა „საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი-ცეკავშირმა“. კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მითვისება-გაფლანგვით, ცრუ საწარმოების გამოყენებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებით (ფულის გათეთრება), უძრავ ქონებაზე განხორციელებული სხვადასხვა უკანონო მანიპულაციით მოხდა შენობის ნამდვილი მესაკუთრის წარმოშობის წყაროს დაფარვა და საბოლოოდ, ლეგალიზებული სახით აღმოჩნდა სს „თიბისი ბანკისა“ და შპს „თავისუფლების 7“-ის (იგივე „ბიზნეს პალასი“) საკუთრებაში, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ბობ მეიერის მიერ ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „ჯიარდისი“ (GღDჩ). ხსენებული დანაშაულის გამო „ცეკავშირის“ ასეულობით მეპაიემ გამართა არაერთი საპროტესტო აქცია, სატელევიზიო გამოსვლა და საგაზეთო პუბლიკაცია დაბეჭდა. საგულისხმოა, რომ დაზარალებულ მეპაიეთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, პრაქტიკულად, დასრულებულია გამოძიება სს საქმეზე #92060170. საბოლოო ბრალდების დადგენის შემდეგ სადავო ქონება დაუბრუნდება მის კანონიერ მესაკუთრეს _ „ცეკავშირს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულად მივიჩნიეთ თავი და გაცნობეთ ზემოთქმულ ფაქტზე, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი უხერხულობები, რაც შესაძლოა მოჰყვეს თქვენსა და „ცეკავშირის“ შენობის დე ფაქტო მესაკუთრეს შორის სავარაუდო გარიგებებს.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ თქვენდამი პატივისცემას და ვაცხადებთ, რომ „საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი-ცეკავშირი“ და მისი მეპაიეები აგრძელებენ ბრძოლას დანაშაულებრივი გზით წართმეული ქონების დასაბრუნებლად და ეს ყოველთვის იქნება პრობლემა, ვინაიდან ხსენებული ქონების ბედი და ამ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება იქნება სანიმუშო მაგალითი, რომელიც სრულად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს სამართლიანობის დამკვიდრების თვალსაზრისით, რამეთუ „ცეკავშირის“ ასობით მეპაიე დღემდე იმედით ელის ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისგან“ უმთავრეს დანაპირებს, სამართლიანობის აღდგენას სწორედ ხსენებულ ქონებასთან დაკავშირებით. თქვენი მხრივ, ასეთი სადავო ქონების შეძენა, ჩვენი აზრით, დაემსგავსება უსამართლობის დემონსტრირებას. ვფიქრობთ, სწორედ ამ გარემოებების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
იმედს ვიტოვებთ, ჩვენს ამ გულწრფელ წერილს და გაფრთხილებას ყურადღებით მოეკიდებით, მის შინაარსს აცნობებთ
„პანორამა თბილისის“ სულისჩამდგმელ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, შესაძლოა, აღმოჩნდეს წინა ხელისუფლების პირობებში და მათივე ხელდასხმით ჩადენილი დანაშაულის საბოლოო გადაფარვაში უნებლიე მონაწილე, რაც გამოიწვევს უხერხულობას მისი უმწიკვლო და საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ.
მზად ვართ, თანამშრომლობისა და წინამდებარე წერილის შინაარსთან დაკავშირებით პირადი განმარტებისთვის. ამასთან, ჩვენი პოზიცია აწ უკვე დანგრეული და განადგურებული „ცეკავშირის“ შენობის კუთვნილების შესახებ კვლავ გაცხადდება საჯაროდ.
პატივისცემით:
არჩილ ჩუბინიძე, ადვოკატი
P.S. გააცნო თუ არა შპს „ოილ სითი დიველოპმენტის“ მაშინდელმა დირექტორმა და ამჟამინდელმა ვიცე-მერმა, გიორგი ლილუაშვილმა, ბიძინა ივანიშვილს „ცეკავშირის“ ადვოკატის მიერ გაგზავნილი წერილის შინაარსი, ამ დრომდე უცნობია. „ქრონიკა+“ თბილისის მერიის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ ნონა ყანდიაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და MSM-ს შეტყობინებებს არ უპასუხა.
ელისო კილაძე